ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია, რომ ვარ სამების ტაძრის მღვდელმსახური
ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია, რომ ვარ სამების ტაძრის მღვდელმსახური
წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, როგორც ვიცით, 1996 წლის მარტში დაიწყო. თავიდანვე დაგეგმილი არ ყოფილა ამხელა არქიტექტურული ნაგებობის აშენება, მაგრამ საძირკველი საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა, რამაც განაპირობა ახალი სართულის გაჩენა. ამ სართულზე დღეს განთავსებულია ხარების სახელობის ტაძარი, რომელიც შარშან, ხარების დღესასწაულზე ეკურთხა. ამ დღეს უწმინდესმა აღავლინა საზეიმო ლიტურგია, რომელსაც უამრავი ხალხი დაესწრო.

ხარების ტაძარი ერთადერთია სამების საკათედრო ტაძრებს შორის, რომლის ტრაპეზიც დღესასწაულის სახელზე არის აგებული (მოგეხსენებათ, რომ სხვა ყველა ტაძარი წმინდანების სახელთან არის დაკავშირებული).

ამ საკმაოდ ვრცელ მიწისქვეშა ტაძარში სიმშვიდე და იდუმალებაა დავანებული და აქ რელიგიური გრძნობებიც უფრო ძლიერდება. ამ ტაძარში არის ყველა სხვა ტაძრისთვის შესაშური აკუსტიკა. ძლიერად ისმის მგალობელთა და მღვდელმსახურთა ხმები.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, მამა თეიმურაზ თათარაშვილს არაერთხელ აღუვლენია წირვა ხარების ტაძარში. მამა თეიმურაზი სიხარულით აღნიშნავს, რომ სამების საკათედრო ტაძარი გახდა მრავალი ადამიანის მართლმადიდებლური ცხოვრების დასაბამი, განსაკუთრებით ახალგაზრდობისა. "იმდენად ბევრნი არიან, რომ უნებურად კითხულობ, - ნუთუ საქართველოში დარჩა კიდევ ვინმე ურწმუნოო. თუმცა ტაძარში მოსვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. საჭიროა ბევრი მოღვაწეობა, წინსვლა, რადგან ეკლესიურობა არის ქრისტეში მარადიული პროგრესი და ერთ ადგილზე არასოდეს გაჩერება. როგორც ბრძანებს წმინდა გრიგოლ ნოსელი: "მარადის საკუთარ თავზე მაღლა". ვესაუბრებით მამა თეიმურაზს, რომელიც ამავე დროს თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სტუდენტებს "ძველი აღთქმისა" და რელიგიების ისტორიის კურსს უკითხავს.

- გთხოვთ გვიამბოთ ბავშვობის წლებზე: რაზე ოცნებობდით, როდიდან გაგიჩნდათ ინტერესი რელიგიური სამყაროს მიმართ.

