ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდგომ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება
ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდგომ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება
ვლოცულობ, რომ გაძლიერდეს ჩემი მრევლი, მადლი მოიპოვოს უფლის წინაშე
ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება ოჯახიდან იწყება. მშობლების ურთიერთსიყვარული და პატივისცემა, ღვთისსათნო ცხოვრება უჩუმრად მოძღვრავს შვილების სულს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიყრმიდანვე ღვთის მოშიშებით აღზრდას, რადგან ის, რასაც ბავშვი აღიქვამს, წარუშლელად რჩება მის მეხსიერებაში. ნეტარი ავგუსტინე წერს: "ღვთის ქება-დიდება - აი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ნორჩი გულის საყრდენი, როგორც ჭიგო - ვაზის ლერწისთვის. მაშინ ხომ ასე აღარ გამიტაცებდა ამაოება, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს ყურძნის მარცვლებს".

დღეს, როდესაც ხდება ფასეულობათა მკვეთრი გადაფასება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანული ღვთისმოყვარე ოჯახების სიმრავლე. ჯერ კიდევ იმ ავბედით დროს, როდესაც საქართველოში ეკლესიური ცხოვრება მინავლებული იყო და ტაძრებში კანტიკუნტად თუ დადიოდა ხალხი, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ერთხელ სიონში საგანგებოდ აღუნიშნავს: "მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დღესდღეობით არსებობენ ჭეშმარიტი მართლმორწმუნე ოჯახები, რომელთა შორის გამოირჩევიან ხაჭაპურიძეებისა და სიხარულიძეების ოჯახებიო".

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმრები მამა-შვილი, დეკანოზები - რაფაელი და დავითი (ხაჭაპურიძეები) გახლავთ. მამა რაფაელი მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს, მამა დავითი - დიღმის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში. მამა რაფაელს შარშან, 15 დეკემბერს 70 წელი შეუსრულდა. ღვთისა და მრევლის წინაშე გაწეული ხანგრძლივი და თავდაუზოგავი ღვაწლის აღსანიშნავად უწმინდესმა იგი გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. მამა რაფაელი სამი შვილის მამა, ცამეტი შვილიშვილის ბაბუა და მრავალრიცხოვანი მრევლის სულიერი მოძღვარია. მისი სიძეებიც სასულიერო პირები არიან: მამა თევდორე დიდუბის ეკლესიაში მოღვაწეობს, ხოლო მამა კონსტანტინე სტავროპოლში მსახურობს. ეს ოჯახი მართლაც საოცარი მაგალითია იმისა, თუ რა გავლენას ახდენს წინაპართა მადლმოსილი ცხოვრება შთამომავლობაზე.

KARIBCHEვესაუბრებით მამა რაფაელს:

- მამაო, როგორ გაღვივდა თქვენში რწმენა?

- ბებიაჩემი, ღრმად მორწმუნე ქალი, ბავშვობიდანვე მინერგავდა ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. მარიგებდა, - შვილო, უზნეო საქციელი არასოდეს ჩაიდინო, სხვაზე ცუდი არაფერი თქვა და არც გაიფიქროო. პატარას ბოლომდე არ მესმოდა სახარების სიტყვები - გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები. სიკეთე გაუკეთეთ მათ... მოზრდილი მივხვდი, თუ რამხელა ძალა აქვს მიტევებას, შენდობას. სკოლა რომ დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. უფალმა ინება და ოჯახი შევქმენი. მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ღვთის მორწმუნე და მოშიში მეუღლე მარგუნა. შემდეგ მცხეთაში გაიხსნა სასულიერო სემინარია და გადავწყვიტე, ჩამებარებინა. უკვე სამივე შვილი მყავდა. სემინარიაში ჩავირიცხე. მადლობა ღმერთს, რომ მომეცა საშუალება ღვთის გზით მევლო.

- მეტეხის ტაძარში დიდი ხანია მოღვაწეობთ?

