ვერც ერთი მოძღვარი ვერ ასცდება ბრძოლას, განსაცდელსა და გამობრძმედას, ისევე როგორც ვერც ერთი ფოლადი ვერ ასცდება ცეცხლში გამოხურვებას
ვერც ერთი მოძღვარი ვერ ასცდება ბრძოლას, განსაცდელსა და გამობრძმედას, ისევე როგორც ვერც ერთი ფოლადი ვერ ასცდება ცეცხლში გამოხურვებას
სინამდვილე რომ დაინახო ისეთი, როგორიც არის, დიდი მადლი და ძალა, ხშირი ზიარებაა საჭირო
საინტერესო და უნიკალურია თითოეული ადამიანის სულიერი ევოლუციის გზა, რომელიც უამრავი ეჭვისა და დაბრკოლების დაძლევას გულისხმობს. თუმცა ეს გარკვეულწილად ეხმარება კიდეც ადამიანს, ღრმად გაიაზროს ჭეშმარიტება. ამასოფლის სიბრძნეც, რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ მას დამოუკიდებელი ღირებულება არ გააჩნია. ხსნის გზისკენ მივყავართ მადლს, რომელიც მართლმადიდებელ სარწმუნოებაშია. "სარწმუნოებაში მოსვლა მცირე სასწაულია ყველასათვის. ეს პიროვნებაში მთების გადაადგილების პროცესს ჰგავს. მორწმუნე ადამიანი ისე განსხვავდება ურწმუნოსაგან, როგორც მძინარე - მღვიძარისაგან. მძინარე ვერ გეტყვით, როგორ გახდა მღვიძარე. ასევე ძნელია, ვინმემ ზუსტი განსაზღვრება მოგვცეს იმისა, თუ როგორ გადავიდა ურწმუნო მდგომარეობიდან მორწმუნე მდგომარეობაში. თვალის ახელის დროს ადამიანი თავის ცხოვრებაში სასწაულებრივ მოვლენას, ღვთის განგების, ღვთის ხელის მოქმედებას გრძნობს. "დიდია უფალი და საკვირველია მისი საქმეები". რამდენი ადამიანიცაა, იმდენი გზაა და რამდენი სუნთქვაცაა, იმდენი ღმერთთან მიმყვანი მოვლენა და ღვთის განგებულებაა".

გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- მამაო, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში, როგორც თქვენ ბრძანებთ, "თვალის ახელა"?

- ჩემში ბავშვობიდანვე გაიღვიძა უხილავის, მიუწვდომლის, იდუმალის ინტერესმა. ყოველთვის მხიბლავდა ვარსკვლავიანი ცის ყურება და ამან გამოიწვია ასტრონომიით დაინტერესება. შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. შემეცნების, ცოდნის მიღების წყურვილი ყოველთვის მიბიძგებდა კითხვისკენ. განათლების მიღებაში მშობლებიც მიწყობდნენ ხელს. ფიზიკა-მათემატიკისა და უცხო ენების ფაკულტეტების გარდა დავამთავრე სასულიერო აკადემია. ყოველგვარი ამქვეყნიური საზრუნავისაგან განრიდებულს მქონდა საშუალება, მეკეთებინა ის, რაც მსურდა და მაინტერესებდა. ვმადლობ ღმერთს, რომ ახლა უკვე ღვთისმსახური ვარ. ეს კი, რა თქმა უნდა, იმ დიდი, სერიოზული, მტკივნეული პროცესებისა და მეტამორფოზების (გონების ცვლილების) შედეგია, რაც მე, როგორც ადამიანმა, განვიცადე ურწმუნო მდგომარეობიდან (არამართლმადიდებლური ცხოვრების წესიდან) ღვთის მართალი თაყვანისცემის მდგომარეობაში გადასვლის დროს.

