ვაი ჩვენდა, რომელ ლოცვა და ვედრება ჩვენი საყვედრელად ჩვენდა და ცოდვად შერაცხილ არს!
ვაი ჩვენდა, რომელ ლოცვა და ვედრება ჩვენი საყვედრელად ჩვენდა და ცოდვად შერაცხილ არს!
ჩვენც ერთი სიხარულის ხმა გაგვაგონე და გვასმინე, რომ ჩვენს ჯარს გაუმარჯვნიაო და უსჯულონი მტერნი, დაცემულნი და დამდაბლებულნი, გაქცეულანო!
მღვდელმთავარი ამბროსი (ნეკრესელი) - ქადაგება

ეპისკოპოს ამბროსი ნეკრესელს ეს ქადაგება 1795 წლის სექტემბერში, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ წარმოუთქვამს. ქადაგებისთვის წარუმძღვარებია ძველი აღთქმიდან უფლის მიერ ისრაელის ერისადმი ნათქვამი: "აღმოგფხვრნე თქვენ ქვეყანისაგან, რომელი მიგეც თქვენ და სახლი ესე, რომელიცა წმინდა ვყავ სახელისა ჩემისა, განვაგდო პირისაგან ჩემისა და მივსცე იგავად და ამბავად ყოველთა წარმართთა" (II ნეშტთა 7,19). გთავაზობთ ამ მშვენიერ ქადაგებას მცირეოდენი შემოკლებით.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

ღვთისმოყვარებით შემოკრებულნო ქრისტეს ერნო და ცოდვათა ჩვენთაგან ქართლსა და კახეთში ესოდენსა ჟამსა და ახლა უფრო ნამეტანად უსჯულოთა და ქრისტეს მგმობელთა მტერთაგან დამდაბლებულნო და მუდამ აოხრებისა და წარტყვევნისათვის შეშინებულნო! რაც დღეს ესოდენი დაწვა, აოხრება და დატყვევება მოგვევლინა, ხომ ჩვენისავ თვალით მოვინახეთ ეგოდენი საცოდაობა; მაგრამ არცარად კი ვაგდებთ და ახლა კიდევ რას განსაცდელს მოველით ღვთის საშინელი გულისწყრომისათვის, დიაღ, ყური დაგვიგდია და ესე არ ვიცით, რა მიზეზი არის? ეს არ იცით, საყვარელნო, რომე ცა რომ მოღრუბლავს, მგელიც მაშინ ასტყდება და ნისლიანს დღეში დაუწყებს ცხოვარს დევნასა? ნისლი, ასე გავისინჯოთ, რაიმე ღვთის წყრომა არის და მგელი - ჩვენზედ მოწევნული მტერი არის ხილული და უხილავი; და ჩვენი ცოდვა არის ჭეშმარიტად, და ჩვენის გონების დაბნელება, ღვთის წყრომას მოუღრუბლავს ჩვენზედა, და ჩვენმა ცოდვამ ასე თვალები დაგვახუჭინა და გონებაც დაგვიბნელა, რომ ამისთანას ჩვენზედ მოწევნულ გულისწყრომას ყურს აღარ უგდებთ, და ზოგნი კიდევაც ვიცინით და განვსცხრებით: ჩვენ ხომ არა აგვტეხია რაო, რას დავეძებო, ვისაც რა უნდა დაემართოსო?! ვაი, ვაი, ქრისტიანობავ, სადა ხარ, ამისთანას თქმაზე ღვთის გულისწყრომისა რისხვით და საშინელებით აღმძვრელო! ვაი, რა ცოდვა დათესილ არს ჩვენში! და ვაი, რა უგულისხმობის შავსა და ბნელს ღრუბელს დაუბნელებია ჩვენი გონება! გვესმის წინასწარმეტყველთა და მოციქულთაგან რაოდენი და რა საშინელნი მხილებანი და ბრძანებანი? და თვით წმინდაი სახარება რას თვითოსა და თვითოს სამხილებელის საყვირით ჩაგვძახის, გვაღვიძებს და ვერ გაგვიღვიძნია? და ახლა თვით საშინელი ღმერთი ძლიერი საბაოთ, დიდი ღმერთი ზეციდან გვემუქრება სოლომონ ყოვლად გაბრძნობილის პირითა, რომ თუ ჩემს ბრძანებას და სიტყვას არ დაიმარხავთ, მაგას არ გაკმარებთ, მაგ თქვენის სამკვიდროსაგანაც სრულიად აღმოგფხვრითო...

