თუ გიჭირს - ილოცე, თუ გილხინს - იგალობე
თუ გიჭირს - ილოცე, თუ გილხინს - იგალობე
კატეხიზმოს სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ მღვდლობის საიდულოს აღსრულების დროს მორწმუნეს, მისი მომავალი მსახურების თანახმად, ეძლევა სამღვდელო მადლი სულისაგან წმიდისა. პავლე მოციქული ეფესელ მწყემსებს მიმართავს: "ეკრძალენით თავთა თქვენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა ეგე თქვენ სულმან წმიდამან დაგადგინა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა" (საქმე მოციუქლთა 20,28).

მღვდელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა შემწყნარებლობაში არ იყოს მეტისმეტად შემწყნარებელი და სიმკაცრეში - მეტისმეტად მომთხოვნი - არის საშიშროება იმისა, რომ ზედმეტი სიმკაცრით ცოდვებისგან დაღდასმულ და ტრავმირებულ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდეს და მონანიების სურვილი საერთოდ გაუქრეს; ხოლო ზედმეტი ქებითა და მოფერებით - ზოგიერთს უპირატესობის გრძნობა დაეუფლოს.

ჩვენი სტუმარია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე - გამოცდილი და ზომიერების საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, რომელიც უკვე 10 წელია ერთგულად ემსახურება ეკლესიას და ადამიანებს სიტყვითა და საქმით მარადისობის გზას უჩვენებს.

- მამაო, როგორ დაადექით ეკლესიისკენ მიმავალ გზას?

- ყოველი სული ღვთის ნებით მისკენ ისწრაფვის. ღმერთის სასწაულმოქმედი ძალა იმაშიც ჩანს, რომ მან ადამიანი "ხატად და მსგავსად თვისა" შექმნა; ყველანი ერთმანეთს ვგავართ და იმავდროულად არც ერთი ერთნაირი არ ვართ, ჩვენი თავისუფალი ნებით ვყალიბდებით ინდივიდებად და ვირჩევთ ცხოვრების გზას. ამიტომ ყველა სხვადასხვა მიზეზით მივდივართ ღმერთთან, ოღონდ ერთი სარწმუნოებით და ერთი ნათლისღებით, ზოგი ადრე, ზოგი გვიან და ზოგიც - არასდროს.

80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნული გამოღვიძებისა და თვითშეგნების პროცესის თანამდევი იყო რელიგიური ცხოვრების გააქტიურებაც, უფრო სწორად, შეუძლებელია ამ პროცესების ერთმანეთისაგან გამოყოფა. ამ პერიოდში დაინიშნა პირველი მოძღვარი ჩვენს რაიონში (ჩოხატაურში) და მრავალთა შორის მეც მისგან მივიღე ნათლისღების საიდუმლო და პირველი ზიარება.

1990 წელს, ოზურგეთის რაიონში, არქიმანდრიტ ნიკოლოზის (ღლონტის) ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის სახელობის სასულიერო სასწავლებელი, სადაც საღმრთო სჯულის პედაგოგებს ამზადებდნენ. ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში დავინიშნე საღმრთო სჯულის მასწავლებლად.

- ალბათ ამის მერე გადაწყვიტეთ სასულიერო პირობა?

- დიახ. 1993 წელს ჩავირიცხე ახალციხის სასულიერო სემინარიაში, რომელიც მაშინ საფარის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე იყო და ჩვენც მონასტრის მამების გვერდით გვიწევდა ცხოვრება. ეს პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში. I კურსის II სემესტრიდან სწავლა განვაგრძე ბათუმის სასულიერო სემინარიაში. 1994 წლის 1 ოქტომბერს დავქორწინდი. ამავე წლის 23 ნოემბერს იმჟამად ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იობმა დიაკვნად დამასხა ხელი, დავინიშნე ბათუმის საკათედრო ტაძარში.

- როდესაც წმინდა ტრაპეზს პირველად შეეხეთ, რა განცდა დაგეუფლათ?

