"მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა... ყოველდღე სთხოვეთ მათ დალოცვა"
"მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა... ყოველდღე სთხოვეთ მათ დალოცვა"
პატრიარქი მშობლების პატივისცემის შესახებ
* "უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ბოროტი სული ყოფს. თუ წარსულს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ყველა თავს დამტყდარი უბედურების მიზეზი ჩვენი დაყოფა იყო. ეს პროცესი დაყოფისა დღესაც გრძელდება: იყოფიან ოჯახები, შვილები ეყოფიან მშობლებს, და-ძმები - ერთმანეთს. გავიხსენოთ, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, მათ დიდ, განუყოფელ ოჯახებში 20-30 კაცი ცხოვრობდა, რომელთა შორის იერარქია არსებობდა. განსაკუთრებული პატივი უფროსს მიეგებოდა, რომლის სიტყვაც ოჯახის ყველა წევრისთვის კანონი იყო. ახლა კი პირიქით ხდება, ხშირად მშობლებს ერთი შვილი ჰყავთ და ისიც გაყოფისა და ცალკე ცხოვრებისკენ მიისწრაფვის. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რომ ადამიანი სულიერად უფრო და უფრო ეცემა, თანდათან უკან მიდის - უახლოეს ადამიანებს ერთად ცხოვრება არ შეუძლიათ. ამ საშინელი სენის მიზეზი ერთადერთია - ადამიანი განშორდა ღმერთს, მისი სული დაცარიელდა, რადგან აღარ არის ტაძარი ღვთისა, ხოლო უკეთუ აღარ არის ტაძარი ღვთისა; ეს იმას ნიშნავს, რომ აღარც სიყვარული აქვს, რადგან სიყვარული და მისი წყარო თვითონ ღმერთია. უკეთუ ჩვენ სინანულითა და ლოცვით ღვთის წყალობა და სიყვარული არ დავიბრუნეთ, სიყვარული საერთოდ გაქრება".

* "ოჯახში აუცილებლად უნდა სუფევდეს თანხმობა, რადგან მშვიდობა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახიდან იწყება. მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდობას მოვუწოდო ოჯახში მშვიდობისაკენ და შევახსენო მცნება ღვთისა: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა". დედისა და მამის პატივისცემით თქვენ მხოლოდ მადლს მოიპოვებთ და დღეგრძელნი იქნებით. დღეს საღამოს (იგულისხმება შენდობის კვირა, - ს.კ.), როცა ეკლესიიდან შინ დაბრუნდებით და დედ-მამასთან მიხვალთ, დაუჩოქეთ მათ, როგორც მოძღვარს, ხელზე ემთხვიეთ და დალოცვა სთხოვეთ".

* "ყოველი შაბათი მიცვალებულთა დღეა. ნუ დაივიწყებთ გარდაცვლილ მშობლებს, წინაპრებსა და ახლობლებს. ამ დღეს გაკეთებული საკურთხი ეკლესიაში წაიღეთ და პანაშვიდზე მოძღვარს მოახსენებინეთ მათი სულები... თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის კურთხევა არ მოგაკლდებათ".

* "სულიერი სრულყოფის კიბეზე ორ მადლს აჰყავს ადამიანი: უკვდავებასა და სიწმინდეს. ორ ძალას შთაჰყავს კაცი ჯოჯოხეთამდე: ცოდვასა და სიკვდილს.

სიკვდილი და უკვდავება! რა ხშირად იმყოფებიან ისინი გერდიგვერდ. ხშირია მათი თანაარსებობა ერთ ოჯახშიც კი, მშობლებსა და შვილებს, დებსა და ძმებს შორის (ძნელია, მაგრამ მათ რომ ერთად ცხოვრება შეძლონ, ერთმანეთის სიმძიმე უნდა იტვირთონ, უნდა დაუთმონ ერთმანეთს)...

ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლად იქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს... იცხოვრებს ეკლესიურად და უსურვებს ყველას მას, რაც თავისი თავისთვის უნდა, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის".

