ბოსტნეულის კერძები
ბოსტნეულის კერძები
სოკოს სუპი ლობიოთი
მასალა: თითო მუჭა ხმელი სოკო და თეთრი ლობიო,
50 გ სამარხვო კარაქი, 2-3 თავი ხახვი, 2-3 ცალი სტაფილო, ნიახურის ძირები, ოხრახუში, შავი პილპილი, მარილი გამხმარი სოკო და თეთრი ლობიო რამდენიმე საათით ჩაალბეთ წყალში, მერე კი წვრილად დაჭერით. წვრილადვე დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში, დაასხით წყალი, დააყარეთ სოკო და ლობიო, დაკუწული ნიახურის ძირები, ოხრახუში, სტაფილო. კარგად მოხარშეთ და ბოლოს შავი პილპილითა და მარილით შეაზავეთ.

ფლავი შავი ქლიავითა და ვაშლით
მასალა: 1 ჩ.ჭ. ბრინჯი, 100 გ სამარხვო კარაქი, 10-12 ცალი შავი ქლიავი, 3-4 ცალი ვაშლი, შაქარი - გემოვნებით
ბრინჯი ნახევრად მოხარშეთ, გაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. ჩადეთ ქვაბში კარაქი და დადგით ცეცხლზე. კარგად რომ გაცხელდება, ჩააყარეთ ბრინჯის ნაწილი, დაჭრილი ვაშლი და შავი ქლიავი (შეიძლება კომშიც), მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. შემდეგ ისევ ბრინჯი დააყარეთ და ა.შ. შიგადაშიგ კარაქის ნაჭრებიც ჩაამატეთ. ქვაბს ხუფი დაახურეთ და ნელ ცეცხლზე შედგით. ბრინჯი კარგად რომ გაფუვდება, გადმოდგით.

ჭარხალი ბრინჯის სატენით
მასალა: 1 კგ ჭარხალი, 1 ჩ.ჭ. ბრინჯი, 3-4 ცალი ვაშლი, 50 გ სამარხვო კარაქი, ქიშმიში
ჭარხალი მოხარშეთ და გული ამოაცალეთ. მოამზადეთ სატენი: მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ ქიშმიში, კარაქი, წვრილად დაჭრილი ვაშლი, კარგად აურიეთ და ამ ნაზავით ამოავსეთ ჭარხალი. დააწყვეთ კარაქწასმულ ტაფაზე და შეწვით ღუმელში.

სტაფილოს მხალი
მასალა: 1 კგ სტაფილო, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 3-4 კბილი ნიორი, 200 გ სამარხვო მაიონეზი, 1 კონა ქინძი, წიწაკა, მარილი
სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაუმატეთ მაიონეზში არეული დანაყილი ნიგოზი, ნიორი, დაჭრილი ქინძი. შეაზავეთ წიწაკითა და მარილით.

სოკოს სუპი ბრინჯითა და კარტოფილით
მასალა: 50 გ ხმელი სოკო, 50 გ სამარხვო კარაქი, 2-3 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ბრინჯი, 3-4 ცალი კარტოფილი, ქინძი, შავი პილპილი, მარილი
ხმელი სოკო კარგად დაალბეთ, გადაწურეთ, გადაავლეთ წყალი და მოხარშეთ. შემდეგ გააცივეთ, დაჭერით და მოშუშეთ კარაქში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. სოკოს ნახარშში ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი დაBბრინჯი. როცა მოიხარშება, დაუმატეთ მოშუშული სოკო და დაჭრილი ქინძი. შეაზავეთ შავი პილპილითა და მარილით.

მთელ-მთელი ბადრიჯანი ნიგვზით
მასალა: 1 კგ ბადრიჯანი, 1 ჩ.ჭ. ნიგოზი, 3-4 კბილი ნიორი, 1 კონა ქინძი, 2-2 ძირი რეჰანი, ქონდარი და ნიახური, ზეთი, მწვანე წიწაკა, მიხაკ-დარიჩინი, მარილი, ძმარი, ბროწეულის მარცვლები
მომცრო ბადრიჯნები დასერეთ დანით, მოაყარეთ მარილი და ორი საათი ასე დატოვეთ. შემდეგ გაწურეთ და შეწვით უხვად ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
ხორცსაკეპში გატარებულ ნიგოზსა და ქინძს დაუმატეთ დაჭრილი ნიახური, ქონდარი, რეჰანი, ოხრახუში, მწვანე წიწაკა, მიხაკ-დარიჩინი, დანაყილი ნიორი, მოშუშული ხახვი, მარილი და ძმარი. კარგად აურიეთ და შეაზავეთ ბროწეულის მარცვლებით. ამ საკაზმით ამოავსეთ ბადრიჯანი.

მოშუშული სტაფილო
მასალა: 1 კგ სტაფილო, 4-5 თავი ხახვი, 100 გ წიწაკის მწნილი (ან 2-3 ცალი ბულგარული წიწაკა), 0,5 ჩ.ჭ. ზეთი, 0,5 ჩ.ჭ. ტომატ-პასტა, ნიახური, მარილი
სტაფილო დაჭერით წვრილად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაუმატეთ ზეთში მოშუშული ხახვი და ნიახური, წიწაკის მწნილი ან ბულგარული წიწაკა. კარგად ჩაშუშეთ. დაასხით წყალში გახსნილი ტომატ-პასტა (იმდენი, რომ დაფაროს), ცოტა ხანს ხარშეთ და ბოლოს შეაზავეთ მარილით.
რჩევა: სტაფილო, უმჯობესია, თხელ რგოლებად დაჭრათ, ხახვი - ალყა-ალყა. ხახვი იმდენ ხანს შუშეთ, რომ ძალიან არ დარბილდეს.

მოამზადა
ნინო ჩარგეიშვილმა
ბეჭდვა
1კ1