2020 წლის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში იეღოვას მოწმეთა რაოდენობა 18 ათასზე მეტია
2020 წლის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში იეღოვას მოწმეთა რაოდენობა 18 ათასზე მეტია
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ამ სექტის მიმდევართა რაოდენობა გაზრდის მაგივრად შემცირდა, რაც უპროცენდენტოა და ქართულ სინამდვილეში ბოლო ათწლეულებში პირველად დაფიქსირდა.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს იეღოვას მოწმეებმა მისიონერებს, სპეციალურ პიონერებსა (სექტის აგიტატორებს) და მიმომსვლელ ზედამხედველებს (ორგანიზაციის ლიდერებს) მსახურების შესასრულებლად 231 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს. სექტის 2020 წლის ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში იეღოვას მოწმეთა რაოდენობა 18 ათასზე მეტია (18104).
2019 წელთან შედარებით პროცენტული ზრდის გრაფა თავისუფალია, რადგან წელს საქართველოში პირველად არ დაფიქსირდა ამ ორგანიზაციის მიმდევართა თუნდაც მცირედი ზრდა. ანგარიშის მიხედვით, დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში იეღოვას მოწმეთა 2014 კრება მოქმედებს (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, რომელსაც საქართველოს სტატისტიკაში, როგორც წესი, ორგანიზაცია არ ასახავს).
სომხეთში იეღოვას მოწმეთა სექტას 10652 მიმდევარი ჰყავს (2020 წელს გასულ წელთან შედარებით -1 %-იანი კლება დაფიქსირდა), აზერბაიჯანში სექტის წევრი სულ 1592-ია (საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით, 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა), თურქეთში - 4875 (19%-იანი ზრდა მიმდინარე წელს). რუსეთში ამ სექტის რეგისტრაციის გაუქმებისა და ოფიციალური აკრძალვის გამო (2017წ.) იეღოვას მოწმეთა რაოდენობას ორგანიზაცია არ აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის სტატისტიკაში ასევე შედიან ის ინგილო ქართველებიც, რომლებიც გასულ ათწლეულებში ამ სექტაში გაწევრიანდნენ (კახისა და ზაქათალის რაიონებში).
ქალაქ კახში ინგილო ქართველი იეღოველები უკვე რამდენიმე წელია გივი ხუციშვილის სახლში იკრიბებიან. 2016 წელს აზერბაიჯანის პოლიციამ ქალაქ კახში ამ სექტის დღესასწაულზე - "გახსენების საღამოზე" სპეცოპერაცია ჩაატარა ქართველი და აზერბაიჯანელი იეღოველების დასაკავებლად. უკანონო რელიგიური შეკრებისა (ხუციშვილის სახლი აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტში რეგისტრირებული არ იყო) და რელიგიური ლიტერატურის გავრცელებისთვის 58 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულთა შორის 44 კახის მკვიდრი იყო, ცხრა — ზაქათალის, ხოლო ხუთი — ბაქოსი. ხუციშვილის სახლის ჩხრეკისას ასევე აღმოაჩინეს 19 DVD-დისკი და 212 რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტში ასევე არ იყო რეგისტრირებული (დაკავებულები მოგვიანებით გაანთავისუფლეს).



ბეჭდვა
1კ1