- თავიდან ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ვმსახურობდი. შემდეგ ცოტა ხანი დავყავი წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში (საჯარო ბიბლიოთეკის უკან). მეტეხის ტაძარში გახსნის დღიდან ვმოღვაწეობ. აქ ჯერ კიდევ თეატრი იყო. მივდიოდით და უკანა კარებთან სანთლებს ვანთებდით. მაშინ საქართველოში ცოტა იყო სამღვდელოება, მრევლი. ვნატრობდით მეტეხის ტაძრის ამოქმედებას. კელიაში, სადაც წმინდა შუშანიკის ნეშტი განისვენებს, ორმო იყო ამოთხრილი და უპატიო მდგომარეობაში მყოფი წმინდა ნაწილები ჩანდა. ეს ყველა მორწმუნისთვის შემაშფოთებელი სანახავი იყო. მადლობა ღმერთს, რომ დღეს საკადრის პატივს მივაგებთ ამ ადგილს, ვლოცულობთ წმინდა შუშანიკის კელიაში.

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, კვეთებულის ლოცვას კითხულობთ. რა მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვაზე დასწრებას?

- კვეთებულის ლოცვით ხდება უხილავი ბოროტი ძალების განდევნა. მისი მეშვეობით ადამიანები განიწმინდებიან და გაძლიერდებიან. კვეთებულის ლოცვა იყოფა ორ ნაწილად: შეფუცვის ლოცვა და შერისხვის ლოცვა. ამ ლოცვაზე დასწრება შეუძლია ყველა მორწმუნეს, ვინც აღსარებას ამბობს და ეზიარება. ეს ლოცვა თითქმის ყოველდღე ტარდება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ერთი კვირა მე ვკითხულობ, მეორე კვირას კი - მამა აკაკი (მელიქიძე). ჩვენ, ორ მოძღვარს, გვაქვს კვეთებულის ლოცვის წაკითხვის უფლება. ეს არ არის ადვილი საქმე. ამდენი ადამიანი მოდის. მათ უარყოფით, ბოროტ ძალას რომ ებრძოლო და განდევნო, განსაკუთრებული მომზადება, ძლიერი ლოცვა გჭირდება. ზოგჯერ, როცა ვკითხულობ, ყელში მეცემა ხოლმე ბოროტი ძალა, თითქოს დახრჩობას მიპირებს, მაგრამ ღმერთი ძალას გვაძლევს.

მწყემსი თავისი სამწყსოთია ძლიერი. ვლოცულობ, რომ გაძლიერდეს ჩემი მრევლი, მადლი მოიპოვოს უფლის წინაშე, რათა უფალმაც არ მოგვაკლოს წყალობა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლიანი კალთა გვფარავდეს.

KARIBCHEვესაუბრებით მამა დავითს:

- მამაო, მორწმუნე ოჯახში გაიზარდეთ, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა თქვენი ცხოვრებისეული გზის არჩევაზე.

- ტაძარში მოსვლა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია, რადგან იგი უფალმა შექმნა თავისუფალი ნებით. ადამიანი ეკლესიაში უნდა მოვიდეს ან რწმენით, ან ცოდნით. თუ რწმენის და ცოდნის სინთეზთან გვაქვს საქმე, ეს საუკეთესო ვარიანტია. ასეთ შემთხვევაში ადამიანის რწმენა ძლიერია. ქვეცნობიერად ყველა ადამიანში არის უფალი, უბრალოდ, მას დანახვა სჭირდება. საკუთარ გულში უნდა ვეძებოთ ღმერთი და შემდეგ მივიდეთ ეკლესიაში. მივემსგავსოთ ავაზაკს, რომელიც ცხონდა მხოლოდ ამ სიტყვებით: "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა". ტაძარი არის ნავსაყუდელი, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გადაარჩენს, მაგრამ ამ ნავზე ასვლაა საჭირო. ქრისტიანობა მოიაზრება, როგორც ადამიანის გულისცემა. შემთხვევითი არ არის, რომ ადამიანის გული ერთ რიტმში არ სცემს, აღმასვლა და დაღმასვლა ახასიათებს. ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდგომ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება. სარწმუნოებრივი გზა არის გოლგოთისკენ მიმავალი გზა უკანასკნელ აღმოფშვინვამდე.

