ყოველი საქმე თავმდაბლობითა და მორჩილებით დავიწყოთ
ყოველი საქმე თავმდაბლობითა და მორჩილებით დავიწყოთ
ყოველი წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მოძღვარი მრევლს ღვთის სიტყვას გვიქადაგებს. მისი პირით უფალი საკითხებზე დაგვაფიქრებს და მერე საკუთარ შეცდომებზე ფიქრს ვიწყებთ. ხშირად მოძღვრის ერთი სიტყვაც გულზე ისე სალბუნად დაგვედება, რომ კვირიდან კვირამდე გვყოფნის. არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) წმინდა პიროს ბრეთელის დედათა და ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრების წინამძღვარია. "კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობ მის ქადაგებას.

"ჩვენთან არს ღმერთი! ყოველი საქმე ქრისტიანმა, მორწმუნე ადამიანმა თავმდაბლობით უნდა დაიწყოს, რადგან ის ღმერთის წინაშე შეიწირება. მოციქული პავლე ბრძანებს, - სიმდაბლე თქვენი წინაშე კაცთა ცხადი იყოსო. რადგანაც თავმდაბლად ვიქცევით, ნიშნავს, რომ ქრისტეს მოწაფეები ვართ. თუკი ადამიანი ნებისმიერ საქმეს საკუთარი თავის განდიდებით იწყებს, რა თქმა უნდა, სიძნელეებიც შეხვდება, რის გამოც ცოდვითაც კი დაეცემა, ცოდვის შედეგად მადლი ღვთისა განეშორება და შეიძლება ეკლესიურ ცხოვრებას გაუუცხოვდეს, განეშოროს დედაეკლესიას, სულიერი ცხოვრება უფსკრულისაკენ წარმართოს და მოხვდეს საუკუნო სატანჯველში. მარხვის დაწყებისას მივდივართ სულიერ მოძღვრებთან და ვიღებთ ლოცვა-კურთხევას. აქ უკვე იგრძნობა თავმდაბლობა. მოძღვრის ლოცვა-კურთხევას დამორჩილებული სულიერი შვილი დაცული იქნება ყოველგვარი განსაცდელისგან და დაბრკოლებების გადალახვაც გაუადვილდება. თუ ჩვენი ძალებით ვცდილობთ, ღმერთისთვის მოსაწონი საქმე გავაკეთოთ, ხშირად შევხვდებით წინააღმდეგობებს. თავის თავს მინდობილი ადამიანი ვერ აღასრულებს ღვთისთვის სათნო საქმეს. ამიტომაც ყოველთვის გვმართებს, საერო თუ საეკლესიო საქმის აღსრულების წინ თავი მოვუდრიკოთ ლოცვა-კურთხევით მოძღვარს უფლისას, მივიღოთ მისგან რჩევა-დარიგება.

სახარების იგავით, მდიდარი ჭაბუკი უფალს ეკითხება, როგორ დავიმკვიდრო საუკუნო ცხოვრებაო. ალბათ, ყველა ეკლესიური ადამიანი ფიქრობს, თუ რა უნდა გააკეთოს საცხოვნებლად. იგავში უფალმა მდიდარ ჭაბუკს უპასუხა: თუ გინდა რომ ცხონდე, დაიცავი უფლის მცნებები - "არა იმრუშო", "არა იპარო", "არა კაც კლა", "პატივი ეც დედასა და მამასა შენსა"... უფალი მას ყველა მცნებას ახსენებს. ჭაბუკმა უპასუხა: ეს ყველაფერი სიყრმიდანვე დამიმარხავსო და რაღა მაკლია საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლადო.Mმაშინ გაყიდე მონაგები, დაურიგე გლახაკებს და გექნება საუნჯე ცათა შინაო. ამ სიტყვების მოსმენამ შეაძრწუნა მდიდარი ჭაბუკი და დაღონებული გაშორდა უფალს. ამის გამო უფალმა თქვა: - უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველშიო. მოციქულებმა ჰკითხეს მაცხოვარს: მაშინ ვინღა შევა ცათა სასუფეველშიო? ადამიანისთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელიაო, - მიუგო უფალმა.Aაქედან გამომდინარე, შეიძლება ადამიანი იყოს ქრისტეს მცნებების აღმსრულებელი, მაგრამ ვერ გახდეს ღირსი ცათა სასუფევლისა. ადამიანის ცხონებისთვის თურმე საკმარისი არ ყოფილა მხოლოდ უფლის მცნებების აღსრულება, არამედ საჭიროა ბრძოლა ჩვენს ვნებებთან.

