როცა ვინმეს ასწავლი, თავადაც ხომ ჯეროვნად განსწავლული უნდა იყო
როცა ვინმეს ასწავლი, თავადაც ხომ ჯეროვნად განსწავლული უნდა იყო
ამაზე ჭეშმარიტი და სწორი ნაბიჯი, ალბათ, სიცოცხლეში არ გადამიდგამს
ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ ვაზისუბნის დასახლების ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე მამნიაშვილი.

ცხრა ძმა კოლაელთა სახელობის ტაძარი 2001 წლის 28 ოქტომბერს ეკურთხა, მაგრამ მისი სრულყოფისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი: კედლები მოსახატია, იატაკი - მოსაპირკეთებელი... არის კიდევ ერთი პრობლემა: მამა იოანეს თქმით, ვაზისუბნის დასახლებაში 42 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ის ხალხია, ვინც ადრე ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდა. დღეს ისინი, ფაქტობრივად, უმუშევრები არიან და ძალიან უჭირთ. ნუგეშს ისევ ეკლესიაში პოულობენ. დარბაზული ტიპის მცირე ზომის ტაძარი დიდ მრევლს ვერ იტევს. მამა იოანეს თაოსნობით გადაწყდა, ეკლესიისთვის გვერდითი სტოები მიეშენებინათ. საძირკველი შარშან გაჭრეს და ბეტონი ჩაასხეს. უსახსრობის გამო მშენებლობა ჭიანურდება, თუმცა, ღვთის წყალობით, ისან-სამგორის გამგეობის წარმომადგენლები შეძლებისდაგვარად შეეწევიან ტაძარს, გვერდით უდგანან მამა იოანეს და საქმე ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიიწევს წინ.

- მამაო, გვიამბეთ, როგორ მოხვედით ეკლესიაში, როგორ დაიწყო თქვენი სასულიერო მოღვაწეობა.

- ბებიაჩემი (დედის დედა) მორწმუნე ქალი ყოფილა. ერთხელ, მოწამეთობას, თურმე ეკლესიაში მიიჩქაროდა. ბაქანს მიუახლოვდა თუ არა, მატარებელი დაიძრა. ბებიაჩემს იმდენად მიუწევდა გული ეკლესიისკენ, რომ უყოყმანოდ შეახტა ვაგონს, მაგრამ თავი ვერ შეიმაგრა და ჩამოვარდა, თუმცა მოაჯირს ხელი არ გაუშვა. ასე ათრია რამდენიმე ხანს მატარებელმა. ბოლოს გამცილებელმა დაინახა და როდესაც ამოიყვანეს, მთელი სხეული დაჟეჟილი ჰქონდა. ექვსი თვის შემდეგ კიდეც გარდაიცვალა.

ამ ამბავს ხშირად ჰყვებოდნენ ჩემს ოჯახში.

მოწაფეობისას უფრო ტექნიკური საგნები მიტაცებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავირიცხე. ფანტასტიკა მიყვარდა და ბევრს ვკითხულობდი. ამან უამრავი კითხვა დაბადა. ესეც რომ არ ყოფილიყო, ასაკი მაინც თავისას შვრება - იზრდები, იწყებ ფიქრს საკუთარ სულზე, რაღაცები გაწუხებს, თუნდაც, ჩაიდენ ცოდვას და არ იცი, ვის ან რას მიმართო...

ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დროს ეროვნულ მოძრაობაში ჩავები. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ხშირად იკრიბებოდნენ ეკლესიაში, სტიქაროსნობდნენ, ქრისტიანობაზე საუბრობდნენ... ერთხელ "საქმე მოციქულთა" ახსენეს. "კარგი წიგნიაო", თქვეს. მაშინ მისი არსებობაც კი არ ვიცოდი. დავინტერესდი. გია ჭანტურიას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა თავის მოძღვართან, დეკანოზ ვახტანგ ასათიანთან, რომელიც ამჟამად ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. მამა ვახტანგმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შენობა აკურთხა, რასაც მეც დავესწარი. მახსოვს, ნაკურთხი წყალი მომაწოდა და მივეხმარე. ამ შემთხვევამ უჩვეულო განცდა დაბადა და ალბათ ამანაც იმოქმედა.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ადგილას წინათ აბანო იყო. დიდი მუშაობა გაჩაღდა ამ ტერიტორიის გასაწმენდად. ჩვენი ბიჭებიც მონაწილეობდნენ, მე კი რატომღაც თავი ავარიდე ამ საქმეს - მტვერში ამოვიგანგლები-მეთქი, მაგრამ ღვთის განგებას სად გაექცევი?! ისე მოხდა, რომ არათუ გაწმენდაში, არამედ ტაძრის მშენებლობაშიც მომიხდა მონაწილეობა, ოღონდ, რა თქმა უნდა, უკვე ნებაყოფლობით. მერე და მერე გამიჩნდა სურვილი, მყოლოდა მოძღვარი. მეც მქონდა ფარული ტკივილი, რომელიც ვინმესთვის აუცილებლად უნდა გამენდო. ცხადია, ნებისმიერ გამვლელს ვერ გადავუშლიდი გულს... ჩემი დაბადების დღის წინა ღამეს ძილი არ მომეკარა. მთელი ჩემი წარსული გავაანალიზე. გათენდა თუ არა, ტაძარში წავედი აღსარების სათქმელად. ასე რომ, დაბადების დღეს ღირსეული საჩუქარი მივუძღვენი ჩემს თავს. ამაზე ჭეშმარიტი და სწორი ნაბიჯი, ალბათ, სიცოცხლეში არ გადამიდგამს.

იმხანად ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა. ჯერ სატრაპეზოც არ იყო აშენებული, მის ადგილას ორი ვაგონი იდგა. მამა ვახტანგს სწორედ ერთ-ერთ ვაგონში შევხვდი და ვთხოვე: "მამაო, თუ შეიძლება, თქვენ დაგემოწაფებით-მეთქი". ტკბილად გამიღიმა, დამარიგა, რჩევები მომცა. დავიწყე მამა ვახტანგთან სიარული და რომ იტყვიან, ამ ტაძარში ავიდგი ფეხი. იქიდან მოყოლებული მე და კიდევ ორმა ადამიანმა, ზაქარია ჩუგოშვილმა და მალხაზ მალხაზიშვილმა (ახლა უკვე მამა გიორგიმ), რამდენიმე წელი დავყავით ამ ეკლესიაში. ვარემონტებდით ტაძარს, დარაჯებიც ვიყავით, მედავითნეებიც. აქ შევისწავლე ღვთისმსახურების ტიპიკონი. საერთოდ, ბევრი რამ მასწავლა ამ ტაძარმა. ზოგჯერ ეკლესიაში პირველად შემოსული ადამიანი, თუკი მღვდელი იქ არ დახვდა, სტიქაროსანს ან მესანთლეს ესაუბრება. მეც არაერთ შეკითხვაზე მომიხდა პასუხის გაცემა. იძულებული გავხდი, ბევრი მეკითხა, სათანადოდ გავცნობოდი მართლმადიდებლურ ლიტერატურას - როცა ვინმეს ასწავლი, თავადაც ხომ ჯეროვნად განსწავლული უნდა იყო. შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩაბარების სურვილიც გამიჩნდა. ჩავაბარე, მაგრამ ვეღარ დავასრულე. გავიდა დრო. ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე და სასულიერო აკადემიაში განვაგრძე სწავლა.

- როდის გაკურთხეს მღვდლად?

- ჩემი დიაკვნად კურთხევა გერგეტობას დაემთხვა (ეს იყო 2000 წლის 16 ივლისს). დიაკვნად მსახურებისთვის მე, რა თქმა უნდა, სიონში ყოფნა მერჩია - ასეთ შემთხვევაში უწმინდესის ხშირად ნახვის საშუალება მომეცემოდა, მაგრამ, როგორც სულხან-საბა ამბობს, ცეცხლთან არც მეტისმეტად ახლოს ყოფნა ვარგა, რომ არ დაიწვა და არც მეტისმეტად შორს ყოფნა, რათა არ შეგცივდეს. ასევე, გარკვეული დისტანციაა საჭირო ისეთ ბუმბერაზ პიროვნებასთან ურთიერთობისას, როგორიც ჩვენი პატრიარქია.

