ქართველი ერი ძალიან ძლიერი გენეტიკის მატარებელია და თუკი ქრისტეს გზას დაადგება, მას ნათელი მომავალი ელის
ქართველი ერი ძალიან ძლიერი გენეტიკის მატარებელია და თუკი ქრისტეს გზას დაადგება, მას ნათელი მომავალი ელის
80-იანი წლების მიწურულიდან, საბჭოური იდეოლოგიის მსხვრევისა და ეროვნული მოძრაობის აღმავლობის კვალობაზე, საქართველოში საეკლესიო ცხოვრება ერთბაშად გამოცოცხლდა. დაიწყო სულიერი აღმშენებლობის ეპოქა. მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, სასწაულებრივად გააქტიურდა ეკლესიათა და მონასტერთა მშენებლობა.

უფროს თაობას კარგად ახსოვს, რომ ნაძალადევში, იქ, სადაც ახლა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია, საბჭოთა ეპოქაში აბანო იყო. 90-იანი წლების დასაწყისში უწმინდესის კურთხევით ამ ადგილას ისევ ეკლესიის აშენება გადაწყდა. ამ საქმის გაძღოლა უწმინდესმა საოცრად გულისხმიერ ადამიანს, მამა ვახტანგ ასათიანს დაავალა, რომელიც იმხანად სასულიერო აკადემიის სტუდენტი გახლდათ.

ტაძრის რესტავრაციისთვის ტერიტორიის გაწმენდა იყო საჭირო. ფლიგელების, საქვაბის უზარმაზარი მილების, საწვავის რეზერვუარების დანგრევა და დემონტაჟი, ირგვლივ მცხოვრები ოჯახების გასახლება... მაშინდელი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, ქალაქის პრეფექტის ირაკლი ანდრიაძის ხელშეწყობითა და ბატონი ნიკა ცხაკაიას ფინანსური შემწეობით 1991 წლის 25 თებერვალს ტაძრის ტერიტორიაზე მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია გაიხსნა. ერთი წლის შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც, მაგრამ სწორედ იმხანად მიწისძვრამ თითქმის მიწასთან გაასწორა რაჭა და მესხეთი, ამიტომ ტაძრის მშენებლობაზე დამონტაჟებული ტექნიკური აღჭურვილობა მოხსნეს და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გაგზავნეს. მამა ვახტანგმა მხნედ დაძლია ეს დაბრკოლება და მშენებლობა მარტომ განაგრძო.

პირობები ურთულესი იყო. ამას დაერთო თბილისის ცნობილი მოვლენები, მაგრამ ღვთის შეწევნითა და ქველმოქმედი ადამიანების გულისხმიერებით ტაძარი მაინც აშენდა და 1997 წლის 25 თებერვალს ეკურთხა კიდეც.

მამა ვახტანგს მრავალი ტაძრისა და მონასტრის მშენებლობა-რესტავრაციაში მიუღია მონაწილეობა. ოცდახუთწლიანი ერთგული და დაუღალავი სამღვდელო მოღვაწეობის ჯილდოდ უწმინდესმა მას ცოტა ხნის წინ მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა. "ეს ჯილდო არა მარტო ჩემია, არამედ ყველა იმ ადამიანისა, რომელიც მხარში მიდგას და ნაბიჯებს მადგმევინებს ღვთის სათნო საქმეთა საკეთებლად", - ბრძანებს მამა ვახტანგი.

- ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ უფლის, ნეტარი ცხოვრების ხსოვნა ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება. უფლის ხატება ჩვენს მეხსიერებაშია აღბეჭდილი, ამიტომაც მისი ძიება ადამიანის სულის ორგანული თვისებაა. ღმერთისკენ სავალი გზა კი ბეწვის ხიდივით ვიწრო ბილიკია. თქვენ რა გზით მიხვედით ეკლესიამდე?

