ილია მეორე: ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს
ილია მეორე: ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს
დღეს ჩვენი ახალგაზრდობა, მოსახლეობა, მთელი ხალხი უძღებ შვილს ემსგავსება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. "სახარების მიხედვით, უფალი იგავს ამბობს, რომ მამას ორი შვილი ჰყავდა, უმცროსი ეუბნება მამას, რომ მომეცი მე ჩემი წილი და შენგან უნდა წავიდეო. მისცა მამამ თავისი წილი, წავიდა და უწესო ცხოვრებაში გალია მთელი ქონება. სახარებაში წერია, რომ იმ ქვეყანაში შიმშილი იყო და არაფერი ჰქონდა საზრდო ამ ახალგაზრდას. წავიდა და დადგა ღორების მომვლელად. იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, რომ მას ისიც კი ენატრებოდა, რასაც ღორები ჭამდნენ. იფიქრა, წავალ მამასთან და ვეტყვი, მე აღარ ვარ შენი შვილის წოდების ღირსი, არამედ მიმიღე მე ვითარცა ერთი მუშათაგანი. მართლაც მივიდა მამასთან სახლში, მამა ელოდებოდა თავის შვილს. სახარებაში წერია, რომ შორიდან დაინახა თავისი შვილი და მირბოდა შესახვედრად. მოეხვია მას და სიყვარულით მიიღო თავისი შვილი. შვილმა უთხრა, მამა მე არ ვარ ღირსი, რომ მეწოდოს ძე შენი. არამედ მიმიღე ვითარცა მუშათაგანი შენი. ამ სიტყვებში სინანულიცაა და იმედიც. იმედს გამოთქვამს ეს შვილი, რომ მამა შეიწყნარებს მას. მამის გული თბილია და შვილი ფიქრობდა, რომ მამა აპატიებდა მას და მამამაც აპატია", - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დღეს ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, მთელი ხალხი, მოსახლეობა ამ უძღებ შვილს ემსგავსება. "გვინდა ღვთის გარეშე, ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე შევქმნათ ჩვენი კეთილდღეობა და ეს ვერ გამოდის. ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს და ამიტომ ჩვენ უნდა განსაკუთრებული ყურადღებით ვიყოთ დღევანდელი პრობლემების წინაშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და ღვთის ლოცვა-კურთხევაზეა დამოკიდებული", - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, უძღები შვილის იგავი არის წინასწარმეტყველება. "ეს იგავი ამავე დროს წინასწარმეტყველებაა. ეს იგავი მეტყველებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობა წავა ღვთისგან, განშორდება ღმერთს, დაკარგავს სარწმუნოებას, მაგრამ ისევ მობრუნდება, ისევ შეიწყნარებს უფალი და ისევ აპატიებს მას ცოდვებს", - ბრძანა ილია მეორემ.

ბეჭდვა
1კ1