მღვდლად სიონის ტაძარში დამასხა ხელი უწმინდესმა 2001 წლის 21 ოქტომბერს. რამდენიმე დღე იქვე ვიმსახურე, შემდეგ კი ცხრა ყრმა კოლაელთა ტაძრის წინამძღვრად გადმომიყვანეს. ამან, ცოტა არ იყოს, გამაოგნა - მღვდლად მსახურების გამოცდილებაც კი არ გამაჩნდა და უცებ წინამძღვრად დამადგინეს.

ეს ტაძარი მეუფე ანდრიას უნდა ეკურთხებინა. იმ საღამოს ლოცვა იყო დანიშნული და მე მსახურებისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. თვალის დახამხამებაში ავიკარი გუდა-ნაბადი და აქეთ გამოვეშურე.

თავიდან აქ მე და მამა ბაქარი (ბურდული) ვმსახურობდით, მერე მამა გურამი შემოგვიერთდა. მოგვიანებით დეკანოზი გიორგი ტაბაღუაც გადმოვიდა. ახლა ჩვენ სამნი ვმსახურობთ.

2006 წლის 7 მარტს, ჩვენი ტაძრის დღესასწაულზე, უწმინდესს ვთხოვეთ, მობრძანებულიყო და ჩვენი ტაძარი მოელოცა. წირვის შემდეგ უწმინდესმა, სრულიად მოულოდნელად, დეკანოზის ხარისხში ამიყვანა. საოცარი ის იყო, რომ მე, ჩვეულებრივი მღვდელი, აქამდე ორი დეკანოზის წინამძღვარი ვიყავი. პატრიარქმა იხუმრა: ხომ გაგიგონიათ - უკანანი წინაო... ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება, ამიტომ ხარისხის მომატებასთან ერთად პასუხისმგებლობაც მომემატა.

- რამდენად საპასუხისმგებლო და მძიმე ტვირთია მღვდლობა?

- საზოგადოდ, ძნელია ვინმეს ასწავლო. თანაც მხოლოდ სიტყვიერი სწავლება არ კმარა. მღვდელმა, პირველ რიგში, საქმით და პირადი მაგალითით უნდა ასწავლოს მრევლს, უნდა ჰქონდეს დიდი სიყვარული, მოთმინება, რათა ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლება ადამიანთა გულამდე მიიტანოს. ზოგიერთი ეკლესიაში ახალმოსული ადამიანი ჭირვეული ბავშვივით იქცევა. რამდენიმეჯერ მისცემ შენიშვნას, შთააგონებ, ასწავლი, ის კი თავისას არ იშლის, თავის ნებაზე დადის. როცა გამოსწორების სურვილს და სინანულს ვერ ვხედავ ადამიანში, ბოლოს და ბოლოს ვურჩევ, წავიდეს და სხვა მოძღვარი მოძებნოს. იქნებ იმ სხვას უფრო მეტი სიკეთე აღმოაჩნდეს ღვთის წინაშე და მან მაინც შეძლოს ამ ადამიანის გულისკენ გზის გაკვლევა, გასაღები უპოვოს და ღვთის გზით ატაროს.

ძალიან მიჭირს აღსარების მიღება. მრევლში არიან ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ საკუთარ თავზე, არ იციან აღსარების თქმა. მოდიან და ერთ ადგილს ტკეპნიან. ზოგიერთი თავს უცოდველად მიიჩნევს... აღსარებების მიღება მქანცავს. განვიცდი ადამიანთა სულიერ მდგომარეობას, ვწუხვარ, რომ არ უკვირდებიან თავიანთ ცოდვებს, არ ფიქრობენ სულის ხსნაზე. ეს ყველაფერი დიდ სულიერ ენერგიას მართმევს.

- ტაძარი შედარებით ახალია, მრევლი თანდათან ემატება. რა არის უმთავრესი თქვენი და მრევლის ურთიერთობაში?