როგორც გითხარით, ყოველთვის მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. შემდეგ გადავედი სხვადასხვა რელიგიის შესწავლაზე. დავეუფლე გნოსტიკურ, ოკულტურ სწავლებებს, დაწყებული თეოსოფიიდან - დამთავრებული ანთროპოსოფიით. ვეცნობოდი სუფისტურ, ეგვიპტურ ეზოთერულ სწავლებებს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამ საკითხებზე ლიტერატურა ისე უხვად არ მოიპოვებოდა, როგორც დღეს, წიგნების შოვნას მაინც ვახერხებდით სხვადასხვა დაფარული საშუალებებით. ამ სწავლებებში ღრმად შესვლამ ცოტა დამაბნია. ოკულტურ-იოგურ-გნოსტიკური სწავლებები გამოირჩეოდნენ ღვთის, სამყაროს, ადამიანის, საკუთარი თავის შემეცნების მაგიური მეთოდიკით, რაც, რა თქმა უნდა, დიდი ხიბლის შემცველი იყო. მაგრამ, მრავალფეროვნების მიუხედავად, ეს სწავლებები მაინც ვერ აკმაყოფილებდნენ ჩემს სულიერ მოთხოვნილებებს. ამ სწავლებებმა მძიმე სულიერ მდგომარეობამდე, დაბნეულობამდე მიმიყვანა. იმაზე ფიქრით, თუ რა გზას უნდა დავდგომოდი, აღმოვჩნდი ერთ-ერთ ბაღში (საერთოდ, მარტო სეირნობის დროს ფიქრი და აზროვნება ყოველთვის შვებას მგვრიდა). ერთხელაც სკამზე მარტო ვიჯექი. ქრისტეს სახელი, რა თქმა უნდა, გაგონილი მქონდა. ვგრძნობდი, ჩემში თანდათან მწიფდებოდა ქრისტესადმი თხოვნა. მახსოვს, იმ დღეს ღრუბლიანი ამინდი იყო. ბაღში კანტიკუნტად სეირნობდნენ ადამიანები. ამ დროს, მძიმე სულიერი მდგომარეობით სასოწარკვეთილს, შინაგანი ღაღადისი აღმომხდა: - ქრისტე, მიშველე-მეთქი. იესოს ლოცვის ზუსტი ფორმულა მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ იესო ქრისტე ვახსენე და შველა ვთხოვე. მე ამას სასწაულს დავარქმევდი. ვიგრძენი, რომ გვერდით თითქოს ვიღაც მომიჯდა. ფიზიკური თვალთახედვით მას ვერ ვხედავდი, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი, რომ მოვიდა ის, ვისაც ვეძახდი. იმდენად დიდი ნუგეშის განცდა დამეუფლა, რომ ამას სიტყვით ვერ გადმოვცემ. ვინც ჩემთან მოვიდა, სწორედ ის იყო, ვისაც შეეძლო ჩემი შველა და გამოყვანა არაქრისტიანული სწავლებების სიბნელიდან. ეს გახდა ჩემს ცხოვრებაში შემომაბრუნებელი მომენტი. შემდეგ ნელ-ნელა მომეცა საჭირო წიგნები. თავისით მოდიოდნენ ჩემთან მეგობრები, ნაცნობები, რომლებიც ეკლესიისკენ მიბიძგებდნენ.

განწმენდის პროცესი საკმაოდ მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდა. ყველაფრისთვის ვმადლობ ღმერთს! საშინელება იქნებოდა, იმ ბნელი, არასწორი ოკულტური სწავლებების იზოლაციაში რომ დავრჩენილიყავი და იქ დამემთავრებინა ან გამეგრძელებინა არსებობა. უფალს რომ არ გაეხსნა გზა, ეს ყველაფერი მძიმე სულიერ მომავალს მიქადდა. ისეთი სიმამაცის, სიმხნევის, ნუგეშისა და შემწეობის განცდა მოვიდა ჩემთან, რომ დავრწმუნდი, ჭეშმარიტებამდე აუცილებლად მივიდოდი. შემდეგ და შემდეგ ხშირი აღსარებით, ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარებით, მართლმადიდებლურ სწავლებაში შინაგანი ჩაღრმავებით შევედი ქრისტეს ნათელში. ბნელეთი უკან დარჩა. გზა გაიხსნა, წინ დავინახე ჩვენი ეკლესიის სწავლება, მისი საიდუმლოებანი, რომლებიც აღვიქვი არა როგორც სუბიექტური, ილუზიური მისტიკა, არამედ როგორც ობიექტური რეალობა ქრისტეს მიერ აღსრულებული ადამიანის გამოხსნისა და გადარჩენის განგებულებისა. დავინახე ის, რომ თუ კაცს გაუჭირდა, ქრისტეს გარდა მას ვერავინ უშველის, ქრისტეს გარეშე ვერ ცხონდება. ვიგრძენი, რომ ეს ჭეშმარიტება ცხრა მთას იქით არ არის. ქრისტე არ არის ის ღმერთი, რომელსაც მიტოვებული ვყავართ და რომელიც ჩვენს გარეშე განაგებს სამყაროს (მაგალითად, ინდუიზმი ქადაგებს ტრანსცენდენტურ ღმერთს და მას წარმოგვიდგენს როგორც გაყინულ ოკეანეს, ჩვენთვის უცხოსა და საშიშს), არამედ ღმერთი არის ის, რომელიც მოვიდა ჩვენთან, მიიღო ადამიანური სხეული და გამოგვიხსნა. უფლის მიერ სამყაროს გამოხსნის განგებულება თითოეული ჩვენგანის გამოხსნის განგებულებაც არის. რა თქმა უნდა, იმასაც მივხვდი, რომ რასაც ვეძებდი და რისკენაც, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მივილტვოდი, ზუსტად ის იყო, რასაც მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ჰქვია.

