სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა აგვისტოს 6. ფერისცვალებისათვის და საკვირველისა და არა-საკვირველისა მოსეს მიერ და ელიას მიერ თქმულთათვის.
სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა აგვისტოს 6. ფერისცვალებისათვის და საკვირველისა და არა-საკვირველისა მოსეს მიერ და ელიას მიერ თქმულთათვის.

"უფსკრული უფსკრულსა ხადის ჴმითა ზეგარდამოითა" დავით იტყვის მა ფსალმუნსა (ფს.41,7) შინა.



ისმინეთ, საყვარელნო, თქმულნი წინასწარმეტყველისანი, ვითარ გამოაჩინა წინასწარ ჴმა იგი მამისა, რომელი იყო ზეცით დღესა მას, ოდეს ძემან ღმრთისამან იესუ წარიყვანა პეტრე, იაკობ და იოანე და აღვიდა მთასა მაღალსა და იცვალა მათ წინაშე სხვად ფერად: განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, და სამოსელი მისი, ვითარცა თოვლი და მისთანა ზრახვიდეს მოსე და ელია, და ჴმა იყო მისა ზეცით უფსკრულისა მისგან მიუწდომელისა მამისა მის, რომელმან გვიჩვენა ჩვენ ძე მისი საყვარელი, თანაარსი ღმრთაებითა, და უფსკრული მიუწდომელებითა, რომლისათვის იტყვის დავით იზ ფსალმუნსა შინა: "მაღალმან მოსცა ჴმაჲ მისიო" (ფსალმ. 17, 14). მამამან მაღალმან მიუწდომელმან მოსცა ჴმა თვისი, რათა გულისხმა-ყონ მოციქულთა, ვითარმედ: იესუ არს ძე ღმრთისა, "მაღალმან მოსცა ჴმა", რათა მოწაფეთა დაამტკიცონ, რამეთუ: თანა არსი არს მამისა მოძღვარი მათი და არა კაცი ლიტონი, ზრახვიდეს მის თანა მოსე და ელია ვნებისათვის, რა იგი იქმნა იერუსალიმსა შინა, რათა მაშინ მოეხსენენ მოციქულთა, ვითარმედ: ვნება იგი განზრახვით არს მამისა და ნებსით ძისა და არა შეორგულდენ.

საყვარელნო, აღვიდა ქრისტე დაბლისა, ქვეყნისა მიერ მთასა მაღალსა, რათა გვასწაოს ჩვენ, მიწიერთა, ჴორცითა ამით აღსლვა ზეცად.

დაუტევოთ ჩვენცა ზრუნვანი ქვეყნისა[ნი] და აღვიდეთ მთასა მაღალსა სათნოებათასა, რათა მუნ გვესმნეთ ჴმა ღმრთისა საცხორებლად ჩვენდა.

ქრისტემან აღიყვანნა სამნი მოყვასნი თვისნი, რათა აჩვენოს სუფევა ღმრთისა.

ჩვენცა აღვიტანოთ თანა სამნი მოყვასნი სულთა ჩვენთანი: გონება, ცნობა და სასოება, რათა ჩვენცა ღირს ვიქმნეთ ხილვად დიდებასა ღმრთისასა. უკეთუ დაუტეოთ და განვეშორნეთ სოფლისა ამის სიღრმეთა და დავშვრეთ აღმამავალობითა და დავდგეთ თხემსა ზედა მთათასა, რომელ არს მტკიცე სარწმუნოება და კეთილ მოქმედება, მაშინ განაბრწყინოს იესუმ, უფსკრულმან მოწყალებისამან, პირნი ჩვენნი, ვითარცა მზე, რამეთუ იტყვის პირითა უტყველითა: "რაოდენი მე ვიქმენ, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მან უდიდესი ქმნესო ჩემგანო"(იოანე 14, 12).

განვრცხათ სამოსელნი სულთა ჩვენთანი ცრემლითა მდუღარითა, რომელნი შევამწიკვლეთ ცოდვითა, რათა იქმნეს სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომლისათვის იტყვის დავით ნ ფსალმუნსა შინა: "მასხურო მე უსუპითა, განმწმიდო და განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე"(ფსალმ. 50, 7).

განვიფრთხოთ ძილისაგან მძიმისა, ვითარცა მოწაფეთა, რომელთა გვამძლავრებს უდებება ჩვენი, რათა ვიხილოთ ღმრთაება ჩვენთვის განკაცებულისა ქრისტესი, რათა ჩვენცა აღგვადგინნეს დაცემულნი და განგვაძლიერნეს. ვქმნათ სამ ტალავარ სულთა, გონებათა და საცნობელთა ჩვენთათვის ქრისტეს საფარველისა რტოთაგან, რათა სიმჴურვალემან სოფლისა ამისა ტრფიალებ[ისა]მან არა დაგვსიცხნეს.

ყურნი მიუპყრნეთ და ვისმინოთ მოსესი და ელიასი, რასა იგი ზრახვენ ქრისტეს თანა შესაძრწუნებელისა მის ვნებისათვის ჯოჯოხეთად შთასლვისა და აღდგომისათვის და გამოვსახნეთ გულთა შინა ჩვენთა ვნებანი ქრისტესნი. დავადგრეთ მას ზედა, რათა მისთანა ვნებულთა მისთანავე ლხინებასა ღირს ვიქმნეთ.

