"ქართველი ადამიანი მოსიყვარულეა, ქართველმა კაცმა არ იცის ღალატი"
"ქართველი ადამიანი მოსიყვარულეა, ქართველმა კაცმა არ იცის ღალატი"
ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
"განსაკუთრებით დღეს, როცა მსოფლიო წინააღმდეგობებითაა სავსე, გვმართებს, უფრო ღრმად ჩავუფიქრდეთ, თუ ვინ ვიყავით, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით. უნდა ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე, უნდა გავიაზროთ ყოველი ნაბიჯი".

* "უცხოელ დამპყრობთა თარეშის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართული ეკლესია მომავალზე ზრუნვით და ლოცვით ცოცხლობდა. ღმერთისა და სიცოცხლის განუზომელმა სიყვარულმა, რომელმაც არ იცის საზღვრები, ქართველი კაცი გაიყვანა იერუსალიმსა და პალესტინაში, სირიასა და საბერძნეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში. მე-4 საუკუნიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ მდებარე ქართულ მონასტრებში იქმნებოდა და ითარგმნებოდა საქვეყნოდ აღიარებული სასულიერო თუ საერო თხზულებანი".

* "საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ეკლესია იყო არა მარტო სამეცნიერო და შემოქმედებითი აზრის ბურჯი, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ერთიანობის იდეის დამცველი. როდესაც გვიან შუა საუკუნეებში მანამდე დიდი და ძლიერი საქართველოს სახელმწიფო უცხოელ დამპყრობთა გამუდმებული თავდასხმებისაგან დაქუცმაცდა, სწორედ საქართველოს წმინდა ეკლესია დარჩა ერთგული ღმერთისა და ერთიანი მამულის იდეისა, სწორედ ჩვენი წმინდა ეკლესია იყო ის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა ქართულ სამთავროს უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ".

* "ჩვენშიც არის ის სულიერი ძალა, რომელიც ჩვენს თავდადებულ წინაპრებს ამკობდა. ჩვენ ვართ სისხლი და ხორცი დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, დიმიტრი თავდადებულის, იმ 100 000 ქართველისა, ჯალალედინმა რომ აწამა...

გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს".

* "ქართველი ადამიანი მოსიყვარულეა, ქართველმა კაცმა არ იცის ღალატი. მსურს, გავიხსენო ერთი ცნობილი სომეხი კრიტიკოსის, ვაზგენ მნაცაკანიანის სიტყვები. იგი იგონებს თავის მამას. მისი მამა თბილისში ცხოვრობდა, იცნობდა ჩვენს ბუნებას და ხშირად ამბობდა თურმე: ქართველი ადამიანი ისეთია, არასდროს მეზობლის ურმის თვალში ჯოხს არ გაუყრის, გულში ერთი წვეთი სისხლი რომ დარჩეს, ნახევარს თავის მეზობელს გაუყოფს; ქართველი კაცი ისეთია, თუ დაინახავს შავ ღრუბელს ცაზე, ლოცულობს, მეზობელს მამული არ დაუსეტყვოსო.

აი ასეთია ქართველი ადამიანი".

* "ჩვენი ხალხის ისტორია გვაფიქრებინებს, რომ ღვთისკენ სწრაფვის ძირითად იდეას, უპირველეს ყოვლისა, მოყვასის სიყვარულით ვახორციელებდით და მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც ვახორციელებთ. ეს სიყვარული ადუღაბებს და ამთლიანებს სრულიად საქართველოს. ალბათ ესაა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ წარსულშიც და ახლაც შინაური თუ გარეშე მტერი არ მოგვკლებია - ბოროტი ძალა ებრძვის სიყვარულის მატარებელ ერს, რათა ეს ნიჭი დააკარგვინოს, რადგან იცის, მიზნის მიღწევის შემთხვევაში უფალს განგვაშორებს; ამიტომაც ამ მადლს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ღმერთთან და ერთმანეთთან სიყვარულის წყალობით გავერთიანდეთ".

* "ხშირად წარსულით ვამაყობთ, გუშინდელი დღით ვცხოვრობთ, მაგრამ მარტო წინაპართა დამსახურების გამო თვითკმაყოფილებას არ შეიძლება მივეცეთ. ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეულმა თავის ადგილზე უნდა იშრომოს და ყველამ ერთი დიდი მიზნისკენ ისწრაფოს. ასე რომ არ ვცხოვრობდით, ამიტომაც ორი საუკუნის განმავლობაში ვიფიქრეთ, ვიოცნებეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ხოლო როცა დრო დადგა, მას მოუმზადებელნი შევხვდით. ჩვენს თავს თვითონვე შევუქმენით გადაულახავი წინააღმდეგობები და პრობლემები; ეს იმიტომ, რომ ჩვენი ზნეობისა და სულიერების დონე დაბალია; ღვთის კანონებით რომ გვეცხოვრა, ამდენ უბედურებას ავცდებოდით".

* "თუ ჩვენს წარსულს, რომელსაც ხშირად ვაიდეალებთ, ობიექტურად შევაფასებთ, ვნახავთ, რომ კარგი საქმეების გვერდით შეცდომებიც ბევრჯერ მოგვსვლია და ცოდვაც მრავალგზის ჩაგვიდენია. ჩვენს წინაპრებს წარმოდგენაც კი გაუჭირდებოდათ იმისა, რომ დადგებოდა დრო, როცა ქართველი ერის ერთი ნაწილი ეკლესია-მონასტრებს საკუთარი ნებით დაანგრევდა. ამიტომაც არც ჩენი წარსული, არც აწმყო და არც მომავალი არ უნდა გავაიდეალოთ და ჩვენს ყოფას რეალურად შევხედოთ".

* "კაცობრიობის კულტურის ისტორია გრძელი ჯაჭვის სახით წამოგვიდგება, რომლის ყოველი ნაწილი მჭიდროდ არის დაკავშირებული წინა და მომდევნო რგოლებთან. მემკვიდრეობა და ურთიერთგავლენა არის მთავარი ბიძგის მიმცემი კულტურის განვითარებისათვის.

ქართულმა ნაციონალურმა გენიამ, ეროვნულთან ერთად შეითვისა რა ცხოველსმყოფელი წყარო რომაული, ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, შექმნა უდიდესი ტაძარი სულიერი შენობისა, რომლის მთავარი ხუროთმოძღვარი იყო ქრისტიანი ქართველი კაცი. საერთოდ, ქრისტიანმა ადამიანმა მადლიერი რწმენითა და ცოდნით ამოკვეთა ზნეობრივი ცხოვრების ისეთი ბრწყინვალე კანონები და მაგალითები, რომელთა მსგავსს არ იცნობდა წინარექრისტიანული მსოფლიო".

* "ქრისტიანული სარწმუნოების ღრმა გაცნობიერება საშუალებას იძლევა ჩავწვდეთ ისტორიის ფილოსოფიურ შინაარსს, ისტორიულ მოვლენათა მისტიკურ აზრს. არ შეიძლება წარსულისა და მომავლის გარეშე, მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრება. ისტორიული გამოცდილების გააზრება და გათვალისწინება ყოვლად აუცილებელია. ამიტომაც სულიერი თვალით ღრმად უნდა შევისწავლოთ წარსული, რომ სამომავლოდ სწორი დასკვნები გავაკეთოთ".
ბეჭდვა
1კ1