პატრიარქი - მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს
პატრიარქი - მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს
"თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი ამის მაგალითად წმინდანებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ.

"თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები. ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო.

მაშ, შევიმოსოთ სიხარული, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ასირიელნო, უდინნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ქურთნო, იეზიდნო და ყოველნო მკვიდრნო ივერიისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო!

მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასოება იმისა, რომ: ,,დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში."

ქრისტე აღდგა!
აღვდგეთ და ამიერიდან ჩვენც ,,წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად, წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად, ბნელისაგან ნათლად, მონებისაგან თავისუფლებად, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!", - ბრძანებს უწმინდესი სააღდგომო ეპისტოლეში.
ბეჭდვა
1კ1