- ერთია ადამიანის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მოქცევა და მეორე - მორწმუნე ადამიანიდან უკვე სასულიერო ხარისხში ასვლა. სასულიერო პირად კურთხევის სურვილი როდის გაგიჩნდათ და რას ნიშნავს სამღვდელო ხარისხი თქვენთვის?

- ღვთისმსახურების სურვილი ერთია და სამღვდელო ხარისხი და მსახურება - მეორე. ამას ღმერთი ყველას არ აძლევს, ეს უდიდესი პატივია. ერთია ფიზიკური დაბადება, მეორე - ნათლობა, სულიერი დაბადება და მესამე - ადამიანის სამღვდელო ხარისხში ხელდასხმა. ეს მიიღწევა კიდევაც და ეძლევა კიდევაც ადამიანს. ძებნა და ძალისხმევაც საჭიროა, რადგან ვინც ეძებს, პოულობს და ვინც ითხოვს, მიეცემა. ამიტომაც უნდა ითხოვო. მღვდლობა ჩემთვის არ ყოფილა "შემთხვევითი" ან ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გაღებული ძალისხმევა, არამედ ეს იყო გაცნობიერებული სულიერი მოთხოვნილება, რომელიც დაგვირგვინდა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ ჩემი მღვდლად ხელდასხმით 1992 წელს, სიონის საკათედრო ტაძარში.

- ალბათ მღვდლისთვის ღვთის ძიებისა და შემეცნების პროცესი უფრო სხვა, აღმატებულ ფაზაში გადადის.

KARIBCHE KARIBCHE

- რა თქმა უნდა, ამბიონის სიმაღლიდან ყველაფერი სხვაგვარად გამოჩნდა. ღვთის შემეცნების პროცესი უკვე მსახურებით შემეცნებაში გადავიდა. სამღვდელო ადამიანი მრავალპლანიან სიბრტყეს ხედავს და ხვდება, რომ საერთოდ აღარ არსებობს სიბნელე. ღვთის წინაშე დგომა და ღვთისმსახურების პროცესში მონაწილეობა ენით გამოუთქმელ სიმშვიდეს, სულიერ ძალასა და სიმხნევეს, მადლის მიღების შინაგან სისავსეს მანიჭებს (თუმცა ეს მდგომარეობა არ არის სტატიკური. ზოგჯერ შემოდის მადლი, ზოგჯერ კი გაედინება). ეს მადლიც შენში არ ჩერდება. თვითონ სამღვდელო ხარისხი მოასწავებს იმას, რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი და პირადი ინტერესები უკანა პლანზე უნდა გადასწიო. ჯერ სხვა უნდა გადაიყვანო, სხვას უნდა მიეშველო. ბოლოს ხარ შენ, ბოლოს უნდა გაიხსენო შენი თავი. თუ არ გაიხსენებ, ღმერთი მაინც გაგიხსენებს. ამიტომ სამღვდელო ხარისხის მიღება ერთია, მეორეა ტარება.

- რა სირთულეები ახლავს თან სამღვდელო ჯვრის ტარებას?

- პირველ რიგში, იწყება ბრძოლა შენში მანამდე არსებული სისუსტეების გადმონაშთებთან, არასრულყოფილებასთან, რომლებიც ადვილად აღმოსაფხვრელი არ არის. პირველ წელს კიდევ არა უშავს. შემდეგ იწყება საკმაოდ დიდი ბრძოლები. სამღვდელო პირი არა ერთი და ორი ბოროტი სულის მიერ ბრძოლის ობიექტად ქცეული მხედარია. ბოროტი ძალა სხვადასხვა სულიერი მდგომარეობის მქონეს სხვადასხვანაირად ებრძვის ჩვენი ადამიანური სისუსტეების, ცოდვების იმედად, მაგრამ სამღვდელო ხარისხი ჩვენი ადამიანური ბუნების გამო არასდროს ირყვნება.

