მორწმუნე უპირველესად სულის ცხონებისთვის ზრუნავს და მხოლოდ ამის შემდეგ - ამქვეყნიურისთვის
მორწმუნე უპირველესად სულის ცხონებისთვის ზრუნავს და მხოლოდ ამის შემდეგ - ამქვეყნიურისთვის
ღვთის ურჩი სული ბიბლიაში შედარებულია ველურ ვენახთან, რომელიც მავნე და შხამიან ნაყოფს იძლევა. ვენახის დამუშავება, სულიერი მნიშვნელობით, იმ სათნოებებზე მიგვანიშნებს, რომელთა მეოხებითაც ადამიანს საკუთარი სულის სრულყოფა და გადარჩენა ძალუძს. მოძღვარი ჩვენი შუამდგომელი და შემწეა ღვთის წინაშე, იგი მევენახეა, რომელიც ჩვენი სულის მოვლა-პატრონობაში გვეხმარება.

გალილეის კანაში მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. წმინდა იოანე ოქროპირი ამ სასწაულის სიმბოლურ მნიშვნელობას ასე განგვიმარტავს: იესომ ადამიანის ზარმაცი და გრილი ბუნება გარდაქმნა "წყლისა მსგავსებისგან სიმტკიცედ ღვინისა, რათა ძლიერ იყვნენ და სიხარულისა მიზეზ თავთა თვისთათვის და სხვათათვისაც". ჭეშმარიტი მოძღვარიც, სიტყვითა და პირადი მაგალითით, ადამიანს კეთილი საქმისკენ მოუწოდებს, ამხნევებს და ანუგეშებს.

მამა ზაზა ბეჟანიშვილს, საბურთალოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, ინტერვიუსთვის სწორედ მაშინ ვეწვიე, როცა წირვა ის-ის იყო მთავრდებოდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მამა ზაზას მშვიდი მზერა, სათნო ღიმილი, მისი ფაქიზი, გულისხმიერი, მზრუნველი და საოცრად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მრევლის თითოეული წევრის მიმართ. იგი არავის ელაპარაკება დამრიგებლური ტონით, მაგრამ მისი თბილი და ლმობიერი მოპყრობა მორწმუნეს სინდისის ქენჯნას უღვიძებს, პასუხისმგებლობის გრძნობას უორკეცებს და ჭეშმარიტ ადამიანად გარდაქმნის.

მამა ზაზას ტყუპისცალი ჰყავს - მამა ანტონი (მასთან ინტერვიუ ჩვენს ჟურნალში უკვე დაიბეჭდა). ისინი სულიერადაც და ხორციელადაც მართლაც სასწაულებრივად ჰგვანან ერთმანეთს.

ღვთისა და მოყვასის სიყვარული შვილებს მშობლებმა, ფაქიზმა, სათნო, სპეტაკი სულის ადამიანებმა ჩაუნერგეს. "ხეთა კეთილთაგან ნაყოფი კეთილი" აღმოცენდებაო, - ხომ ამას ბრძანებს ბიბლიაც.

- მამა ზაზა, როგორ გაღვივდა თქვენში სარწმუნოებრივი მისწრაფება და როგორ დაუკავშირდით ეკლესიას?

- ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებაა. ამის კვალობაზე, მასში არის რწმენა უხილავი ღმერთისა. ადამიანი იბადება, იზრდება, ცნობიერდება და ეძიებს თავისი ყოფიერების აზრსა და დანიშნულებას.

ეკლესიასთან ჩემს დაახლოებას უშუალო კავშირი აქვს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოღვაწეობასთან. 80-იან წლებში, მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციის მშენებლობის დროს, უწმინდესი ხშირად მობრძანდებოდა მარტყოფში (მე წარმოშობით იქაური გახლავართ). პატრიარქის კურთხევით იქვე დაიდგა წმინდა გიორგის ნიში და ტარდებოდა პარაკლისები. ასე აღმოვჩნდით უწმინდესის გვერდით, რომელმაც დიდი სიყვარულით დაგვლოცა. ამ დალოცვით უფლისგან იკურთხა ჩვენი ეკლესიური ცხოვრების გზა. ოდნავ მოგვიანებით მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში გავიცანით მამა იობი (აქიაშვილი), ამჟამად - რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, რომელთანაც დღემდე ახლო ურთიერთობა გვაქვს.