- ჩვენი მრევლი ძირითადად ახალბედაა, ამიტომ გამუდმებით ვურჩევ, იკითხონ სასულიერო ხასიათის წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, რათა საკუთარი თავი დაინახონ და შეიმეცნონ. ზოგიერთს, ვინც უკვე დიდი ხანია ეკლესიაში დადის, თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია და სხვებს მოძღვრავს, მკაცრად, კანონების მოშველიებით შეაგონებს. ვცდილობთ, განვუმარტოთ ამ ხალხს, რომ ასე არ შეიძლება. შევახსენებთ წმინდა მამათა სიტყვებს: "თუკი ადამიანს ამხელ, სიყვარულით უნდა გააკეთო ეს და არა საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით". უფალი, რა თქმა უნდა, სამართლიანია, მაგრამ უსაზღვროდ მოწყალეც არის. ფსალმუნი რომ მოვიხმოთ: "უკეთუ უსჯულოებათაებრ მომაგებდე, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ცხონება". სიყვარული ყოველგვარ კანონზე მაღლა დგას. ეს წმინდა წერილიდანაც კარგად ჩანს და მამათა ცხოვრებიდანაც. ძველ აღთქმაში კანონი ბატონობდა, ახალმა კი სიყვარული მოიტანა. მაცხოვრის მხსნელი მოძღვრება სწორედ სიყვარულს ეფუძნება.

მოძღვარი გულისხმიერი უნდა იყოს მრევლის მიმართ და კარგად იცნობდეს ადამიანის ფსიქოლოგიას.

- თქვენს ოჯახზეც გვესაუბრეთ...

- მყავს მეუღლე, მარიამი, და ორი ვაჟი: 8 წლის ანტონი და 5 წლის დავითი. მე და ჩემი მეუღლე ეკლესიამ დაგვაახლოვა. ჩვენი სიყვარული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში ჩაისახა. 3 წლის შემდეგ შევუღლდით კიდეც. მებრალება ჩემი მეუღლე - ისეთი დაქანცული ვბრუნდები შინ, საოჯახო საქმეებში ვერც კი ვეხმარები. ბავშვები უზარმაზარ ენერგიას ართმევენ, უზომოდ ცელქები არიან. იმედი გვაქვს, წამოიზრდებიან და დადინჯდებიან. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, პასუხისმგებლობის გრძნობით აღვზარდოთ. როცა რამეს აკეთებენ, ისე აღარ ცელქობენ. ხანდახან ტაძარში სტიქაროსნად ვამსახურებ, იოლ საქმეს ვავალებ, მაგალითად, სეფისკვერების მოტანას. ჯერ ვერ მოვთხოვ, მთელი წირვა-ლოცვის განმავლობაში გულისყურით იდგნენ. ამის შეგნება ალბათ თანდათანობით მოვა ასაკთან ერთად.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენი დროის მთავარი პრობლემა?

- ყველაზე მეტად მაწუხებს ჩვენი ბავშვების მომავალი. ჩვენი ტაძარი ბავშვების მფარველი წმინდანების სახელზეა აგებული, ამიტომ უამრავი ბავშვი მოდის, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, მაგრამ ეს ხომ ზღვაში წვეთია. ბავშვების უმრავლესობა დღეს უმეთვალყურეოდ იზრდება. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა. დღეს სკოლებში ნაკლებად ისწავლება "საღვთო სჯული", არადა, მისი მეშვეობით მოზარდებს ეკლესიისკენ გზას გავუკვალავდით.

ძალიან მაწუხებს ჩვენს ახალგაზრდობაში ფესვგადგმული სენი - ნარკომანიაც. მისგან თავის დაღწევას ნებისყოფა სჭირდება, ნებისყოფის გაძლიერებაში კი ეკლესია ეხმარება ადამიანს. ეკლესიის გარდა ამ სენს ვერაფერი მოერევა.

ღვთის წყალობით, იმედი მაქვს, საქართველოში ყველა პრობლემა დაიძლევა.

- დაბოლოს, რას უსურვებთ "კარიბჭეს"?

- ეს ჟურნალი ყურადღებას უთმობს სულიერი ცხოვრებისთვის აუცილებელ საკითხებს, ამდენად, იგი ძალიან სასარგებლოა ეკლესიის მრევლისთვის და საზოგადოებრიობისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში.

ესაუბრა
ლელა ჩხარტიშვილი
ბეჭდვა
1კ1