ტაძარში მშობლებმა მომიყვანეს. უდიდესი როლი ითამაშა დედამ. მე ძმა მყავს გარდაცვლილი. დედაჩემმა ღირს მამას დავით გარეჯელს აღუთქვა: თუ ვაჟს მაჩუქებ, დავითს დავარქმევო. მახსოვს 1977 წელს უწმინდესის აღსაყდრება, მახსოვს ის ბედნიერი სახეები, ქრისტიანებს მაშინ რომ ჰქონდათ... ჩემი და - ფოფოდია ნარგიზა (მამა თევდორეს მეუღლე) საპატრიარქოში მსახურობდა. უფალმა ინება და ჩემი ოჯახი კათოლიკოს-პატრიარქს დაუახლოვდა. დღესაც სათუთად ვინახავ პატრიარქის საჩუქრებს - შველსა და მანათობელ ბუს.

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1996 წელს სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე. ეკლესიაში უფრო რწმენით მივედი, ვიდრე ცოდნით. ცოდნას აწი ვიძენ. ჩვენ თვითონ უნდა მოვახდინოთ საკუთარი სულის განღმრთობა, თეოზისი. უნდა შევიმეცნოთ უფალი, რამეთუ ჩვენ ვართ მიკროკოსმოსი. როდესაც დაგვეუფლება ისეთი გრძნობა, რასაც თავმდაბლობა ჰქვია, როდესაც დავით მეფსალმუნეს მივემსგავსებით და "მიწყალე მე, ღმერთოს" მთელი გულისყურით წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ "თმანი ჩვენნი აღრაცხულ არიან წინაშე ღვთისა", როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი. რამდენადაც მივხვდებით ჩვენს უსუსურებას, იმდენად დავინახავთ სიდიადეს უფლისას და შევიმეცნებთ ჭეშმარიტებას, რომლითაც ვცხონდებით.

- ესე იგი, თავიდან მღვდლობა არ გქონდათ განზრახული?

- ვფიქრობდი, შევძლებდი კი იმდენი მიმეცა მრევლისთვის, რამდენსაც იგი ელოდა, ვიქნებოდი კი ჭეშმარიტად სულიერი ექიმი, რომელიც ელემენტარულად მაინც შეეწეოდა თავის მრევლს. ეს იყო ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი სასულიერო პირად გახდომისას. 30 წლის ვიყავი, როცა დიაკვნად მაკურთხეს. "სჯულის კანონის" მიხედვით, ეს ასაკი საკმარისია იმისათვის, რომ სასულიერო ცხოვრებას შევეჭიდო. ჩემი მღვდლად ხელდასხმა ალბათ იმ მიზეზის გამოც მოხდა, რომ შინაგანად ღრმად მწამს უფალი. "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფს. 50), - ბრძანებს მეფსალმუნე და ალბათ უფალმა დაინახა ჩემი სულისა და გულის შემუსვრილება.

ლაზარეს აღდგინების ტაძარში დიაკვნად ვმსახურობდი. შემდეგ პატრიარქმა სიონის ტაძარში დამასხა ხელი მღვდლად. ეს მოხდა კვირაცხოვლობას. მღვდლად კურთხევისთანავე დავბრუნდი ლაზარეს აღდგინების ტაძარში სამოღვაწეოდ. 2 წლის წინ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დეკანოზის ხარისხი მომენიჭა. ეს ჩემთვის, ახალგაზრდა მოძღვრისთვის, არის უდიდესი ჯილდო და პატივი.