* "სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს... მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით...

მოზარდების მიმართ დიდად სცოდავენ როგორც ოჯახი, მშობლები, ისე სკოლა და პედაგოგები. ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ, დაეხმარონ გაჭირვებულებს. იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას... სამწუხაროდ, ოჯახში უფროსები ხშირად არასწორად იქცევიან. ისინი კერპებივით ეთაყვანებიან შვილებს, რაც ღვთის საწინააღმდეგოა; განსაკუთრებულად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე, ცდილობენ, აუცილებლად მისცენ საშუალო და უმაღლესი განათლება; ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ: ავიწყდებათ სულიერი აღზრდა, ავიწყდებათ ბავშვებში იმ მორალური თვისებების ჩამოყალიბება, რომლებიც უნდა ახასითებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს.

საბოლოოდ, შედეგიც სამწუხაროა; შვილები ნელ-ნელა კარგავენ მშობლების სიყვარულს, თანდათან შორდებიან მათ, ყურადღებას აღარ აქცევენ ანდა უპატრონოთა თავშესაფარში აბარებენ. იმაზე კი აღარ ფიქრობენ, რომ იგივე ხვედრი, ანდა უარესი, თვითონ მათ ელით. "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", - გვასწავლის მეხუთე მცნება. მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა, უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა".

* "ბავშვებს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ გრძნობა ადამიანის ღირსების დანახვისა და დაფასებისა, განვუმტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ყოველი ჩვენგანი ღვთისაგან განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული, ოღონდ აუცილებელია ამ მადლის გამოვლენა...

რატომ ირღვევა ოჯახები, დაიკარგა სიყვარული, თაობათა შორის პატივისცემა?! რატომ კლავენ დედები შვილებს?!

იმიტომ, რომ მოიშალა საფუძველი ჩვენი ზნეობისა, დაიკარგა შიში უფლისა, განცდა ცოდვისა".

* "ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს... მაგრამ ამავე დროს ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მოციქული პავლე წერს: "ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფეს. 5,25).

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილებსაც. მათი ბედნიერება და კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ისინი მშობლებს. ერთ-ერთი ათ მცნებათაგანი (რომელიც მოსეს ღმერთმა სინას მთაზე მისცა) პირდაპირ მიუთითებს: "პატივი უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა, რომელ იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ" (მეორე სჯულისა 5,16). წინასწარმეტყველ მოსეს დროს სასჯელი მკაცრი იყო: "რომელმან სცეს მამასა თვისა და დედასა თვისსა, სიკუდილითა მოკუდინ" (გამოს. 21,17). მშობლების პატივისცემაზე მოციქული პავლეც მიუთითებს: "შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქვენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალ. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაი პირველი აღთქუმასა შინა, რაითა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა" (ეფეს. 6,1-3).

დღევანდელ პირობებში ქალების დიდი ნაწილი დგას პრობლემის წინაშე - იმსახუროს და თან შვილებიც აღზარდოს. შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას; სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა სუფევს, სადაც არა მხოლოდ ბავშვისგან მოითხოვენ მაღალ ზნეობრივ თვისებებს, არამედ თვით მშობლებიც მორალური ნორმების დამცველნი არიან".

* წმინდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა. მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.

დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული. ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას მისი შვილები.

მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ. მაგრამ თუ მშობელი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას".

* "თუ კაცი განათლებულია, მას კულტურულად ვთვლით. ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მას, ვინც შეურაცხყოფს და ამცირებს სხვას? ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მათ, ვინც უპატრონოთა სახლში აბარებს მშობლებს, ანდა იმ მშობლებს, ღვთის ანაბარა რომ ტოვებენ შვილებს?

ახალგაზრდობის ცხოვრება რომ სწორი გზით წარვმართოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულის კულტურას; გულის სიწმინდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია...

