"მხოლოდ ქრისტეს ნათელს ძალუძს ფერისცვალება სამყაროსი და ჩვენი"
"მხოლოდ ქრისტეს ნათელს ძალუძს ფერისცვალება სამყაროსი და ჩვენი"
გავხდებით ჩვენ თანაზიარნი ამ ნათლისა, შევიცნობთ კი მას?
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"ნათელი ქრისტესი სულიერი ძალაა, საფუძველია ქვეყნიერებისა. თუ მზის სინათლის გარეშე სიცოცხლე შეწყვეტდა არსებობას, თვინიერ ღვთაებრივი ენერგიისა სიცოცხლე საერთოდ არ წარმოიშობოდა. სიცოცხლე, მიზიდულობისა თუ სხვა კანონები, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ, გამომსახველნია უმაღლესი ჰარმონიისა, შედეგია ღვთაებრივი გონებისა და ძალისა.

ნათელი ესე ბრწყინავდა და იბრწყინებს ნიადაგ, განურჩევლად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. საკითხავი ისაა, გავხდებით ჩვენ თანაზიარნი ამ ნათლისა, შევიცნობთ კი მას? შევძლებთ გავიგოთ, რომ "ძე ღმრთისაი მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაი, რაითა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი" და ვართ "ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა"? "ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაი საუკუნოი" (I იოანე 5,20).

მხოლოდ ქრისტეს ნათელს ძალუძს ფერისცვალება სამყაროსი და ჩვენი. გიხაროდეთ ყოველთა, რომელთა მოგიპოვებიეს მცირედი ნაწილიც კი ზეციური ნათლისა, რომელნიც შემოსილნი ხართ მისი შარავანდედით: "თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი... ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (მათე 5,14-16).

გარნა სად ვეძიოთ ნათელი ესე, რათა განვიბანოთ მის სხივებში? ცოდნაში, მეცნიერებაში, სიმდიდრესა თუ განცხრომაში? მაგრამ ყოველივე ეს ხომ არამტკიცე, წარმავალი და არასაიმედოა. პასუხი ერთადერთია: ქრისტეს ნათელი თვით მის სხეულშია, ღვთაებრივი ლოგოსის სხეულში - ეკლესიაში. ეს ის ეკლესიაა, რომელიც კლდესა ზედა არს დაშენებული და რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ".

***
"პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდენ" (ფილიპ. 4,4). შესანიშნავი სიტყვებია, რომლებიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ აქ, დედამიწაზე კი არა, აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც...

შესაძლოა, მდიდრულმა სახლ-კარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელ-ნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარული, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს.

თქვენ შემეკითხებით, როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობსო. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: "ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ". აი, თუ ამ თვისებებით - პატიოსნებით, სიმართლით, სიწმიდითა და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება".

***
"ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისთვის, არამედ - განწმენდის, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისთვის. ქრისტიანის მიზანია, დაამყაროს კავშირი ღმერთთან წმიდათა შვიდთა საიდუმლოთა და განუწყვეტელი ლოცვის მეშვეობით. აქ ღვთის ნებას ადამიანის ნება უნდა შეერწყას. ამ კავშირშია არსი სიწმიდისა და სიყვარულისა...

ვინ შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტეს ეკლესიას?! ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღიარებს სჯულის კანონებს, ვინც ეზიარება ტაძარში შესრულებულ წმიდათა საიდუმლოთა, რომელნიც სამღვდელოების მიერ წმიდა მოციქულთაგან მიღებული მადლით აღესრულება".

***
"მონათვლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ქრისტეს ნაწილი ხდება, ხელახლა იბადება; თავისუფლდება როგორც ადამიანური პირველქმნილი შეცოდებისაგან, ისე ყველა სხვა ცოდვისაგან; აღდგება მასში ხატება ღვთისა, მიენიჭება სულიწმიდის მადლი და ყველა სიკეთე მისი. "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, - მიმართავს იესო ქრისტე საქადაგებლად მიმავალ თავის მოწაფეებს, - და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ" (მათე 28,19-20). ხოლო სხვა ადგილას ბრძანებს: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3,5). წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესა და მოყვასისათვის. ამაში პოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს".

***
"წმიდა პავლე მოციქული კოლასელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში განგვიმარტავს, ვინ არიან რჩეულნი. იგი კოლასელებს მოუწოდებს: "შეიმოსეთ უკუე ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა წმიდათა და საყუარელთა" (კოლას. 3,12). ე.ი. რჩეული ისაა, ვინც წმიდაა და ღმერთს უყვარს. ამის შემდეგ მოციქული განგვიმარტავს, რით უნდა შევიმოსოთ, რომ ღვთისთვის სათნო ვიყოთ: მოწყალებით, სიტკბოებით, სიმდაბლით, სიმშვიდითა და სულგრძელობით. რა შესანიშავი თვისებებია! რომელი ძვირფასი თვალ-მარგალიტი შეედრება მათ! რჩეული ისაა, ვინც ამ თვისებებით შეიმოსება. ხშირად ამა თუ იმ პიროვნებას ამ თვისებათაგან რომელიმე აკლია. მაგალითად, ზოგს რწმენა აქვს, მაგრამ არც მოწყალება იცის და არც ადამიანის შეწყალება შეუძლია; ნაკლს რომ შეამჩნევს, ნაცვლად იმისა, რომ მის გამოსწორებაში შეეშველოს, პირიქით, ცდილობს, უბიძგოს და კლდეზე გადაჩეხოს. განა შეიძლება კაცს, რომელსაც მოწყალება, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე და სულგრძელობა აკლია, ქრისტიანი ვუწოდოთ? ასეთი ადამიანი მხეცზე უარესიც კია, რადგან სათნოება არ გააჩნია".

