"ფრთხილად იყავი!"
"ფრთხილად იყავი!"
"ტოტალიტარული სექტები, უპირველესად, სოციალური და კულტუროლოგიური პრობლემაა, შემდეგ - ფსიქიატრიული და იურიდიული და რაც მეტი ეცოდინებათ ადამიანებს ამ სექტათა შესახებ , მით უფრო გაჭირდება მათი შეცდომაში შეყვანა".
რობერტ ჯეი ლიფტონი.

რა არის ტოტალიტარული სექტა? სკოლის მოსწავლეთათვის ჩამორიგებულ ცნობის ფურცელში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ტოტალიტარული სექტების 17 განმასხვავებელ ნიშანს გამოყოფს:

1. გაერთიანებაში სწორედ იმას პოვებ, რასაც აქამდე ამაოდ ეძებდი, რადგან მან ზუსტად იცის, თუ რა გჭირდება;

2. პირველი შეხვედრისთანავე საგნების ახლებურ ხედვას ისწავლი;

3. გაერთიანების მსოფლმხედველობა გამაოგნებლად უბრალოა და ნებისმიერ პრობლემას დაგაძლევინებს;

4. ჯგუფის ზედმიწევნით დახასიათება ძნელია, ფიქრი და გადამოწმება - დაუშვებელი. ახალი მეგობრები გეუბნებიან, რომ "შეუძლებელია ამის ახსნა, რადგან ეს უნდა განიცადო";

5. გაერთიანებას ჰყავს მასწავლებელი, მედიუმი, ბელადი ან გურუ და მხოლოდ მან უწყის სრული ჭეშმარიტება;

6. ჯგუფის სწავლება ერთადერთ სინამდვილედ და ჭეშმარიტ ცოდნად მიიჩნევა. უარყოფილია ტრადიციული მეცნიერება, რაციონალიზმი და გონება, როგორც ნეგატივი, სატანური და ბნელი;

7. ჯგუფის გარეთ მყოფთა კრიტიკა ამ ჯგუფის ჭეშმარიტების დასტურად განიხილება;

8. მხოლოდ ჯგუფმა იცის, როგორ გადაარჩინოს კატასტროფისკენ მიმავალი სამყარო;

9. შენი ჯგუფი - ელიტარულია, დანარჩენი კაცობრიობა კი - მძიმედ ავადმყოფი და თავგზააბნეული, რომელიც ჯგუფს საკუთარი გადარჩენის საშუალებას არ აძლევს;

10. რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გაწევრიანდე ჯგუფში!

11. გაერთიანება დანარჩენ სამყაროს ემიჯნება, რაც, მაგალითისთვის, ჩაცმის მანერაში, კვებაში, თავისებურ ენასა და პიროვნებათშორის ურთიერთობების მკვეთრ რეგლამენტში ვლინდება;

12. გაერთიანებას სურს, რომ ყველა "ძველი" კავშირი გაწყვიტო, რამდენადაც იგი განვითარებაში გიშლის ხელს;

13. შენი სექსუალური ურთიერთობები სხვის მიერაა რეგლამენტირებული, მაგალითისთვის, ჯგუფის ხელმძღვანელობა არჩევს პარტნიორებს და ან ჯგუფური სექსისკენ უბიძგებს, ან სექსუალური თავშეკავებისკენ;

14. მთელი შენი დრო გაერთიანების დავალებების შესრულებას - წიგნების, ბროშურების, გაზეთების გაყიდვას, ადამიანთა გადმობირებას, კურსებზე დასწრებას და მედიტაციას ხმარდება;

15. რამდენადაც ჯგუფის რომელიმე წევრი მუდამ შენს გვერდითაა, თითქმის შეუძლებელია განმარტოება;

16. თუ წარმატება იგვიანებს და თუ ეჭვები არ გასვენებენ, დამნაშავე შენ ხარ, რამდენადაც საკუთარ თავზე სათანადოდ არ მუშაობ ან სულაც რწმენაში მოიკოჭლებ;

17. გაერთიანება დისციპლინისა და წესების სრულ და დაუყოვნებლივ აღსრულებას ითხოვს, რამდენადაც ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა.

საინფორმაციო ფურცელი სრულდება გაფრთხილებით: - "თუ ამ ნიშან-თვისებათაგან ერთ-ერთი მაინც გეცნობა, ფრთხილად იყავი!"