- ღრმა რელიგიურ ოჯახში არ დავბადებულვარ, მაგრამ არც ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ გარემოში. რუსთავში ვიზრდებოდი. იმხანად ბევრი ეკლესია უმოქმედო იყო, მაგრამ დედაჩემს დავყავდი თბილისის მოქმედ ტაძრებში. იმ დროის წირვა-ლოცვებს უკავშირდება ჩემი ბავშვობის ყველაზე საკრალური მოგონებები. დედაჩემი წარმოშობით მცხეთის რაიონიდან გახლავთ. ზაფხულობით ხშირად დავდიოდით მცხეთაში, სვეტიცხოველსა და სამთავროს მონასტერში. ფანტასტიკური სამყარო იყო ჩემთვის სამთავროს მონასტერი. ვუყურებდი მონაზვნებს, ვაკვირდებოდი ტაძრის ყველა ნიუანსს. განსაკუთრებით ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში სამთავროს ტაძრის ფილაქანი, შანდლები. მაშინ უკვე მიჩნდებოდა მოწიწების გრძნობა, რომელიც რელიგიისთვის ერთ-ერთი არსებითი გახლავთ. 7 წლისა სიონის ტაძარში მოვინათლე. ამის შემდეგ, რატომღაც, ღვთის მადლით, დავიწყე ხატვა, თუმცა ხატვის ნიჭი არც მანამდე მქონია და არც შემდეგ განმვითარებია (ახლა არ ვხატავ). ვხატავდი მხოლოდ ეკლესიებს. შემდეგ ყველაფერმა მიიღო ცნობიერი (გნოზისური) სახე. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში გამიჩნდა ცხოველი ინტერესი რელიგიური სამყაროს მიმართ. მაშინ რელიგიური ლიტერატურა მაინცდამაინც არ არსებობდა, მაგრამ მე ვეძებდი და ვკითხულობდი ყველა წიგნს, რაც ხელში ჩამივარდებოდა. მახსოვს, ჟურნალ "პიონერში" იბეჭდებოდა წერილები რელიგიის არსის შესახებ, რომელთაც ხარბად ვადევნებდი თვალს. ენციკლოპედიებში ვეძებდი ისეთ სტატიებს, რომლებიც რელიგიას უკავშირდებოდა (არა მარტო ქრისტიანობას, არამედ ქრისტიანობის მიღმა არსებულ რელიგიებსაც). საერთოდ, წიგნის გარეშე არ არსებობდა ჩემი ცხოვრება.

სიყმაწვილეში ძნელად ვეგუებოდი ხალხმრავლობას, თუმცა მიყვარდა თანატოლები, მაგრამ მარტოობა, იდუმალება უფრო მიზიდავდა. მარტოობამ ფიქრი მასწავლა. განსაკუთრებული ძალით მიზიდავდა მხატვრული სიტყვა. ამიტომაც დავიწყე წერა, თუმცა გამხელა მერიდებოდა. მეშინოდა, ვინმეს არ წაეკითხა.

- როდის დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება და მას შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- ეკლესიური ცხოვრება დაახლოებით VIII-IX კლასებში დავიწყე. ჩემი და მისი მეგობრები რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მრევლი იყვნენ. მეც მათთან ერთად დავიწყე სიარული. ჩემი პირველი მოძღვარი იყო ახლა უკვე დეკანოზი პაატა თავართქილაძე. ჩემთვის მართლმადიდებლური სივრცე იქცა უპირველეს ნავსაყუდლად. იმხანად სასულიერო ლიტერატურის შეძენა და კითხვა დავიწყე. მთელ ფულს წიგნებში ვხარჯავდი. გამიტაცა რუსულმა მწერლობამ. მოგეხსენებათ, რუსული სამყარო მართლმადიდებლობასთან მჭიდრო კავშირშია.

- სკოლის დამთავრების შემდეგ რა სპეციალობა აირჩიეთ?

- ერთი ხანობა გადაწყვეტილი მქონდა შემესწავლა ფიზიკა, ასტროფიზიკა, მერე მედიცინამ გამიტაცა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მხატვრული ლიტერატურა ჩემი სტიქია იყო. ბოლოს დავრწმუნდი, რომ რელიგიური სასწავლებლის გარეშე ჩემი სული ვერ გაიხარებდა. მშობლებმა არჩევანი მომიწონეს და მირჩიეს, საერო განათლებაც მიმეღო.

სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდი ძალიან ნაყოფიერი იყო. თუმცა დროდადრო ვზარმაცობდი, ნიჰილიზმიც მომერია, ეჭვიც - სწორად მოვიქეცი თუ არა-მეთქი. მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვრწმუნდებოდი, რომ ეს ღვთისაგან იყო. ღვთის მადლით, სწავლა გავაგრძელე სასულიერო აკადემიაში. ამ ცხრა წელმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ედიშერ ჭელიძის, მერი ჭელიძის, თამაზ ბუაჩიძის, სერგო ვარდოსანიძის და სხვათა ლექციებმა ჩემი ცოდნის არეალი გააფართოვა. თუმცა ერთხანს ერთგვარმა პესიმიზმმაც შემიპყრო, განსაკუთრებით 1999 წელს. ეს გარემო პირობებით იყო გამოწვეული. გამიტაცა ფილოსოფიამ და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ეს იყო მეორე დიდი სამყარო ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ ბრწყინვალე მეცნიერების ლექციებს ვუსმენდი. უნივერსიტეტში სწავლის დროს გამიტაცა აღმოსავლურმა ქრისტიანობამ, ფილოსოფიამ, ლიტერატურამ, ენამ, პოეზიამ. ამიტომაც სწავლა გავაგრძელე აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში (არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით). ამ ინსტიტუტში მიღებული განათლება შემდგომში ძალიან გამომადგა - სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ვასწავლი როგორც ძველ აღთქმას, ასევე რელიგიების ისტორიას.