- ჩემი ბუნება ბავშვობიდანვე მიისწრაფოდა რაღაც ამაღლებულისკენ, მშვენიერისკენ. ბებიასთან ყოფნა მიყვარდა. ძალიან განათლებული ქალი იყო. ქრისტეს შესახებაც ხშირად მიყვებოდა. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიაში დავდიოდით. ხატები შინაც გვქონდა. ბებიაჩემი მე და ჩემს უფროს ძმას, დავითს, დაგვაჩოქებდა ხოლმე მათ წინაშე. ამ დროს დანაშაულის განცდა მეუფლებოდა, თუმცა არ ვიცოდი, რის გამო... შობას ქუჩაში გავდიოდით და "ალილოს" ვგალობდით. აღდგომას კვერცხები იღებებოდა, ლიტანიობასაც ვესწრებოდით. მერე ქუთაისში გადავსახლდით, მწვანეყვავილაზე. იქ არის მთავარანგელოზის სახელობის ცნობილი ეკლესია, რომელიც არასოდეს დაკეტილა. მღვდელი რომ ჩაივლიდა, ბავშვები თამაშს მივატოვებდით, ავიტუზებოდით კედელთან და სანამ თვალს არ მიეფარებოდა, თამაშის გაგრძელებას ვერ ვბედავდით.

სკოლა 1968 წელს დავამთავრე. მაშინ, მოგეხსენებათ, საზოგადოება ნიჰილისტურად იყო განწყობილი, მატერიალისტური იდეოლოგიით აღჭურვილი, ამიტომ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდმა რელიგიური გამოცდილების გარეშე ჩაიარა. მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე. მაშინ დაიწყო ჩემი ხელახალი დაახლოება ეკლესიასთან. ქაშვეთში დავდიოდი ხშირად, ვლოცულობდი, თუმცა ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, ეკლესიური ტიპიკონისა და წესებისა არაფერი გამეგებოდა. იმხანად უმთავრესად ხანშიშესულები დადიოდნენ ეკლესიაში. მათთან ურთიერთობა გვქონდა, ვესაუბრებოდით. სიამოვნებით გვემუსაიფებოდნენ, უხაროდათ, ახალგაზრდებს რომ გვხედავდნენ ეკლესიაში.

მერე და მერე, დაახლოებით სამოცდაათიანი წლების ნახევრიდან, ინტენსიურად დავიწყე სიარული კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. იმჟამად არქიმანდრიტი გაბრიელი გახლდათ იქ, გულისხმიერი და სანდო ადამიანი. სულიერი მამაშვილობა პირველად სწორედ მასთან ვიგრძენი. ეკლესიაში მედავითნეობაც დავიწყე. ამ დროს უკვე უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი გახლდით. სტუდენტები დამყავდა ეკლესიაში, რის გამოც კათედრაზე ბერი შემარქვეს.

იმ პერიოდში უფროსი ძმა გარდამეცვალა და ამანაც ძლიერ იმოქმედა ჩემზე.

დაახლოებით იმავე ხანებში დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რომლის თაოსნებიც, მოგეხსენებათ, იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია. ამ მოძრაობაში მეც აქტიურად ჩავერთე, რის გამოც უნივერსიტეტის კათედრაზე მდგომარეობა გამიმწვავდა და V კურსიდან გამრიცხეს (შემდეგ წვალებით აღვიდგინე თავი და დავამთავრე უნივერსიტეტი).

უწმინდესი 1976 წელს გავიცანი სიონში. საბერძნეთიდან სამღვდელოება იყო ჩამობრძანებული. მე უწმინდესს არ ვიცნობდი და დელეგაციის წევრი მეგონა. ჩემს გვერდით მდგომ ქალბატონს ვუთხარი მასზე: რა სანდომიანი და ნათელი სახე აქვს-მეთქი. ეს აფხაზეთის მიტროპოლიტი ილიააო, მიპასუხა. უმალვე საოცრად მიმიზიდა. სიონიდან რომ გამობრძანდა, ლოცვა-კურთხევის აღება მინდოდა, მაგრამ ვერ შევბედე.

ამასობაში ეკლესიური ცხოვრებაც დავიწყე, ტიპიკონშიც გავერკვიე. დავოჯახდი კიდეც. ინტენსიურად დავდიოდი სიონში, ვმედავითნეობდი. ამ პერიოდში მოვიდნენ ტაძარში ახალგაზრდები: გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ქადაგიშვილი, დათო გოცირიძე (ახლა მღვდელი ბრძანდება), რომლებიც შემდეგ ჩემი სულიერი შვილები გახდნენ.

1980 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ახალციხეში ახალაღდგენილი ტაძარი გაიხსნა. მანამდე, რა შემაძრწუნებელიც არ უნდა იყოს, საქართველოს უძველეს კუთხეში, მესხეთ-ჯავახეთში, მხოლოდ ბაპტისტური და სომხური მონოფიზიტური ეკლესიები მოქმედებდა.

