ილია II-ის ეპისტოლეებიდან
ილია II-ის ეპისტოლეებიდან
რაც უფრო დავუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს. ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს.

***
ადამიანს განსაცდელი გაცილებთ შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიული თვალით შეხედავს. თუ მას მხოლოდ მიწიერი ცხოვრება სწამს, მაშინ ამქვეყნიური - ავადმყოფობა, ტანჯვა, განშორება და სიკვდილი უაზროდ წარმოუდგება.

სად არის გამოსავალი ამ ჩიხიდან, რაშია აზრი ცხოვრებისა? ცისა და დედამიწის, ღვთისა და ადამიანის კავშირში, ჩვენს მხურვალე და წრფელ რწმენაში.

***
უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმინდა გული. "მშვიდობა თქვენდა" - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს. მიიღე, შვილო, ეს წყალობა, ქრისტეს ეს ნათელი და გიხაროდენ, რადგან ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ ინება მან შენთან შეხვედრა და საუბარი, ისმინე და დაიმახსოვრე მისი სიტყვები: "აჰა, ესერა მე გამცნებ შენ, განძლიერდი და მხნე იყავ, ნუ შეძრწუნდები, ნუცა გეშინინ, რამეთუ მე შენთანა ვარ უფალი ღმერთი შენი ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხვიდოდი" (ისუ ნავე 1,9).

აღდგომილი მაცხოვრის მიერ მოფენილი მშვიდობა მომცველია ყოვლისა სიკეთისა: კურთხევისა, ღვთის მოწყალებისა, ცოდვათა მიტვებისა, განმართლებისა, სიმშვიდისა, სიხარულისა, მარადიული ცხოვრებისა...

ბეჭდვა
1კ1