- როგორ გადაწყვიტეთ, ღვთის სამსახურს შესდგომოდით? სად და როდის გაკურთხეს მღვდლად?

- როგორც მოგახსენეთ, სასულიერო ცხოვრება მეც და ჩემმა ტყუპისცალმაც ადრეული ასაკიდანვე ავირჩიეთ. პატრიარქთან შეხვედრის დროს ჩვენ 15 წლისანი ვიყავით. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, თბილისის ახალგახსნილ სასულიერო სემინარია-აკადემიაში ჩავაბარეთ. დიაკვნად 1990 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ვარძიის მონასტერში მისმა უწმინდესობამ ილია II-მ მაკურთხა. მღვდლად ხელდასხმაც პატრიარქმა შეასრულა 1992 წელს, 6 მაისს, გიორგობას, ქაშვეთის ტაძარში.

- ხელდასხმის დროს როგორი განცდა დაგეუფლათ?

- ერთსა და იმავე დროს ვიგრძენი გამოუთქმელი სიხარული და დიდი მადლი. კურთხევის დროს მესმოდა პატრიარქის ლოცვა: "საღმრთო მადლი, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი..." - და მწამდა: სულიწმიდის განკურნავდა მადლი ჩემს ადამიანურ სისუტეებსა და ნაკლოვანებებს და მომცემდა ძალას ღვთისა და ერის მსახურებისა.

- თქვენი აზრით, რამდენად იცვლება ადამიანის მსოფლშეგრძნება ეკლესიასთან დაახლოების შედეგად?

- ამქვეყნად რამდენიც ადამიანია, ალბათ, მსოფლმხედველობაც იმდენივე არსებობს, მაგრამ, მოდით, სიმარტივისთვის კაცობრიობა პირობითად მორწმუნეებად და ურწმუნოებად დავყოთ. როგორ ცხოვრობს ურწმუნო? ის პირველ რიგში თავის თავზე ზრუნავს. ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მიიღოს ამ ცხოვრებისგან და თუ საჭირო გახდა, ყველაფერს იკადრებს საკუთარი კეთილდღეობისათვის. მას აშინებს გაჭირვება, ავადმყოფობა, განსაცდელი, სიკვდილი.

რას ფიქრობს მორწმუნე? მოციქულის სიტყვისამებრ, ჭეშმარიტად მორწმუნე კაცს ყოველთვის ახსოვს უფალი, რომელიც განამხნევებს მას: "სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (საქ. 16:33). მორწმუნე უპირველესად სულის ცხონებისთვის ზრუნავს და მხოლოდ ამის შემდეგ - ამქვეყნიურისთვის, ხორციელისთვის. "რაი სარგებელ იყოს კაცისა, უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?!" (მათ. 16:26), - გვეუბნება წმინდა სახარება. უფლის მორწმუნეს აქვს შიში სიკვდილისა არა იმის გამო, რომ უნდა მოკვდეს, არამედ თავისი ცოდვების გამო, საიქიოში რომ მოეკითხება.

ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ ადამიანს მსოფლმხედველობაც ეცვლება. მისთვის მნიშვნელობას კარგავს ფასეულობები, რომლებიც შეუცვლელი ეგონა და მათ ადგილს თანდათან იკავებს ღვთის მცნებები, სათნოებები. პავლე მოციქულის თქმით, "იშვება ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმინდითა ჭეშმარიტებისაითა" (ეფეს. 4:24). ასეთი ადამიანი სათნოა უფლისათვის.

- რამდენად რთულია და საპასუხისმგებლო მღვდლობა? რას ნიშნავს თქვენთვის მღვდლის ჯვარი?