ჰოი, საშინელო ღმერთო, ცისა და ქვეყნისა, ზღვისა და ხმელისა დამბადებელო! ღმერთი ნეტარ ასე გულისწყრომით რაზედ განგარისხეთ და განგამწარეთ, რომ ამ შესაძრწუნებელის ბრძანებით გვემუქრები?! ესეოდენი ხანია, მუდამ შეწუხებულნი ღვთის გულისწყრომისგან ვიღელვებით, ზოგნი სიღარიბითა და ქვრივ-ოხრობითა სიმშილისა და წყურვილისათვის ვჩივით, ზოგნი უწყალოსა და შეუბრალებელის მწარის სიკვდილისაგან ობლებად დარჩომასა და უდროუჟამოდ გამოსალმებასა ვსტირთ... ჩვენი ქვეყნის მტრებისაგან მუდამ და ყოველ წელიწადს ასე მწარედ გამწარებულნი თავსა ვიცემთ! და კიდევ ზოგნი ასეც მოუძლურდით, რომ მართლა აღარც ლოცვისა და ღვთის ვედრებისკენა ვართ. ერნიც მოგვაკლდენ, სიცოცხლეც მოგვაკლდა, სიკვდილმაც ძალი გვიყო, ცოდვაც მოგვერია, და ხელი ვეღარ ავიღეთ ჭეშმარიტად.

სასოება ესე წარკვეთილი გვაქვს, რომ ყველანი ამასა ვკვნესით: ნეტარ რა ვქნათ და რა გვეშველება? და რომელსა ვიქადით და ვსასოებთ, რომ საქართველოს ერნიო ღვთისმშობლის კერძნი და წილხდომილნი ვართო, თვით ღვთისმშობლისგან დაქადნებულნი ვართ: "იმათ მე მოვაქცევო, ყოველს ქვეყანაზედ საქართველოსა და იმის ერს უმეტესად აღვამაღლებო". მაგრამ ვაი ჩემდა, ვაი, ახლა ყველასაგან უფრო დამდაბლდა, ყველასაგან უფრო დაეცა ყოველს ქვეყანაზედ სახელგანთქმული ქართლი და კახეთი, და ამისი ერი ყველასგან უმეტესად და უფრო და უფრო დაეცა, დაიჩაგრა და დამცირდა! რამდენჯერაც მუხლი მოგვითრევია და შევხვეწებივართ და კვნესით და ცრემლით შეგვიტირნია ღვთისმშობლისთვის, ამასაც თავისის დედობრივის მოწყალებით მოუხედავს და შეუბრალებივართ. ჩვენი კვნესა და ტირილი გაუგონია - თავისი მოწყალე გული, დიაღ, მალე გამოუბრუნებია ჩვენზედა, მაგრამ ახლა ვეღარც ამისი მოწყალე გული მოვიგეთ, რომ ჩვენში ერთი თავისი მოსაწონებელი კეთილი რამ დაენახა. თუ არ ცოდვა, თუ არ სიბილწე, თუ არ ურჩება და ამპარტავნება, თუ არ შური და მტერობა, თუ არ ღვთისა და ბატონის ბრძანების გაუგონებლობა და შეუსმენობა, თუ არ უმოწყალეობა და სიხარბე და ანგარება, თუ არ უსამართლეობა და საბრალოსა და შეწუხებულის განუკითხველობა და შეუბრალებლობა, თუ არ წირვისა და ლოცვისა, და ეკლესიისა და მოძღვრის უყვარულობა, თუ არ ერთმანეთის ჯიბრითა და ზაკვით მოქცევა, რომ ჭეშმარიტად ჩვენი პირი სხვას ამბობს და გული სხვას ზაკვასა ზრახავს და სიმართლე დაკარგულა უფროსღა ჩვენში და ამისთანა და კიდევ უარესი ცოდვებიც ღაღადებს ჭეშმარიტად! ცოდვა განმრავლებულ არს, ცოდვამ გაგვაოხრა და ჩვენს ქვეყანასაც ჩვენი ცოდვა აქცევს, არღვევს და ამდაბლებს ჭეშმარიტად! აბა, რომელი ქვეყანა გინახავსთ და გაგიგონიათ სიმართლისდგან და მადლისგან დაცემული და დამდაბლებული? არც ერთი და არა სადა ჭეშმარიტად, თუ არ ცოდვითა და სიბოროტით აოხრებული და დაცემული!"

