ილია მეორე - ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ
ილია მეორე - ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ
ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე. მართალია, უფლის ნათლისღებით ნათელვიღეთ და განვიბანეთ სულისა და ხორცის ბიწისაგან, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ნათლობის შემდეგაც არ ვიშლით ავ ზნეს და ვნებათა მონა ვხდებით ყოველდღიურად, რაც საუკუნო დაღუპვას გვიქადის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში ბრძანებს.

უსმინდესი ცოდვის მონანიების მნიშვნელობაზე საუბრობს და მრევლს მოუწოდებს, ღმერთს დაუახლოვდეს.

''როგორ მოვიქცეთ? - ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ. და რა გავაკეთოთ ამისათვის? - უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, თეთრისა და შავის გარჩევა, რაც საშუალებას მოგვცემს ბოროტს განვეშოროთ და სიკეთეს ვემსახუროთ'', - აღნიშნავს პატრიარქი.

ილია მეორე მრევლს შეახსენებს იმასაც, რომ რაც უფრო უახლოვდება ღმერთს ადამიანი, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას. ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავისი ცხოვრებით თავმომწონეობს.

''სამწუხაროდ, თუნდაც მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიური ადამიანების უმრავლესობასაც თავდაპირველად ჰგონია, რომ მათ, თითქოს, ცოდვა არა აქვთ, რომ კარგი თვისებებისანი არიან და არაფერი აქვთ სააღსარებო და მოსანანიებელი; მაშინ, როდესაც, მართლაც, წმინდად მცხოვრებნი გულწრფელად მიიჩნევენ, რომ უღირსნია და მათზე ცოდვილი სხვა არავინაა.

- ასე რატომ ხდება?
-შეგახსენებთ აბბა დოროთეს საუბარს ქალაქ ღაზას ერთ წარჩინებულ და ფრიად გავლენიან მოქალაქესთან:
- როგორად მიგაჩნია შენი თავი ამ ქალაქში? _ ჰკითხა მას წმინდანმა.
- ფაქტია, ყველა მიცნობს და მაფასებს, - იყო პასუხი.
- თუ კესარიაში წახვალ, იქ როგორად მიიჩნევ შენს თავს?
- იქაურ დიდებულთა შორის უმცირესად.
_ ანტიოქიაში თუ იქნებოდი?
- ჩვეულებრივ მოქალაქედ.
- და თუ კონსტანტინეპოლში მეფის კარზე მოხვდებოდი?
- გლახაკად და არაფრისმქონედ.

ასე არის ნებისმიერი ადამიანიც, - უთხრა აბბა დოროთემ, - რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას. ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავსი ცხოვრებით თავმომწონეობს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის შეცნობა და ჩვენი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გაცნობიერება'', - ბრძანებს უწმინდესი.
ბეჭდვა
1კ1