კანადური ორგანიზაცია, სახელწოდებით "ინფო-ქალთ" კი ტოტალიტარული სექტების ნიშანთა შესახებ ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:

"ტოტალიტარული სექტა იყენებს მანიპულაციის მეთოდებს და ექსპლუატაციას უწევს საკუთარ წევრებს, შეუძლია ფსიქოლოგიური, ფინანსური და ფიზიკური ზიანის მიყენება, მნიშვნელოვნად აკონტროლებს წევრთა ქცევას, აზროვნებას და ემოციურ ველს და ახალმოქცეულთა ერთგულ, მორჩილ, ქედდადრეკილ და პირმოთნე არსებებად გადასაქცევად სხვადასხვა მეთოდს იყენებს.

ასეთი სექტები თვლიან, რომ ისინი ან მათი თავკაცები განსაკუთრებულ სტატუსს ფლობენ, რის გამოც საზოგადოებისა და ოჯახის მიღმა რჩებიან. სექტები ახალმოქცეულ ან პოტენციურ ადეპტებს ნამდვილ სახეს უმალავენ და გადასაბირებლად და მოსაზიდად ტყუილს იყენებენ.

ტოტალიტარული სექტები გარკვეული მახასიათებლებით განსხვავდებიან სხვა დაჯგუფებებისგან, რომელნიც ცნობიერებაზე ნაკლებად მანიპულირებენ.

ზემოხსენებული მახასიათებლებია, მაგალითისთვის: დაჯგუფების წევრები ბრმად მსახურებენ ლიდერს და მის სიიტყვებსა და ქმედებებში ეჭვი არ ეპარებათ, ხოლო თუ როგორ უნდა იაზროვნონ, იმოქმედონ და რა იგრძნონ, ხელმძღვანელი ჯგუფი გადაწყვეტს;

პაემანზე წასვლისას, სამსახურის შეცვლისას თუ ქორწინებისას წევრთათვის აუცილებელია ხელმძღვანელთა ნებართვა;

უცილობლად უნდა შეასრულონ ჩაცმულობის, ბავშვთა აღზრდის, საცხოვრებელი ადგილის და ა. შ. შესახებ განწესებანი;

ჯგუფი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ფინანსების რაც შეიძლება დიდი ოდენობით მოპოვების საშუალებებზე. "უზენაესი" მიზნის მისაღწევად დასაშვებია გარკვეული მეთოდებიც (მაგალითად, სახსრების მოზიდვა ყალბი ქველმოქმედებისთვის);

გაერთიანების ლიდერები არავის წინაშე არ აგებენ პასუხს და არც არავითარ ხელისუფლებას თუ ავტორიტეტს არ ექვემდებარებიან;

სექტათა წევრები ხშირად წყვეტენ კავშირს ოჯახებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან, ხშირად უარყოფენ ცხოვრებისეულ თუ პირად ინტერესებს;

გაერთიანების თავკაცები ადეპტებს მოუწოდებენ (ხშირად კი - მოითხოვენ კიდეც) სხვა ადეპტებთან ერთად იცხოვრონ და მხოლოდ მათთან ჰქონდეთ ურთიერთობა;

კითხვები, ეჭვები და უკმაყოფილება თანდათან ქრება და მათ გამო სასჯელიც კია დაწესებული. გაერთიანებებსა და მათ ლიდერებზე ეჭვის ჩახშობის მიზნით გონების დაჩლუნგების ხერხებს იყენებენ (მანტრის წარმოთქმა, ენებზე მეტყველება, საკრებულოს წინაშე დამნაშავე პირთა მხილება და ასე შემდეგ).

გადაბირება
როგორც წესი, სექტები ეძებენ ადამიანებს და არა - პირიქით. აუცილებელი სულაც არ არის, ადამიანმა დაბნეულობა და დეპრესია განიცადოს ან საკუთარ ძალებში ეჭვი შეეპაროს, რომ სექტების შემუშავებულ გადაბირების ხრიკებზე წამოეგოს.

სექტებში, ჩვეულებრივ, იმ მიზეზით ხვდებიან, რომ სინამდვილეში არ იციან, რას წარმოადგენს მოცემული ჯგუფი. გადამბირებლები სექტის ნამდვილი არსის შესახებ არაფერს ამცნობენ და თავიდანვე არ აცნობენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც მომავალში წაუყენებენ. გადამბირებელი მეგობრულად განწყობილი და გულახდილი ჩანს, ხშირად იგი ან მეგობარია, ან ოჯახის წევრი და მის გულწრფელობასა და კეთილგანწყობაში დაეჭვება ძალზე ძნელია.

