ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე კი თავისუფლებაც ციხეა
ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე კი თავისუფლებაც ციხეა
ძალზე საინტერესო და ღრმადსულიერი ქადაგებები აქვს XX საუკუნის მამას, მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელს. მათი ნაწილი მორწმუნე საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

მამა ანტონი 1914 წელს ლოზანაში, რუსი დიპლომატის ოჯახში იშვა. წინაპრები შოტლანდიელები ჰყავდა (მამა ანტონი გვარად ბლუმი გახლდათ). ბავშვობა ირანში გაატარა, სადაც მამამისი რუსეთის კონსული იყო.

რევოლუციის შემდგომ ოჯახი საფრანგეთში გადავიდა, სადაც ანდრეიმ (მამა ანტონის საერო სახელია) სორბონის უნივერსიტეტის ბიოლოგიური და სამედიცინო ფაკულტეტები დაამთავრა, 1939 წელს კი ყველასგან ფარულად დადო მონაზვნობის აღთქმა. მეორე მსოფლიო ომის დროს ანტიფაშისტურ მოძრაობაში ჩაება.

გთავაზობთ ქადაგებას, რომელიც 1972 წელს ბი-ბი-სის რუსულენოვანი რელიგიური პროგრამით გადაიცა.

რწმენის შესახებ
რწმენაზე საუბრისას ყოველთვის ღვთის რწმენას ვგულისხმობთ. სინამდვილეში კი ადამიანის რწმენაც არსებობს. იგი თითქმის ისევე მუდმივად და ღრმად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, როგორც ღვთის რწმენა. ამასთან, ღვთისა ყველას არ სწამს, ადამიანებთან თანაცხოვრება კი მათდამი რწმენას მოითხოვს. წვრილმანებში, ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერს განსაზღვრავს რწმენა იმისა, რომ ადამიანში არის რაღაც კარგი, კეთილი, რომელიც გაჭირვებას, მწუხარებას, სიხარულს ეხმიანება და ცხოვრების წარმართვის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ რწმენაზე მსურს საუბარი...

სახარებაში ორი ამბავია გადმოცემული. ისინი ნათლად წარმოაჩენენ ადამიანისადმი ქრისტეს დამოკიდებულებას, ადამიანის მიმართ მის რწმენას. პირველი იოანეს სახარების მერვე თავშია მოთხრობილი. ეს არის ამბავი მრუშობაში მხილებული ქალისა, რომელიც მაცხოვართან მიიყვანეს. ფაქტები მის წინააღმდეგ იყო მიმართული. მას დანაშაულზე წაასწრეს და გმობასა და მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. მაგრამ ქრისტემ ქალი კი არ განიკითხა, არამედ მისი საქციელი; იგი მემრუშედ კი არ მიიღო, არამედ მისი სულის სიღრმეში ჩაიხედა, განჭვრიტა მასში სიწმინდე და ახალი ცხოვრების შესაძლებლობა ამოიკითხა. როცა ქალი სამსჯავროს წინაშე წარდგა და გააცნობიერა, რომ მისი ცოდვა სიკვდილის ტოლფასი იყო, ცხადია, გამოფხიზლდა კიდეც. იმ წუთში რეალობად იქცა ის, რასაც ეუბნებოდნენ - ცოდვა აკვდინებს და ანგრევს: მან შესცოდა და, მათი რჯულის მიხედვით, უნდა ჩაექოლათ. ქალი მიხვდა, თუკი სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, აღარასოდეს ჩაიდენდა იმას, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდებოდა. მაცხოვარმა ზუსტად განჭვრიტა ეს, მიუბრუნდა გარშემომყოფთ და უთხრა:

- ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა იმან ესროლოს ქვა!

ყველა წავიდა. ქრისტე მარტო დარჩა ქალთან.

- სად არიან შენი განმსჯელნი?

- წავიდნენ, - უპასუხა ქალმა.

- არც მე განგიკითხავ. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.

ეს მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ განჭვრიტა ქრისტემ ადამიანი და დაინახა ის შესაძლებლობები, დაფარული რომ იყო მისი ქმედებით.

ასევე საოცარია მეორე ამბავი - ქრისტეს შეხვედრა პეტრე მოციქულთან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დაფრთხა, შიშმა შეიპყრო და სამჯერ უარყო მაცხოვარი. ქრისტე არ ეკითხება მას, ნანობს თუ არა, რაც ჩაიდინა, არამედ ეუბნება:

- გიყვარვარ?

