"სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა - ესაა მთავარი, ამას გვასწავლის სახარება"
"სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა - ესაა მთავარი, ამას გვასწავლის სახარება"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"საქართველო ის კურთხეული ქვეყანაა, სადაც უკვე IV საუკუნეში გახდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია. ამ დროიდანვე ჩვენში დაიწყო საღმრთო წერილის თარგმნა. ბიბლიის ცალკეული წიგნების თარგმნა თუ რედაქტირება მონასტრებში ხდებოდა. მონასტრები იყო არა მარტო სულიერი მოღვაწეობის სავანეები, არამედ სამეცნიერო ცენტრებიც... არსებობს როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმის წიგნთა სხვადასხვა ძველი თარგმანები. X-XI საუკუნეებში ამ მხრივ დიდი მუშაობა აქვთ გაწეული ათონელ ქართველ მამებს; მათ შორის განსაკუთრებით დასაფასებელია ღვაწლი XI საუკუნის მოღვაწის გიორგი მთაწმინდელისა, რომლის მიერ შედგენილი რედაქცია ახალი აღთქმისა და ფსალმუნებისა ეკლესიის მიერ კანონიკურადაა აღიარებული".

* "ჩვენ ძალზე ხშირად ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა ემსახუროს ეკლესია თანამედროვე მსოფლიოს. რა თქმა უნდა, ეკლესიის მთავარი მოვალეობა წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლათა მოწმობით ქრისტეს სახარების ქადაგებაა, რაც სახარებისეული სიყვარულისა და უფლის მცნებათა აღსრულებისამებრ ადამიანური ცხოვრების მოწესრიგებით, სიცოცხლის, მსოფლიოს განახლებით გამოიხატება".

* "სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა - ესაა მთავარი, ამას გვასწავლის სახარება. მთელი საღვთო წერილის შინაარსი არის სწორედ სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა. ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, უნდა სწამდეს და უყვარდეს ღმერთი. რწმენა არის საფუძველი ადამიანის ცხოვრებისა. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, თუ მას არა აქვს რწმენა. ვერავითარი მატერიალური სიმდიდრე ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც არსებობს ადამიანში, როცა მასში არ არის ღმერთი. ადამიანს მრავალი მისწრაფება აქვს. იგი ცდილობს მიიღოს განათლება, ცოდნა... მაგრამ ეს არ კმარა. ამით იგი ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ იქნება. თვითონაც გრძნობს ამას. გრძნობს, რომ რაღაც სხვა სჭირდება და ეძიებს ამ სხვას. ცდილობს, უზრუნველყოფილი იყოს მატერიალურად, ჰყავდეს ოჯახი, შვილები, ნათესავები, მეგობრები... ჰქონდეს კეთილმოწყობილი სახლი... მაგრამ როდესაც აღწევს ყველაფერ ამას, ხედავს, რომ არც ეს ყოფილა მთავარი. ამაში არ ყოფილა ბედნიერება. ყველას თავისი გზა აქვს, ყველა სხვადასხვა გზით ეძიებს ბედნიერებას... ზოგი პოულობს, ზოგი კი ვერა. რა არის ამის იზეზი? საქმე ის არის, რომ ადამიანს უსათუოდ სჭირდება ღვთის რწმენა. თუ მას არ უყვარს ღმერთი... უფრო ზუსტად, ღმერთი და ადამიანი, იგი ვერასოდეს იქნება ბედნიერი".

* "პავლე მოციქული გალატელებს სწერს: "ხოლო გაუწყებ თქვენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ". აი, რაში იპოვა პავლე მოციქულმა თავისი მოწოდება - სახარების ქადაგებაში, რომელიც არაკაცობრივია. მიუხედავად იმისა, რომ სახარების ქადაგება დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, რადგან ქრისტიანებს როგორც წარმართები, ისე იუდეველებიც სასტიკად დევნიდნენ, პავლე მოციქულმა, რომელსაც, როგორც რომის მოქალაქესა და ფრიად განათლებულ პიროვნებას, საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილის მოპოვების ყველა საშუალება ჰქონდა, მაინც ეს გზა აირჩია, რომელმაც იგი მოწამებრივ აღსასრულამდე მიიყვანა. ამგვარი არჩევანის გაკეთებისთვის მას ძალა იმის შეგნებამ მისცა, რომ სახარების ქადაგებით არა მხოლოდ საკუთარი სულის, არამედ საერთოდ ადამიანთა სულის გადარჩენის უდიდეს საქმეს ემსახურებოდა, ამიტომ განსაცდელიც, რომელიც ელოდა, ამ დიდ საქმესთან შედარებით უმნიშვნელოდ მიიჩნია.