სექტანტური აზროვნება
სექტანტური აზროვნება სამყაროს ბიპოლარულად ხედავს - თეთრად და შავად, რადგან სექტანტურ სამყაროში ნახევარტონები მიუღებელია. ასეთი აზროვნების ადამიანები თუ დაჯგუფებები საკუთარ თავს "თეთრ, კეთილ" კატეგორიას ავტომატურად მიაკუთვნებენ.

სირთულეებისა და საზოგადოების პრობლემების ასახსნელად მუდმივად ეძებენ განტევების ვაცს. სექტანტურმა აზროვნებამ, შესაძლოა, შეუწყნარებლობამდე და ექსტრემიზმამდე მიგვიყვანოს, რომელიც პირადი, სოციალური და ეკონომიკური კრიზისისას ხშირად იჩენს ხოლმე თავს.

მანიპულირების ილეთები
ამგვარ სექტათა მანიპულირების მეთოდები ხანდახან მეტისმეტად ეფექტურია ხოლმე და შეიძლება ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ ამა თუ იმ სექტაზე სრულად დამოკიდებულ არსებად აქციოს. ნახსენები მეთოდები ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1. თუ შეგიძლიათ, ადამიანი აიძულოთ, ისე მოიქცეს, როგორც თავად გსურთ, მაშინ იმასაც შეძლებთ, რომ ნებისმიერ რამეში დაარწმუნოთ.

2. გარემოს უეცარმა, მკვეთრმა ცვლილებებმა ადამიანზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს და სამყაროს შემეცნების, ფასეულობათა სისტემისა და რწმენის მოულოდნელ, რადიკალურ ცვლილებამდე მიიყვანოს.

სექტას ძალუძს, ხანგრძლივად აკონტროლოს თავისი წევრები, რისთვისაც იყენებს:

იზოლაციას:
- თუ ჩვეულ გარემოს და გარშემომყოფთ ფიზიკურად დაშორდით, შესაძლოა, რეალობა სუბიექტურად ვეღარ აღიქვათ.

სოციალური, ჯგუფური წნეხი:
- თუ ბუნებისგან მონიჭებული ის შეგრძნება, რომ სოციუმის კუთვნილება ხართ, თქვენში ექსპლუატაციას განიცდის, შესაძლოა, საკუთარ თავში ჯგუფის იდეებისადმი გაჩენილი ეჭვი ან ის წინააღმდეგობა დათრგუნოთ, რომელსაც სხვა გარემოში უცილობლად გამოამჟღავნებდით.

დანაშაული: - ჯგუფის სწავლება "გადარჩენის" შესახებ თქვენი წარსული ცხოვრების "ცოდვების" უცილობელი გაზვიადებით არის გამყარებული.

შიში:
- ჯგუფის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და მისი წესებისა და იდეოლოგიისადმი მორჩილების მიღწევა შესაძლებელია დაშინებით და მოსალოდნელი სულიერი თუ ფიზიკური შედეგების მუქარით.

სიყვარულით "დაბომბვა": - ერთი ოჯახის კუთვნილების შეგრძნება შეიძლება ხელოვნურად შეუქმნას გამუდმებული სენტიმენტალური ხვევნა-კოცნითა და განუწყვეტელი მლიქვნელობით.

ყოველივე პირადულის გამორიცხვა:
- თუ საკუთარი თავისთვის დროს არ გიტოვებენ, თუ თქვენთვის მარტო დარჩენა არ შეიძლება, ობიექტურად აზროვნებისა და სიტუაციის "გვერდიდან", "პერსპექტივაში" შეფასების უნარს დაკარგავთ.

დაღლილობა:
- თუ დასვენებას ვერ ახერხებთ, შესაძლოა, დაკარგოთ გარემოში ორიენტაციის უნარი და სრულებით მოექცეთ ვინმეს ზეგავლენის ქვეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმავდროულად მუდმივად ხვდებით ახალ-ახალ, თქვენთვის უჩვეულო გარემოებებში და საპირისპირო ინფორმაციას გთავაზობენ.
ალექსანდრე დვორკინის
მასალებზე დაყრდნობით
ბეჭდვა
1კ1