"დაე, ნათელი ქრისტესი შემოვიდეს ყოველი თქვენგანის გულში"
"დაე, ნათელი ქრისტესი შემოვიდეს ყოველი თქვენგანის გულში"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ტკბილ არს ნათელი, - ამბობს ეკლესიასტე, - კეთილ თუალთა ხედვად მზისა (ეკლესიასტე 11,7).

ადამიანი ესწრაფოდა სინათლეს, ეძიებდა ნათელს, ელტვოდა სიმართლეს, ჭეშმარიტს, სიკეთეს, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საით გაეგნო გზა.

გზა ჭეშმარიტი, გზა ცხოველი თავად მოაბიჯებდა კაცობრიობისკენ და დადგა ჟამი აღმოსავლისა მზისა ქრისტიანეთასა.

ქრისტეს ნათელმა განაბრწყინა მსოფლიო. იგი გვაცისკროვნებს ჩვენც, თუმცა გამოცდა კვლავაც გრძელდება".

***
"ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისათვის, არამედ - განწმენდისთვის, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისთვის".

***
"როგორია ღვთის კანონი, როგორ მიჰყავს შემოქმედს ადამიანი თავისკენ? თავდაპირველად ქვევით, შემდეგ კი ზევით, ჯვარცმიდან აღდგომისა და ამაღლებისაკენ, ბნელიდან ნათლისაკენ. ხშირად ვერ ვხსნით, რატომაა აუცილებელი ჩვენთვის მძიმე განსაცდელი, ხშირად ვერ ვიგებთ, არ გვესმის უფლისა; მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანს მივაღწევთ, მივხვდებით, რომ განვლილი სიმწარე და შეჭირვება საჭირო და აუცილებელი იყო სულის წრთობისათვის".

***
"ეკლესიის ცხოვრებაში, როგორც საიდუმლოში, არის ორი მხარე: გარეგნული მხარე, რომელიც მოიცავს ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას, დაფუძნებულს ქრისტიანულ რწმენასა და სიყვარულზე, და მეორე მხარე - მისტიკური, რომელიც იწყება აქ, დედამიწაზე, და ზეციური სასუფევლის მარადიულობაში გრძელდება".

***
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა (პირველშეწირულის ლიტურღია).

ეს სიტყვები მრავალ კითხვას აღგვიძრავს: რას წარმოადგენს ქრისტეს ნათელი და სად ვეძიოთ იგი? თუ თავადი იგი განანათლებს ყოველთა, მაშინ რატომღა არიან წარწყმედულნი მავალნი გზასა ფართოსა?

მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი (იოანე 8,12), - ბრძანებს მაცხოვარი.

საოცარი სიტყვებია. ისინი მიუთითებენ იესო ქრისტეს მხოლოობასა და განუმეორებლობაზე, მის ძალაუფლებაზე ქვეყანასა ზედა. ამგვარად თქმა არ შეეძლო და არც შეუძლია წინასწარმეტყველს, მოციქულს, ფილოსოფოსს, მეცნიერს, არც სხვა ვინმეს კაცთაგანს, ასე მხოლოდ ღმერთკაცი ზრახავს. "ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად". იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი ნათელ არს (I იოანე 1,5).

იესო ქრისტე არა მსგავს არს ნათლისა, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარვდების, იგი ნათელია დაუსრულებელი, ყოვლისმპყრობელი, ნათელი, რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია (იოანე 1,5)".

***
"ნათელი ქრისტესი სულიერი ძალაა, საფუძველია ქვეყნიერებისა. თუ მზის სინათლის გარეშე სიცოცხლე შეწყვეტდა არსებობას, თვინიერ ღვთაებრივი ენერგიისა სიცოცხლე საერთოდ არ წარმოიშობოდა. სიცოცხლე, მიზიდულობის თუ სხვა კანონები, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ, გამომსახველნია უმაღლესი ჰარმონიისა, შედეგია ღვთაებრივი გონებისა და ძალისა.

