"სიკეთე აუცილებლად მიგიყვანს სარწმუნოებასთან"
"სიკეთე აუცილებლად მიგიყვანს სარწმუნოებასთან"
ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
"უფალი გვეხმარება წამოდგომაში, გვეხვევა და ისე მივყავართ ჭეშმარიტების გზაზე, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთან მოსულ უფალს წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ და უნდა გავყვეთ. თუ ამას შევძლებთ, მაშინ გამოიღებს ჩვენი ცხოვრება კეთილ ნაყოფს, მაშინ აღვასრულებთ ჩვენს ვალს და მაშინ იქნება ჩვენი აღსასრული მშვიდობიანი".

* "დღეს ჩვენს ირგვლივ ბოროტება მძვინვარებს, რისი მიზეზიც თითქოს აუხსნელია, რადგან მეცნიერულსა და ტექნიკურ სიახლეებს ზღვარი არა აქვს, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამაგიეროდ უზარმაზარი ნაბიჯებია გადადგმული უკან მორალისა და სულიერების სფეროში, ყოველივე ნათელი გახდება. ამ ბოროტების სიბნელეში თქვენ უნდა ჰგავდეთ ღამით ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის, რათა სხვას გზა გაუნათოს, ეს რომ შეძლოთ, გულის სიკეთე უნდა გქონდეთ, რომელიც უფალს უნდა სთხოვოთ.

დიდი მეცნიერები ამბობენ, რომ დღეს ფილოსოფოსები კი არა გვყავს, არამედ მხოლოდ კრიტიკოსები. მართლაც, დღეს ყველა აკრიტიკებს, ყოველი ადამიანი სხვაში მხოლოდ ცუდს ხედავს და ვეღარ ამჩნევს სიკეთეს, რომელიც მაინც დარჩა. ასე რომ არ იყოს, კაცობრიობა უკვე ვეღარ იარსებებდა, დაიღუპებოდა".

* "სიკეთის საბოლოო დათრგუნვა შეუძლებელია. შეიძლება ბოროტებამ დროებით გაიმარჯვოს, მაგრამ მაინც წაგებულია, რადგან ადრე თუ გვიან, განგებით ღვთისა, აუცილებლად დაემხობა. ადამიანს, რომელსაც ბოროტი სული ეპატრონება, სასწაულის ჩადენაც კი შეუძლია, მაგრამ იგი მხოლოდ მოჩვენებითი და დროებითი აღმოჩნდება. ბოროტი სულისაგან ბოძებული დიდება ამაო და ხანმოკლეა, ამგვარ დიდებას გამოდევნებული კაცი უცილობლად იღუპება. ერთადერთი ძალა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ბოროტებასთან ბრძოლა, - ეს არის ჩვენი რწმენა, სიყვარული და სასოება. უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორც წმიდა ბასილი დიდი გვასწავლის, ბოროტება ბოროტებით კი არ იკურნება, პირიქით, ორმაგდება; მხოლოდ სიყვარულით, შენდობითა და მიტევებით შეიძლება მისი მოსპობა".

* "ტალახში ამოსვრილი მარგალიტი გარეცხვისა და გაწმენდის შემდეგ ისევ გაბრწყინდება. ასევეა ადამიანის სულიც, რაც არ უნდა მძიმე ცოდვებში იყოს ჩაფლული, თუ წამოსადგომად ძალა მოიკრიბა და განიწმინდა, სიკეთითა და სათნოებით გაბრწყინდება. რამდენი ყოფილა ცოდვილი, მეძავი, ავაზაკი, ქურდი, კაცისმკვლელი და შემდეგ წმინდანი და ანგელოსთა სწორი გამხდარა. ამიტომ ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიკითხავთ, ხვალ შეიძლება სინანულით, აღსარებითა და ლოცვით წმინდანი გახდეს".

* "ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ სულიწმიდის ტაძარი გახდეს. თუ იგი მართლაც იქცევა ტაძრად სულისა წმიდისა, მაშინ მისგან მხოლოდ სიკეთე მოდის. რა თქმა უნდა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დაბრკოლებები აღარ ექნება და აღარასოდეს შესცოდავს, მაგრამ მთავარი გეზი მისი ცხოვრებისა და მისი მიზანი სიკეთის სამსახური გახდება".

* "შესაძლოა ადამიანს მატერიალური გასაჭირი არ ადგეს, მაგრამ სულიერად უჭირდეს. ამ დროს მას ჩვენგან კეთილი, მანუგეშებელი სიტყვა და თბილი ღიმილი სჭირდება. ჩვენ კი ხშირად ეს ღიმილიც გვენანება ერთმანეთისათვის, უფრო სწორად, არ შეგვიძლია, რადგან ღიმილი შინაგარი არსის გამოვლენაა, ხოლო ჩვენი შინაგანი არსი მშფოთვარეა და სიმშვიდეს მოკლებული".

