ღირსი გერასიმე ვოლოგოდსკელი (+1178) - 4 (17) მარტი
ღირსი გერასიმე ვოლოგოდსკელი (+1178) - 4 (17) მარტი
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს, შემდეგ მონაზვნად დაასხეს ხელი და სულიერად წარემატებოდა.

ოცდაათი წლის იყო, მღვდლად კურთხევა რომ შესთავაზეს. თავი ამ პატივის ღირსად არ ჩათვალა, მაგრამ ძმათა დაჟინებული თხოვნით დათანხმდა და გამუდმებით გასცემდა წყალობად იმას, რაც ღვთისგან მიიღო.

მალე ღვთის სიტყვის საქადაგებლად კიევი დატოვა და 1147 წელს ჩრდილოეთით, ვოლოგოდსკის მხარეს მიაშურა, იმხანად უკიდურესად რომ სჭირდებოდა ღირსი გერასიმეს დარი მოღვაწენი.

როდესაც მცირე დასახლებას მიაღწია, სადაც მაცხოვრის სახელობის ტაძარი იდგა (დღეს იქ ქალაქი ვოლოგდაა), შეჩერდა და უსიერ ტყეში დაიდო ბინა, იქ, სადაც მდინარე იქაურობას სოფლისგან ყოფდა. იქ მოკრძალებული სენაკი მოიწყო და სრულიად განმარტოებული განუწყვეტელ ლოცვას და ღვთის დიდებას მიეცა.

მისმა მადლმოსილებამ მალე იქაურებიც მიიზიდა და გერასიმე, ღვთის ჩაგონებით მალე შეუდგა ყოვლადწმინდა სამების სახელზე ტაძრის მშენებლობას, რომელიც მოგვიანებით სავანედ იქცა.

ადგილობრივი მიწათმფლობელის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ღირსი მამა ჯიუტად განაგრძობდა თავის ჭეშმარიტად მოციქულებრივ საქმიანობას და დროთა მანძილზე მრავალი სული მოაქცია. ზოგი მათგანი შემდეგ თავად სთავაზობდა ტაძრის მშენებლობაში დახმარებას, ზოგსაც შემონაზვნება და სავანეში დარჩენა სურდა. ასე ჩამოყალიბდა ამ მხარეში პირველი, ყოვლადწმინდა სამების სახელობის კეისაროვსკის სავანე.

1178 წელს წმინდა გერასიმემ განისვენა. მის ძვალთშესალაგს უამრავი მორწმუნე მოილოცავდა და მრავალგვარი სნებისგან თავისუფლდებოდნენ.

ეს ღვთივკურთხეული სავანე ოთხი საუკუნის მანძილზე იზიდავდა მორწმუნეებს.

მაგრამ 1612 წელს აქაურობა პოლონელებმა დაიპყრეს და სავანე მიწასთან გაასწორეს.

ერთხელ წმინდა გერასიმე ერთ დედაკაცს გამოეცხადა, თორმეტი წლის მანძილზე რომ იტანჯებოდა სიბრმავით და იმ ადგილისკენ მიუთითა, სადაც მისი წმინდა ნაწილნი განისვენებდნენ და პანაშვიდის გადახდა სთხოვა.

როგორც კი ქალმა მისი სათხოვარი აღასრულა, თვალნიც აღეხილა, გარკვეული ხნის შემდეგ კი მონასტერიც აღდგა.

ღირსი მამის სამარის მოლოცვის შემდგომ სხვა დროსაც ბევრს დაუბრუნდა თვალისჩინი, ხოლო ძველი სავანის საძირკველზე აგებული ახალი ტაძარი წითელი რეპრესიებისას დააქციეს ბოლშევიკებმა.

ბეჭდვა
1კ1