მეორედ მოსვლის წინ ურწმუნოთა სამხილებლად ცაზე ისევ ჯვარი გამოისახება
მეორედ მოსვლის წინ ურწმუნოთა სამხილებლად ცაზე ისევ ჯვარი გამოისახება
ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
"მიაქციეთ ყურადღება, რას გვეუბნება უფალი: აღიღენ ჯუარი თვისი, ე.ი. შენი და არა სხვისი. შეგახსენებთ, რომ ჯვარში ის განსაცდელი იგულისხმება, რომელიც ადამიანს ცხოვრების გზაზე ხვდება. ძალიან ხშირად ჩვენ გვეჩვენება, რომ სხვისი ცხოვრების გზა ნაკლებად ეკლიანია და სხვისი განსაცდელი შედარებით მსუბუქია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ყოველ ჩვენგანს იმ ჯვარს აძლევს, რომლის ზიდვაც ჩვენს ძალას არ აღემატება".

* "დღეს ხშირად გამოხატავენ გაოცებას იმის გამო, რომ ებრაელებმა იესო ქრისტე, რომელიც მათ გვერდით ცხოვრობდა და სასწაულებს სჩადიოდა, ვერ იცნეს და ჯვარზე გააკრეს, მაშინ როცა მათ რომ ასეთი ბედნიერება ღირსებოდათ, ყველაფერს დატოვებდნენ და მაცხოვარს შეუდგებოდნენ. საკითხის ასე დასმა გაუმართლებელია, რადგან მაშინაც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც მართლაც ყველაფერი დატოვეს და იესოს მიმდევრები გახდნენ და ისეთებიც, რომლებიც უფალს დასცინოდნენ და რომელთაც იგი ბოლოს ჯვარზე გააკრეს".

* "განუზომლად დიდია ჯვრის ძალა ადამის მოდგმის მტერთან ბრძოლაში. საქართველოში შემოსულ წმინდა ნინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, ჯვარი გადასცა და უთხრა, რომ ამ ჯვრით გაიმარჯვებდა. როცა რომის იმპერიას დაშლის საფრთხე დაემუქრა, გადამწყვეტი ბრძოლის წინ იმპერატორ კონსტანტინეს ცაზე ჯვარი გამოესახა წარწერით, რომელიც იუწყებოდა, რომ იმპერატორს ეს ჯვარი დროშებზე უნდა გამოესახა და გაიმარჯვებდა. იგი ასეც მოიქცა, ქვეყნის ერთიანობის მტრები დაამარცხა და იმპერია გააერთიანა.

ჯვარი უპირველესი იარაღია მორწმუნისა, იგი იცავს მას ხილული და უხილავი მტრების შემოტევისაგან. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ამ ქვეყნის არსებობაც ჯვარმა უნდა დაასრულოს. იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ურწმუნოთა სამხილებლად ცაზე ისევ ჯვარი გამოისახება.

ჯვარი უნდა გადასახოთ თქვენს სახლს, სამოსს, საწოლს, საჭმელს, საქმეს, რომელსაც აკათებთ და მისი ძალა დაგიცავთ თქვენ".

* "ჯვარმა უმძიმეს საუკუნეებში გამოატარა ჩვენი ქვეყანა, რამეთუ ცნება - "ქრისტიანისა" და "ქართველისა" თავისი ღმრთისა და მშობელი მიწის ერთგული, მუსულმანურ სამყაროში მოქცეული მცირე, მაგრამ სულით ძლიერი ერისთვის სინონიმად იყო ქცეული. ქრისტეს ჯვარმა საქართველო დაღუპვისაგან გადაარჩინა"...

* "თუ ჩვენი ერის წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იმ დღიდან, რაც საქართველოში კვართი უფლისა იქნა მოტანილი და რაც ჩვენმა ხალხმა მოციქულთა ქადაგება მოისმინა და ქრისტეს გზას შეუდგა, უფალმა მას ჯვარი მისცა, რომელსაც დღესაც ეზიდება. თითქოს ეს ჯვარი განსაკუთრებით მძიმე იყო, მაგრამ იგი ერთადერთია, რომელმაც საქართველო გადაარჩინა, კვლავაც გადაარჩენს და აღდგომამდე და ამაღლებამდე მიიყვანს".

* "იმდენად მძიმეა ჯვარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, რომ რევოლუციის შემდეგ მხოლოდ უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ გაუძლო მის ტარებას ოცი წლის მანძილზე".

* "წმინდა მოციქული პავლე მოგვიწოდებს: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი", ე.ი. დაეხმარეთ ადამიანს მისი წილხვედრი ჯვრის ტარებაში და თუ დახმარება არ შეგვიძლია, დამძიმებით მაინც ნუ დავუმძიმებთ.

ყოველ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, ყოველ კაცს ეძლევა თავისი ჯვარი, მაგრამ ზოგს ძალიან მძიმე ჯვარი ეძლევა, ჯვარი ერისა. აი, ასეთი მძიმე ჯვრის ტარება დამაკისრა ღმერთმა მე, ცოდვილს. მინდა გითხრათ, რომ მძიმეა ჯვარი პატრიარქისა. თქვენ ხედავთ მხოლოდ პატრიარქის დიდებას: საზეიმო წირვა-ლოცვას, შემოსვას, ხოლო იმ მოვალეობის სიმძიმეს, რომელიც მას აკისრია, - ვერა, და ალბათ არც არის საჭირო.

ჩემი უპირველესი სურვილი იმ წლების განმავლობაში, რაც პატრიარქი ვარ, იყო გაერთიანება ქართველი ერისა და უფალთან მიახლოება. რამდენად შევძელი ამ სურვილის აღსრულება, არ ვიცი, მაგრამ გავაკეთე იმდენი, რამდენიც შემეძლო და ვმადლობ უფალს იმისთვის, რისი გაკეთებაც შემაძლებინა".

* "ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ მისი მადლით უარყოთ თავი თქვენი, აიღოთ ჯვარი თქვენი, სხვისი კი არა, თქვენი ჯვარი, ის ჯვარი, რომლის ტარებაც ხელგეწიფებათ - რადგან ზოგიერთი ადამიანის ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავისას კი არა, სხვის ჯვარს იღებს, - და შეუდგეთ ქრისტეს.

ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს!"
ბეჭდვა
1კ1