ვისმინოთ მოსესი და ელიასი, რასა იგი ზრახვიდეს განსაკვირვებლისა მის ვნებისათვის და იტყოდეს რომელსამე საკვირველსა და რომელსამე არა-საკვირველსა:

მიმწუხრი სერობასა და კურთხევასა პურისასა იტყოდეს არასაკვირველსა, ხოლო ჴორცსა კაცისასა საჭმლად და კაცთა საცხორებლად — საკვირველსა; ლოცვასა მჴურვალესა და დავრდომასა - არასაკვირველსა, ხოლო სისხლისა ოფლისა დინებასა — საკვირველსა; მოწაფისაგან გმობასა — არა-საკვირველსა, ხოლო ღმრთისა განსყიდვასა — საკვირველსა; კაცისა შეპყრობასა და ერთა სიმრავლისა მიტევებასა — არა-საკვირველსა, ხოლო შეპყრობილთა პირდაღმა დაცემასა — საკვირველსა; შეკრულსა სამსჯავროდ წარდგომასა — არა-საკვირველსა, ხოლო დაბადებულთაგან დამბადებელისა განკითხვასა — საკვირველსა; გვემასა, ტანჯვასა და ჯვარცმასა — არა-საკვირველსა, ხოლო უჟამოდ მზისა დაბნელებასა — საკვირველსა; განძარცვასა, განშიშვლებასა — არა-საკვირველსა, არამედ კრეტსაბმელისა განპებასა — საკვირველსა; ჯვარსა ზედა დამსჭვალვასა — არა-საკვირველსა, არამედ ქვეყნისა შერყევასა საკვირველსა; გვერდისა განღებასა — არა-საკვირველსა, - — კლდეთა განჴეთქა[სა] — საკვირველსა; გარდამოჴსნა[სა] და საფლავსა დადება[სა] — არა საკვირველსა, არამედ გვამთა განუხრწნელობა[სა] საკვირველსა; სუდართა შინა შეკრვა[სა]—არა-საკვირველსა, არამედ საუკუნითგან კრულთა და შებორკილებულთა განჴსნა[სა — საკვირველსა; ჯოჯოხეთად შთასლვა[სა] — არა-საკვირველსა, არამედ არამედ ჯოჯოხეთსა შინა პყრობილთა აღმოყვანება[სა] — საკვირველსა, საფლავისა დაბეჭდვა[სა] — არა-საკვირველსა, არამედ მკვდრეთით აღდგომა[სა] და მოწაფეთა თანა კართა ჴშულთა შესლვა[სა] — საკვირველსა, მოციქულთა კურთხევასა — არა-საკვირველსა, არამედ ჴორცთა ზეცად აღმაღლება[სა] და ჯოჯოხეთით ხსნილთა მათ თანა აღყვანება[სა] — საკვირველსა.

ამას ზრახვიდეს მოსე და ელია, ესე ესმოდათ მოციქულთა მათ, რომელთა ჩვენცა თანა გვაც სმენად ამათ ყოველთა და რწმუნება მათი.

მარადით საყვარელნო, ჩვენცა ვიცვალნეთ ფერნი ცოდვათა ჩვენთანი, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი ესაია: "უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი მეწამულ, ვითარცა მატყლი განვასპეტაკნე" (შდრ. ესაია 1, 18).

აწ, საყვარელნო, განვიცადოთ კაცად-კაცადმან სვინიდისი თვისი და მივისწრაფნეთ - აღსარებისა მიმართ, რომელი გვიცვალებს ფერთა მათ ცოდვისათა და განასპეტაკებს. ვიცვალოთ დღეს ზნენიცა ჩვეულებათა ჩვენთანი, რომელნი — გვიქმნიეს ურჩებითა უფლისაჲთა და მოვეგნეთ თავთა ჩვენთა და დავადგრეთ ნებასა მეუფისასა, რომელ არს სათნო-ყოფა მისი, და არღარა შევსძინოთ ცოდვასა ზედა ცოდვა. ვიცვალოთ ჩვენცა წადიერება პირუტყვებრივი და მოვეგნეთ გონებათა ჩვენთა და ვბაძევდეთ პირმეტყველთა კაცთა მათ წმიდათა, რომელნი ვიდოდეს გზათა უფლისათა მარადის. ვიცვალოთ მიდევნება სოფლისა ამის და ზრუნვანი ამაონი და წუთსა შინა განქარვებად[ნი და ვპოოთ გზა მიმყვანებელი კართა სასუფევლისათა, რათა მუნით გვესმას ჴმა იგი ტკბილი მამისაა ზეგარდამო: "ესე არს მონა ჩემი მონანული, მაგისი ჯერ მიჩნს ცხოვრება", რათა გვესმას ჴმა იგი საწადელი ძისა ჩვენთვის ჯვარცმულისა: "ესე არს მსახური ჩემი, რომელი მოვიყიდე სისხლითა ჩემითა. მაგისი მნებავს შეწყალება", რათა გვესმას ხმა სანატრელი სულისა წმიდისა: "ესე არს კაცი მცოდველი, რომელმან დაუტევა და მოიქცა ჩემდა. მაგისი მნებავს განწმედა", რათა გვესმნეს ჴმანი ბრწყინვალენი ყოველთა წმიდათანი, ღმრთისა მიმართ სიხარულით მღაღადებელნი: "ესე არს მოყვასი ჩემი. მაგისი მნებავს აქა ყოფა ჩვენთა".

და ესეთითა დიდებულისა ჴმისა სმენათა მიერ მხიარული და დიდისა დიდებისა მიერ აღვსილი, ზეციერისა პატივითა შემკული, სიხარულითა უოხჭნოთა დამთვრალი მივიწივნეთ სამყოფსა მას ანგელოზთასა, სუფევასა მოუკლებელსა, პატიოსნებასა დაუსრულებელსა, უკვდავებასა საუკუნოსა, განსვენებასა უკუნისამდე. ამინ. ( ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე სულხან-საბა ორბელიანი").

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

 

ბეჭდვა
1კ1