ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მღვდელთან კი არა, ღმერთთან მივიდა
ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მღვდელთან კი არა, ღმერთთან მივიდა
რუბრიკის სტუმარი თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი გახლავთ. მამა ბესარიონს ბავშვობიდანვე გულში ჰქონია ამოჭრილი სასულიერო პირად გახდომა. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ეს სურვილი ოჯახის წევრებისთვის გაუნდვია. მამამისს უწმინდესთან მიუყვანია და მისთვის ჩაუბარებია. მამა ბესარიონმა სასულიერო სემინარიაც დაამთავრა, სასულიერო აკადემიაც. იყო უწმინდესის ჰიპოდიაკონი. "მთელი ცხოვრება უწმინდესისა და უნეტარესის კალთის ქვეშ გავატარე. მისი წყალობით ვარ დღესდღეობით სასულიერო პირი და ვფიქრობ, რომ მის სიყვარულსა და მადლს, რომელსაც იგი მთელ საქართველოს ჰფენს, მეც ვიღებ და გადავცემ ადამიანებს, - გვესაუბრება მამა ბესარიონი, - კაცის ცხოვრება საიდუმლოა. ბევრმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა სასულიერო პირობა, მაგრამ მათზე საუბარი, ცოტა არ იყოს, მეუხერხულება. ფსალმუნის სიტყვებს მოვიხმობ: "მხოლოდ ღვთისადმია მდუმარება ჩემი სულისა, მხოლოდ მისგანაა ჩემი ხსნა, რადგანაც იგია ჩემი ღმერთი და მაცხოვარი, საყრდენი ჩემი" (ფს. 61,2).

* ეკლესიაში 1987 წლიდან ვარ. იმ დროის გახსენება ჩემთვის ტკბილიც არის და მწარეც. სულ რამდენიმე ტაძარი იყო და ისიც თითქმის ცარიელი. ხუთი ეპისკოპოსი და თითებზე ჩამოსათვლელი მღვდელი. 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მონაწილეობა მაქვს მიღებული თბილისის ყველა უმოქმედო ტაძრის აღდგენასა და გახსნაში. მაშინ ჯერ სტიქაროსანი ვიყავი. მოგეხსენებათ, ზოგიერთ ტაძარში ბიბლიოთეკა იყო, ზოგში - თეატრი, ზოგიც უპატრონოდ იყო მიტოვებული.

ჩვენს პატრიარქს უდიდესი სიყვარული ძალუძს. არასოდეს დამავიწყდება თუნდაც ის ერთი დღე. უწმინდესი ერთ-ერთ სასულიერო პირს აკურთხებდა. ამ სასულიერო პირმა კურთხევის დროს ტირილი დაიწყო. უწმინდესმა იგი გულში ჩაიკრა და თვითონაც ბავშვივით ატირდა. უწმინდესმა იმწამს იგრძნო, თუ რამხელა მადლმოსილება გასცა და რამხელა ტვირთი დაიდო მხრებზე ამ სასულიერო პირმა. პავლე მოციქულის სიტყვები მომაგონდა: "მოტირალთა თანა ტიროდეთ და მოხარულთა თანა იცინოდეთ". უწმინდესის სიტყვა და საქმე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გზამკვლევია და გაკვეთილია იმისა, თუ რამხელა სიყვარული უნდა მისცე ადამიანს. და რასაც სულიერი შვილი განიცდის, იმას უნდა განიცდიდეს მოძღვარიც.

* 29 წლის ვიყავი, სასულიერო პირი რომ გავხდი. მერე თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დამადგინეს და იმ დღიდან მოყოლებული ამ ტაძრის წინამძღვარი ვარ. თავიდან აქ პატარა სამლოცველო სახლი იყო, რომელიც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გადავაკეთეთ და ავაშენეთ ტაძარი. მრევლი არ გვყავდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს უბანი, ცოტა არ იყოს, არაქართულენოვანია. ძალიან ძნელი იყო იმ პერიოდში ხალხის მოზიდვა ეკლესიაში. ზარები ირეკებოდა და მხოლოდ ბავშვები თუ შემოდიოდნენ. მერე, ღვთის წყალობით, მრევლი გაიზარდა და მხარში ამოგვიდგა.