***
"თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, სული ეკლესიისა - სულიწმიდა, წევრნი ეკლესიისა ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმიდა სამება, ვართ ნათელღებულნი და ზიარნი ყოველთა საიდუმლოთა. ეკლესიის საშუალებით იღებს მორწმუნე მრევლი ღვთის მადლს და ნიჭთა სულისა წმიდისათა. ეკლესიის ყოველი წევრი, მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა, თუ მისი ცხოვრება ღვისთვის სათნოა, სულიწმიდის მადლით იმოსება. ეკლესიაში სულიწმიდის მადლის ზემოქმედებით ხდება ადამიანის განწმენდა ცოდვებისგან და მისი სულიერი განათლება. მადლი ღვთისა გარდაქმნის ადამიანს, რის შედეგად ცოდვილი პოვებს განმართლებას და ხდება წმიდა".

***
"ტკბილ არს ნათელი, - ამბობს ეკლესიასტე, - კეთილ თუალთა ხედვად მზისა" (ეკლესიასტე 2,7). ადამიანი ესწრაფოდა სინათლეს, ეძიებდა ნათელს, ელტვოდა სიმართლეს, ჭეშმარიტებას, სიკეთეს, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საით გაეგნო გზა. გზა ჭეშმარიტი, გზა ცხოველი თავად მოაბიჯებდა კაცობრიობისკენ.

და დადგა ჟამი აღმოსვლისა მზისა ქრისტიანეთასა. ქრისტეს ნათელმა განაბრწყინვა მსოფლიო; იგი გვაცისკროვნებს ჩვენც, თუმცა გამოცდა კვლავაც გრძელდება".

***
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა" (პირველშეწირულის ლიტურგია). ეს სიტყვები მრავალ კითხვას აღგვიძრავს: რას წარმოადგენს ქრისტეს ნათელი და სად ვეძიოთ იგი? თუ თავად იგი განანათლებს ყოველთა, მაშინ რატომღა არიან წარწყმედულნი მავალნი გზასა ფართოსა?

"მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაი" (იოანე 8,12), - ბრძანებს მაცხოვარი. საოცარი სიტყვებია! ისინი მიუთითებენ იესო ქრისტეს მხოლოობასა და განუმეორებლობაზე, მის ძალაუფლებაზე ქვეყანასა ზედა. ამგვარად თქმა არ შეეძლო და არც შეუძლია წინასწარმეტყველს, მოციქულს, ფილოსოფოსს, მეცნიერს, არც სხვა ვინმეს კაცთაგანს; ასე მხოლოდ ღმერთკაცი ზრახავს.

"ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად". იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "ღმერთი ნათელ არს" (I იოანე 1,5). იესო ქრისტე არა მსგავს არს ნათლისა, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარდების; იგი ნათელია დაუსრულებელი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმძლეველი, ნათელი "რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოანე 1,5)".

***
"ნათლობისას პიროვნებას ღმერთი უვლენს მფარველ ანგელოზს, რომელსაც ევალება მისი დაცვა და სულიერ სრულყოფაში შემწეობა. ინათლებიან როგორც სრულფასოვანნი, ისე მცირეწლოვანნი. ეკლესიაში ბავშვების ნათლობა უძველესი ხანიდან დაწესდა. ბავშვს მღვდელი ნათლავს მშობლებისა და ნათლიების რწმენის ძალით, რომელთა წმინდა მოვალეობაა, ასწავლონ ყრმას სარწმუნოების კანონები და ღვთივსათნო ქრისტიანული ცხოვრება.

ნათლობისას სრულდება ასევე მეორე დიდი საიდუმლო - მირონცხება. როცა მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით მირონს სცხებს, ამბობს: "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ".

იღებენ რა ამ ორ უდიდეს საიდუმლოს, ზოგიერთნი, სამწუხაროდ, ამით ამთავრებენ ეკლესიურ ცხოვრებას. თუ ახალშობილს საზრდოს დროზე არ მივაწვდით, მოკვდება; ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც; მოეკვეთებიან ხეს ცხოვრებისას - ეკლესიას, რომლისგანაც გამუდმებით უნდა მიეღოთ სულიერი საზრდო. ჭეშმარიტნი ქრისტიანენი კი ნათლობისა და მირონცხების შემდეგაც უხვად იღებენ სულიერ საკვებსა და მადლს".
ბეჭდვა
1კ1