პავლე მოციქული ყველა ჩვენგანისთვის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ქრისტიანი არა მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვისაა მოწოდებული, არამედ იმისთვისაც, რომ მახლობელთა სულებზეც იზრუნოს და მათი გადარჩენისთვისაც იღვაწოს. ღმერთმა მოგცეთ ძალა და გფარავდეთ მადლი პავლე მოციქულისა, რათა სახარების, რომელი არა კაცობრივ არს, ქადაგება და ადამიანთა ჭეშმარიტ გზაზე დაყენება თქვენც შეძლოთ, ამინ".

* "როცა წმინდა ნინომ აღმზრდელისაგან შეიტყო, რომ ის ქვეყანა, რომლის დედაქალაქშიც ჩვენი უფალი იესო ქრისტეს კვართი ინახებოდა, წარმართული იყო და კერპებს სცემდა თაყვანს, მისი მოქცევის სურვილით აღენთო და შორეული იერუსალიმიდან მცხეთისკენ გამოემართა. მისი თანამგზავრები - გაიანე და რიფსიმე - სომხეთში აწამეს, - მათ საფლავებზე დღეს მონასტრებია აგებული, - წმინდა ნინო კი წამებას სასწაულებრივად გადაურჩა, რადგან ღვთისაგან უდიდესი მისია - საქართველოს მოქცევა ჰქონდა დაკისრებული. მან მარტომ გამოაგრძელა გზა და ჯავახეთის მთებს მოადგა. ფარავნის ტბასთან მშიერი ქალწული მეთევზეებმა დააპურეს და მესხეთისაკენ მიმავალი გზაც ასწავლეს. სწორედ ფარავნის ტბასთან გამოეცხადა უფალი ძილში ქალწულს, წიგნი მისცა და უბრძანა, რომ იგი ქართლის მეფისთვის გადაეცა. ამ წიგნში ათი წინადადება ეწერა, რომელთაგან ერთი იყო: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა". აი, რისთვის აგზავნიდა წმინდა ნინოს ქართლში უფალი, აი, რას მოგვიწოდებს იგი ჩვენც: წარვედით, მოიმოწაფენით, მოაქციეთ, უქადაგეთ და ნათელი ეცით, ესე იგი მონათლეთო".

* "უფალთან ერთი ახალგაზრდა მივიდა და ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა სასუფეველში დასამკვიდრებლად. მაცხოვარმა მცნებები შეახსენა: არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, და ბოლოს - შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. განსაკუთრებით ამ ბოლო მცნების შესრულებაა ძნელი: შეიყვარე მოყვასი შენი, ანუ ყველა ადამიანი - ახლობელი იქნება ის თუ შორეული, კარგი თუ ცუდი - უნდა გიყვარდეს. ჭაბუკმა, რომელიც, როგორც ჩანს, მაინც კეთილი იყო, უპასუხა, რომ ამ მცნებებს იგი სიყრმიდანვე ასრულებდა. მაშინ უფალმა მისი სათნოების უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა მოისურვა და ურჩია, თუ სრულყოფილების მიღწევა უნდოდა, გაეყიდა ქონება, გლახაკებისთვის დაერიგებინა და მას შესდგომოდა. ახალგაზრდამ ეს ვეღარ შეძლო, რადგან სიმდიდრეს, რომლის პატრონიც იყო, ვერ შეელია და დამწუხრებული წავიდა. მაცხოვრის შედგომა მოციქულობას ნიშნავდა, მაგრამ ჭაბუკმა მისთვის გამზადებული ბრწყინვალე გვირგვინი უარყო და ყველაზე დიდი მადლი დაკარგა.

მსგავსად იმ ჭაბუკისა, ჩვენ შორისაც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც უფრო დღევანდელი დღით ცხოვრობენ და ავიწყდებათ ჩვენი დიდი წინაპრის შეგონება: "რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია". სწორედ რასაც გასცემ, ის საქმეა მარადიული, რადგან აქაც გეყოფა და იქაც გაგწვდება".