პეტრე მთელი გულით პასუხობს:

- დიახ, უფალო, მიყვარხარ!

მაცხოვარი სამჯერ უსვამს მას ამ შეკითხვას. უცებ პეტრე ხვდება, რომ ფაქტების სიცხადე მის წინააღმდეგაა მიმართული. იგი ამბობს:

- უფალო, შენ უწყი, რომ მიყვარხარ!

ქრისტემ კვლავ მოწაფეთა შორის მიუჩინა მას ადგილი.

განა ჩვენ ასე ვიქცევით? განა ვიჯერებთ, რომ ადამიანს, რომელიც ცუდად მოგვექცა, უფლება აქვს გვითხრას:

- დიახ, მიყვარხარ! მე არც მამაცობა მეყო, არც სულიერი ძალა და სიღრმე, მაგრამ მაინც მიყვარხარ!

ასე რომ ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, ადამიანთა შორის ყველაფერი შესაძლებელი გახდებოდა, ნებისმიერი გარდაქმნა, და კაცობრიობისთვის ახალი ცხოვრება დაიწყებოდა.

მკითხეს: რა მოვიმოქმედოთ, როცა ადამიანი ამბობს: "არ შემწევს ძალა, შენი ჩემდამი რწმენა და ნდობა ვიტვირთოო". ეს შეკითხვა მეტად მნიშვნელოვანია და მსურს, პასუხი გავცე.

უნდობლობის შესახებ
ჩვეულებრივ, ძალიან განვიცდით ჩვენდამი უნდობლობას. ვგრძნობთ, რომ გვაქვს გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ მათ განსახორციელებლად გვჭირდება რწმენით სავსე გულის მხარდაჭერა, იმ ადამიანის სიყვარული, რომელიც გვეტყოდა: "შენ შეძლებ შენი თავის რეალიზებას, განხორციელებას".

ხდება ისეც, როცა ნდობას გვიცხადებენ, უცებ შიში გვიპყრობს, ვაითუ ვერ გავამართლოთ იგი, არაფერი გამოგვივიდეს და ჩვენი ოცნებებიც ისევე გაიფანტოს, როგორც ნისლი მზის ამოსვლისას. რა მოხდება მაშინ? ნუთუ სრულიად დავკარგავთ იმ ადამიანების ნდობას, პატივისცემას და, შესაძლოა, სიყვარულსაც კი, რომლებსაც ასე ვეიმედებოდით?

ეს გარემოება ხშირად აბრკოლებს ადამიანს. მაგრამ უფრო დიდი ხელშემშლელი ფაქტორი შესაძლოა ის იყოს, რომ ძალიან ხშირად, როცა მეორე ადამიანი ნდობას გვიცხადებს, მას თითქოს შეუძლებლის სწამს და არ ითვალისწინებს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავნი ვართ. გვგონია, ის ჩვენგან ძალიან ბევრს მოელის, თითქოს ყოვლისშემძლენი ვიყოთ, ყველაფრის გაკეთება შეგვეძლოს უპირობოდ, შეუზღუდავად. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, რომ, ერთი მხრივ, ეს შეუძლებელია და ნაბიჯის გადადგმის შიში გვიპყრობს, მეორე მხრივ კი, როცა რაიმეს განხორციელებას ვცდილობთ, აღმოვაჩენთ, რომ ვერ ვმაღლდებით იმ "უგუნურ", "გაუაზრებელ", "უპასუხისმგებლო" ნდობამდე, რომელიც გამოგვიცხადეს.

აქ ორი გარემოება იკვეთება: ერთი მხრივ, ის, ვინც მეორე ადამიანს ენდობა და თავის რწმენას მას შთაგონებისთვის უძღვნის, ამას დაფიქრებით, გონივრულად და ბრძნულად უნდა აკეთებდეს. მეორე მხრივ, ადამიანი, რომელიც ამ რწმენის ღირსი ხდება, ფხიზლად უნდა იყოს, გონივრულად მოქმედებდეს და მთელი ძალისხმევა მიმართოს იქით, რომ შემოქმედებითად განახორციელოს თავისი მოწოდება. თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა მაინც არსებობს. ეს შეზღუდვები ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, სანამ საქმეს შევუდგებით, და მხოლოდ მაშინ, როცა ვიწყებთ რომელიმე მეცნიერების შესწავლას, წიგნის კითხვას, რაიმე საქმიანობას, ვხედავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი - არა. მაგრამ დაწყება აუცილებელია. არ უნდა შევუშინდეთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვართან მიახლოებას, რადგან (და ეს ძალზე მნიშვნელოვანია!) ჩვენდამი ნდობა, ჩვენდამი რწმენა გულისხმობს არა ყოველივეს განხორციელებას, რაც საზოგადოდ ადამიანისთვის არის შესაძლებელი, არამედ იმას, რომ მაქსიმალურად განვახორციელოთ საკუთარი თავი.