როგორც აღვნიშნე, პირველმა წელმა მშვიდად ჩაიარა. ჩვენმა პატრიარქმა პეტერბურგში, ქართული ტაძრის წინამძღვრად განმაწესა, რაც საკმაოდ რთული და საშიში, განმწმენდელი გამოცდა (სწავლება) აღმოჩნდა ჩემთვის. ახალნაკურთხი, გამოუცდელი მოძღვრისთვის უცხო გარემოში ყოფნა საკმაოდ დიდი ტვირთია. რა თქმა უნდა, უფალი შეგვეწევა ყველას და იმ პროცესებმა, რომლებსაც უცხოობასა და მარტოობაში მყოფი წავაწყდი, დადებითი გავლენა იქონია ჩემზე. იმ ბრძოლებსა და განსაცდელებს, რომლებიც მელოდა, ვერ ავცდებოდი. ყოველ შემთხვევაში, ის ჯვარი, რომელსაც იღებ, ბოლომდე უნდა ატარო, მაგრამ შესაძლებელია, იგი დაგაგდებინონ, ჩამოგგლიჯონ ან იქნებ ისეთ საცდურებსა და ბრძოლებს წააწყდე, რომ წასვლა და გარიდება სჯობდეს...

პეტერბურგში ბევრი საქმე გაკეთდა. დღესაც ფუნქციონირებს ეს ტაძარი. მადლობა ღმერთს, რომ იქიდან საღ-სალამათი დავბრუნდი, თუმცა სულიერად და ფიზიკურად უფრო დაუძლურებული და ბრძოლებისგან საკმაოდ დაღლილი ვიყავი, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ გამოცდილება (არც უარყოფითი და არც დადებითი) ტყუილუბრალოდ არ მოდის. ამდენად, ვერც ერთი მოძღვარი ვერ ასცდება ბრძოლას, განსაცდელსა და გამობრძმედას, ისევე როგორც ვერც ერთი ფოლადი ვერ ასცდება ცეცხლში გამოხურვებას. ერთი წმინდა მამა ამბობს: "ჩადეთ ხმალი და თივა ცეცხლში. თივა დაიწვება და ხმალი დარჩება". ხმალი არა მარტო ჭრის, არამედ ცეცხლოვან თვისებებსაც იძენს. უფალმა ჩვენზე უკეთ იცის, ვინ რამდენ ხანს ამყოფოს ცეცხლში გამოსახურვებლად. ეს გამოცდილება, საბოლოო ჯამში, ადამიანს ძალებს აძლევს.

- მრევლთან განშორება, ალბათ, მტკივნეული და მძიმე უნდა იყოს მოძღვრისათვის. პეტერბურგიდან დაბრუნების მერე თბილისის რომელ ტაძრებში მოგიწიათ მოღვაწეობა?

- ტაძარში, საიდანაც მოდიხარ, რჩება შენი სულის ნაწილი და უსისხლო მოწამეობის წვეთები. ხეს რომ ამოძირკვავ, ფესვების ნაწილი ძველ ადგილას რჩება და ნატკენი ფესვებით ხდება ახალ ადგილას გადარგვა. დაახლოებით ამის მსგავსი მოხდა. პეტერბურგიდან გადმოსვლა ჩემი სურვილიც იყო და ეტყობა, ღვთის ნებაც, იმიტომ, რომ რაც დავალებული მქონდა, აღვასრულე. შემდეგ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ქაშვეთის ტაძარში გადმოვედი და აქაც საკმაოდ რთულსა და არაერთგვაროვან გარემოში აღმოვჩნდი (იქ 7 წელი ვიმსახურე). მოძღვარი არ იმყოფება სტერილურ გარემოში. ირგვლივ იმდენი უარყოფითი მუხტი ტრიალებს, რომ ძნელია, შვება იპოვოს ადამიანმა. მოძღვრისათვის ერთადერთი შვება და ჯილდო არის ღვთისმსახურება, უფლის მადლი და ხალხის ღმერთთან მიყვანის პროცესი. ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი აღსარება მიმეღო და მეტი ადამიანი მიმეყვანა ქრისტესთან. ვხედავდი, როგორ გზავნიდა უფალი ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის წევრები ხდებოდნენ და ეს დიდ ნეტარებას მგვრიდა. მაგრამ მადლის მიღების პროცესს წინ უძღვის ბრძოლა და განსაცდელი, შემდეგ ისევ ბრძოლა იწყება და ა.შ. ამიტომ ისევ და ისევ გაგრძელდა ბრძოლა საკუთარ თავთან, ცოდვებთან. მოძღვარი ამ სოფლისგან აღებულია, რასაც მოწმობს მისი ანაფორა (სხეულის დაფარვა). ყოველთვის ვაწყდებოდი იმ რაციონალურ თუ ირაციონალურ წინააღმდეგობებს, რასაც ყველა ადამიანი აწყდება სიკეთის კეთების დროს. ქაშვეთში დიდი გამოცდილება შევიძინე, რისთვისაც ისევ და ისევ ვმადლობ ღმერთს.

