"ერთობაშია ჩვენი ძალა, ერთსულოვნებაშია ჩვენი გამარჯვება"
"ერთობაშია ჩვენი ძალა, ერთსულოვნებაშია ჩვენი გამარჯვება"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
* "ყველანი, ვინც არის წევრი ეკლესიისა, ატარებენ რჩეულთა ბეჭედს არა იმიტომ, რომ მხოლოდ მათ დაიმკვიდრონ საუკუნო ნეტარება, არამედ რათა შეცვალონ და გააერთიანონ მთელი კაცობრიობა, დაყოფილი ცოდვითა და ეგოიზმით.

ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ არა გარეგანი ნიშნებით, არამედ შინაგანი არსებით, როგორც გაერთიანებულია სამპიროვანი წმიდა სამება ერთარსებად, და ქრისტიანთა ეს გაერთიანება ერთ აზრსა და ერთსულოვნებაში უნდა ვლინდებოდეს".

* "როცა ვუერთდებით სიცოცხლის წყაროს - უფალს - მისი უკვდავი ხორცისა და სისხლის ზიარებით, ვხდებით ნაწილი მისი მარადიული და უკვდავი სხეულისა, რომელიც შეაერთებს თავის არსში ცოცხალთა და მკვდართა და წარმოქმნის ერთს - ქრისტეს წმიდა ეკლესიას. ღვთისა და კაცის ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა".

* "სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქმნება სამი - ღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობად, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად.

განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - ისაა, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგად ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებს. ე.ი. ყველა ყველასთვის პასუხს აგებს და ყველა ყველასთვის იტანჯება".

* "შეუძლებელია იყოს განხეთქილება სიტყვასა და საქმეს, ლოცვასა და ღმერთს, რწმენასა და ცხოვრებას, რწმენასა და სიყვარულს შორის. ცხოვრება უნდა იყოს ერთარსი რწმენისა, ადამიანი კი - სიყვარულისა. იქ, სადაც შინაგანი და გარეგანი ერთარსად არ არის ქცეული, სადაც არ არის შინაგანი სულიერი ერთობა ადამიანისა ღვთიურ სამყაროსთან, იქ არც სიყვარულია, იქ ყველაფერი გარეგანია, უხეშად მატერიალური, დროებითი; იქ სრული გულგრილობაა".

* "ეკლესიაში არ არის გაყოფა, მისი წევრნი არ არიან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი დამოუკიდებელი ჯგუფები, მათ აქვთ ერთი გული, ერთსულ არიან, მათ ხელმძღვანელობს ერთი და იგივე სულიწმიდა, ისინი შეადგენენ ერთ მთლიანობას - ქრისტეს სხეულს. მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის ლოცვით შეიძლება გახდეს ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა.

ეკლესია სულია ერისა.

ეკლესიაში ყველაფერი ერთიანი უნდა იყოს: ერთი თავი - უფალი იესო ქრისტე, ერთი სული ღვთისა, რომელი ყოველთა აღავსებს, ერთი მოძღვრება რწმენისა და ცხოვრებისა, ერთნი მაცხოვნებელნი საიდუმლონი, რაც ყველასთვის აუცილებელია".

* "ეკლესია ერთია, მაგრამ დაყოფილია ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებად, რომელნიც არიან წევრნი ერთი წმიდა, მსოფლიო სამოციქულო ეკლესიისა. მასში შედიან: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და სხვა ეკლესიები. წმინდა კვიპრიანე ამის შესახებ შესანიშნავად ამბობს: "მზე გამოყოფს უამრავ სხივს, მაგრამ ნათელი ერთია; ხეს აქვს ტოტები, მაგრამ იგი ერთია; ნაკადულნი ერთი სათავიდან გამოედინებიან... განაცალკევე მზის სხივი მზისაგან - ერთიანობა არ დაუშვებს სინათლის ცალკე არსებობას; ჩამოაჭერი ხეს ტოტი - ჩამონაჭერი დაკარგავს სიცოცხლეს; გათიშე ნაკადული სათავისაგან - ნაკადული დაშრება. მსგავსად ამისა, უფლის ნათლით გაცისკროვნებული ეკლესია მსოფლიოს ჰფენს თავის სხივებს და ამავე დროს ის მაინც ერთია, არ ირღვევა მთლიანობა მისი სხეულისა, მთელ ქვეყანაზე გადაშლილი აქვს თავისი ნაყოფიერი ტოტები".

* "წმიდა მოციქულ პავლეს მიერ კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში ჩანს, რომ კორინთელთა ეკლესიაში დაყოფა მომხდარა: ერთნი ამბობდნენ, რომ პავლესნი იყვნენ, მეორენი - აპოლოსისა, მესამენი - კეფასი, ე.ი. პეტრე მოციქულისა, სხვანი კიდევ - ქრისტესნი. ასე დაყოფა იმას ნიშნავს, რომ მათ შორის მტრობა ჩამოვარდნილა, რაშიც თვითონ პავლე, პეტრე და აპოლოსი, ცხადია, არაფერ შუაში იყვნენ. ხალხი თვითონ დაიყო, რადგან დაივიწყა მთავარი - ვინ იყო ქრისტე და ვინ იყვნენ მოციქულები. ამის გამო პავლე მოციქული კორინთელებს საყვედურობს და ეკითხება: განა შესაძლებელია ქრისტეს დაყოფა ან განა პავლე ეცვა მათთვის ჯვარს? ანუ სახელითა მიმართ პავლესითა ნათელ-იღეს?

ყოველ მოძღვარს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა აკისრია - რაც არ უნდა ამაღლებული და სულიერი პიროვნება იყოს იგი, უფალსა და მორწმუნეს შორის არ უნდა ჩადგეს. მე ვიცი, რომ თქვენ გყავთ მოძღვრები, რომლებთანაც აღსარებას ამბობთ და რომელთა რჩევა-დარიგებასაც უსმენთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ქრისტე დაივიწყოთ და მოძღვარს დაემონოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ იგი მხოლოდ შუამავალია თქვენსა და უფალს შორის. ერთიანობას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ერთი სული და გონება უნდა შევინარჩუნოთ, რადგან თავად ეკლესია, რომლის წევრებიც ვართ, ქრისტეს ერთიანი და განუყოფელი სხეულია".

* "ჩვენში, ღვთის მადლით, არის ძლიერი გენი, ისეთი გენი, რომელიც იყო წმიდა მეფე დავით აღმაშენებელში, წმიდა თამარ მეფეში. ჩვენში არის სისხლი და ხორცი ჩვენი წინაპრებისა და ამიტომ იმედი მაქვს, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, რომლებიც დღეს გვხვდება, ჩვენ გვექნება ერთსულოვნება. რამდენიმე წლის წინ გამოითქვა ასეთი სიტყვები: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!" აი, ეს ერთობა არ მოგვიშალოს ღმერთმა. ერთობაშია ჩვენი ძალა, ერთსულოვნებაშია ჩვენი გამარჯვება".
ბეჭდვა
1კ1