"ტალანტების" შესახებ
ეს აზრია ჩადებული ქრისტეს იგავში ტალანტების შესახებ. სიტყვამ "ტალანტი" ასწლეულების მანძილზე სპეციფიკური ელფერი შეიძინა. ყველამ იცის, რა იგულისხმება ტალანტში, როცა საუბარია მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე. ქრისტეს დროს ტალანტი ფულად ერთეულს წარმოადგენდა. აი, რომელიღაც პიროვნებას მიეცა ანაბარი, შესთავაზეს მისი დაბანდება და იმის მაქსიმალურად მიღწევა, რაც შეუძლია. თუ ეს ადამიანი ნიჭიერია, მთელი ძალისხმევის დაძაბვით გააორმაგებს და გაასამმაგებს მისთვის ბოძებულ ტალანტს, საჩუქარს, ნიჭს. თუ ის ნაკლებად არის დაჯილდოებული, მცირედს მაინც მიაღწევს. მაგრამ არ აქვს უფლება, დაემსგავსოს იგავში წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან იმას, ვისაც ყველაზე ნაკლები ტალანტი, ნაკლები ნიჭი მიეცა. მას შეეშინდა, ვაითუ ის, რაც ჩემშია ჩადებული, რაც მებოძა, გავფლანგო, დავკარგო და ამის გამო პასუხი მომეთხოვოსო. მან ტალანტი დაფლა, უბრალოდ, გვერდით გადადო, მიწაში ჩამარხა, შეინახა. განსჯისა და ანგარიშის გასწორების დრო როცა მოვიდა, სამივენი პატრონის წინაშე წარდგნენ. აღმოჩნდა, რომ პირველმა და მეორემ რაღაცას მიაღწიეს, რაღაც მოიგეს, მხოლოდ მესამემ ვერ მოიპოვა ვერაფერი.

ის განსაჯეს არა იმიტომ, რომ პატრონს ვერაფერი მოაგებინა, არამედ იმის გამო, რომ შეშიდა და ვერაფრის გაკეთება ვერ გაბედა, გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

თუ ამ სურათს ჩვეულებრივ ყოფაში გადმოვიტანთ, იგავში მოხსენებული ტალანტი შეიძლება გავაიგივოთ ხელოვნების, ლიტერატურის, პოეზიის სფეროში გამოვლენილ ნიჭთან, მაგრამ ეს იგავის შეზღუდული გაგება იქნებოდა. თავიდანვე ჩვენში ჩადებული ტალანტი არის ყოველივე ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის - ეს არის მთელი სიმდიდრე, მრავალსახეობა, მრავალფეროვნება ჩვენი პიროვნებისა. შევძლებთ მის ხორცშესხმას თუ ვერა? შევძლებთ. თითოეულს შეუძლია ყოველივეს განხორციელება, რაზეც ნებისყოფა, გამბედაობა, შთაგონება ეყოფა. სწორედ აქ არის სიმძიმის ცენტრი, ეს არის ამ პრობლემის არსი. ადამიანის იმდენად უნდა გვწამდეს, ისეთი ნდობა გამოვუცხადოთ, ისე შთავაგონოთ, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინოს სიმამაცე, მხნეობა, იგრძნოს შემოქმედებითი სიხარულის ძალა თვითრეალიზაციის დროს. მართალია, შესაძლოა გენიოსი არ იყოს, მაგრამ ადამიანია, თავისთავადი პიროვნება, და იქნებ, რამდენადაც ძალა შესწევს, მშვენივრად და სრულყოფილად შეძლოს ეს. ამ შემთხვევაში აღარ დავადებთ მძიმე უღელს, აღარ ავკიდებთ ტვირთს, რომლის ტარებაც არ ძალუძს, არ მოვითხოვთ მისგან, გახდეს ისეთი, როგორიც ვერასდროს გახდება, არამედ ვეტყვით: "შეხედე, რა სიმდიდრეა შენში. განკარგე ის, ნუ გაზომავ, წარმოაჩინე შენში შემოქმედი და განახორციელე იგი! რასაც გონება ვერ მისწვდება, გულს უხმე; როცა სიმტკიცე გიღალატებს, მეგობარს მიმართე და ნახავ, რის განხორციელებასაც მარტო ვერ შეძლებ, სხვებთან ერთად ფრთებს შეასხამ და კაცობრიობის საგანძურში შენს წვლილს შეიტან..."