* "მართლაც ძნელია აპატიო ადამიანს, ვისთვისაც მრავალი სიკეთე გაგიკეთებია, ვისთვისაც არაფერი დაგნანებია, თვით სიცოცხლეც კი, ხოლო მას სამაგიერო ბოროტებით გადაუხდია. მაგრამ თუ ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ და მხოლოდ სახელს არ ვატარებთ ქრისტიანისას, მაშინ მაინც უნდა შევძლოთ პატიება და იმ ღვარძლის ამოგლეჯა გულიდან, რომელიც ბოროტმა ხელმა დათესა".

* "ნუ დაგვავიწყდება, რომ მიმტევებლობა ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია ქრისტიანისა. თუ თავს ქრისტიანს უწოდებ, პატიება უნდა შეძლო. თუ პატიება ვერ შეძელი და მტერი ვერ შეიყვარე, ილოცე მაინც მისთვის, რათა უფალმა ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს და ამ სიკეთის საფასურს უფალი შენვე ათმაგად დაგიბრუნებს".

* "მე მინდა შოტლანდიელი ფილოსოფოსის - ბიატის ცხოვრების ერთი ფურცელი შეგახსენოთ.

მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც ძალიან უყვარდა და სურდა, მისთვის სასულიერო განათლება მიეცა. ამიტომაც ცდილობდა, ღვთის სიყვარული თავიდანვე გაეღვივებინა მასში.

როდესაც ბავშვს 5-6 წელი შეუსრულდა და კითხვა ისწავლა, მამამ ასეთი გამოცდა ჩაუტარა: ბაღის ერთ კუთხეში, ხნულზე, ისე, რომ არავის დაენახა, შვილის სახელი დაწერა, კვლებში ყვავილების თესლი ჩაყარა, მერე მიწა მიაყარა და გაასწორა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭმა მამასთან მიირბინა და გახარებულმა უთხრა, რომ ბაღში თავისი სახელი ნახა ყვავილებით დაწერილი. მან გაიცინა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ბიჭი არ მოეშვა და აიძულა, წაჰყოლოდა იმ ადგილის სანახავად. როცა მივიდნენ, მამამ თავშეკავებით თქვა, რომ ამაში საკვირველი არაფერი იყო და იგი შემთხვევითობას მიაწერა. ბიჭი არ დაეთანხმა.

- მაშ, მიგაჩნია, რომ შენი სახელი თავისით არ დაწერილა? - ჰკითხა მამამ.

- დიახ, - მტკიცედ მიუგო პატარამ.

ბოლოს მამამ აღიარა, თუ როგორ დათესა კვლებში ყვავილების თესლი და დაუმატა, რომ მსგავსად ამისა, არც სამყარო და მასში დაცული გასაოცარი წესრიგია თავისით შექმნილი, რომ იგი გამოვლენაა ღვთაებრივი გონისა და სიყვარულისა, ქმნილება ღვთის ხელისა".

* "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ადამიანს მისი დამსახურებისათვის კი არ ეძლევა, არამედ როგორც ნიჭი, როგორც საჩუქარი ყოვლადწმიდისა სამებისა. ამიტომაც ყოველი სასულიერო პირი უხვად უნდა გასცემდეს მადლს სულისა წმიდისა, ყოველი სასულიერო პირი უნდა იყოს ტაძარი სულისა წმიდისა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მას სიყვარულიც, თავმდაბლობაც, პატიებისა და შენდობის უნარიც, ე.ი. ყოველი სიკეთე, რასაც ადამიანებს სულიწმიდა ანიჭებს".

* "მოციქულთა ყველაზე დიდი ღვაწლი ის იყო, რომ მათ სულიწმიდის მადლითა და ძალით ადამიანები შეცვალეს. ეს ფერისცვალება განვიცადეთ ჩვენც, ქართველებმა. მართალია, ბოროტება და ბოროტმოქმედნი ისევ არსებობენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ სიკეთეცა და სიყვარულიც ძლიერია ჩვენში".

* "ბევრს შემოუჩივლია ჩემთვის, რომ სურს იწამოს ღმერთი, მაგრამ არ შეუძლია, რადგან გონებით ვერ იღებს. რა თქმა უნდა, ამგვარ შემთხვევაში ღვთის არსებობის მეცნიერულ-ფილოსოფიური დასაბუთება შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომაც მიკითხავს: სწამს თუ არა სიკეთისა და ბოროტების არსებობა, და როცა დადებითი პასუხი მიმიღია, მითქვამს: ერიდე ბოროტებას და სიკეთე აკეთე, და ეს სიკეთე აუცილებლად მიგიყვანს სარწმუნოებასთან-მეთქი. რადგან არ შეიძლება დაკარგვა სიკეთისა, რომელიც სიყვარულიდან მომდინარეობს, ხოლო სიყვარული თვითონ ღმერთია, ამიტომ უფალი ამგვარ ადამიანს გულსა და გონებას აუცილებლად გაუხსნის რწმენისათვის".
ბეჭდვა
1კ1