თქვენ თავმდაბლობა განგადიდებთ
თქვენ თავმდაბლობა განგადიდებთ
ამონარიდები პატრიარქის 1978 წლის საახალწლო ეპისტოლედან
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლად სამღვდელო მწყემსმთავრებს
, პატიოსან მღვდლებს, ღირსეულ მღვდელ-მონაზვნებს, ქრისტესმიერ დიაკვნებს,
ყველა პატიოსან მსახურს ეკლესიისას. ჩვენი სამშობლოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ
ქართველებს, კეთილმორწმუნე მთელ სამწყსოს ჩვენსას

მშვიდობა თქვენ ყველას და მადლი ღვთიური დიდი სიყვარულისა, ქრისტესმიერო ჩემო შვილებო! ძველი წლის წასვლა და ახლის მოსვლა ჩვენგან მოითხოვს ერთგვარ ანგარიშს ღვთისა და ერის წინაშე. ჩვენც შევასრულოთ ეს მოთხოვნა შეძლებისამებრ. ძველი წლის წასვლით და ახლის მოსვლით ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი ჩვენი დიდი მომავლისაკენ.

მარჯვე იყო ეს ნაბიჯი გასული წლისა, მშვიდობა სუფევდა ჩვენს ხალხში და ჩვენს მიწა-წყალზე, საეკლესიო ზარების ხმა ისმოდა ყველგან. ქართველი ხალხი შრომობდა მედგრად სხვა ძმებთან და მოყვასთან ერთად, ოფლი აწვიმდა მიწას და დაზგებს, მაგრამ ეს ოფლი იყო არა ჭირის და იძულების, არამედ ლხენის, სიხარულისა და დოვლათის დაგროვებისა; ოფლი, რომელიც არჩეულ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯისათვის დაიღვარა.

სკოლები და ინსტიტუტები ზრდიდნენ შვილებს ჩვენი ქვეყნისას, საზღვრებს იცავდნენ თავდასხმისგან ჩვენი შვილები, მეცნიერება მიიწევდა სინათლისაკენ, კეთდებოდა ყველაფერი ის, რაც სჭირდება ძმობას, სიყვარულს და აღმავლობას. ასეთი იყო ჩვენი ძველი კეთილი წელი. ახლა ახალი გვარგუნა ღმერთმა ნათლისამ და სასოებამ. კვლავ გველოდება გაზაფხული შრომისა და აყვავებისა. მე გისურვებთ, ჩემო სულიერო შვილებო, დიდ ძალოვნებას თქვენი სულისას და ხორცისას, რომ კიდევ მედგრად გადადგათ თქვენი მადლიანი და შეუპოვარი ნაბიჯი კაცობრიობის უკეთესი მომავლისაკენ. მე გისურვებთ, ჩემო ღირსეულო თანამორწმუნენო და თანამემამულენო, ნათელ გონერებას, რომ თქვენი ფიქრი არ განშორდეს მშვიდობაზე ზრუნვას, ვინაიდან მშვიდობის გარეშე ოფლი კი არ იღვრება სასიცოცხლო დოვლათის დასაგროვებლად, არამედ სისხლი და მწუხარება ყოველივე იმის წარსაწყმედად, რაც გარჯისა და მშვიდობის წლებში იქნა დაგროვებული.

უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე, მშვიდობისა და სიყვარულის გზით მოგვიწოდებდა მუდამ სიარულს: "რამეთუ ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოანე 15,12-13).

მე გისურვებთ, რომ მარად გულში გქონდეთ ეს "მცნებაი" ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრისა. მე შევთხოვ უფალს, რომ მწუხარება და შეშფოთება კი არ მოფენოდეს ჩვენს მშობლიურ მიწას ამ ახალ წელში, არამედ დიდი სათნოება, სარწმუნოება და სიყვარული. მე ვუსურვებ ჩვენს მხნე, სისხლსავსე ახალგაზრდობას, რომ მთელი აზრითა და მონდომებით გაჰყოლოდეს სწავლისა და განათლების გზებს და ბილიკებს, ვინაიდან უსწავლელისათვის ძნელი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსისა, რომელიც შექმნა შემოქმედმა თავისი განუზომელი ძლიერებითა და უკვდავი მარჯვენით, და რომელსაც დღეს ჩვენი მატერიალური სამყარო წარმოადგენს ჩვენთვის.

