"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
9. სტრუქტურა. განვიხილოთ მორმონთა ეკლესიის ორგანიზაცია. ეს მკაცრი და ძალზე ეფექტიანი სტრუქტურაა. მისი ქვედა საფეხური გახლავთ განყოფილება (რუსულ სინამდვილესთან შესარწყმელად მორმონები მას სამრევლოს ეძახიან); იგი 250-დან 500 კაცამდე შედგება. როგორც კი განყოფილება გაიზრდება და ზედა ზღვარს მიაღწევს, ის ავტომატურად გაიყოფა - ორ განყოფილებად, რომლის თითოეული ნაწილიც ხელახლა იწყებს გაზრდას. ერთ გეოგრაფიულ ადგილას შეკრებილ განყოფილებას "პალოს" ეძახიან. ეს სახელწოდება მომდინარეობს იმ დროიდან, როცა ახალმოსახლენი მიდიოდნენ ახალ მიწაზე, არჭობდნენ პალოს და მოინიშნავდნენ ადგილს. პალოები "ტერიტორიებში" არის გაერთიანებული. 1994 წელს მსოფლიო დაყოფილი იყო 22 ტერიტორიად, მათ შორის რვა - ამერიკასა და კანადაში და 14 - დანარჩენ მსოფლიოში.

განყოფილება-სამრევლოს მეთაურობს ეპისკოპოსი და მისი ორი თამაშემწე, პალოს კი პრეზიდენტი ორ თანაშემწესთან ერთად. მათ ეხმარება თორმეტი უმაღლესი მსახური, რომლებიც "პალოს უმაღლეს საბჭოს" შეადგენენ. იმ ადგილებში, სადაც ადრე არ იყო მორმონთა სტრუქტურა, თავდაპირველად იქმნება მისია, საკმაო რაოდენობის სამრევლოს წარმოშობისას ის პალოდ გარდაიქმნება. ტერიტორიაზე ეპისკოპოსებსა და პრეზიდენტებს ხელმღვანელობს "თავმჯდომარე ეპისკოპატი", რომლის სათავეშიც დგანან პრეზიდენტი და მისი ორი მრჩეველი. შემდეგ ეკლესიას მართავს "სამოცდაათთა კვორუმი (საბჭო)" - ეკლესიის მმართველი სტრუქტურა, რომელთაც ასევე მეთაურობს პეზიდენტი ორ თანაშემწესთან ერთად. ეს სამოცდაათი ითვლება იმ სამოცდაათის თანამედროვე ორეულად, რომლებიც მსახურებისთვის გაგზავნა ქრისტემ. ამ ხელმძღვანელ ორგანოთა წევრ მორმონებს ეძახიან გენერალურ ავტორიტეტებს (გენერალურ ხელისუფლებას).

"სამოცდაათთა საბჭოს" ზემოთ დგას "12 მოციქულის საბჭო" ("მოციქულთა კოლეგია"). თითოეული "მოციქული" ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ხელმძღვანელობს: ახალგაზრდებთან მუშაობას, განათლებას, მისიონერულ საქმიანობას, ფინანსებს, ქველმოქედებას, მშენებლობასა და ასე შემდეგ. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ "პირველი საპრეზიდენტოს" მითითებით ხდება. ეკლესიის ყველაზე მაღალჩინოსან პირად ითვლება პრეზიდენტი (ის ასევე წინასწარმეტყველიცაა), რომელსაც ორი თანაშემწე ჰყავს (პირველი და მეორე რჩეული). ისინი სამივე ერთად შეადგენენ მორმონთა ეკლესიის "პირველ (უმაღლეს) საპრეზიდენტოს". ითვლება, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა "დედამიწაზე ღვთის სასუფევლის მართვაზე", რომლის გასაღებიც მათ გადაეცათ. "პირველი საპრეზიდენტოს" და "თორმეტთა საბჭოს" ერთად ეწოდებათ "დიდი თხუთმეტი", ერთად იკრიბებიან ყოველ ხუთშაბათს ათ საათზე სოლტ-ლეიკ-სიტის ტაძრის ზედა დარბაზში, რათა ითათბირონ და "თავიანთთვის უფლისაგან მითითება მიიღონ".

