ილია II-ის ეპისტოლეებიდან
ილია II-ის ეპისტოლეებიდან
ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ჩვენი ხსნისა და ცხოვრებისთვის აღესრულა ეს ყოველივე. ადამიანი ხომ ყველაზე ძვირფასია ქმნილებათა შორის. იგი არის დიადიც და ძალიან მცირეც. მასშია ზეცის სიმაღლე და სიმდაბლე ჯოჯოხეთისა. ცხოვრება განსაცდელია; მიზანი - განღმრთობა. ოღონდაც მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ.

***
სიხარული მოგენიჭება, როცა სიკვდილისგან იხსნი ადამიანს, დაეხმარები გაჭირვებულს, სულიერი მღელვარების ჟამს მხარში ამოუდგები მას, მხურვალედ ილოცებ, აღსარების საიდუმლოს საშუალებით გათავისუფლდები ცოდვებისგან წმიდა ზიარების წყალობით განიცდი უფალს შენში, აპატიებ შემცოდეთ, შეარიგებ დამდურებულთ, ჭეშმარიტების გზაზე დააყენებ შეცდომილთ - ყველა ასეთი წუთი ბედნიერების მომტანია და დიდი ხნის მანძილზე ასაზრდოებს სულს.

***
...უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: "ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ" (ლუკა 8,50).

რით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს?

მოწიწებით უნდა მივიღოთ იგი, გულის სიღრმეში უნდა მივუჩინოთ სამყოფელი და გარშევარტყათ მთრთოლვარე სიყვარული.

***
მაშ, შეიყვარე მოყვასი და ამით შეიყვარებ შემოქმედს, შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან, - წმინდა მამების ეს რჩევა ჩვენი ცხოვრების კანონად უნდა ვაქციოთ.

ამ გზაზე შეურაცხყოფაც შეგხვდება და ცილისწამებაც, დაცინვაც და დამდაბლებაც, დაცემაც და აღდგომაც. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ყველაფერი ჩვენი ამპარტავნების წამალია, მწარე, მაგრამ განმაკურნებელი წამალი.

ბეჭდვა
1კ1