- ფილოსოფოსთა თხზულებების კითხვამ, მათ სამყაროსთან ზიარებამ შინაგანი წინააღმდეგობა ხომ არ წარმოშვა თქვენში?

- რელიგიასა და ფილოსოფიას შორის კამათი უძველესი დროიდან მოდის. ეს კონფლიქტი ჩემს გონებაშიც მიდიოდა. დროდადრო მეუფლებოდა სკეპტიკური განწყობილებები. მაგალითად, ჩემს სულზე ნეგატიურად იმოქმედა ეგზისტენციალიზმით გატაცებამ. ჰაიდეგერის, კამიუს, სარტრის და სხვათა თხზულებების ახლოს გაცნობის შემდეგ გულჩათხრობილი გავხდი, მაგრამ უეცრად გონება გამინათა აზრმა: რა ვუთხარი ისეთ მორწმუნეს, კამიუ რომ დაუნგრევს რწმენას-მეთქი. მივხვდი, რომ წმინდა გრიგოლ ნოსელისა და წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებებს ნაზიარებისთვის ფილოსოფია არ შეიძლებოდა ყოფილიყო კრიზისის გამომწვევი. ამის შემდეგ გაძლიერებული რწმენით დავბრუნდი ეკლესიაში.

- როდის გაკურთხეს დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად?

- ღვთის განგებით, 2004 წლის იანვარში გავხდი დიაკვანი. ერთი წელი სიონის საპატრიარქო ტაძარში ვიმსახურე უწმინდესის გვერდით. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსის, თეოდორეს (ჭუაძე) და ჩემი მოძღვრის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის რეკომენდაციით 2004 წლის 26 დეკემბერს უწმინდესმა სიონის ტაძარში მღვდლად მაკურთხა. იმავე საღამოს პირველი ლოცვა ჩავატარე წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიაში. სამების ტაძრის ამოქმედებასთან ერთად მეც ავიდგი ფეხი სასულიერო მოღვაწეობის გზაზე. ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია, რომ ვარ სამების ტაძრის მღვდელმსახური და თავმდაბლობით ვიღებ ამ უდიდეს ჯილდოს.

- თქვენ ხართ ავტორი სამეცნიერო ნაშრომისა "მანიქეველობა და ქრისტიანობა" და პრესაში გამოქვეყნებული არაერთი სტატიისა. მწერლობის სურვილი ხომ არ გაგჩენიათ?

- უნდა გაგიმხილოთ, რომ დროდადრო ახლაც ვსინჯავ კალამს მწერლობაში. ვმუშაობ რელიგიების ისტორიის სახელმძღვანელოს პირველ ტომზე.

- სხვადასხვა რელიგიის სწავლებისას რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ეკლესიის დამოკიდებულების განსაზღვრა მათთან?