ამის მერე ეპისკოპოსი ამბროსი იხსენებს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, მის ყოვლადწმინდა დედას და მის წმინდანებს, ქართველ კეთილმსახურ მეფეებს, ძველსა თუ ახალს, და კითხულობს: "ხომ ჩვენთვის ლიტანიობენ და ვედრებასა შესწირვენ და ვიღას შეეწევიან ჩვენისთანა ცოდვილსა და როდისღა გვიშველიან და სადღა და დაგვახელებენ (გვნახავენ, - კ.კ.) ამისთანასა და ასეთს შეწუხებულსა?" მერე კი თანამედროვე მამათა ლოცვასაც იხსენებს...

"ახლა ამასაც დავუტევებ და ახლა ჩვენ სამღვდელო დასთა, ერთობით წმიდას საკურთხეველსა და ტრაპეზს წინაშე ქრისტეს მემსხვერპლეთ, შემწირველთ, მლოცველთ და მვედრებელთ, თავსა და პირში ცემით ვიღაღადებ და ვიტირებ და ვიჩივლებ, რომელნიც ვმოძღვრებთ და ვიქადით ცოდვათა მიტევებასა, შებდობასა, კურნებასა სნეულთა სიმრთელესა, ეშმაკთა განხმასა, და ხილულთა და უხილავთა მტერთა განდევნასა! აბა ესენი სად არის, ვისთან არის, ვისგან არის და როდისღა იქნება, და როდისღა უნდა შეგვეწიოს, თუ არ ამისთანას შეწუხების დროს, თუ არ ამისთანა და ასრე მტერთაგან გათავების ჟამსა?!

აბა, ახლა ჩვენთვის თავის განმართლების სიტყვა აღარა გვაქვს რა, საყვარელნო! აღვდგეთ ყველანი და წმიდათ ეკლესიათა და წმიდათ ხატთა და ჯვართა ყველამ მუხლი მოუთრიოთ, და თავი მიწაზედ დავსდვათ! ახლა კი აღარა გვაქვს რა სიტყვა, ახლა ვეღარათი გავიმართლებთ თავსა! წმიდანო ხატნო! წმიდანო ჯვარნო! წმიდანო ნაწილნო! წმიდანო ეკლესიანო! დიდებულო მთავარმოწამეო გიორგი! სადა ხარ, ძლიერო მხედარო? საქართველოში ხომ სასწაულით შენ ხმა განსმენილი მხედარი ხარ და სნეულთ-მკურნალი და მრავალთა ტყვეთა მხსნელი და სად არის, თუ გვიშველი რასმე, ქრისტეს მხედარო გიორგი?! წმიდაო დიდებულო მერკვირ, შენც ხომ ქრისტეს მტრის უსჯულოს ივლიანეს მომკვლელი მხედარი ხარ. შენც დიდის ვასილის ვედრებაზედ კესარიის კაბადუკიის გამომხსნელი ხარ. ის უსჯულო რომ ექადოდა, გამოვივლი და ესოდენს ქრისტიანეთ შევმუსრათ, არ კი შენ შემუსრე ის უსჯულო და ეგოდენნი ქრისტიანენი გამოიხსენ, და აბა, სად არის, თუ გვიშველი რასმე, დიდებულო მხედარო? აი, ახალი ივლიანე შენს მოსავს ქრისტიანებს თავს გვიქნევს, შენს წმიდა სახესაც ემუქრება, რაც კიდევ დამრჩა, მივალო და სრულიად აღმოვფხვრიო, დავაქცეო, დავარღვევო, ქრისტიანობას საქართველოში სულ ავხოცო, ბატონებს წავართმევო, თავადებს დაუმდაბლებო, ცოლსა და შვილებს დაუტყვევებო, მამასა და შვილს განვაშორებო, დასა და ძმას გამოვასალმებო, ეგოდენს ქვრივსა და ობოლს ავატირებო, იმათს მღვდლებსა და ეპისკოპოსთ ხმალს ქვეშ მოვსრაო.

