ილია II-ის ეპისტოლეებიდან
ილია II-ის ეპისტოლეებიდან
უფალო, ჩვენ გვესმის ხმაი შენი: "ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, ნუ შესცდები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯვენითა მართლითა ჩემითა" (ისაია 11,10).

"სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე, და სჯული შენი ჭეშმარიტ" (ფს. 118, 142).

მადლი, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა.

***
ცხოვრება ქრისტიანისა - ჯვრისმტვირთველობაა, იგი ყოფნაა თვით ქრისტეში, სიყვარულია მოყვასის ბედნიერებისათვის გაღებული, გაცხადებაა სულისა და ძალისა, - როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (I კორ. 2,4). მთავარია ადამიანი არ შეეჭიდოს იმ სიმძიმეს, მისთვის რომ არ არის განკუთვნილი, მთავარია, მან მიაგნოს თავის ჯვარს, რათა აკურთხოს იგი უფალმან და იყოს "უღელი მისი ტკბილ და ტვირთი მისი მსუბუქ".

რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი ქრისტესი, უნდა გვესმოდეს ჯვრის ღრმა აზრი და დიდი ძალა. ჟამნში ვკითხულობთ:

"უძლეველო, ახოვანო, საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, გარეშემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე".

...თუ შენ შეძლებ ამ სიტყვების გულით მიღებას და მათი დიდი მნიშვნელობის შეცნობას, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგამარცხებს და სიცოცხლის ბოლოს შენც შეგიძლია თქვა: "ქრისტეს თანა ჯარცმულ ვარ, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალატ. 2, 19-20).

***
ადამიანი სამყაროს განსაკუთრებული მოვლენაა, დაჯილდოებული აზროვნებითა და სხვა ღვთივმომადლებული უნარით. მისი მიზანი და დანიშნულებაა ღმერთში ცხოვრება და ნეტარი მარადიულობის მოპოვება.

კაცი შემოქმედის განსაკუთრებული ქმნილებაა, უკვდავებას ზიარებული. უკვდავება მისი სულის თვისება არ არის მხოლოდ, არამედ სხეულისაც, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს უნდა აღდგეს.

ბეჭდვა
1კ1