- ჩემი დიაკვნად ხელდასხმა როცა გადაწყდა, მეუფე იობმა მამა დავითს (ამჟამად ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი) უთხრა, რომ მოვემზადებინე. მან დამარიგა: როცა წმინდა ტრაპეზს პირველად შეეხები, ღმერთს სთხოვე, რომ წმინდად და ერთგულად გამსახუროს დედაეკლესიასო. მეც ვცდილობ, ეს ჩემი ცხოვრების უმთავრესი წესი იყოს.

- ამის შემდეგ სად მოგიწიათ მსახურება?

- 1995 წელს გაიყო ბათუმ-შემოქმედის ეპარქია და შემოქმედის საკათედრო ტაძარში დავინიშნე. ამავე წელს ეპარქიიდან წარდგენილი ვიყავი დელეგატად და ვესწრებოდი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას.

1996 წელს შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იოსებმა ხელი დამასხა მღვდლად და დავინიშნე დვაბზუს წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც 4 წელი ვმსახურობდი. ამ დროს გამოვცემდი გაზეთ "მართლმორწმუნეს" და ვხელმძღვანელობდი გურიის ტელევიზიის საინფორმაციო-შემეცნებით პროგრამა "ამბიონს".

2000 წლის 1 აგვისტოს გადავედი ბათუმისა და სხალთის ეპარქიაში და ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, დავინიშნე ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის წინამძღვრად. აქ მსახურების პერიოდში გამოვცემდი გაზეთებს: "ხინოწმიდა" და რუსულენოვანი დიასპორისათვის - "Gჰფდჯცკფდყსქ დტცნყბრ". ამავე წელს, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, დავინიშნე ბათუმის სასულიერო სემინარიაში ახალი აღთქმის პედაგოგად, ხოლო 2001 წელს მეუფე დიმიტრის წარდგინებით - ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის რექტორად. ამავე დროს ვიყავი ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2004 წლის აგვისტოში კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავინიშნე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად, სადაც, ღვთის წყალობითა და შეწევნით, დღემდე ვმსახურობ.

- ადგილების შეცვლა, სამრევლოებთან განშორება რა გავლენას ახდენს თქვენზე?

- მრევლთან განშორება, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ თუ ეს განპირობებულია დედაეკლესიის საჭიროებისთვის, მაშინ ახალ ადგილზე დანიშვნა მეტად საპასუხისმგებლოა და ყოველგვარი პირადი სასიამოვნო დასათმენია.

- გვესაუბრეთ თქვენს ოჯახზე, შვილებზე. რას ნიშნავს მათ ცხოვრებაში ქრისტიანული სარწმუნოება?

- 1994 წელს ცოლად შევირთე ქეთევან სხვიტარიძე. გვყავს სამი შვილი - იოანე, ნინო და ნანა. სწავლობენ თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. ვცდილობთ, ქრისტიანობა თითოეული ჩვენგანის უმთავრესი ფასეულობა და ცხოვრების წესი იყოს.

- რამდენად სასარგებლო და მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სასულიერო გიმნაზიების არსებობა? რა პრინციპებით იზრდებიან იქ ბავშვები?

- ზოგადად სკოლამ პირველი სერიოზული რეფორმა XX საუკუნის 20-იან წლებში განიცადა, როცა ეკლესიიდან გამოყვეს. შემდგომ ათწლეულების განმავლობაში ბოლშევიკები ცდილობდნენ, თავიანთ სამსახურში ჩაეყენებინათ იგი და მათი იდეოლოგიის უმთავრეს კერად ექციათ. ასე მოვედით გასული საუკუნის 90-იან წლებამდე. სასულიერო სასწავლებლების გახსნა, რასაკვირველია, უდიდესი მონაპოვარი იყო ეკლესიისთვის და ერისთვისაც. ეს თამამად შეიძლება ჩაითვალოს თაობათა აღზრდის ახალ ეტაპად, რადგან თუ სკოლა მანამ მხოლოდ ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წნეხი იყო, სადაც ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის ნაცვლად ბელადთა თაყვანისცემას ასწავლიდნენ, ახლა აღსაზრდელებს ჭეშმარიტებას პირველივე დღიდან აზიარებს. ასევე უდიდესი მოვლენაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება, რის მიხედვითაც სასულიერო სასწავლებლების საბოლოო ცნობა და აღიარება მოხდა. ე.ი. სახელმწიფო ცნობს ეკლესიის მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ მოწმობას, განათლების სამინისტრო ანიჭებს გრიფს ეკლესიის მიერ შედგენილ საავტორო სახელმძღვანელოებს და აღიარებს ეკლესიის მიერ მინიჭებულ ყველა სამეცნიერო ხარისხს. ასე რომ, ამ მხრივ საქმე დადებითად მიდის.

