მეუფე დანიელი - როგორც კი რწმენა ოდნავ შეირყევა, უფალს ვცილდებით
მეუფე დანიელი - როგორც კი რწმენა ოდნავ შეირყევა, უფალს ვცილდებით
როგორც კი რწმენა ოდნავ მაინც შეირყევა, როგორც კი რწმენა მერყეობას იწყებს, უფალს ვცილდებით და იმ დიდ სიმდიდრეს ვკარგავთ, რომელსაც ქვეყანაზე ყველა ბოროტების დამარცხება შეუძლია, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, ჭიათურა-საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.

მეუფე დანიელის თქმით, ადამიანები ხშირად მერყეობენ და ეს არის მათი მცირედ მორწმუნეობა.
მეუფემ დღეს სახარებიდან თომა მოციქულის შესახებ იქადაგა.

"დღევანდელი დღე გამოირჩევა იმით, რომ ამ დღეს იკითხება სახარება, რომელიც მოგვითხრობს იმ ეჭვის შესახებ, რომელიც თომა მოციქულს გაუჩნდა. როდესაც მოწაფეებს აღდგომილი მაცხოვარი გამოეცხადა, იქ თომა არ იყო. მას ძალიან უნდოდა თავად ეხილა უფალი და თქვა: - ვიდრე მე არ ვიხილავ და ჩემი ხელით არ შევეხები უფლის სხეულზე არსებულ ჭრილობებს, გამიჭირდება ვირწმუნო. და, აი დღევანდელ დღეს, აღდგომის სწორზე შემდგომ კვირას უფალი მოწაფეებს კვლავ გამოეცადა და მათ შორის იყო თომაც. უფალმა მიმართა თომას და უთხრა: - მოვედ თომა, შეეხე ჩემს ჭრილობებს და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ რწმენით. ამ სიტყვების მოსმენისას თომა მუხლებზე დაემხო და შეჰღაღადა: - უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ეს არის განკურნება მცირედ მორწუნეობისა. შეიძლება ყოველ ადამიანში, რაღაც წამში გაჩნდეს მერყეობა სარწმუნოებაში, გაჩნდეს ყოყმანი და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უპირველესი საფუძველი ჩვენი ღმერთთან კავშირისა, ჩვენი სულიერი ძალებით აღვსებისა, ჩვენი ცოდვაზე გამარჯვებისა, ჩვენში სათნოებათა სრულყოფისა, არის კავშირი ღმერთთან, ხოლო ეს კავშირი მყარდება რწმენით", - განაცხადა მეუფე დანიელმა.
მას ასევე მრევლს მიმართა, რომ რწმენით მკვიდრდება მადლი აღდომისა, ხოლო აღდგომა ეს არის სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, სიკეთის - ბოროტებაზე, სიყვარულის - სიძულვილზე.
ბეჭდვა
1კ1