მე ვუსურვებ ცხოვრების სარბიელზე გამოსულ ჩვენს ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, რომ მომავალ წელში შექმნან პატიოსნებითა და სიყვარულით აღსავსე ოჯახები, ნუ დავივიწყებთ, რომ სიყვარული პატიოსნების გარეშე არ არსებობს, და პატიოსნება უსიყვარულოდ ობლის ხვედრს იტანს; ოჯახის შექმნას კი ერთიც სჭირდება და მეორეც, სიყვარულიცა და პატიოსნებაც.

მე ვუსურვებ ყველა მორწმუნესა და არამორწმუნეს, რომ შრომა და ურთიერთსიყვარული ყოფილიყოს უპირველესი წყარო მათი ბედნიერებისა.

ნუ დაივიწყებთ, ჩემო საყვარელო, ქრისტესმიერო შვილებო, რომ სიამაყეს, სხვის დაჩაგვრასა და სიმდიდრის მოხვეჭას განდიდება არ მოაქვს ადამიანისათვის, "რამეთუ ეგევითარნი უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი" (I რომ. 16,18). თქვენ თავმდაბლობა განგადიდებთ, სიყვარულისა და ურთიერთპატიების უმანკო გრძნობა აამაღლებს თქვენს სულებსა და პატიოსნებას. ესეც გახსოვდეთ, რომ პირველი მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა ადამიანებს მაცხოვარმა ჩვენმა უჩვენა, როდესაც თავისი ჯვარცმის წინადღეს მასთან მყოფ მოწაფეებს ფეხები დაბანა.

მე ღმერთსა ვთხოვ უცხოობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეთა სიცოცხლესა და ბედნიერებას. ვუსურვებ მათ, რომ მისცემოდეთ სურვილი და ღვთიური მადლი სამშობლოში დაბრუნებისა, ვინაიდან "სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა" (რაფიელ ერისთავი).

მაშ, ამაღლდით რწმენით, სიკეთით და პატიოსნებით, ჩვენი ერის ტკბილო შვილებო! შევთხოვოთ უფალს, რომ მოიტანოს ახალმა წელმა ჩვენი ხალხისა და სამშობლოსათვის ახალი სიბრძნე და ენერგია, ახალი წინსვლა, ახალი დიდი ნაბიჯები უკეთესი მომავლისაკენ, ახალი წყაროები და ნაკადულები აღმავლობისა, ახალი ზვრები და ბაღნარები, ახალი სკოლები და განათლების კერები, ახალი სითბო, ახალი სიტკბო, ახალი სუნთქვა სასოებით და აღტაცებით.

ღმერთი ხომ იცვლის ყველაფერს გარეშემოს როგორც სამოსს და თავად კი წლები არ აკლდება, ასევე თქვენც ახალ წელში ყველაფერი ძველი და უვარგისი თქვენი შრომის შედეგად ახლით და უკეთესით შეგეცვალოთ, ჩემო საყვარელო სამწყსოვ, გაზრდილიყავით, გამრავლებულიყავით და წლები არასოდეს მოგკლებოდეთ ღვთის წმიდა სულით უკვდავებამონიჭებულებს.

დიდება და მზეგრძელობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას; სარწმუნოების, შრომის, სიყვარულისა და სიკეთის გზით წინ უკვდავებისაკენ, ღვთისმშობლის ხვედრი ჩვენი კურთხეული მიწის შვილებო!

"მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა. ამინ" (I რომ. 16,24).

ბეჭდვა
1კ1