ტაძრის აღდგენა-რესტავრაციაში ადგილობრივი მოსახლეობაც გვეხმარებოდა. უწმინდესი ხშირად გვირეკავდა, გვაიმედებდა. მისიონერი ხარო, - მეტყოდა ხოლმე ხუმრობით. ზემოთ რომ ვახსენე, იმ ბიჭებთან ერთად თბილისის ქუჩებში, სოფლებში დავდიოდით, ვქადაგებდით, ვგალობდით.

- როდის გაკურთხეს მღვდლად და რომელ ტაძრებში მოღვაწეობდით?

- 1980 წლის 10 აგვისტოს დიაკვნად მაკურთხეს, ხოლო 1981 წლის 21 მარტს ნიკორწმინდაში მღვდლად დამასხეს ხელი. ცოტა ხანს იქვე ვიმსახურე, მერე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ეკლესიაში გადმოვედი. შემდეგ უწმინდესმა მანგლისში რეზიდენციის მშენებლობა დაიწყო და ოჯახითურთ იქ წავედი. მშენებლობას ვხელმძღვანელობდი. პარალელურად მიმდინარეობდა სიონის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია. ეს იყო 1982 წელი. ჩემს მშობლებსა და გამზრდელებს, მოხუცებს, ყურადღება, მზრუნველობა სჭირდებოდათ, ამიტომ უწმინდესს ვთხოვე, ქუთაისში გავეგზავნე. 1988 წლამდე მწვანეყვავილას ეკლესიაში ვმსახურობდი. შემდეგ თბილისში გაიხსნა სასულიერო აკადემია. გამოცდები ჩავაბარე და ჩავირიცხე. ეს პირველი მიღება გახლდათ. 15 ახალგაზრდა მიგვიღეს. მე ვიყავი ერთადერთი მღვდელი მათ შორის.

- თქვენ მრავალი ტაძრისა და მონასტრის მშენებლობაში მონაწილეობდით. კიდევ სადმე ხომ არ აშენებთ ეკლესიას?

- ჩემი ყოფილი მეუღლე, დედა საბიანე, უკვე მერვე წელია მონაზონი და ურბნისის მონასტრის წინამძღვარია. მე და მან ქარელში, სამწევრისში, ავაშენეთ დედათა მონასტერი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამის შემდეგ ქუთაისში თეკლას მონასტერი აღვადგინეთ, რისთვისაც 4 ჰექტარი მიწა გამოვითხოვეთ მეურნეობისგან. აღვადგინე დანგრეული სამების ეკლესია საფიჩხიაზე, ქუთაისში. რესტავრაცია ჩავუტარეთ ამაღლების ეკლესიას, სადაც ადრე ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. იქვე, რიონში, ჩემი მეუღლის დედულეთია. ძალიან დიდი ეზო აქვთ. სწორედ იქ ავაშენე პატარა ეკლესია, რომელიც ქუთაისის ეპარქიის მონასტერს დავუთმეთ. საგარეჯოში მამა იოაკიმე ასათიანს დავეხმარეთ, სამი ეკლესიის აღდგენაში მივიღეთ მონაწილეობა. ჯერ კიდევ ერისკაცობისას დავყვებოდი ცნობილ პიროვნებას თედო კაკაურიძეს, ქუთაისელ მორწმუნეს, რომელიც ქველმოქმედებას ეწეოდა, ეკლესიებს ეხმარებოდა. ჯიხეთის დედათა მონასტრის აღდგენა მიმდინარეობდა. მაშინ იქ მსახურობდა მამა კონსტანტინე ქვარაია, უკეთილშობილესი და საოცრად ნათელი გონების ადამიანი. მაშინდელი დედებიც კარგად მახსოვს.

ახლა ზღვაზე ვაშენებ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერს. გარდა ამისა, ქერჩში დავაარსეთ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ახლახან 2 თვით ამერიკაში გახლდით. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში ვიყავით. ბევრი ქართველი მოვნათლეთ, ოჯახები ვაკურთხეთ, ჯვარი დავწერეთ. გადავიღეთ ფილმი "ექვთიმე თაყაიშვილის წმინდა ნაკვალევზე". მეტროპოლიტენ-მუზეუმში გადავიღეთ ჯუმათის სახარების მინანქრის მოჭედილობა. შევხვდით ქართულ დიასპორას. მრევლი ახლაც თითქმის ყოველდღე გვირეკავს. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მრავალი ქართული ეკლესია დაარსდა. უამისოდ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ალბათ უფრო მეტად ემუქრებათ გაუცხოება...