თუ ასეთი რწმენით მივუდგებით ადამიანს, მის შთაგონებასაც შევძლებთ, არც ჩვენი ნდობით დავამძიმებთ და ისიც, თავისი შესაძლებლობის შესაბამისად, შემოქმედებითი სიხარულით გაიზრდება.

რას აკეთებთ, როცა ვინმე გიყვართ?
გერმანელი მწერლის ბერტოლდ ბრეხტის ერთ-ერთ მოთხრობაში დაახლოებით ასეთ დიალოგს ვხვდებით: ერთ კაცს ეკითხებიან: "რას აკეთებთ, როცა ვინმე გიყვართ?" "მე, - პასუხობს ის, - სამოქმედო გეგმას ვადგენ". "გეგმას? შემდეგ რას აკეთებთ?" "შემდეგ ვზრუნავ, რომ ორივე ერთმანეთს მოერგოს, შეესაბამებოდეს". "მითხარით, ვინ ან რა უნდა მოერგოს მეორეს: ადამიანი - გეგმას თუ გეგმა - ადამიანს?" "რა თქმა უნდა, - პასუხობს ბატონი კერნერი, - ადამიანი უნდა შეესაბამებოდეს გეგმას".

ასეთ მიდგომას ხშირად ადამიანისადმი რწმენას უწოდებენ, თითქოს ადამიანის შესწავლა, მისი შეცნობა, ყველა შესაძლებლობის განჭვრეტა, გეგმის შედგენა და ის, რომ კაცი აიძულო, ამ გეგმას მოერგოს, შესაძლებელი იყოს. ეს შეცდომაც არის და დანაშაულიც, რომელსაც უშვებენ ოჯახის ცალკეული წევრები, საზოგადოებები და იდეოლოგიური დაჯგუფებები. ოჯახურ ცხოვრებაში ეს მოვლენა ზოგჯერ ტრაგიკულ ასპექტს იძენს. მშობლები წინასწარ განსაზღვრავენ, რა მოუტანს მათ შვილებს ბედნიერებას. ისინი აიძულებენ მათ, გახდნენ ბედნიერები ისე, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ. ეს ეხება ცოლქმრულ ურთიერთობებსაც, მეგობრებთან დამოკიდებულებასაც: "არა, მე ვიცი, რა არის სასარგებლო შენთვის, რა არის უკეთესი! ნახავ, რა კარგად იქნება ყველაფერი!" და ამ მომაკვდინებელი, სულის შემხუთველი, ცხოვრების დამანგრეველი სიყვარულის მსხვერპლი ზოგჯერ ევედრება კიდეც: "თუნდაც ნუღარ გეყვარები, ოღონდ მომეცი თავისუფლება!"

ადამიანთა საზოგადოებაში ეს გარემოება ხშირად უფრო ტრაგიკულ ფორმებს იღებს, როცა უმრავლესობა ან რომელიმე ძალაუფლების მქონე დაჯგუფება ცალკეულ ადამიანებსა თუ სხვა დაჯგუფებას თავისი გავლენის ქვეშ აქცევს და მოითხოვს, ყველამ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედოს. ისინი, ვინც ამას აკეთებს, ყოველთვის ფიქრობენ, რომ სწამთ ადამიანისა, სჯერათ, რომ ის შეიძლება დიდი და მნიშვნელოვანი გახდეს. ფიქრობენ, რომ თავად მას არ სჯერა საკუთრი თავისა. ეს რომ ასე იყოს, ის ყველაფერს მიატოვებდა და მათი დიქტატის მორჩილი გახდებოდა. სინამდვილეში ასეთი მიდგომა ადამიანის რწმენის სრული უარყოფაა. ადამიანის ან საზოგადოების ცივი გონებით ანალიზის შედეგად, ყველა მონაცემის შეგროვების შემდეგ, იკვეთება სახე ადამიანისა, საზოგადოებისა, მთლიანად კაცობრიობისა. შემდგომ კი ამ საცოდავი საზოგადოების "გეგმაში ჩასმას" ცდილობენ. ამ დროს ავიწყდებათ - ადამიანის რწმენა იმას ნიშნავს, რომ იმ ცოდნის ზღვრის მიღმა, რაც მის შესახებ შევიტყვეთ, თვალთახედვის ზღვრის მიღმა მას ჩვენთვის მიუწვდომელი სიღრმეების აქვს: უძირო ქაოსი, რომლის შესახებ გერმანელი ფილოსოფოსი ნიცშე ოდესღაც წერდა: "ვინც თავის თავში ქაოსს არ ატარებს, ის ვერასოდეს შობს ვარსკვლავს"...