1999 წელს სანზონაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა დავიწყეთ. სანზონის ბაზრის დირექციამ ძალიან შეგვიწყო ხელი. 3000 დოლარი გამოგვიჩნდა და ამით დავიწყეთ. მერე, ენთუზიაზმი რომ დაინახეს, მთელი უბანი დაგვიდგა გვერდით. ღვთის წყალობით, ვისაც რა გააჩნია, მოაქვს და შეგვეწევა. ტაძრის უკან საბავშვო ბაღია. იმ ბაღის აღსაზრდელებმა 1999 წელს თითო-თითო აგური მოიტანეს და დადეს. მას შემდეგ 7 წელი გავიდა. ეს ბავშვები უკვე გაიზარდნენ. როდესაც მოდიან, უკვე იციან, რომელ ადგილას არის მათი აგური დადებული. შესცქერიან და გული სიხარულით ევსებათ. სიყვარულითა და სითბოთია ეს ტაძარი აგებული. შიგნით ქვემოთა რეგისტრებიღა დარჩა მოსახატი. გარეთაც მოსაპირკეთებელია. დანარჩენი ყველაფერი მზად არის და ვიმედოვნებთ, სააღდგომოდ გაიხსნება.

წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სამრეკლო კარიბჭეშივეა ჩაშენებული. გვინდა 1-ტონიანი ზარი ჩამოვასხმევინოთ და დავკიდოთ. ეს იქნება პირველი ზარი, რომელიც საქართველოში ჩამოისხმება.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევაა, რომ ტაძრებთან ახლოს იყოს სასულიერო სკოლები. როდესაც წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ფუნქციონირებას დაიწყებს, ერთ წელიწადში მის გვერდით გვინდა პრესტიჟული სასულიერო სკოლა გავხსნათ, რომელიც ასობით ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს გაუზრდის ჩვენს ქვეყანას. მერე ისინი სხვებს მოიყვანენ და დააყენებენ ჭეშმარიტების გზაზე.

ასევე ვაშენებთ წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარს მუხიანში, სამხედრო დასახლებაში (წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია არ არის თბილისში). განზრახული მაქვს, თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დაშლა და მის ნაცვლად მცირე ზომის ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება.

* ვაჟთა მგალობელ გუნდს ვაყალიბებთ. სურვილი გვაქვს, შემდგომში შევქმნათ ხალხური ანსამბლი, მოვიწვიოთ ძლიერი პედაგოგები. ამ ანსამბლს "გერგეტი" დაერქმევა. გერგეტის სამება ხომ თავისებურ ძალასა და შემართებას ჰგვრის ყველა ადამიანს.

პრესასაც ვეცნობი, ინტერნეტის მომსახურებითაც ვსარგებლობ, თვალს ვადევნებ მსოფლიო მოვლენებს და მიხარია, რომ არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰყავს იმდენი ახალგაზრდა მრევლი, რამდენიც საქართველოს. უბედურება ის იყო, რომ ძალიან ბევრს თავი მიაჩნდა მართლმადიდებელ ქრისტიანად და ივიწყებდა იმას, რომ მართლმადიდებლობის საზომი ეკლესიური ცხოვრებაა და არა მისი მემკვიდრეობით წილხვდომილობა. მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი თაობა ცდილობს იცხოვროს იმ მცნებებით, რასაც მართლმადიდებლობა ქადაგებს. მრევლში ძირითადად ახალგაზრდები მყავს. ისინი თავიანთი ცხოვრების წესით, სიტყვა-პასუხით გამოირჩევიან, ზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ და მზად არიან, სხვებიც მოაქციონ. იმ პატარა ტაძარში 19 სტიქაროსანი მყავს. ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა აქვთ, ერთმანეთს ზრდიან და ყალიბდებიან ჭეშმარიტ ქრისტიანებად ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. ეს ტაძარი (წმინდა ნიკოლოზის სახელობის) თითქმის ამ ახალგაზრდების აშენებულია. მოდიან და უსასყიდლოდ შრომობენ. განსაკუთრებით გამოვყოფდი სტიქაროსნებს: თამაზ ჯავახიშვილს, ლაშა მაჩაიძეს, იმედა ჩორგოლაშვილს. ეს პატარა ბიჭები ყველა საქმეს შესანიშნავად უძღვებიან.