- სვეტიცხოველი დედაეკლესიაა. აქ მსახურება, ალბათ, განსაკუთრებული მადლია...

- სვეტიცხოველში მსახურება, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლი და პატივია. წარმოიდგინეთ, ღმერთმა მოგანიჭოს, იმსახურო იქ, სადაც კაცობრიობის უდიდესი სიწმინდე - ქრისტეს კვართია დაკრძალული. რამდენადაც დიდია ეს პატივი, იმდენად დიდია პასუხისმგებლობა. წმინდა წერილში წერია: "ადგილი კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი განწმენდს ადგილს". ამასთანავე, მინდა გავიხსენო ის, რომ ღვთის მცნების დატევებით ადამი სამოთხეში დაეცა, ხოლო მისი აღსრულებით ლოთი სოდომში გადარჩა. ღვთის დიდ მადლს დაფასება და მოკრძალებით მიღება სჭირდება.

- ამბობენ, ქრისტიანული ღირებულებები თანამედროვეობასთან შეუთავსებელიაო. ცდილობენ, ქრისტიანობა საკუთარ შეხედულებებს მოარგონ. რას იტყვით ამაზე?

- ქრისტიანული ღირებულებებიდან მეტ-ნაკლები გადახვევისა და კანონთა შერბილების მსურველები ყველა დროში იყვნენ. სწორედ ამის გამო იმართებოდა მსოფლიო თუ ადგილობრივი კრებები. ამ კრებებზე წმინდა მამები მოქმედებდნენ სულიწმინდის მადლით და ქრისტიანულ სამყაროს უტოვებდნენ განმარტებულ მზა რეცეპტებს სწორი ცხოვრების შესახებ. I მსოფლიო საეკლესიო კრების ოქმი ასე იწყება: "ჯერ უჩნდა სულსა წმიდასა და მერე - ჩვენცა..." და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მას შეუძლია სულიწმინდა ღმერთის ნაკარნახევში შესწორება შეიტანოს, მას ღმერთზე დიდად მიუჩნევია თავი. "ვისაც სულიწმინდაზე ბრძნად მიაჩნია თავი, იგი ეშმაკეულია (წმინდა ისიდორე პელუსიელი).

- თქვენი აზრით, რა არის ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური პრობლემა, რა არის ამის მიზეზი და სად არის გამოსავალი?

- სადღეისოდ იმდენი აქტუალური პრობლემაა (ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი, ქუჩა...), ძნელია რომელიმეს გამოყოფა, მაგრამ სათავე ყველას ერთი აქვს - ეს პრობლემები იწყება უღმერთობით და მათი მოგვარება, შესაბამისად, ეკლესიურ ანუ სარწმუნოებრივ ცხოვრებაშია შესაძლებელი.

- ყველაზე მეტად რა გაყენებთ ტკივილს და რა განიჭებთ სიხარულს?

- ადამიანი ალბათ ყველაზე მეტად სულიერ ტკივილს განიცდის და დიდ სიხარულსაც აქედანვე იღებს. მოციქული იაკობი ამბობს, თუ გიჭირს - ილოცე, თუ გილხინს - იგალობეო. ყოველივესთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს.

- რას უსურვებთ ქართველ ხალხს, ჟურნალ "კარიბჭეს"?

- ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს ვუსურვებ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი გვედიდებინოს ერთად, ჟურნალ "კარიბჭეს" კი ღვთის მაცხოვნებელი სიტყვა მიეტანოს ყოველი ადამიანის გულამდე. ამინ.
ბეჭდვა
1კ1