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლის სექტემბრიდან ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტი სასულიერო აკადემიაში გადაკეთდა რელიგიათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტად და შეიქმნა რელიგიათმცოდნეობის კათედრა, რომლის წევრიც გახლავართ. ვასწავლი აღმოსავლური ტიპის რელიგიებს: ხეთურს, ეგვიპტურს, ბაბილონურ-ასურულს, ქანაანურს და შემდგომ ეტაპზე გადავდივართ უნივერსალური ტიპის რელიგიებზე, როგორებიცაა ელინისტური რელიგიები: მითრაიზმი, გნოსტიციზმი, მანიქეიზმი, ირანული და ინდური რელიგიები. რა თქმა უნდა, ისწავლება მსოფლიო რელიგიები - ისლამი და ბუდიზმი. სტუდენტებს ცოდნის ჰორიზონტი უფართოვდებათ. ისინი ინფორმაციას იღებენ არა მარტო ამ ხალხების რელიგიებზე, არამედ მათ კულტურულ გარემოზე, ბიბლიურ სამყაროსთან კავშირზე, ქრისტიანობასთან დამოკიდებულებაზე... ვცდილობთ, თვალსაჩინო მასალა მივაწოდოთ სტუდენტებს. ეწყობა სპეციალური სემინარები, კონფერენციები...

- ახლოვდება ხარების დღესასწაული. მორწმუნეთა დიდი სიხარულია ის, რომ მათ შეუძლიათ მაცხოვრის წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარონ ხარების სახელობის ტრაპეზზე აღვლენილ ლიტურგიაზე...

- მოგეხსენებათ, რომ საკათედრო ტაძრებში კვირაობით აღევლინება ორი ლიტურგია. მცირე ტაძარში დილის 7 საათზე ტარდება წირვა. ერთხანს ეს წირვა ეზოში მდებარე ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარში აღევლინებოდა (და ახლაც აღევლინება), დღესდღეობით კი ხარების ტაძარშიც სრულდება. ხარება დასაბამია ყოველგვარი სიხარულისა, რადგან არა მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა ის ფაქტი, რომ ჩვენ აღარ დავრჩებოდით წყვდიადის ქვეშ, თავად ღმერთი განკაცდებოდა და ყოველი ადამიანისთვის გახდებოდა შესაძლებელი ცხონება. წელს ხარება ემთხვევა ვნების შვიდეულის დიდ შაბათს. არსებობს ხარების ლიტურგიული მსახურების ბევრი ტიპიკონი. წელს ხარების დღესასწაულზე აღევლინება ბასილი დიდის წირვა და იმავე საღამოს დავიწყებთ მზადებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის.

ყოვლადწმინდა ქალწულმა მორჩილებითა და სიმდაბლით მიიღო ღვთაებრივი გამოცხადება. ამის გამო ამპარტავანი არ გამხდარა. ასე უნდა იყოს ყველა ადამიანი. დღეს, სამწუხაროდ, თუ ოდნავ პრივილეგირებული მდგომარეობა აქვს ვინმეს, თუნდ ეკლესიის წიაღში, არცთუ იშვიათად ეს მისი განდიდებისა და მზვაობრობის დასაბამი ხდება, რაც ყოვლად მიუღებელია. ასეთი ღვთისაგან მადლს ვერ მიიღებს. ყოველი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, რომ ის სულიერი სათნოებანი, რომლებიც ღვთისმშობელს უშურველად ჰქონდა მინიჭებული, შემოიკრიბოს. ქრისტიანის ცხოვრება უნდა იყოს სათნოებათა ილუსტრაცია.

- მამაო, რა მიგაჩნიათ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად, რას ეტყვით ჩვენს ხალხს, როგორ დალოცავთ?

- სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში რელიგიური ცოდნის დონე ძალიან დაბალია. მართლმადიდებლობა არასწორად ესმით უკვე ეკლესიის წიაღში მყოფთაც. დაე, უფალმა ყველას მიანიჭოს სურვილი იმისა, რომ გახდნენ ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელები და გაამართლონ ქრისტიანის სახელი. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა. და ეს პრინციპი უნდა გაატაროს ცხოვრებაში ყველა ქრისტიანმა. ქართველ ხალხს ვუსურვებდი ჭეშმარიტი ქრისტიანული ცოდნით განათლებას, რაც მათი ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების დასაბამი იქნება, რწმენაში სიმტკიცეს და სათნოების უფრო მეტად მოხვეჭას. "მარადის უკანას ამას დავივიწყებ და წინას ამას მივწვდები", - პავლე მოციქულის ეს სიტყვები სულიერი პროგრესის საუკეთესო გამოხატულებაა.
ბეჭდვა
1კ1