რატომ ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა პირველი ტაძარი მოციქულთა სახელზე
რატომ ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა პირველი ტაძარი მოციქულთა სახელზე
ნაწყვეტი პატრიარქის მიერ 2009 წლის 13 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში წარმოქმული ქადაგებიდან

დღეს არის ბედნიერი დღე - ჩვენი დიდებული სვეტიცხოვლის დღესასწაული, სვეტიცხოვლობა და ხსენება ათთორმეტთა მოციქულთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

უფალი ბრძანებს: "და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა". უფალმა აღამაღლა და გამოირჩია 12 მოციქული და მათ შორის იყო იუდა ისკარიოტელიც. მათ მისცა უფალმა მადლი და ძალა, რათა უძლურნი განკურნონ და ეშმაკნი განასხან. და ეს დიდებული მადლი ჰქონდა მინიჭებული ყველა მოციქულს და მათ შორის იუდა ისკარიოტელსაც. ამ მადლმაც ვერ შეაჩერა მისი ავი განზრახვა, შევიდა მასში ეშმაკი და იუდა გახდა მაცხოვრის გამცემელი.

საოცარია მოციქულთა ცხოვრება. თითქმის ყველა მათგანი მოწამეობრივად აღესრულა. ღვთის სასწაულია ასევე ის, რომ ის სისუსტე, რომელსაც თითოეული მათგანი თავდაპირველად იჩენდა, - გადავიდა რაღაც საოცარ სიმტკიცეში, სარწმუნოებასა და სიყვარულში. გავიხსენოთ პეტრე მოციქული, - როდესაც მას ჯვარცმა მიუსაჯეს, მან მტარვალებს მტკიცედ უთხრა: "მე რა ღირსი ვარ, ჯვარს ვეცვა, როგორც ქრისტე, გამაკარით ჯვარზე თავდაყირა". დღეს, როდესაც ჩვენ ამ დიდებული სვეტიცხოვლის ტაძარში 12 მოციქულის ხსენებას ვდღესასწაულობთ, - კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ ააშენეს ჩვენმა წინაპრებმა პირველი ტაძარი მოციქულთა სახელზე. საოცარი ის არის, რომ ამავე დროს, IV საუკუნეში, კონსტანტინოპოლში ასევე 12 მოციქულის სახელობის ტაძარი აშენდა. ეს უდავოდ იმას ნიშნავს, რომ იმხანად მჭიდრო კავშირი იყო არა მარტო ჩვენს ეკლესიებს შორის, არამედ - სახელმწიფოებს შორისაც.

სვეტიცხოველი სისხლითა და ცრემლით მორწყული ტაძარია. მირიანიდან დაწყებული ყველა ქართველი მეფე საქართველოისა აქ მოსულა, მუხლი მოუყრია ღვთის წინაშე და უფლისთვის ჩვენი ქვეყანა შეუვედრებია, ჩვენს წინაპრებს აქ მრავალი ლოცვა აღუვლენიათ და ბევრი ცრემლიც უღვრიათ. ამიტომ დღეს, როდესაც კვლავ უჭიარს ჩვენს ერსა და ქვეყანას, - კვლავ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ლოცვა - და ერთითა გულითა, ერთითა ბაგითა, ერთითა გონებითა, ერთსულოვნებით შევთხოვოთ უფალს მშვიდობა და კეთილდღეობა!

ბეჭდვა
1კ1