- მღვდელი მლოცველი და შუამდგომელია ერისათვის ღვთის წინაშე. ის არის ანთებული სანთელი სასანთლესა ზედა, რომელიც ფანტავს წყვდიადს და განანათლებს ყოველთა. რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა მღვდლობა, წმინდანთა ცხოვრებიდანაც ჩანს. გავიხსენოთ, როგორ არიდებდნენ თავს ამ დიდ პატივს წმინდა ილარიონ ქართველი, წმინდა გრიგოლ ხანძთელი - უდიდესი მეუდაბნოე და ასკეტი - და სხვანი და სხვანი, რომელთაც იცოდნენ, რა მძიმე ჯვარია ეს.

ჩემთვის, ისევე როგორც ყველა მოძღვრისთვის, მღვდლობა დიდი პატივია და ეკლესიისა და მისი მრევლის ერთგულ და თავდადებულ მსახურებას მოითხოვს.

- თქვენი ძმაც მღვდელია. ჩანს, დიდი მადლი გადმოვიდა თქვენს ოჯახზე. როგორი სულისკვეთებით, რა ფასეულობებით გზრდიდნენ მშობლები?

- როგორც უკვე გითხარით, მე და ჩემმა ტყუპისცალმა, მამა ანტონმა, ერთად დავიწყეთ სასულიერო მოღვაწეობა. ეს, ალბათ, მართლაც არ მომხდარა შემთხვევით, რადგან დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც გვარში სასულიერო პირები გვყავდა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ათეისტური რეჟიმის წყალობით ჩვენი მშობლების თაობა საეკლესიო ცნობიერებით არ აღზრდილა, მაგრამ მათთვის უცხო არასდროს ყოფილა პატიოსნება, ადამიანური თანადგომა, ზნეობრივი ღირებულებები, რწმენა, ეკლესიის მიმართ მოწიწება... ბუნებრივია, ასეთ დროს ღვთის მადლი არ იკარგება. სახარებაში წერია: "არ არსებობს კარგი ხე, რომელიც უკეთურ ნაყოფს გამოიღებს" (ლუკ. 6:43).

- დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები. რას ნიშნავს ქრისტიანული აღზრდა?

- ბავშვი ანგელოზია დედამიწაზე. ამიტომ არის, რომ მასთან ურთიერთობის დროს ადამიანზე დიდი სიწმინდე გადმოდის. ხომ გახსოვთ სახარების ის ეპიზოდი, სადაც მაცხოვარი ლოცავს ბავშვებს და ამბობს: "ხელს ნუ უშლით, მოვიდნენ ჩემთან, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი" (ლუკ. 18:16). "ნუ აყენებთ მაგათ მოსვლად ჩემდა", - რა იგულისხმება უფლის ამ სიტყვებში? დღევანდელი ადამიანი ამპარტავნებითა და ზნეობრივი დეგრადაციით გამოირჩევა. მრავალ ოჯახში ცოდვასა და მადლს, სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი დიდი ხანია წაიშალა. ბუნებრივია, ასეთ გარემოში ბავშვი კარგ ქრისტიანად ვერ გაიზრდება. ვინ მიიყვანს მას უფალთან? ვინ ასწავლის შავისა და თეთრი გარჩევას? შედეგად, ოჯახი იმკის ურწმუნოებას, არაადამიანურობას, ცინიზმს, უსინდისობას, უზნეობას, ნარკომანიას, მშობლების უპატივცემულობას. ასე რომ, ბავშვის აღზრდა უნდა ოჯახიდან იწყებოდეს, ეკლესიასთან, მოძღვართან განუწყვეტელი ურთიერთობითა და უფალთან სარწმუნოებრივი ცხოვრებით.

- როდის აშენდა თქვენი ეკლესია? ვინ მიიღო მონაწილეობა მის აგებაში? რამდენი წელია, რაც აქ მსახურობთ?