გავიხსნოთ მეზვერისა და ფარისევლის იგავი, რომლებიც დგანან ეკლესიაში და ლოცულობენ. Fფარისეველი ასე ლოცულობდა, - გმადლობთ, უფალო, რომ მე არ ვარ მემრუშე, ქურდი, როგორც მეზვერე. ჩემი შემოსავლის ნაწილს ტაძარს ვწირავ და კვირაში ორჯერ ვმარხულობ კიდეცო. ცოდვილი მეზვერე კი იდგა ტაძარში და ევედრებოდა, - მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალეო. უფალი ასეთ მონანულ ადამიანს, რომელიც ცოდვების მიტევებას ითხოვს, შეიწყალებს, გაამართლებს, ხოლო იმ ფარისეველს, რომელიც საკუთარი თავის მართლებას მოჰყვება, გაამტყუნებს. აი, სად არის სიბრძნე ღვთისა. რას უნდა ელტვოდეს ადამიანი და რას უნდა ვსწავლობდეთ ქრისტიანულ ცხოვრებაში? პირველ რიგში ადამიანი უნდა მოეშვას საკუთარი თავის განდიდებას. შეიძლება გვგონია, რომ ვინმეზე უკეთესები ვართ, მეტი გონიერება და შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შეხედულება ღვთისთვის მოსაწონია. ყველა გადადგმული ნაბიჯის დროს უნდა ვფიქრობდეთ, რა იქნება უფლისთვის მოსაწონი. როცა ადამიანი ტაძარს აშენებს, ეხმარება შეჭირვებულებს და ამ ყველაფერს ხმამაღლა აღიარებს, განა ეს შეიწირება? მას არ შეიწირავს უფალი. მდიდარი ჭაბუკი, რომელიც უფლის მცნებებს იცავდა, მოსაწონია, მაგრამ მას არ შეეძლო ვნებების დატევება - ვერცხლისმოყვარეობის ვნება აწუხებდა და მისი დატევების გამო დამწუხრდა, შემდეგ კი განეშორა უფალს. ბიბლიიდან ვიცით, რომ მრავალი ადამიანი იყო მდიდარი, მაგრამ ისინი მუდამ უფლის გვერდით იყვნენ. აბრაამ მამამთავარზე მდიდარი არავინ იყო. წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო დიოკლეტიანესი. გადმოცემით - მას იმპერატორი თავის მემკვიდრედ ამზადებდა.Mდიდება და პატივი არ აკლდა, არც სიმდიდრე, მაგრამ ჭეშმარიტების გზა აირჩია. იყვნენ ასევე ისეთი ადამიანები, რომელთაც უდიდესი საფასე ჰქონდათ და ამ საფასით განშორდნენ უფალს. სიმდიდრისმოყვარეობამ ისინი მოაშორა ეკლესიას, ღმერთს და საბოლოოდ დაიღუპეს თავი. წმინდა მამები ამბობენ: როცა ვერცხლისმოყვარეობა გამრავლდება, დედამიწაზე ანტიქრისტეს მოახლოებას უნდა ველოდეთო. დღეს თითოეულ ჩვენგანს ისე შემოეპარა ეს ვნება, რომ ვეღარც ვგრძნობთ. გონიერი თვალით თუ შევხედავთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, დავინახავთ, რომ მოიმედენი კი არ ვართ ღვთისა, არამედ მინდობილნი ვართ იმ საფასეზე, რასაც ვერცხლისმოყვარეობა, სიმდიდრისმოყვარეობა ჰქვია. თანაც ვმეგობრობთ მდიდრებთან. აი, აქ ჩანს უკვე ჩვენი სარწმუნოება, სულიერი ცხოვრება. ყველაზე მდიდარი ხომ მაცხოვარია. უფალი ბრძანებს, ადამიანისთვის შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელიაო. თუ მივენდობით უფალს, დაგვაძლევინებს ვნებებთან ბრძოლას, სასწაულს ვიხილავთ ჩვენში და სასუფეველშიც ვიქნებით მადიდებელი ყოვლადწმინდა სამებისა. ყველაფერს თუ უფალს მივანდობთ, უფალი გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს.

ერთი ბერი, რომელიც მონასტერში ცხოვრობდა, მოხუცი მშობლების მონახულებას გადაწყვეტს. გზაში უფალი შეხვდება. ბერი ეკითხება უფალს, - საიდან მოდიხარო? შენს მშობლებს ვეხმარებოდი და რადგან შინ მიდიხარ, ახლა შენ მიხედეო. რა თქმა უნდა, უფალი უფრო მიხედავდა ბერის მშობლებს, მაგრამ შინ მიმავალ შვილს მიანდო მისი მშობლები. მართლაცდა, როცა უფალს მივენდობით, უფალი თავად გამოგვიწვდის დახმარების ხელს.

დაგლოცოთ ღმერთმა".
ბეჭდვა
1კ1