- ღმერთი ყოველთვის უკეთესს უმზადებს ერს. ალბათ, იქაც საჭიროა ჩვენი დიასპორები, თუნდაც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობისთვის. თუმცა ღმერთმა ინებოს, ჩვენს ხალხს უცხოეთში არ დაევიწყებინოს თავისი მამული, ენა და სარწმუნოება. მუდამ უნდა მოვუწოდოთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, დაუბრუნდნენ თავიანთ კერას. რუსი ფილოსოფოსი ნ. ბერდიაევი ბრძანებს, რომ "ერი არ არის მარტო ემპირიული ჯამი, არამედ ის არის პიროვნული რეალობით განსაზღვრული და ინტეგრირებული, ამიტომ ის თავის ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს, იქ, სადაც განსაზღვრა ღმერთმა და მიუჩინა თავისი ადგილი და საცხოვრისი".

ქართველი ერი ძალიან ძლიერი გენეტიკის მატარებელია და თუკი ქრისტეს გზას დაადგება, მას ნათელი მომავალი ელის. "ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთო", - როგორც ბრძანებს ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე.

- ვიცი, რომ თქვენს ეკლესიასთან დააარსეთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელშიც ასზე მეტი ბავშვი სწავლობს. გთხოვთ, გვესაუბროთ იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისთვის ოჯახის, ეკლესიისა და სკოლის ერთობა.

- ამ სკოლაში უმთავრესად ჩვენი რაიონის მკვიდრი ბავშვები სწავლობენ. გვყავს ძალიან კარგი, უმეტესად - უნივერსიტეტიდან მოწვეული პედაგოგები. გაძლიერებულად ისწავლება თეოლოგიური საგნები, ბერძნული ენა, ინგლისური, რუსული, მათემატიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები (კომპიუტერი).

ბავშვები ღვთისკენ არიან მიდრეკილნი, "ეგევითართათვის არს სასუფეველი ცათა". ოჯახის, ეკლესიისა და სკოლის ერთობა აუცილებელია, რათა შეიქმნას სოციალური სივრცე. როგორც ახალ ნერგს - ჭიგო, ისევე სჭირდება ბავშვს იმთავითვე სწორი საყრდენი. მერე, ცხოვრების ორომტრიალში, დაბრკოლებები, რა თქმა უნდა, შეხვდება, მაგრამ მასში თავიდანვე ჩადებული რწმენის საწყისი ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას და ის საბოლოოდ მაინც სიკეთის გზას აირჩევს, გზას, რომელსაც უფალთან მივყავართ. ადამიანმა სწორედ ღვთის გზა უნდა ეძებოს. მშობლებმაც და სოციალურმა ინსტიტუტებმაც ყველაფერი უნდა იღონონ იმისთვის, რომ ბავშვს ჩაუნერგონ სარწმუნოების დიდი სიყვარული, რათა იგი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მოგვევლინოს. ურწმუნო ადამიანი ადვილად ბრკოლდება. მას არ გააჩნია ფასეულობები, რომლებიც ამ დაბრკოლებებს დააძლევინებს. ურწმუნო კაცს მერკანტილური სულისკვეთება აქვს და ყველაფერს სარგებლის მიხედვით აფასებს, მაგრამ არსებობს ისეთი ფასეულობები, რომელთათვისაც ადამიანს უნდა შეეძლოს მსხვერპლის გაღება. სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. მაცხოვარი ბრძანებს: "ახალსა მცნებასა, მიგცემ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას". ღვთისა და მოყვასის სიყვარული უნდა ვასწავლოთ მათ, ოღონდ არა იძულებით, არა მენტორული და დიდაქტიკური ტონით, არამედ ისევ და ისევ სარწმუნოებითა და სიყვარულით.

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

- მყავს ერთი ვაჟი - დავითი, რომელიც მორწმუნეა. მას ოთხი შვილი ჰყავს: ტყუპები - მარიამი და ნინო, თეკლა და 5 წლის ვახტანგი. ჩემი ვაჟის ოჯახი ახლა ქუთაისში ცხოვრობს. ბავშვებს ჰუმანიტარული პროფესიები იტაცებთ და ფიქრობენ, თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ სწავლა.