- წმინდა ბარბარეს ეკლესიის აშენება 1993 წლის 1 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა. ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობა ითავეს საქართველოს ბავშვთა ფედერაციის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ლაშა კიკალიშვილმა და ფედერაციის თავმჯდომარემ კობა გილაშვილმა. პროექტის ავტორია არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1998 წელს, ეკლესია იკურთხა 2000 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობას. მე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი ვარ 2004 წლიდან.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მრევლთან? ლმობიერი ბრზანდებით თუ მკაცრი? საზოგადოდ, როგორი უნდა იყოს მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა?

- პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლეში ასე შეაგონებს მას: "მოხუცებულთა ნუ ჰრისხავ, არამედ ლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა - ვითარცა ძმათა, მოხუცებულთა დედათა - ვითარცა დედათა, ქალწულთა - ვითარცა დათა, ყოვლითა სიწმიდითა" (1 ტიმ. 5:1-2).

მოძღვარმა სულიერი ხედვით უნდა განსაზღვროს თითოეული ადამიანის სულიერი სიმაღლე. როგორც პატარა ბავშვს ვერ დამოძღვრავ მისი ასაკისთვის გაუგებარი დარიგებით, ასევე უსარგებლო იქნება მოზრდილი ადამიანისთვის შეუფერებელი რჩევის მიცემა.

მოძღვარი ინდივიდუალურად განსაზღვრავს თავის სულიერ შვილებთან ურთიერთობის საკითხს. ზოგიერთთან თუ ლმობიერება და დიდი მოთმინებაა საჭირო, ზოგიერთთან სიმკაცრეა მიზანშეწონილი. მრევლმაც უნდა იცოდეს და აფასებდეს თავისი მოძღვრის ხასიათს, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს მისი მოთმინება და ლმობიერება. არ შეიძლება, მორწმუნემ მოძღვარი დიდხანს დააკავოს ყოფით პრობლემებზე საუბრით. ასევე დაუშვებელია, მოძღვრის ჩვენს ნებაზე ტარება ვცადოთ.

- თუ ყოფილა შემთხვევა, მრევლისთვის პასუხის მიცემა გაგჭირვებოდეთ?

- ადამიანი ეკლესიაში პრობლემებით დამძიმებული მოდის. ზოგს განსაცდელი აქვს, ზოგს მწუხარება ტანჯავს, სხვას ცოდვები უფორიაქებს სულს. ყველა მათგანი უფალთან ეძებს ხსნას. მოძღვარი ცდილობს, გაუგოს მათ, დაეხმაროს, სწორ გზაზე დააყენოს. განსაკუთრებით უჭირს მღვდელს, როცა უკიდურესად მწუხარე ადამიანს ხედავს, რომელსაც შვილი, და, ძმა, მშობელი, მეგობარი გარდაეცვალა. ამ დროს სიტყვა თითქოს უძლურია და შენც მთელი გულით მათთან ერთად იწყებ ლოცვას, მათ ნუგეშისცემას უფალს მიანდობ.

- რა აწუხებს დღეს ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად? სად უნდა ვეძიოთ გამოსავალი?

- ჩვენს ხალხს ძალიან აწუხებს ყოფითი პრობლემები. მძიმე სოციალური და მატერიალური პირობები ბევრს თრგუნავს. ამას ემატება რწმენის, სულიერების ნაკლებობა. ბევრი ვერ უძლებს ამას, გამოსავალს ვერ პოულობს. გამოსავალი კი უფალთან დაბრუნებაა, რომელიც ბრძანებს: "ეძიებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ" (ლუკ. 12:31).

- ყველაზე მტკივნეულად რას განიცდით და ყველაზე მეტად რა გახარებთ?

- ყველაზე მტკივნეულია, როცა ხედავ ადამიანს, რომლისთვისაც ყველაფერი გააკეთე და სიცოცხლესაც უყოყმანოდ გაიღებდი, ის კი არაკაცობით გპასუხობს. ერთხელ გაბზარული გული შეიძლება ვეღარ გამრთელდეს. სასიხარულო არის ის, როცა ადამიანში ჭვრეტ რწმენას, სიკეთეს, ერთგულებას, პატივისცემას, თავმდაბლობას, სიყვარულს.