ვაი, ვაი! გვიღონეთ რამე, წმიდანო, გვიშველეთ რამე, დიდებულნო! განიღვიძე, ღვთისმშობელო მარიამ, მოვალთ შენთან, შენს წმიდას ხატს მუხლს მოვუთრევთ, თავს ესე მიწაზედ დავახლით, პირს ესე მიწაზედ მოვათრევთ, ამდენს შემოგტირებთ, ამდენს დავიკვნესებთ, ამდენს დავიბღავლებთ, რომ გვიშველო რამ, და ჩვენს სანატრელს მეფესა და ჩვენს ჯარს შეეწიო და შეგვიწყალო! თვით ჩვენივე სინდისი გვამხილებს, რომ ცოდვილნი ვართ, და ჩვენც ამას გევედრებით, რომ დღეს ჩვენს ეგოდენს შეცოდებას ნუღარ მოიგონებ, ჩვენის ცოდვის პასუხს ნუ გვიზამ, შენის მეოხებისათვის, შენის დედობრივისა მოწყალებისათვის, შენის საყვარელის ძის, იესოს სიყვარულისათვის! მტირალი დედა, მგლოვიარე დედა ჯვარცმულ იესოს რომ შეჰკვნესოდი, იმის უკვდავი სისხლის სიყვარულისათვის, შენის ტკბილის ცრემლის მეოხებისათვის, ამდენ ხატთა და ეკლესიათა მეოხებისათვის, მე ხომ ერთი ცოდვილი მიწა და მტვერი და ეპისკოპოსობის უღირსი მწყემსი ვარ, მაგრამ ამდენი ერი რომ გვევდრება, მე რა ვიცი, ღვთის დედავ? სამღვდელონი შემოგტირიან, მოხუცებულნი და ყრმანი შემოგკვნესიან, ქვრივნი და ობოლნი გევედრებიან, გული ჩვენი ესრეთ მტკივნეულ არს, სული ჩვენი ესრეთ დაჭმუნვილ არს, სიცოცხლისა ჩვენისა ფურცელი დამოცვივნებულ არს, სიხარულისა ჩვენისა სარო მოკვეთილ არს, ქვეყანისა ჩვენისა შვენიერება და კეთილნაყოფიერება დაჭნობილ არს; სიგლახაკითა და უძლურებითა ჩვენითა მეფენი უსჯულონი და უწყალონი აღძრულ არიან ჩვენ ზედა, და ბოროტნი მთავარნი და მხედარნი მათნი ერსა შენსა ზედა ასაოხრებლად შეთქმულან, ხმობენ და გვექადიან უღმრთონი იგი პირნი მათნი: "სად არსო ღმერთი იგი მათი? მოვედით და დავამდაბლნეთო ყოველნი დღესასწაულნი მათნი, მოვედით და დავადუმნეთო ყოველნი სავედრებელნი ხმანი მათნი, მოვედით და შევმუსრათ და დავსცეთო ყოველნი დიდებანი მათნი, მოვედით და დავამხვნეთო და სრულიად აღვიხვნეთო ქრისტიანობა მათი! მოვედით და აღვხოცნეთო ყოველნი სიწმიდენი მათნი". იგინი ესრეთ გვექადიან, უწყალონი იგი, იგინი ესრეთ გვმძლავრობენ უსჯულონი იგი და ჩვენ, შეშინებულნი და შეძრწუნებულნი, გლახაკ და დავრდომილ ვართ სიმდაბლითა ჩვენითა! იგინი ესრეთ უწყალოდ კადნიერ ქმნილან ერსა ამას შენსა ზედა და სული და გული შეშფოთებულ არს, და ხელი და ფეხი ჩვენი აღთრთოლებულ არს, და თვალნი და სასმენელნი ჩვენნი დამსლბალ არს, და ნაკად-ნაკადთა ცრემლთა დამოადინებენ, და თვინიერ შენსა არავინ არს შემწე და ნუგეშინისმცემელ ჩვენდა. "და არა არს ნუგეშინისცემა სალმობასა სიონისასა". არა ხედავა, რამეთუ სიწმიდე ჩვენი მოოხრებულ იქმნა, საკურთხეველი ჩვენი და ტაძარნი ჩვენნი აღხოცილ და დარღვეულ იქმნა? არა ლმობიერ ხარ, რამეთუ სიხარული ჩვენი შემუსვრილ არს, და სანთელი გულისა ჩვენისა დაშრეტილ არს? არა ტკივნეულ ხარ, რამეთუ კიდობანი აღთქმისა ჩვენისა წარტაცებულ არს, და წმიდანი ჩვენნი შეგინებულ იქმნენ? არა გელმისა, რამეთუ შვილნი ჩვენნი ყვედრებასა მოითმენენ, და მამანი, ვითარცა სანთელნი მდვინვარენი, დაუშრეტილ ვართ? არა გეწყალვითა ერნი შენნი, ჭაბუკნი და ქალწულნი ყრმათა თანა ტყვეობასა მიეცნენ და დედათა ჩვენთათვის, ვითარცა რაქელისა საგოდებელნი ხმანი, ვიდრე ცათამდე აღწევნულ არიან?