- არაერთ ეკლესიაში გიმსახურიათ. როგორი უნდა იყოს მოძღვრის დამოკიდებულება მრევლის მიმართ?

- მოძღვარსა და მრევლს შორის მამაშვილური ურთიერთობა უნდა იყოს. მამაზეციერმა თავის ძეს ყველაფერი მისცა. ასევე მამამ შვილს, მემკვიდრეს, უნდა მისცეს ყველაფერი, რაც გააჩნია, ცოდნა იქნება ეს თუ სულიერება. მოძღვარსა და მრევლს შორის უნდა იყოს ერთობა, თანაგრძნობა, თავმდაბლობაზე, სიყვარულზე აგებული ურთიერთობა. მოძღვარმა პირველ რიგში ნათელი მომავლის რწმენა უნდა გაუღვივოს ადამიანს, ასწავლოს უფლის, დედაეკლესიის, თავისი ქვეყნის სიყვარული, თავი უნდა დადოს მათთვის და უნაშთოდ იყოფოდეს იმ დიდ გრძნობაზე, რასაც ჰქვია ღმერთის, მოყვასის, სამშობლოს სიყვარული. რაღა თქმა უნდა, თავისი სინდისის წინაშეც მართალი უნდა იყოს. სადაც არ უნდა მსახურობდე, უნდა ჩათვალო, რომ ეს არის შენი უკანასკნელი მსახურების ადგილი, უნდა ფიქრობდე, რომ სადაც ხარ, აქ დარჩები და აქ ემსახურები შენს მრევლს, შენს ხალხს. ასეთი განწყობითა და მრწამსით უნდა მიდიოდეს მოძღვარი ნებისმიერ სამწყსოში და ბოლომდე იხარჯებოდეს მრევლის სამსახურში.

- დროის სულისკვეთება ძლიერია. არნახულად დიდი ინფორმაციისა და გლობალიზაციის პირობებში საზოგადოებას, განსაკუთრებით - ახალგაზრდობას, უჭირს სწორი გეზის არჩევა. ჩვენს ყოფიერებაში იჭრება უცხოური ცხოვრების წესი. თქვენი აზრით, როგორ უნდა შეინარჩუნოს ქართველმა ერმა ჭეშმარიტი ორიენტირები?

- თუ გავიაზრებთ ჩვენს რელიგიურ გამოცდილებას, მოვუხმობთ ეროვნულ თვითშეგნებას, ყოველივე ეს ეკლესიის კარიბჭემდე მიგვიყვანს. ქართველი ერი თუ თავის მიერ გავლილ გზას გააანალიზებს, თვალს ყურადღებით გადაავლებს საკუთარ წარსულს, იგი დაუეჭვებლად აიღებს გეზს დედაეკლესიისკენ. გლობალიზაციამ ჩვენს ძირძველ ტრადიციებს უცხოეთიდან შემოჭრილი ცხოვრების წესი დაამყნო. ქართველმა ერმა უნდა დაძლიოს ეს ბარიერი და თავისი ცხოვრება მამა-პაპათა გამოცდილების საძირკველზე დაამკვიდროს. ერთი მეცნიერი აბობდა: "მომეცით საყრდენი წერტილი და დედამიწას შემოვაბრუნებო". ეს მორალური, იდეოლოგიური საყრდენი წერტილი დღეს აუცილებლად მოსაძებნია.

- დასასრულ, რას უსურვებთ ქართველ ერს და ჟურნალ "კარიბჭეს"?

- ყველას ვუსურვებ, ყოფილიყოს ეკლესიის ერთგული. "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნოს შენ!" ვისურვებდი, ძლევამოსილი მადლით ყოფილიყოს მოსილი ჩვენი ერი, სრულიად საქართველო ერთიანი და აღორძინებული გვენახოს.

"კარიბჭე" ძალიან თბილი და ნამდვილად დემოკრატიული ჟურნალია. ის ფართოდ აშუქებს როგორც სასულიერო, ასევე საერო ცხოვრებას. "კარიბჭემ" ადამიანთა გულებისკენ გზა უკვე გაიკვლია, ასე რომ, ვუსურვებ, უფრო და უფრო მეტი სიყვარული დაემსახურებინოს, უფრო და უფრო საინტერესო ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მუდამ კეთილი საქმე გეკეთებინოთ ღვთის სადიდებლად.
ბეჭდვა
1კ1