ნათელი ესე ბრწყინავდა და იბრწყინვებს ნიადაგ, განურჩევლად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. საკითხავი ისაა, გავხდებით ჩვენ თანაზიარნი ამ ნათლისა, შევიცნობთ კი მას? შევძლებთ გავიგოთ, რომ... ძე ღმრთისაი მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაი, რაითა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაი საუკუნოი (I იოანე 5,20). მხოლოდ ქრისტეს ნათელს ძალუძს ფერისცვალება სამყაროსი და ჩვენი. გიხაროდეთ ყოველთა, რომელთა მოგიპოვებიეს მცირედი ნაწილიც კი ზეციური ნათლისა, რომელნიც შემოსილნი ხართ მისი შარავანდედით: თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი... ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა (მათე 5,14-16). განა სად ვეძიოთ ნათელი ესე, რათა განვიბანოთ მის სხივებში? ცოდნაში, მეცნიერებაში, სიმდიდრესა თუ განცხრომაში? მაგრამ ყოველივე ეს ხომ არამტკიცე, წარმავალი და არასაიმედოა. პასუხი ერთადერთია: ქრისტეს ნათელი თვით მის სხეულშია, ღვთაებრივი ლოგოსის სხეულში - ეკლესიაში. ეს ის ეკლესიაა, რომელიც კლდესა ზედა არს დაშენებული და რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ".

***
"ხშირად ისეც ხდება, რომ თვით მორწმუნეც კი, გადის თუ არა ტაძრიდან, აქ მიღებულ მადლს კარგავს და ქრისტეს ნათელიც, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინო უნდა იყოს მასში, ყოველდღიური წვრილმანი საზრუნავებით იფარება.

გავიხსენოთ, რომ პირველ ქრისტიანებს მნათობებს უწოდებდნენ, რადგან ისინი თავიანთი სიწმინდით და მოწამებრივი ცხოვრებით მართლაც რომ ანათებდნენ".

***
"ნათელი არის მადლი და ძალა ღვთისა, მაგრამ არსებობს ფიზიკური ნათელი, - ეს არ უნდა ავურიოთ. ნათელი ქრისტესი აღავსებს ადამიანს სიყვარულით, სასოებით, იმედით, სარწმუნოებით; ნათელი ქრისტესი - ეს არის მარადიული ნათელი ღვთისა".

***
"ბიბლიიდან გახსოვთ, როცა მოსე წინასწარმეტყველი ავიდა სინას მთაზე და მას მიეცა ათი მცნება, უკან დაბრუნებისას ისე ანათებდა მისი სახე, რომ ხალხი ვერ უყურებდა. იგი იძულებული იყო, დაეფარა სახე, რომ თვალი არ მოეჭრა ადამიანებისათვის ამ ნათებას. სწორედ ეს იყო ნათელი ღვთისა, რომელიც მიენიჭა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნების მიღების დროს. უფლის ფერისცვალება კი - ეს არის იესო ქრისტეს ნათება; იესო ქრისტემ აჩვენა თავისი დიდება, თავისი ღვთაება იმდენად, რამდენიც შეეძლოთ დაენახათ მოციქულებს. ეს იყო მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც ახლავს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. მოციქულებს რომ დაენახათ სრული ნათება, ისინი ვერ გაუძლებდნენ და დაიხოცებოდნენ. ნათელი ქრისტესი ძალისაებრ თვისისა უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. როგორც უღრან ტყეში მყოფი შორს პატარა ნათელსაც ხედავს და მისკენ ისწრაფვის, ასე უნდა ვესწრაფოდეთ ქრისტეს ნათელს, რომ იგი შემოვიდეს ყოველი ადამიანის გულში, მაგრამ ადამიანი მზად უნდა იყოს ამ ნათლის მისაღებად. ამაზე ბევრია დაწერილი, განსაკუთრებით ბევრს საუბრობს დიდი მოღვაწე, სულიერი მამა, გრიგოლ პალამა".

***
"თუ გვექნება რწმენა და სიყვარული, ღვთის მოწყალებით, ღირსნი გავხდებით იმ სიხარულისა, რომელსაც არა აქვს დასასრული. მთავარია, არ შევცდეთ, არ გადავუხვიოთ გადამრჩენელი გზიდან".

***
"დაე, ნათელი ქრისტესი შემოვიდეს ყოველი თქვენგანის გულში, ნათელმა ქრისტესმა მოაქციოს მთელი საქართველო. მადლი ღვთისა ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრძოლაა კეთილსა და ბოროტს შორის, მადლი ღვთისა აუცილებლად გაამთლიანებს საქართველოს".
ბეჭდვა
1კ1