ილია II-ის ეპისტოლეებიდან
ილია II-ის ეპისტოლეებიდან
"ღმერთი არავის არასდროს უხილავს, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს" (I ინ. 4,12).

დაცემულმა ანგელოზმა და მისმა მიმყოლმა ძალებმა, თავიანთი ამპარტავნებით, ჭეშმარიტი სიყვარული სრულად დაკარგეს, რის შედეგადაც ეს გრძნობა ეგოისტურ ვნებად გადაექცათ. სწორედ ამაშია მათი და, საერთოდ, უღმერთო და ცოდვილი ადამიანების ტრაგედია.

თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის მსახურებას და თავგანწირვას გულისხმობს, ეგოისტური სიყვარული საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის, რაც სხვადასხვა ცოდვის მიზეზი ხდება. ეს კი თავისთავად იწვევს ღვთაებრივი სიყვარულის დაშრეტას, სიცოცხლის წყაროსთან კავშირის გაწყვეტას და თვითგანადგურებას.

ჭეშმარიტი სიყვარულისაკენ სწრაფვაც და ეგოისტურ ვნებებში დანთქმაც ამქვეყნადვე იწყება. პირველის ბოლო ღმერთთან ერთობაა, მეორისა - ეშმაკთან თანაზიარება; სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს.

***
იესო ქრისტე ყველასადმი მაინც სიყვარულით არის გამსჭვალული. "ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი", - ბრძანებს იგი.

უფალი ცდილობს განსაცდელით მაინც აუხილოს თვალი ადამიანს. ამიტომაც ის პრობლემები, რაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების გზაზე ხვდება, მხოლოდ ღვთის სიყვარულიდან მომდინარეობს და მიზნად ისახავს ჩვენს გამოსწორებას, ჩვენს წინსვლას. "ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი, მაშ, ეშურებოდე და შეინანე", - ამბობს უფალი (გამოცხ. 3,19).

ესეც უნდა ვიცოდეთ: ყველაზე დიდი განსაცდელიც კი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი პიროვნება ან ქვეყანა აღმოჩნდეს, უმცირესია იმასთან შედარებით, რასაც ის, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე იმსახურებს.

მაშ, გულით შევიყვაროთ უფალი და დავიცვათ მისი მცნებები, რათა ღმერთმაც შეგვიყვაროს და "რჩეულ ერად" გამოგვაჩინოს. "მოახლოვდა ძილისაგან ჩვენი გამოფხიზლების ჟამი... ახლა უფრო ახლოა ჩვენთან ხსნა... განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი" (რომ. 13,11-12).

აღივსენით სასოებით, არ შეუშინდეთ სირთულეებსა და განსაცდელს, ბოროტება დათრგუნულია, მას სძლია ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა!

ღმერთს ებარებოდეთ!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

ბეჭდვა
1კ1