* ადამიანები სხვადასხვა სატკივარით არიან მოცულნი, სხვადასხვა ტვირთით დამძიმებულნი, ზოგს შედარებით მსუბუქი ცოდვა აწუხებს, რომელსაც ადვილად ევლება. ზოგსაც მძიმე ცოდვა სწყლავს, რომელთან ბრძოლასაც უფრო დიდი ძალისხმევა სჭირდება, რათა ადამიანი მისგან გათავისუფლდეს, დაივიწყოს წარსული და უფრო მყარად დადგეს ეკლესიაში. ჩემს მრევლს ყოველთვის ვეუბნები: ეკლესიაში მოსულმა ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მღვდელთან კი არა, ღმერთთან მივიდა. ეს არის საზომი მრევლისა და მღვდლის ურთიერთობაში, რომელიც უნდა იცოდეს მღვდელმაც და მრევლმაც, რათა მათ შორის იყოს სიამტკბილობა. ვფიქრობ, როდესაც სასულიერო პირი მრევლს ზემოდან უყურებს, მათ შორის ბარიერი ჩნდება და იქ სიყვარული აღარ არის. ქრისტიანობა ერთი დიდი ოჯახია და მოძღვარმა ყველას ტკივილი და სიხარული უნდა გაიზიაროს. იგი უნდა იყოს ადამიანის ღმერთთან დამაკავშირებელი ხიდი. მას უსაზღვრო სიყვარული უნდა გააჩნდეს ადამიანების მიმართ, იმიტომ, რომ უფალი დედამიწაზე კაცობრიობის უსაზღვრო სიყვარულის გამო მოვიდა. მეც, როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, ყველა ადამიანი მიყვარდეს განურჩევლად. სახარება გვასწავლის, რომ მტერიც უნდა გვიყვარდეს. მაგინებელს მეტი სითბო და სიყვარული უნდა დაანახო, რათა ის შენთან მოვიდეს. წყენა და ბოღმა გულში არ უნდა ჩაიდო. ასეთ ადამიანთან ახლოს უნდა იყო არა იმისათვის, რომ შენი სიმართლე დაანახო, არამედ სითბო და თავმდაბლობა აჩვენო. მქონია შემთხვევები, ადამიანი სინანულით მოსულა, თავისი შეცდომა უღიარებია და შენდობა უთხოვია. ასეთ დროს სითბოს და სიყვარულს თუ არ უჩვენებ კაცს, ის შეიძლება დაბრკოლდეს და ეკლესიისკენ არასოდეს გამოიხედოს.

რა თქმა უნდა, ამის რეალურად განხორციელება ძნელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ სიყვარულის ამ საზომის მიღწევა მიზნად დავისახოთ.

* ჩვენი დროის ყველაზე დიდი სატკივარი, ჩემი აზრით, ნარკომანიაა. ტაძარში მყოფი ახალგაზრდობა ჩვენი ერის ჯანმრთელი ძალაა. ნარკომანები კი ავადმყოფები არიან. საქართველოს დღემდე უამრავი მტერი ჰყავს და ვერავინ მოერია. ახლა ამ სენმა დაგვრია ხელი და უმოწყალოდ ნადგურდება ჩვენი ერის გენოფონდი. ნარკომანს აღარც სამშობლო აინტერესებს, აღარც ოჯახი. უმორჩილესად მინდა ვთხოვო ყველა ამ სენით შეპყრობილ ადამიანს, იქნებ როგორმე მოიკრიბონ ძალა, მოვიდნენ ჩვენთან, მოძღვრებთან. გამოსავალი ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ. რაც შეიძლება ბევრი მონასტერი უნდა გაიხსნას, სადაც ნარკომანთა რეაბილიტაციის მიზნით ამოქმედდება ამბულატორიის სახის ცენტრები. ამ ადამიანებმა უფალში უნდა ეძებონ ხსნა და მისი შემწეობით ამ ბარიერს უნდა გადააბიჯონ. ამ სატკივარს თუ დროულად არ მოვუარეთ, ქვეყანა დაიღუპება. ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს ამაზე. იქნებ პანსიონატებიც გაიხსნას. ამ ადამიანებს მხარში უნდა ამოვუდგეთ, რათა გადაურჩნენ მორალურ და ფიზიკურ დეგრადაციას და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