- როგორ შექმენით ოჯახი და რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახური ჰარმონია?

- ოჯახის შექმნა რთული საკითხია. თუ პირადად ჩემს თავზე ვისაუბრებ, ბუნებით რომანტიკოსი გახლავართ. ყოველთვის ვეძებდი. უფალი ბრძანებს: "ეძიებდით და ჰპოვებდითო". მყავს შესანიშნავი მეუღლე და ხუთი შვილი: ორი გოგონა და სამი ვაჟი. ოჯახური ჰარმონია ალბათ ბევრად არის დამოკიდებული მეუღლეზე. ხშირად მეუბნებიან, კარგი მეუღლე გყავსო. ალბათ ვიმსახურებ-მეთქი, ვპასუხობ ხოლმე. ოჯახი მოძღვრისთვის ერთი პატარა მრევლია. თუ საკუთარ ოჯახს კეთილად დამწყემსავ, მაშინ მრევლსაც გაუძღვები. მოძღვრის ოჯახი უნდა იყოს სახე და არა დამაბრკოლებელი მრევლისთვის. როდესაც ფოფოდია მღვდლის ცოლობის უღელს სწევს და ამავე დროს არის დედა მღვდლის სულიერი შვილებისა, იდეალურ ვარიანტთან გვაქვს საქმე. ამ დროს უკვე შეიძლება საუბარი ღვთივკურთხეული ოჯახის უფლის წიაღში დამკვიდრებაზე.

ოჯახი და მეუღლეობა ქართველებისთვის წმინდათაწმინდა ცნებებია. დღეს რატომღაც დევალვაცია განიცადა ამ ცნებებმა. ქართველისთვის ოჯახი პრიორიტეტული იყო ყოველთვის. ჩვენ უნდა მივემსგავსოთ ჩვენს წინაპრებს არა მაღალფარდოვანი სიტყვებით, არამედ საქმით. ამის უპირობო მაგალითია მრავალშვილიანობა. უდიდესი წილი მოდის მოძღვრებზე, რომლებიც დღეს ერს ამრავლებენ. ოჯახი არის ქრისტიანობის თვალსაწიერი. ხალხში ყოველთვის იყო და დღესაც არის ასეთი გამოთქმა: კარგი ოჯახიშვილიაო. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად არის გაზრდილი, ზრდილობიანია.

თუნდაც ძველი აღთქმა გავიხსენოთ. აბრაამი, რომელსაც დიდი ოჯახი ჰყავდა და მისი ძმისწული - ლოთი. როდესაც სოდომი და გომორი დაინთქა, მხოლოდ ლოთის ოჯახი აღმოჩნდა მართალი და გადარჩა. ან თუნდაც მართალი იობი გავიხსენოთ. როდესაც მას ყველაფერი წაერთმევა, იგი უფალს მადლობას შესწირავს, არ ვარდება სასოწარკვეთილების ვნებაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი ამოწყდა, იობმა შეინარჩუნა ჭეშმარიტი რწმენა და ამიტომაც უფალმა მას ყველაფერი დაუბრუნა. აი, ასეთი დატვირთვა ჰქონდა ოჯახს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში.

სამწუხაროდ, ჩვენში ოჯახის შექმნა ობივატელურ, ეკონომიკურ მიზნებთან არის დაკავშირებული. ვინც იცის უფლის გზა და ვისაც ჭეშმარიტად სწამს ქრისტე, მშვენივრად იცის ისიც, რომ უფალი არ დატოვებს მას და არსობის პურს მისცემს. ახალგაზრდობისთვის დამაბრკოლებელია ოჯახის შექმნა სოციალური დაუცველობის გამო. ძნელია აუხსნა მათ, რომ უფალი გამოუჩენთ ჭეშმარიტ ნავსაყუდელს.

- ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი კინოსტუდიის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ტაძრის კურთხევისას (2000 წელს) პატრიარქმა ბრძანა, რომ იგი უნდა ყოფილიყო ციტადელი სასულიერო პირებსა და კინოხელოვნების წარმომადგენლებს შორის. რამდენად ართმევს ამ მისიას თავს ეს ტაძარი და თქვენთვის რითაა გამორჩეული აქ მსახურება?

- ჩვენსა და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის გადებულია ხიდი. საქმე ისაა, რომ მსახიობები სცენაზე თამაშობენ და სცენის იქით - არა. ჩვენში კი ხშირად სცენის მიღმა ხდება თამაში. ხშირად გაიგონებთ, რომ მსახიობი არის ცოდვილი და თეატრალიზებული წარმოდგენა არის ცოდვა. მაგრამ აქ უნდა მოხდეს გამიჯვნა - როგორ სცენასთან გვაქვს საქმე. თუ უხამსი და ეკლესიასთან შეუთავსებელი სცენაა წარმოდგენილი, მაშინ მორწმუნემ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა მასში.

წმინდა მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარი მართლაც განსაკუთრებულია. შეგახსენებთ, რომ უფალმა იტირა მხოლოდ ორჯერ: ერთხელ - ბზობას, როდესაც "კიცვსა ზედა მჯდომარე" შევიდა იერუსალიმში. მან იტირა თავისი მშობლიური ქალაქის გამო, რადგან მას დანგრევა და ნაცარტუტად ქცევა მოელოდა და მეორედ - მაშინ, როცა მართასა და მარიამისგან ეუწყა მათი ძმის - ლაზარეს გარდაცვალება. უფალმა იტირა, როგორც ლაზარეს მეგობარმა. აქ ჩანს მისი ადამიანური ბუნება, რადგან ცრემლი მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ცრემლი არის უდიდესი გრძნობა. შესაძლებელია, რომ ერთი ცრემლით გვერდში ამოიყენო და იმეგობრო მოყვასი, შთააგონო მას ჭეშმარიტი სარწმუნოება. უფალი გრძნობით ტირის. ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებს, გრძნობით ტირილი არ შეგვიძლია. გახევებული გვაქვს გრძნობა და ამაზე დაფიქრება გვმართებს. ჩვენ, დღევანდელი გარემოს შესაბამისად, აპოკალიფტურ ჟამში ვცხოვრობთ. ცხონების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ მართალ გულზე. თუ ვიქნებით დამტეველნი და მართასა და მარიამივით ვიტყვით იმ სიტყვას, რაც უფლის წინაშე ბრძანეს მათ და უფალს მათსავით გულით შევთხოვთ, მაშინ გვექნება შესაბამისი სასწაული. სხვა სასწაულს არ უნდა ვეძებდეთ.

წმინდა მართალი ლაზარეს აღდგინებას სხვა დატვირთვაც აქვს. ჩვენ გვაქვს დიდებული ძეგლი - იოანე-ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", სადაც გამოსჭვივის იდეა, რომ უფლის მეორედ მოსვლა ქართულ ენაზე იქნება. რატომღაც მოხდა ამ ძეგლის ბუკვალური და არა ალეგორიული შემეცნება. ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ამ ნაწარმოებს შესაბამისი დატვირთვა ჰქონდეს, უნდა მოხდეს ორივეს (ბუკვალურის და ალეგორიულის) სინთეზი. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, სადაც მარხია კვართი უფლისა. ჩვენთან მრავალი სიწმინდეა დაცული. ამის შეგნება უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ უნდა შევძლოთ იმის შემეცნება, რომ ქართველობა არის მართლმადიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერის მომავალი განწირულია. ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ ერის მსახურებაც და ღვთისთვის ზვარაკად თავის შეწირვაც. თუ გვემახსოვრება ჩვენი წარსული და "ვისი გორისანი ვართ", მაშინ ქართულ ჯიშსა და ენერგიას აღვზრდით ისე, რომ ჩვენი ერი არ გადაშენდება და როგორც პატრიარქი ბრძანებს: "საქართველოს გაბრწყინება აღსრულდება და ჩვენ ამის მომსწრენი ვიქნებით".