დაე, აკურთხოს ღმერთმა და განამტკიცოს ყოველი ოჯახი, თითოეული თქვენგანი".

* "ოჯახი - მცირე სახელმწიფოა, სადაც არ შეიძლება სუფევდეს ანარქია, არამედ ოჯახის წევრებს შორის უნდა იყოს იერარქიული დამოკიდებულება...

ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი ზნეობრივი უნდა იყოს, რაც ერთმანეთს შორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით აღსავსე სულიერ დამოკიდებულებასა და საკუთარი თავის, მეუღლის, შვილების, ერისა და ღვთის წინაშე მოვალეობის გრძნობას გულისხმობს".

* "შეხედეთ, როგორია დღევანდელი ოჯახი. სადღაა აქ ცოლ-ქმრის სიყვარული და პატივისცემა, სიყვარული სარწმუნოების გარეშე იქცა ვნებად, სისხლის ყივილად და არა სულის მოთხოვნილებად.

სიყვარულის გრძნობა დაკარგულია მშობლებსა და შვილებს შორისაც...

ხშირად გაიგონებთ, რომ ახალგაზრდამ თავის ამხანაგს დანით ათობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მას კი სინანული არ დაუფლებია; ანდა შვილმა მშობელი მალულად მოკლა, მერე კი მშვიდად იდგა ცხედართან და ახლობლებისა და ნაცნობებისგან სამძიმარს იღებდა. საიდან მოდის ასეთი დაუნდობლობა, ასეთი სისასტიკე? გეკითხებით, განა შეიძლება, ნამდვილად მორწმუნე, ღვთისმოსავმა ადამიანმა ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინოს? რა თქმა უნდა, არა, თუ იგი ფსიქიკურად არ არის დაავადებული. აი, სადამდე დავეცით უღვთოდ".

* "წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საქმე ღვთისა და ერის წინაშე ქალისთვის არის სათნო, მორწმუნე, კეთილისმყოფელი ბავშვების აღზრდა.

შეიძლება თუ არა, რომ დედა შვილებს დავუბრუნოთ? სად არიან დედები? სად იზრდებიან მათი შვილები? მშობლები ცდილობენ შვილების შეყვანას საბავშვო ბაღში, რათა მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ. მართალია, იქ ბავშვები კარგად ერთობიან, მაგრამ დედის სითბო და ზრუნვა არა აქვთ; იცოდეთ, რომ ეს უკმარისობა მშობლის მზრუნველობისა და ალერსისა ბავშვის გულში რჩება. შემდგომში ამის გამო ადამიანი უხეშდება და იგი, უპირველეს ყოვლისა, უხეში ხდება საკუთარი მშობლების მიმართ. მშობლებს კი უკვირთ: როგორ ხდება ეს, განა მე არ აღვზარდე, უცხო ენები ვასწავლე, სპორტზე, სხვადასხვა წრეზე ვატარებდი, არაფერს ვაკლებდი და ასე რატომ მოხდაო? და ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ შვილი მისი აღზრდილი არ არის. მას არ უნახავს სიყვარული დედისა, არ მოუსმენია დედის იავნანა, დედის ლოცვა".

* "არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა და გირჩიეთ, ყოველდღე გეთხოვათ მათთვის დალოცვა. კიდევ ერთხელ შეგაგონებთ ამას. გახსოვდეთ, ეს არის ძალიან ძლიერი საშუალება ღვთის მადლის მიღებისათვის".

* "მოვიგონოთ ჩვენი მშობლები და კეთილმორწმუნე წინაპრები. დაე, მარად გიცავდეთ დედის სითბო და მამის მზრუნველობა. პატივი მიაგეთ მათ, ხოლო თუ ისინი გარდაცვლილნი არიან, მაინც ჩვეულებრივ ესაუბრეთ და დახმარებაც სთხოვეთ. გახსოვდეთ, მათ ყოველივე ესმით, კვლავინდებურად უყვარხართ და ლოცულობენ თქვენთვის".
ბეჭდვა
1კ1