ჩვეულებისამებრ, პირველი მრჩეველი აირჩევა ხოლმე ახალ წინასწარმეტყველად წინა წინასწარმეტყველის სიკვდილის მერე და ყველანი ერთი ნაბიჯით წინ იწევენ: მეორე მრჩეველი გახდება პირველი მრჩეველი, ხოლო "თორმეტის კვორუმში" ყველაზე გავლენიანი - მეორე მრჩეველი. "წინასწარმეტყველ" ჯოზეფის სიკვდილის მერე კიდევ 14 წინასწარმეტყველი იყო. ახლა (2002 წლის დასაწყისში) წინასწარმეტყველი გახლავთ გორდონ ჰინკლი (დაიბადა 1910 წელს). შემდგომში ალბათ აირჩევა მისი პირველი მრჩეველი თომას მონსონი (დაიბადა 1927 წელს).

პრეზიდენტი, მოციქულები და "სამოცდაათთა კვორუმი" ხელმძღვანელობენ მორმონთა ეკლესიას. წელიწადში ორჯერ მორმონებს აქვთ საერთო კრება, რომელზეც ირჩევენ ახალ თანამდებობის პირებს. ეს მოქმედება ძალზე ჰგავს ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობ საბჭოთა არჩევნებს, როცა ასარჩევი ერთი კანდიდატია და მასაც ერთხმად, მეგობრულად ხმას აძლევენ (მორმონებში ამას "ხელმძღვანელის მხარდაჭერას" ეძახიან). გასაგებია, რომ სისტემაში ყველა დანიშვნა ზემოდან მოდის. თითოეული მორმონი მამაკაცი თვლის, რომ მათ აქვთ "აარონის მღვდლობა", ხოლო რჩეულებს - "მელქისედეკის მღვდლობა". სწორედ ისინი გახლავან მორმონებში თანამდებობის პირები. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად შავკანიანებს აკრძალული ჰქონდათ მღვდლობა (ნებისმიერი სახის), მაგრამ 60-იან წლებში დაიწყო მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის. და აი, ძლიერი ზეწოლის შედეგად, 1976 წელს მორმონებს ჰქონდათ ახალი გამოცხადება, რომლის შედეგადაც გამოაცხადეს, რომ ღმერთმა აპატია შავკანიანებს და დართო ნება მღვდლობისა.

10. საღმრთო გამოცხადება "სწავლებასა და აღთქმებში" მნიშვნელოვნად შესწორდა. მორმონები თავიანთ "მრწამსში" ირწმუნებიან: "ჩვენ გვწამს, რომ ბიბლია - ღვთის სიტყვაა, რამდენადაც ის სწორად არის გადათარგმნილი (განზრახ ბუნდოვნადაა გამოთქმული; აქ იგულისხმება, რომ "თუ ის სწორადაა გადათარგმნილი", ხოლო სმიტის "სწორად" გადათარგმნის მეთოდებს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს). ჩვენ ასევე გვწამს, რომ მორმონის წიგნი - ღვთის სიტყვაა".

თუმცა მორმონთა უმთავრესი მოძღვრება გადმოცემულია ორ ზემოხსენებულ წიგნში: "სწავლება და აღთქმები" და "უძვირფასესი მარგალიტი". პირველი წიგნი შედგება სმიტისა და ზოგიერთი პრეზიდენტისადმი მიცემული საღმრთო გამოცხადებებისგან. მეორე, მორმონთა სარწმუნოებრივი მოძღვრების წიგნებს შორის ყველაზე პატარა წიგნში შევიდა "წიგნი მოსესი" (ნაწყვეტი "სწორად გადათარგმნილი" შესაქმის წიგნის ბიბლიური ტექსტიდან, რომელიც სინამდვილეში უხეშად შერყვნა სმიტმა, თანახმად "საღმრთო გამოცხადებისა"), ჩვენთვის უკვე ცნობილი "აბრაამის წიგნი", ასევე წინასწარმეტყველის მიერ "სწორად გადათარგმნილი" მათესაგან სახარების ოცდამეოთხე თავი და ნაწყვეტი მის მიერვე საკუთარ თავზე დაწერილი "კანონიკური ცხოვრებიდან". ჩვეულებისამებრ, ეს წიგნები ერთად არის აკინძული და საშუალო სისქის კრებულს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ "მორმონის წიგნსა" და "სწავლებასა და აღთქმებს" შორის კითხვათსხვაობაა (ეს კი ძალზე ბევრია, რადგანაც "მორმონის" წიგნი ადრეა დაწერილი, როცა ჯოზეფ სმიტის "საღვთისმეტყველო" შეხედულებები ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული და შედარებით ნაკლებად იყო დაცილებული "პროტესტანტიზმთან მიახლოებული" აზრებისგან), მაშინ წიგნის მეორე ვერსია ყოველთვის ჭეშმარიტად ითვლება.