შემდეგ გადმომიყვანეს სიყვარულის მოციქულის - იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში. იგი წმინდა მეფის, ნიკოლოზ II-ის მიერ არის აშენებული.

- ეს ტაძარი რუსულენოვანია. ქართველი მრევლი ენობრივ იზოლაციაში ხომ არ ხვდება?

KARIBCHE KARIBCHE

- ქართველი მრევლი რომ არ დაბრკოლდეს, ამისათვის ვატარებთ ქართულ წირვებს. ეს ერთხელ კიდევ ამტკიცებს იმ უნივერსალურ ჭეშმარიტებას, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერთია და ყველა მართლმადიდებლური ტაძარი წმინდაა.

როდესაც ჩემს განვლილ გზას გადავხედავ, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ცოტაა გაკეთებული. ვმადლობ ღმერთს იმისათვის, რომ მომცა მრევლი და მათ შორის 90% ახალგაზრდაა. ყოველთვის ვცდილობ, მათთან ახლოს ვიყო. მრევლთან ურთიერთობა არ იწყება და მთავრდება მხოლოდ რიტუალური ურთიერთობებით, არამედ პირველ ყოვლისა, ადამიანურით და მას სულიერი ოჯახის სახე აქვს.

სხვათა შორის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დიდი თვისებაა გონების გახსნის უნარი. ამ ტაძარში დავინახე ბევრი რამ, რაზეც სხვა ტაძრებში არ დავფიქრებულვარ.

- დღევანდელი საზოგადოების, მრევლის სატკივარი თქვენ უკეთ უწყით. რაზე დაფიქრება გვმართებს, ყველაზე მეტად რა უნდა გაითვალისწინოს ქართველმა კაცმა?

- მრევლი ძალიან დიდ, ანგარიშგასაწევ სულიერ ძალას წარმოადგენს, რომელიც, ვფიქრობ, ღვთის ნებით, გაძლიერდება. თუკი იმის მეათასედს მაინც შევიმეცნებთ, რასაც ღვთისმსახურება ჰქვია და იმ სიყვარულის ერთ წვეთს მაინც შევიგრძნობთ, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, მაშინ ხალხს გზა გაეხსნება.

ჩვენი ამპარტავნებისა და სხვა ცოდვების გამო ჩიხში ვექცევით. მთავარია, გავაცნობიეროთ, რის გამო ხდება ეს და რაზე გვმართებს ზრუნვა. პირადი კეთილდღეობის მოწყობასა და ამქვეყნიური ამაო ქონების შეგროვებას კი არ უნდა მივყოთ ხელი, არამედ უნდა ვიფიქროთ, გული შეგვტკიოდეს იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალი ცხოვრება. ამისათვის კი ყველგან შეიძლება ძალისხმევა გაიღო: საქართველოშიც, პეტერბურგშიც... უნდა განვვითარდეთ, შევიმეცნოთ უფალი, ვიყოთ არაერთგანზომილებიანი არსებები, არამედ მრავალგანშტოებიანნი, მთელი სისტემა, რადგანაც მართლმადიდებელი ეკლესია არის უზარმაზარი სწავლება.

- ოჯახური გარემო რამდენად გეხმარებათ ასეთ ძნელ მსახურებაში?

