ფრთხილად, სექტაა!
ფრთხილად, სექტაა!
ბოლო ხანს თბილისის ქუჩებსა და მეტროსადგურებთან სისტემატურად ვრცელდება ანონიმური სარეკლამო ფურცლები , სახელწოდებით "დაღლილობა?", რომელიც მოქალაქეებს ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებასა და "დიანეტიკის მეთოდით" დახმარებას ჰპირდება.

"რატომ ინგრევა ოჯახები ან რატომ არ შეუძლია ადამიანს ოჯახის შექმნა? რატომ ვერ აღწევს ადამიანი წარმატებებს, კარგავს თავდაჯერებულობას, ეტანება სასმელს, ვერ აღწევს მიზნებს? რატომ გროვდება აღელვება, დათრგუნვა, გაღიზიანება და დაღლა წლებთან ერთად? რატომ არ შეუძლია ადამიანს გადაიტანოს განქორწინება, დანაკარგი და ღალატი? რატომ ავადმყოფობენ ბავშვები ხშირად და ცუდად სწავლობენ? რატომ უარესდება მეხსიერება, მხედველობა და საერთო ჯანმრთელობა?! გაარკვიეთ! შეიძინეთ და წაიკითხეთ ლ. რონ ჰაბარდის წიგნი "დიანეტიკა, თანამედროვე მეცნიერება გონების შესახებ", - ვკითხულობთ სარეკლამო ფურცელში. იქვე მითითებულია ამ წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციის კოორდინატებიც, თუმცა გაუცნობიერებელი მოქალაქე ვერ მიხვდება, რომ ამ ერთი შეხედვით "ჩვეულებრივი" ფსიქოლოგიური დახმარებისა და "პრობლემების მოგვარების" შეთავაზების მიღმა საენტოლოგიის სექტა დგას.

საენტოლოგია ერთ-ერთი თანამედროვე ტოტალიტარული სექტაა, რომელიც ამერიკელმა ლაფაიეტ რონ ჰაბარდმა (1911-1986) დააარსა. ეს სექტა საქართველოში 1999 წლიდან გააქტიურდა.

"ანონიმურობის პრინციპი" ერთ-ერთი ეფექტიანი ხერხია, რომელსაც ადამიანთა მისაზიდად აქტიურად იყენებენ საენტოლოგები, ისევე როგორც სხვა სექტების წარმომადგენლები. ისინი მოქმედებენ პრინციპით: "მიზანი ამართლებს საშუალებას!" და ცდილობენ ადამიანის მანამდე გადაბირებას, ვიდრე ის რაიმეს შეიტყობს ამ ორგანიზაციის არსისა და წარმომავლობის შესახებ. ამიტომ საჭიროა ვიყოთ ფხიზლად და მუდამ გვახსოვდეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დარიგება: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღმერთისგან არიან თუ არა სულნი, იმიტომ, რომ მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4,1).

ბეჭდვა
1კ1