მაგალითად, "სწავლებასა და აღთქმებში" მრავალცოლიანობაზე "იტყვის უფალი", როგორც "ახალ და საუკუნო აღთქმაზე", და თუ ისინი ამას არ მიიღებენ, "დაწყევლილნი იქნებიან... რამეთუ არავის ძალუძს უარყოს ეს აღთქმა და შევიდეს ჩემს დიდებაში. რამეთუ ყველამ, ვისაც ჩემს ხელთაგან კურთხევის მიღება სურს, უნდა დაიცვას იგი" (132:1:5) (ლოგიკის როგორი ძალაა!). ამავე კარის 61-62-ე მუხლებში მოცემულია "სწორი" და "კანონიერი" მრავალცოლიანობის პირობები: მამაკაცს შეუძლია იმდენი ცოლი მოიყვანოს, რამდენსაც მოისურვებს, ოღონდ თითოეული მათგანი ქალწული უნდა იყოს, და სხვა კაცზე არ უნდა იყოს დანიშნული. თუმცა "მორმონის წიგნში" მრავალცოლიანობა არაერთხელ და არაორაზროვნად განიკითხება როგორც "უსჯულოება" (მაგალითად, ესთერ. 10,5, იაკობი 2,23-24, 3:5 და ასე შემდეგ). თუ ორივე წიგნი, როგორც მორმონები ამტკიცებენ, ღვთივსულიერია, მაშინ გამოდის, რომ მორმონთა ღმერთს გაუჭირდა გადაეწყვიტა, მრავალცოლიანობა კარგი იყო თუ ცუდი, განეკითხა თუ, პირიქით, წაეხალისებინა.

თუმცა საშუალო მორმონი ვერ ამჩნევს ამგვარ განსხვავებათა სიმრავლეს: მორმონთა განათლების შედეგად, ვერ ამჩნევს ამას, თუ ვინმე ამაზე მიუთითებს, ამ წინააღდეგობათა უარყოფას არჩევს.

"მორმონთა წიგნში" არაფერია თქმული მორმონთა რჯულთმოძღვრების მრავალ ცენტრალურ დებულებაზე, სხვა ასევე მნიშვნელოვანი დებულება უარიყოფა. ამ ორ კატეგორიაში შედის უმეტესი ნაწილი იმისა, რაც აუცილებლად უნდა სწამდეს მორმონს, სახელდობრ:

1) ეკლესიის საორგანიზაციო სტრუქტურა;

2) მელქისედეკის მღვდლობა;

3) აარონის მღვდლობა;

4) მრავალი ღმერთის არსებობა;

5) წინაარსებობა ადამიანების სულებისა;

6) ღმერთი არის ამაღლებული ადამიანი;

7) ადამიანსაც შეუძლიან გახდეს ღმერთი ("მუდმივი პროგრესის კანონი");

8) ზეციური სამეფოს სამნაწილოვანი დაყოფა;

9) მრავალცოლიანობა;

10) "სიტყვა სიბრძნისა";

11) ნათლობა მკვდრებისა;

12) ცელესტილიალური (ზეციური) ქორწინება, მაგრამ ყველა ეს დებულება შეიძლება ვიპოვოთ "სწავლება და აღთქმებში".

ჯოზეფ სმიტის დამატებითი გამოცხადება თავდაპირველად გამოქვეყნდა ამგვარი სათაურით: "ქრისტეს ეკლესიის მმართველობის მცნებათა წიგნი" (1833); მაგრამ მორმონთა რჯულმოძღვრების სწრაფ განვითრებასთან დაკავშირებით უკვე ორი წლის მერე (1835 წ.) წიგნი ხელახლა გამოიცა მნიშვნელოვნად გაფართოებული სახით და ახალი სათაურით "სწავლება და აღთქმები". შემდგომში მიემატა მორმონთა ეკლესიის პრეზიდენტ-წინასწარმეტყველთათვის მიცემული ძირითადი გამოცხადებები. ამასთან, როგორც "სწავლებისა და აღთქმების" შინაარსი, ასევე ამ წიგნში არსებული "საღმრთო გამოცხადება" მნიშვნელოვნად შესწორდა.
ბეჭდვა
1კ1