- რას უნდა ეფუძნებოდეს მოძღვარსა და მრევლს შორის ურთიერთობა?

- მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ურთიერთობა დღეს უაღრესად დამაფიქრებელია, რადგან კურთხევა გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მორჩილებას და არა მონობას. პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში აღნიშნა, - როდესაც მოძღვრის ურთიერთობა სულიერ შვილთან გადადის სხვა ეტაპზე, ანუ გულისხმობს დამორჩილებას, ამ შემთხვევაში სულიერ შვილს აქვს თავისუფალი არჩევანი. თითოეული ადამიანი პიროვნებაა. შესაბამისად, მოძღვარი თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს - ვის რა პრობლემა აქვს, ეს იქნება: ოჯახური, ფსიქოლოგიური, რწმენასთან თუ მავნე ჩვევასთან დაკავშირებული... შესაძლებელია მოძღვარმა დაუჩოქოს კიდეც სულიერ შვილს, გადაწყვეტილება რომ შეაცვლევინოს, თუკი ეს გადაწყვეტილება უფლისთვის სათნო არ არის. ძნელია დაჩოქილი მოძღვრის წარმოდგენა, მაგრამ თუ მივხვდებით, რომ ამ შემთხვევაში ვუჩოქებთ არა პიროვნებას, არამედ უფალს, მოყვასს და სულიერ შვილს, მაშინ ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები იქნება. ეს ერთგვარი შოკური თერაპიაა. მოძღვარი სულიერ შვილთან მუდმივად ახლოს უნდა იყოს. მისი საწუხარი მოძღვრის საფიქრალია. რა თქმა უნდა, სულიერმა შვილმაც იგივე სიყვარული უნდა გამოამჟღავნოს მოძღვრის მიმართ. ეს ერთგვარი ოჯახია - სიყვარულით განსაზღვრული. როდესაც ვესაუბრებით სულიერ შვილს, ვესაუბრებით საკუთარ თავს. ჩვენ უნდა ვიყოთ თანაზიარნი მათი განცდებისა, უნდა განვიცადოთ და და არა გავკიცხოთ, რადგან გაკიცხვა ადვილია, ხოლო დანახვა ძნელი. უფალი ამის მაგალითს გვაძლევდა. იგი ანგრევდა იმ სტერეოტიპებს, რაც მაშინდელ მწიგნობრებსა და უხუცესებში არსებობდა. უფალი უდიდეს პატივს მიაგებდა სამარიტელს, განკურნავდა მკელობელს... უნდა ვიცოდეთ, რომ მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა არის მიმსგავსება უფლისადმი. როგორიც არ უნდა იყოს - მკელობელი, ღარიბი თუ ღატაკი, გვერდით უნდა დავუდგეთ. ეს ერთგვარად ძნელია, მაგრამ უფალს უნდა ვთხოვოთ, მოგვცეს ძალა ჭეშმარიტი თანადგომისა და უანგარო სიყვარულისა. მოძღვრებს უნდა გვახსოვდეს სახარების სიტყვები: "ორგულო, სხვის თვალში ეძებ ბეწვს, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ".

თუ სიყვარული და ჭეშმარიტი შემეცნება არ გვექნება ქართველებს, ისევ ალიზი და ქვითკირი შეგვრჩება ხელში (ალიზი და ქვითკირი მონობის სიმბოლო). ჩვენ, პატარა ერს, მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნება გვმართებს. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მოყვასის სიყვარულით არის შესაძლებელი. უნდა გვწამდეს, რომ ქართულ ჯიშს გადაშენება არ უწერია, რომ ზეციური წმინდანები იფარავენ საქართველოს და მათი ლოცვით ვართ დღემდე.
ბეჭდვა
1კ1