* "მინდა ასეთი შემთხვევა გავიხსენო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტის დროს ერთ ოჯახს ვეწვიეთ, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა. როცა შევეკითხეთ, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვინ სურდათ გამოსულიყვნენ, ყველაზე უმცროსმა გვიპასუხა, რომ მისიონერობას აპირებდა, რათა აფრიკაში ან სამხრეთ ამერიკაში სახარება ექადაგა. აი, რა ძლიერი სული იყო ამ ათი-თორმეტი წლის ბავშვში. სწორედ ეს ძლიერი სული გვაკლია ჩვენ. ჩვენი ცხოვრება ხშირად მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახზე ზრუნვითაა შემოფარგლული და სხვა არაფერი გვაინტერესებს. მაგალითად, გასაოცარია, როგორ შეგვიძლია მშვიდად ყოფნა მაშინ, როცა ვიცით, რომ საქართველოს ზოგიერთი უძველესი მხარე მოსახლეობისგან სრულიად დაცლილია და თავის ნამდვილ პატრონს ელის. როცა სიტყვა საქართველოს სიყვარულზე ჩამოვარდება, მჭევრმეტყველებაში ერთმანეთს ვეჯიბრებით, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკით საქმე არ კეთდება".

* "ბიბლია გვასწავლის: ადამიანის მიწიერი ცხოვრება გამოცდაა. ბედნიერია ის, ვინც ამ გამოცდას გაუძლებს, ვინც არ ჩაიკეტება ეგოიზმის ნაჭუჭში, ვისაც ესმის მარადიული და საუკუნო პრობლემები და ხედავს არა მარტო თავის თავს, არამედ სხვასაც, განსაკუთრებით კი - სხვათა გაჭირვებას. აი, ეს არის ქრისტიანობა, ამისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანული სარწმუნოება. დიახ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ქრისტიანობა ქადაგებს, რომ თუ ორი სამოსელი გაქვს, ერთი სხვას უნდა მისცე; ქრისტიანობა ქადაგებს, რომ თუ სხვას უჭირს, დახმარების ხელი უნდა გაუწოდო, უკანასკნელი ლუკმა უწილადო.

ქრისტიანობა არის ის, რომ თუ ვინმემ გაწყენინა ან შეურაცხგყო, ბოროტებით კი არა, სიკეთით გადაუხადო და ის სიკეთე შენვე დაგიბრუნდება. სახარება გვასწავლის, რომ უფლისა ჩვენის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას, საშინელი სამსჯავროს ჟამს, ღმერთი ადამიანებს ორ ნაწილად გაყოფს და მარჯვენით მდგომთ ეტყვის: მშიერი ვიყავი და თქვენ დამაპურეთ, მწყუროდა და თქვენ მასვით, სნეული ვიყავი და თქვენ მოხვედით ჩემთან. მართალნი ჰკითხავენ: უფალო, როდის გიხილეთ, როდის გნახეთ შენ მშიერი ან პყრობილი? და მიუგებს მათ უფალი: რაც გააკეთეთ მოყვასისთვის, ის მე გამიკეთეთ!

მხოლოდ ის დაიმკვიდრებს სასუფეველს, ნეტარებას და სიხარულს წარუვალს, ვინც აკეთებს კეთილ საქმეებს, ხოლო ის, ვინც შეპყრობილია შურით და ღვარძლით და ბოროტებას ბოროტებით მიაგებს, დაიღუპება. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რას ვაკეთებთ, რა მიგვაქვს ამ ქვეყნიდან".

* "მაცხოვარმა თავისი განკაცებით მიმართა არა მხოლოდ ადამიანის გულს, არამედ გონებასაც. სახარებამ დაიმორჩილა ადამიანის ნებისყოფა, მისცა კაცობრიობას ახალი სიცოცხლე. მოციქულ პავლეს სიტყვებით, სახარებისეული ჭეშმარიტება კაცობრიობას წარუდგა არა ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელი სიტყვებით, არამედ "მოვლინებითა სულისა და ძალისა".

* "მოციქული იოანე ღვთისმეტყველი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად შეაგონებდა მსმენელთ: შვილებო, გიყვარდეთ ერთმანეთი. როდესაც ჰკითხეს, რატომ იმეორებდა ამ ფრაზას ასე ხშირად, უპასუხა: სახარების მთელი აზრი ამ სიტყვებშია ჩადებულიო. ამიტომაც ბრძანებს იგი: "ღმერთი სიყვარული არს" და ამით საცნაურყოფს სიყვარულს, როგორც უფლის უპირველეს თვისებას".
ბეჭდვა
1კ1