კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოოს ცხონებით
კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოოს ცხონებით
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"უფალი ბრძანებს: "გაიძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ, უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა ღმერთი თქვენი, მოვა შურისძიება, ღვთის საზღაური: ის მოვა და გიხსნით თქვენ" (ესაია 35,3-4).

თუ წარმართნი ასწავლიდნენ, რომ "ომი მამაა ყოვლისა, მეფე ყოველთა" (ჰერაკლიტე ეფესელი), ხოლო ებრაელნი - "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ" (გამოსვლათა 21,24), მაცხოვარმა დედამიწაზე სიყვარული და შერიგება მოიტანა.

ადამიანმა და მით უმეტეს ქრისტიანმა სიყვარულის კანონით უნდა იცხოვროს და განაგდოს თავისგან სიძულვილი და წინააღმდეგობის სული. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: ვისაც სძულს ძმა ანუ მოყვასი თვისი, ბნელსა შინა არს. მართლაც, მტრობის, სიძულვილისა და მრისხანების ტყვეობაში მყოფისგან ნათელი განშორებულია. ამიტომაც იგი გარე სამყაროს არასწორად აღიქვამს და ვერ გრძნობს, რომ სხვისი მტრობით სინამდვილეში ბოროტად საკუთარ თავს ექცევა, რადგან ამ დროს გაცილებით დიდ ვნებას თავის სულს აყენებს...

შეხედეთ, ჩვენს გვერდით ადამიანები როგორ ადვილად სჩადიან დანაშაულს: არ ერიდებიან მკვლელობას, ძარცვას, ქურდობას. იქმნება ტერორისტული ჯგუფები, ფულის თუ თანამდებობის გულისთვის სიცოცხლეს უსწაფებენ ერთმანეთს. შემდეგ კი ბოროტების ჩამდენნი თვითონაც ისეთივე საშინელი სიკვდილით კვდებიან, როგორიც სხვას განუმზადეს, უფრო მეტიც, ისინი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც იღუპებიან.

არ შეიძლება ძარცვით და ადამიანის სისხლის ფასით მოიპოვო პური არსობისა. გახსოვდეთ, დანაშაული დაუსჯელი არ რჩება ამქვეყნად. უფალი მკაცრად მიაგებს ყველას საზღაურს. ცოდვა მძიმე ტვირთად აწვება არა მარტო ბოროტების ჩამდენთ, არამედ მათ შვილებს, ახლობლებსა და შთამომავლობას".

* "პირველი და ძნელად გამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2); დამხობას წინ უძღვის ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავნი 16,18). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკობი 4,6)".

* "ამპარტავნების ცოდვამ განაძევა ადამ და ევა სამოთხიდან. იგი საძირკვლამდე ანგრევს კაცის სულს... წმიდა მამები ამბობენ, რომ როგორც წყალი ვერ გაჩერდება შემაღლებულზე, ისე ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება ამპარტავანის სულში. "თუ გაქვს სიმდიდრე უთვალავი, - გვაფრთხილებს წმიდა ბასილი დიდი, - მიეკუთვნები მძლავრი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხვს, თუ დაჯილდოებული ხარ ჯანმრთელობით და სილამაზით, მუდამ გახსოვდეს, - მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ყვავილისა და ბალახისაებრ დაჭკნება ყოველი, რაიც ხელთ გიპყრია". ამპარტავნება საძაგელია, დამამცირებელია, დამამდაბლებელია კაცისა, რადგან იგი დაპირისპირებაა მთელ ქვეყანასთნ, გამიჯვნაა ადამიანებისგან, თვით ღვთისგან. მისგან განთავისუფლება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. წმიდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდაბლებ, ზეცამდე ამაღლდები. თუ ამპარტავნება შენი ცამდე ამაღლდა, ჯოჯოხეთამდე დაგცემს.

სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით. ღირსი ისიხი წერს: "სამსონზე ძლიერნი არ ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეცემი საშინელი დაცემით".

* "ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლისმოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთელი სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი აქ დარჩება, მიჯნის აქეთ; რომ მარტო თავის საქმეებს წაიღებს თან, რომელთაც მოჰკითხავენ, განსჯიან და კუთვნილს მიუზღავენ".

* "ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ. განმკითხველი აუცილებლად ჩავარდება იმ ცოდვაში, სხვას რომ უძრახა და სასჯელსაც მკაცრს მიიღებს. "რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათე 7,2)".

* "როდესაც სინანულის გზას შეუდგები, ნუ იქნები უგრძნობელი და გულქვა, არამედ სცან დაცემა შენი და იგლოვე ცოდვათათვის შენთა. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: სტიროდე არა უბრალოდ, არამედ მწარედ, ვითარცა პეტრე; სულისა შენისა სიღრმეთაგან გადმოღვარე ნაკადულნი ცრემლთანი, რათა უფალმან მოწყალებით შეგინდოს შეცოდებანი. კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოოს ცხონებით. შესწირე მას ცრემლნი შენნი და მან მოგანიჭოს შენდობა".

* "თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, არ გაქვს უფლება, მიატოვო გაჭირვებაში მყოფი არათუ ახლობელი, არამედ ნებისმიერი ადამიანი, ყოველი მათგანი ხომ ხატებაა ღვთისა.

მოვიდა შენთან გლახაკი და ხელს გიწვდის სათხოვნელად - ეს ქრისტეა; სარეცელზე წევს ავადმყოფი, ნუგეშინის ეც - ეს უფალია. ეძებეთ იგი მორჩილთა, დამდაბლებულთა, შეურაცხყოფილთა და დამცირებულთა, მშიერ-მწყურვალთა შორის და "ყოველი რომელი უკუე გინდეს თქვენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქვენ ყავთ მათდა მიმართ" (მათე 7,12).

მაშინ გეტყვით უფალი: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი", რადგან "მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედით ჩემდა...", რადგან "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით" (მათე 25,34-36,40)".
ბეჭდვა
1კ1