* ოჯახით ძალიან კმაყოფილი ვარ. მეუღლე ეკლესიაში გავიცანი. საოცრად სათნო და კეთილშობილი ადამიანია. გვყავს სამი შვილი: ორი გოგონა და ერთი ვაჟი. ოჯახი არის სახე იმისა, თუ რას წარმოადგენს ერი, რადგან ერი ოჯახიდან ყალიბდება. უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ის ღირსეული ტრადიციები, რაც საუკუნეების განმავლობაში ინერგებოდა ოჯახებში და რისი საფუძველიც იყო და არის მართლმადიდებელი სარწმუნოება. ოჯახი მაშინ არის სრულყოფილი, როდესაც მისი წევრები დადიან ტაძარში, ეზიარებიან; სადაც დიდი სიყვარულია დედმამიშვილებს შორის. მორწმუნე ოჯახში დაცულია იერარქიულობა, უფროს-უმცროსობა. ასეთ ოჯახში გაზრდილი არასოდეს შეურაცხყოფს და მიატოვებს მშობელს. მორწმუნე ოჯახში ბავშვი ხედავს ქველმოქმედების მაგალითს, ეჩვევა და სწავლობს მოყვასის, მეზობლის დახმარებას.

ეკლესიისა და ოჯახის შემდეგ ბავშვის აღზრდაში უდიდესი როლი აკისრია სკოლას. დიდი სურვილი მაქვს, სკოლებში ისწავლებოდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება. ბავშვმა უნდა იცოდეს, ვინ არის, საიდან მოდის, სად მიდის... ამას მხოლოდ ეკლესია არ უნდა ასწავლიდეს, არამედ სკოლაც და გაერთიანებული ძალებით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება. შესაძლებელია სკოლებში ისწავლებოდეს სხვადასხვა რელიგია, მათი ისტორია, მოძღვრებები, მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა განიმარტებოდეს, თუ რა მიმართებაში არიან ეს აღმსარებლობები მართლმადიდებლობასთან. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა განსხვავებაა მათ შორის. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ბავშვები მართლმადიდებლობის ბრმა მიმდევრებად კი არ გაიზარდონ, არამედ კარგად ჰქონდეთ შეგნებული, რატომ არიან მართლმადიდებლები და რა უპირატესობა აქვს მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა კონფესიებთან შედარებით.

* უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია განასახიერებს მღელვარე ზღვაში მოცურავე ხომალდს. სძლისპირებში ვკითხულობთ: "სოფლისა ზღვაი აღძრულ არს. საშინლად დამნთქავს მე... შენდა მოვილტვი განსასვენებლად". მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი საიმედო ნავსაყუდელი. ვინც მის წიაღშია, ის გადარჩება.

* მოხარული ვარ, რომ ჟურნალი "კარიბჭე" მართლმადიდებლობას სხვადასხვა კუთხით განიხილავს. აქ არის საუბრები როგორც სასულიერო პირებთან, ასევე მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებთან, ადამიანებთან, რომელნიც იღვწიან ეკლესიის და ერის სამსახურში. იქნებ რამდენიმე გვერდი დაუთმოთ ბავშვებისთვის საინტერესო მოთხრობებს, ილუსტრაციებს, რადგან ბავშვის სულიერ აღზრდასა და ფორმირებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პირუთვნელი მოვალეობაა.

ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვა
1კ1