"ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, ჩვენი მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია - ჩვენი სული"
"ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, ჩვენი მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია - ჩვენი სული"
(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"რა მოგვცა ეკლესიამ წარსულში? ბევრი რამ, რითაც ამაყობს ჩვენი ერი ხელოვნების, ლიტერატურის, არქიტექტურისა და სხვა სფეროში, ქრისტიანული სულიერებისა და ცივილიზაციის საფუძველზე შეიქმნა. ჩვენი ეკლესია დაარსდა მაშინ, როდესაც რომის იმპერიაში ვარსკვლავებრ ამობრწყინდა ათეულათასობით მოწამე, როდესაც ეგვიპტისა და იორდანეს უდაბნოში მოღვაწეობდნენ ღირსი მამები, რომელთა მარხვისა და ლოცვის ღვაწლი ყოველთვის განაცვიფრებს ყველა ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანს. ჩვენი ეკლესია აღმოცენდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა ღრმა ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა: წმიდა იუსტინე ფილოსოფოსისა, კლიმენტი ალექსანდრიელისა, წმიდათა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა, იოანე ოქროპრისა - და სხვა შრომები.

ჩვენმა ხალხმა შეითვისა და შეისისხლხორცა მთელი ეს სულიერი ნექტარი; ეს სხივები გარდატყდა ჩვენი ცნობიერების პრიზმაში და ჩვენმა ხალხმა სრულიად ახალი შედევრები შექმნა სულიერი საგანძურისა. რა იქნებოდა საქართველო წმიდა ნინოს, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, დავითისა და კონსტანტინეს, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I-ის, ეფრემ ფილოსოფოსის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის და მრავალთა სხვათა ღვაწლის გარეშე? ვის ეცოდინებოდა დღეს საქართველოს შესახებ, რომ არ გვყოლოდა ბექა ოპიზარი, ბერი დამიანე? წარმოუდგენელია საქართველო მსოფლიოში ცნობილი ტიხრულმინანქრული ხატების, სვეტიცხოვლის, ჯვრის, ბოლნისის სიონის გარეშე. ასეთი მაგალითების მოტანა ათასობით შეიძლება. მთელი ეს საუნჯე ჩვენმა ხალხმა ქრისტიანობისა და საქართველოს ეკლესიის მაცხოვნებელ სხივთა გავლენით შექმნა".

***
"მაცხოვარს უყვარს ღარიბნი არა მათი სიღარიბისა გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მდიდარზე მეტად ცდილობენ გაიგონ და შეიგრძნონ სულიერი საუნჯენი. სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში; იგი უკვე აღარ ისწრაფვის სულიერებისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით. ასეთებზე მაცხოვარი ბრძანებს: "შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრეზე დაყრდნობილთათვის ღვთის სასუფეველში შესვლა! უადვილესია ნემსის ყუნწში აქლემის გასვლა, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში" (მარკოზი 10,24-25). დროა ადამიანმა სულიერი თვალი აახილოს და განსაზღვროს, რომელია მთავარი და რომელია მეორეხარისხოვანი; დროა ადამიანმა გადასინჯოს სულიერი და მატერიალური ფასეულობანი. როდესაც მორწმუნე ადამიანი რეალურად შეხედავს ცხოვრებას, თავის გარემომცველ სამყაროს, მიდის დასკვნამდე, რომ მიწიერი ჩვენი ცხოვრება - ეს არის მხოლოდ ნაწილი რაღაც დიდისა, განუსაზღვრელისა; ეს არის მხოლოდ მომზადება მარადიული და უკვდავი ცხოვრებისათვის".

***
"ცალკეული ადამიანი, ისევე, როგორც მთელი კაცობრიობა, დროის ორი განზომილებით ცხოვრობს: წარსულითა და მომავლით. ახლანდელი დრო თითქმის არ არსებობს. იგი, რაც აწმყოდ იწოდება, ერთ წამში წარსულად იქცევა. დრო ულმობლად ისწრაფვის წინ და მის მსვლელობას ვერვინ შეაჩერებს. დრო უძვირფასესი საჩუქარია ღვისგან ბოძებული, ჩვენ კი მას ვერ ვიყენებთ".

***
"ეკლესიამ უნდა უჩვენოს გზა ახალგაზრდობას, რომელიც დღეს ასე ისწრაფვის მისკენ. ეკლესიამ თავისი ცხოვრებით უნდა აჩვენოს, რომ, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ქრისტეში არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი (კოლ. 2,3).

ჩვენი ახალგაზრდობა ეკლესიაში მოდის არა მარტო კითხვებით, არამედ თავისი სნეულებებით, ეჭვებითა და საწუხარით. ჯერ კიდევ პუშკინი წერდა ერთ ლექსში, რომელიც მან თავისი ყრმობის წლებს მიუძღვნა, რომ ადამიანს ბრძოლა უხდება სამ დემონთან, რომელნიც მის სულს იტაცებენ. ესენია: დემონები სიამაყისა, უმოწყალობისა და ბიწიერებისა. როგორ ახასიათებს ეს თვისებანი ჩვენს თანამედროვეობასაც! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ სნეულებებს მხოლოდ უფალი კურნავს ეკლესიის მეშვეობით. როგორც ცნობილმა რუსმა ფილოსოფოსმა ვლადიმერ სოლოვიოვმა თქვა: "ცხოვრების მიზანია კაცობრიობის განღმრთობა ქრისტესთან მიახლოების გზით".

***
"ჩვენი ერი ჯვარცმული ერია. ეს არის ქვეყანა, რომელიც აერთებს ევროპას და აზიას. ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, ჩვენი მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია - ჩვენი სული. ვერ წაგვართვა ნიჭი, ვერ წაგვართვა ჩვენი ქართული ენა. საქართველოს სული უძლეველი აღმოჩნდა, რადგან ის ქრისტიანულ მტკიცე ნიადაგზეა აღზრდილი. ჩვენზე დიდი და ძლიერი ერები მოისპნენ, ჩვენ კი ვართ და მუდამ ვიქნებით, რადგან დღესაც იბადებიან გმირები, რწმენისა და მამულისათვის თავდადებულნი".

***
"ჯერ კიდევ ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს მიწა-წყალი მოწმე გახდა წმიდა მოციქულების - ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის ქადაგებისა. ბედნიერია ერი, რომლის ძველ დედაქალაქ მცხეთაში I საუკუნეში დაიკრძალა იერუსალიმიდან ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. როგორ შეიძლება კრძალვით არ მოეპყრო ამ მადლიან მიწას, სადაც თავისი სამუდამო განსასვენებელი პოვა წმიდა მოციქულმა სვიმონ კანანელმა; ქრისტიანობის უდიდესმა აპოლოგეტმა და წმიდა მამამ მაქსიმე აღმსარებელმა; სადაც აღესრულა და დაეფლა საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო, რომლის სასწაულებმა და კეთილმოღვაწეობამ განაპირობა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება".
ბეჭდვა
1კ1