- ოჯახური გარემო არის ის ზურგი, რომელიც ყველა მეომარს სჭირდება ბრძოლის დროს. იგი მეხმარება სულიერი და ფიზიკური ძალების კონცენტრირებაში, რათა ეს ძალები შემდეგ ისევ ხალხს მოვახმარო. მადლი, სულიერი თუ ფიზიკური ენერგია, გნებავთ, ჯანმრთელობაც - ღვთის საჩუქარია, რომელიც მოძღვარს ხალხის მსახურებისთვის, მისი მოქცევისთვის სჭირდება და არამარტო პირადი მიზნებისთვის. ოჯახს თავისი ადგილი აქვს და მას აუცილებლად ხელი უნდა შეუწყო; ბავშვებს განათლება მისცე; თვალები აუხილო იმაზე, რაც არსებობს. მათ რეალობა უნდა დაინახონ ისეთი, როგორიც არის და არა როგორც მათ სურთ ან ეჩვენებათ. სინამდვილე რომ დაინახო ისეთი, როგორიც არის, დიდი მადლი და ძალა, ხშირი ზიარებაა საჭირო.

ორი შვილი მყავს, ქალ-ვაჟი. მეუღლე ყოველთვის ხელს მიწყობს. პეტერბურგში მეხმარებოდა ღვთისმსახურებაში - მედავითნეობდა, გალობდა.

KARIBCHE- მეთერთმეტე წელია, რაც სასულიერო აკადემიაში დოგმატური ღვთისმეტყველების კურსს კითხულობთ. რამდენად გაგიღრმავათ გამოცდილება აქ მუშაობამ?

- სასულიერო აკადემიაში არა მარტო ვასწავლი, არამედ მეც ვსწავლობ. ახალგაზრდებთან ურთიერთობა საკმაოდ დიდ სულიერ ენერგიას მაძლევს. თუმცა სასურველია, რომ სასულიერო აკადემიაში უფრო მეტად იყოს გამოკვეთილი სულიერი დონე და ღვთისმეტყველების, ქრისტიანობის შინაგანი მხარე.

ღვთისმეტყველების გასაღების ძებნისა და პოვნისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. საჭიროა უფრო მეტი ცოცხალი კონტაქტი სტუდენტებთან. პედაგოგიკა არ არის მხოლოდ გაყინული, დაფიქსირებული კურსის კვლევა-ძიება და ერთი და იმავე ტექსტების დეკლამირება, არამედ მრავალფეროვანი, სხვადასხვა კუთხიდან დანახული თაიგულის შეთავაზება სტუდენტებისათვის. ღვთისმეტყველს არ უნდა ჰქონდეს ქრისტიანობის მწიგნობრული გაგება, არ უნდა გაქვავდეს და გაიყინოს, უნდა აზროვნებდეს თავისუფლად (რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურ წიაღში), რადგანაც პავლე მოციქულის მიხედვით: "ასო კლავს და სული აცხონებს". მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება. თვითკმაყოფილების მისხალიც რომ გამაჩნდეს, ამისი მიზეზი არა მაქვს. მოძღვარი არ უნდა მოიქცე მამონას ტყვეობაში, არ უნდა გადახვიდე ფარისევლობაში, რიგორიზმის ცდუნებაში, ამპარტავნებაში, ამიტომ თავი უნდა დავიმდაბლოთ, რისკენაც ჩემს თავს ხშირად მოვუწოდებ.

ვფიქრობ, სასულიერო აკადემიამაც გარკვეული შტრიხი შეიტანა ჩემს გამოცდილებაში.

- რას უსურვებთ "კარიბჭეს"?

- ეს ჟურნალი საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებს: ეკლესიაში მოჰყავს ხალხი, მოსულს კი განამტკიცებს და ცოდნას უღრმავებს, მაგრამ მიღწეულზე მაინც ნუ გაჩერდებით. "კარიბჭეს" ვუსურვებ, უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური იყოს. დღეს ადამიანს სულ უფრო ნაკლებად აქვს სქელტანიანი წიგნების კითხვის დრო. ამიტომ სასურველია, ეს ჟურნალი იყოს მისაწვდომი უბრალო ხალხისთვის, ამავე დროს იყოს ღრმა, ნათელ გრძნობებს ბადებდეს ადამიანში და მისი წაკითხვა ყველას სიამოვნებას გვრიდეს. უფრო მეტად სრულყოფასა და დახვეწას გისურვებთ, ამას კი სჭირდება თვითონ იმ ადამიანების სულიერების ზრდა, რომლებიც "კარიბჭეში" მუშაობენ.

ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვა
1კ1