რა არის საკუთარი თავის რწმენა?
შეუძლებელია გწამდეს სხვა ადამიანის, თუ საკუთარი თავის არ გწამს.

რა არის საკუთარი თავის რწმენა? პროფესიულად და ყოფიდან გამომდინარე, უმრავლესობა გვიპასუხებდა: "საკუთარი თავის რწმენაა, როცა ურყევად გჯერა, თუკი ნებისყოფას დაძაბავ და გონების მთელ ძალებს მოიკრებ, ყოველივე სასურველს მიაღწევ. რა თქმა უნდა, დასაშვებ ფარგლებში..." საკუთარი თავის ასეთი რწმენა თავდაჯერებულობას ესაზღვრება, მასში ადვილად გადადის და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ეს არის რწმენა არა საკუთარი თავისა, არამედ იმის დაჯერება, რომ გარშემომყოფნი ჩვენს ძალისხმევას დაემორჩილებიან. გარკვეულწილად ეს იმის დაჯერებაცაა, რომ გვეყოფა ძალა, გარდავქმნათ და შევცვალოთ გარშემომყოფნი ან ვითარება ჩვენს ირგვლივ.

საკუთარი თავის ჭეშმარიტი რწმენაა, როცა მჯერა, რომ ჩემში არის რაღაც ისეთი, რაც არ ვიცი, რაც ჩემთვის მიუწვდომელია, რაც იზრდება, ვითარდება და შესაძლოა, სრულყოფილებამდე მივიდეს.

თავდაჯერებულობის საფუძველი საკუთარი თავის ცოდნაა, ზოგჯერ - გადაჭარბებული თვითშეფასება. რწმენას კი არავითარი თვითშეფასება არ სჭირდება, რადგან მისი კვლევის საგანი ადამიანის საიდუმლოა. როცა ამ საიდუმლოზე ვსაუბრობ, იმის თქმა კი არ მსურს, რომ ადამიანში არის რაღაც მიჩქმალული, არამედ იმისა, რომ ადამიანი მთლიანობაში მუდმივი დინამიკაა, უწყვეტი სიცოცხლე, მოძრაობა და ზრდაა, და ვერც ერთი წამით ვერც თვით ადამიანი და ვერც ვინმე სხვა ამის შეკავებას ვერ შეძლებს. მისი კვლევის, მის არსში წვდომის მიზნითაც ვერ შეაჩერებს. ადამიანი დინამიკურია ყოველჟამს და მარადის.

გამოდის, ადამიანისა და საკუთარი თავის რწმენა არის რწმენა იმისა, რომ ჩემშიც და ყოველ ადამიანშიც სიცოცხლის დაუმარცხებელი დინამიკაა ჩადებული. და ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ დინამიკის განხორციელებას და რეალობაში გადაზრდას, ჩემი სიმხდალე და გაუბედაობაა. გარემოებები, რაოდენ კარგი ან ცუდი, რაოდენ სასტიკიც არ უნდა იყოს, მხოლოდ იმის საბაბს იძლევა, რომ შინაგანმა შემოქმედებითმა დინამიკამ გამოამჟღავნოს თავი ახლებურად, სხვაგვარად, მოულოდნელი სახით, ყველაფრის მიუხედავად გამოამჟღავნოს. საკუთარი თავის რწმენა არის დაჯერებულობა ამ შინაგან, საიდუმლო, შემოქმედებით და, საბოლოო ჯამში, გამარჯვებულ დინამიკაში. ამიტომ საკუთარი თავის რწმენა თავდაჯერებულობაცაა: გჯერა, რომ ყოველ ადამიანში და მათ შორის - შენშიც არის ისეთი სიღრმე, რომელიც შენთვისაც შეუმჩნეველია. და თუ დღიდან დღემდე სულ უფრო მეტი სრულყოფილებით გამოამჟღავნებ შენს თავს, მაქსიმალური გულახდილობით, სიმართლით, ღირსებით და გაბედულად, საბოლოოდ, გამოაჩენ და აამოძრავებ სულ უფრო და უფრო ახალ ძალებს, რომელთა შეჩერება შეუძლებელი იქნება.