- ბევრი ეკლესიაში სიარულზე იმის გამო ამბობს უარს, რომ მღვდელმსახურთა ქცევა არ მოსწონს. რას ურჩევდით მათ?

- ეკლესია არის "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა". ადამიანი ეკლესიაში თავისი სულის ხსნისთვის მიდის, იქ კი ღვთისმსახურებას მღვდელმსახური აღასრულებს, რომელიც უფლისგან ხელდასხმის მადლით არის ნაკურთხი. თუ მორწმუნე იმისთვის დადის ტაძარში, რომ შეხვდეს ქრისტეს, რომელიც არის "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იოან 14:6), მაშინ მისთვის ნაკლებად თვალშისაცემი იქნება ზოგიერთი ღვთისმსახურის ადამიანური სისუსტეები თუ სულიერების ნაკლებობა. მცირედ მორწმუნენი, რომელთა რიცხვი დღეს არცთუ მცირეა, შორიდან, ეკლესიის გარედან განიკითხავენ მოძღვარს და კატეგორიულ უარს ამბობენ ტაძარში სიარულზე. ასეთ ადამიანებს ვურჩევდით, ჰქონოდეთ "განცდა თვისთა ცოდვათა" და ნუ განიკითხავენ სხვას, რადგან სახარება გვასწავლის: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ" (მათ. 7:1).

- როგორ განიხილავს მართლმადიდებლობა თავისუფლებისა და ზნეობის ურთიერთმიმართების პრობლემას?

- ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ზნეობის სარწმუნოება. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ" (იოან. 8:32) - გვასწავლის უფალი. ადამიანს ღმერთმა მაინიჭა თავისუფალი ნება. მას შეუძლია, თავად განსაზღვროს თავისი ცხოვრების გზა. სამწუხაროდ, ამ თავისუფლებას დღევანდელი ადამიანების დიდი ნაწილი ბოროტად იყენებს. მათ დასაშვებად მიაჩნიათ ყველაფერი, რაც მოესურვებათ. წმინდა პავლე მოციქული ამის შესახებ გვაფრთხილებს: "ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია, ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს" (1 კორ. 10:23). ამდენად, ადამიანური ეთიკის ნორმებისთვის ხაზის გადასმა და ცრუ თავისუფლებით ცხოვრება ჩვენთვისვე იქნება ზიანის მომტანი.

- ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებას მისი ხასიათი განსაზღვრავს და რომ ამ ხასიათის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- თითოეული ჩვენგანი მართლაც საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე ირჩევს ოჯახს, სამსახურს, მეგობრებს და ა.შ. კარგი ხასიათის პატრონი იგი თვითონვეა კმაყოფილი ცხოვრებით, უხასიათო კაცი კი ვერავის და ვერაფერს ეგუება. ასეთ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, განიცდის ადამიანი, მაგრამ ხშირად უძლურია, რამე შეცვალოს. სამაგიეროდ, "კაცთაგან შეუძლებელი ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს" (მათ. 19:26). ეკლესიას შეუძლია, დაეხმაროს ასეთ ხალხს და სარწმუნოებრივი, სულიერი ცხოვრებით, უფალთან ზიარებით მიზნისთვის მიაღწევინოს.

- რას უსურვებდით "კარიბჭის" მკითხველს, ქართველ ხალხს?

- ჟურნალ "კარიბჭეს" ვუსურვებ, მართლაც სულიერი კარიბჭე ყოფილიყოს ყველა მკითხველისთვის.

ქართველ ხალხს ვუსურვებ სარწმუნოებაში განმტკიცებას, უფალტან - უღალატობას და ერთგულებას, ცხოვრებისეული სირთულების დაძლევას, ურთიერთგატანას, სამშობლოს სიყვარულს და ნათელ მომავალს. ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვა
1კ1