ვაი ჩვენდა, ვაი ჩვენდა, რომელ ლოცვა და ვედრება ჩვენი საყვედრელად ჩვენდა და ცოდვად შერაცხილ არს! სიტყვისაებრ დავითისა, და არა არს ლხინება ხორცთა და ძვალთა ჩვენთა, თვინიერ მოწყალებისა შენისა და ღმერთ-მამაკაცისა ძისა შენისა. ამისთვის მოგვხედენ, დედოფალო ღმრთისმშობელო, მოწყალებით შენით და შეისმინე ხმა ერისა ამის შენისა, შეიწრებულისა. და მოეც ძლევა მეფესა ჩვენსა ირაკლის, და შეეწიე, და შენის მხოლოდშობილის ძის ძალი მიაშველე იმის მხედრობასა! უბრძანე დიდებულსა, დიდსა და ძლიერსა მხედართმთავარსა ზეცისასა მიხაილს, რომ მიეშველოს ჩვენს სანატრელსა მეფესა და იმის მხედრობასა, და იმათი მტერი და მებრძოლი დასცეს და შემუსროს, ვითარცა მოსრა ბანაკი იგი ძლიერი ძალი ასურასტანელთა მათ! ეგრეთვე მიუვლინე რისხვა შენი ჩვენზედა ასაოხრებლად აღძრულთა მათ უსჯულოთა მტერთა ჩვენთა, განმარისხებელთა შენთა, უფალო, მაგინებელთა შენთა, უფალო, შეურაცხისმყოფელთა შენთა, უფალო, დამარღვეველთა სახლისა შენისათა, უფალო, შემნერწყველთა და არაწმიდათა, ფერხითა მათითა დამთრგუნველთა წმიდისა ხატისა და ჯვარისა შენისათა, უფალო, ნუ აუფლებ მათ ჩვენ ზედა! უფალო, გვაკმარე ესოდენი და ამდენის ხნის ქართლისა და კახეთისა ესოდენი შეწუხება! ესოდენი აოხრება, ესოდენი ტყვეობა, ესოდენი დაჩაგვრა და შერცხვენა მათ უსჯულოთაგან! უფალო, ნუ ათქმევინებ მათ უსჯულოთა, ბილწთა პირთა მათთა: "სადა არს ღმერთი იგი მათიო, თუ უშველის რასმეო". უფალო, ნუ აქადებ ბილწთა მათ ხმათა მათთა, რომ ხმა მაღლად იძახიან, აი, მახმადას ხელი ამაღლდაო და ქრისტიანობა კი დამდაბლდაო! მართალია, ჩვენის დაცემით ქრისტიანობა კი არ დამდაბლდება, მაგრამ ჩვენც ერთი მცირენი მონანი ვართ შენნი, შენნი თაყვანისმცემელნი, შენნი მორწმუნნი ვართ, და ნუ გაგვწირავ შენის მოწყალებისათვის; ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად სახელისა შენისათვის წმიდისა, ჩვენ ერთის სიხარულის ხმით გვათქმევინე, რომ ვიქადოდეთ და ვიტყოდეთ: ჩვენთანა არს ღმერთი, ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთანა არს ღმერთი! ჩვენც ერთი სიხარულის ხმა გაგვაგონე და გვასმინე, რომ ჩვენს ჯარს გაუმარჯვნიაო და უსჯულონი მტერნი, დაცემულნი და დამდაბლებულნი, გაქცეულანო! შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა ამათ ვედრება და ესევითარის მოწყალებით მოგვხედენ, რათა მადლობით და თაყვანისცემით ვადიდებდეთ სახელსა შენსა, აწ და საუკუნესა, უკუნისამდე. ამინ".
ბეჭდვა
1კ1