სინდისის ხმა
მაგრამ ზემოაღნიშნული ბრმა პროცესს არ წარმოადგენს; მასში ხედვის უნარიცაა. ადამიანი თვითგანვითარების დროს საკუთარი თავის მეთვალყურეც უნდა იყოს - ოღონდ უშიშარი და უშფოთველი. არ უნდა უსვამდეს თავს შეკითხვას: ვარ კი, ვინც მინდა ვიყო? მესმის კი, ვინ მინდა გავხდე? ის ცხოველი ინტერესით უნდა ადევნებდეს თვალს პროცესს, აღრიცხავდეს და ცდილობდეს გამოიყენოს, მოიხმაროს, იღონოს ყველაფერი, რაც ხელეწიფება. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მოსმენა, უპირველეს ყოვლისა, ყური დაუგდოს სინდისს - იმ სიმართლეს, რომელიც მასშია დავანებული. რამეთუ დადუმებულ სინდისის ხმას - სიმართლის ხმა ვერასოდეს შეენაცვლება კანონიერება, პირობითობა, ადამიანური წესები.

შემდგომ ადამიანმა ყური უნდა მიუგდოს ცხოვრების ხმას, ნუ იმას, რასაც ცხოვრება ასწავლის: ცალკეული ადამიანისა თუ მთელი საზოგადოების, ხალხის ცხოვრება, კაცობრიობის ცხოვრება, ბიოლოგიური სიცოცხლე და საბოლოოდ, მორწმუნემ უეჭველად უნდა დაუგდოს ყური თვით უფლის ხმას, რომელიც წმინდა წერილშია გაცხადებული. ის უფრო ხმამაღლა, სამართლიანად და ჭეშმარიტად ჟღერს, ვიდრე ადამიანის სინდისი.

ყოველივე ზემოაღნიშნული საშუალებას გვაძლევს, მივაკვლიოთ, ყური დავუგდოთ და თვალი ვადევნოთ სიღრმეებს საკუთარ თავში და ამით ცხოვრება გავიმდიდროთ, გავიმრავალფეროვნოთ. როგორც უკვე ითქვა, მოგვიწევს მთელი ძალისა და დიდი გამბედაობის მოკრება, რადგან ეს პროცესი სიცოცხლის ბრძოლაა კვდომის წინააღმდეგ; ბრძოლა შემოქმედებისა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მას კლავს; ბრძოლა სინდისისა იმის წინააღმდეგ, რაც უსინდისოდ ცხოვრებას უწყობს ხელს.

მოითხოვს კი ეს სიმამაცეს? დიახ, მაგრამ ამავე დროს მოითხოვს თავმდამბლობასაც და მორჩილებასაც, არა იმ გაგებით, რომ ვინმეს უნდა დავექვემდებაროთ, არამედ ვალდებულნი ვართ, თავმდაბლურად, მორჩილად მივენდოთ ცხოვრების კანონს და ვიყოთ მზად, ვიცხოვროთ თუნდაც ჩვენივე სიკვდილის ფასად. ეს გამოთქმა, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, ველურ გამოთქმადაც კი, მაგრამ მორწმუნისგან ამის მოსმენა არც უცნაურია და არც ველური, რადგან მხოლოდ იმას შეუძლია სიცოცხლე იდეალს შესწიროს, ვისაც სიცოცხლის სწამს და სიკვდილის გამარჯვების არ სჯერა; ვისაც შესწევს უნარი, შეიყვაროს მთელი სულით, გულით, გონებით, ნებისყოფით, მთლიანი სხეულით. მხოლოდ იმ ადამიანს, რომელშიც სიცოცხლემ სიკვდილი დაამარცხა, ძალუძს, გაწიროს თავისი ცხოვრება. გარეგნულად დამარცხებული, გატეხილი გამოჩნდება, სიკვდილი დაეტყობა, მაგრამ შინაგანად ეცოდინება, რომ გაიმარჯვა!

ოდესღაც შლისელბურგის ციხეში წარწერა აღმოაჩინეს: "ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე კი თავისუფლებაც ციხეა". კონტრასტი - ძლევამოსილი სიცოცხლე და გარეგნული სიკვდილი - ადამიანის საკუთარი თავის ჭეშმარიტი რწმენის დამახასიათებელი ნიშანია, არა თვითდაჯერებულობისა, არამედ ცხოვრების დაუმარცხებელი დინამიკის რწმენისა, ვისი სახელიც ღმერთია.
ბეჭდვა
1კ1