"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
თავი 8.
მორმონები დასავლეთისკენ უაზროდ მიდიოდნენ. ჯგუფის თავში 148 ლტოლვილი იდგა , რომლებიც მიუძღვებოდნენ დიდ ქარავანს, რომელიც შედგებოდა 73 ურმის, ერთი ნავის, ერთი ქვემეხის, 93 ცხენის, 52 ჯორის, 66 ვირის და 19 ძროხისგან. მათ მიჰყვა ლტოლვილთა ახალ-ახალი ქარავნები. ეს რთული და მტანჯველი მოგზაურობა მშრალი ტბის ნაპირთან დასრულდა, სადაც დაარსდა ქალაქი, რომელსაც დღეს სოლტ-ლეიკ-სიტი ჰქვია. მორმონთა ისტორიის ეს ეპიზოდი აღწერილი აქვს კონან დოილს მოთხრობაში "მეწამული ეტიუდი". იქ აღწერილია ის ტირანია, დამბეზღებლობა და ტერორი, რომელიც მეფობდა მორმონთა ადრინდელ მოსახლეთა შორის.

ბრიგამ იანგი ნიჭიერი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი აღმოჩნდა და მორმონთა ეკლესია უპირველესად მას უნდა უმადლოდეს თავის არსებობას. მორმონთა ადრინდელ ისტორიას თან სდევდა სკანდალთა სერიები. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ აშშ-ის მთავრობის მიერ მორმონთა წინააღმდეგ გამოცხადებული ომი. მორმონები ერიდებოდნენ ჯარებთან შეტაკებებს, იშვიათად ტყვიის სროლით პასუხობდნენ, გადასახლდებოდნენ ახალ ადგილას, მერე კი ძველს უბრუნდებოდნენ. 1857 წელს მორმონებმა ჩაიდინეს დიდი დანაშაული, რომელმაც შეაძრწუნა ამერიკა: მათ ტერიტორიაზე ლტოლვილი მოკლეს. მორმონები ცდილობდნენ ეს ინდიელებისთვის დაებრალებინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ბრიგამ იანგმა შეძლო პასუხისმგებლობას გაქცეოდა: სასამართლოზე ვერ შეძლო დამტკიცება, რომ ეს მისი ბრძანებით არ იყო ჩადენილი. მის უახლოეს თანაშემწეს ბრალი დასდეს და ჩამოახრჩვეს.

იანგმა 1877 წლამდე იცოცხლა. მას 70 ცოლი და 56 შვილი ჰყავდა. იმპოზანტური გარეგნობა ჰქონდა, უყვარდა, თავი ძველაღთქმისეულ პატრიარქად წარმოედგინა. ბევრი ცნობილი ამერიკელი, მაგალითად, რალფ უოლდო, ემერსონი და მარკ ტვენი, მის შესახედად და გასაცნობად დადიოდნენ. თავისი წინამორბედივით იანგი ძალზე მაღალი წარმოდგენისა იყო საკუთარ თავზე. შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა მორმონთა ცოხვრებაში - მრვალცოლიანობის გაუქმება იყო. 1852 წელს მრავალქორწინება აღიარებულ იქნა მორმონთა რელიგიის განუყოფელ ნაწილად. იანგსაც არაერთხელ ჰქონდა გამოცხადება, რომ მრავალცოლიანობის მოწინააღმდეგე ანდა ვინც თავის გრძნობებს განიკითხავდა, აღიხოცებოდა პირისაგან მიწისა, არ ცხონდებოდა და საუკუნოდ დაწყევლილი იქნებოდა. ეს გახლდათ აშკარა და არაორაზროვანი გამოცხადება: მრავალცოლიანობა ძირითადი დოგმატია ჩვენი რწმენისა და ყოველი, ვინც მას წინ აღუდგება, სიცოცხლის ღირსი არ არის.

"მონოგამია, ანუ ერთი მეუღლით კანონმდებლობრივი შეზღუდვა, არ ეხება მამაკაცთა ზეციურ სტრუქტურას. რატომ გვწამს პოლიგამია და ცხოვრებაში ვატარებთ? უფალმა უბოძა ეს თავის მსახურებს ჯოზეფ სმიტისადმი მიცემული გამოცხადების მიერ და მას უფლის მსახურები ყოველთვის პრაქტიკაში იყენებდნენ. ჩვენ გვეკითხებიან: "არის თუ არა ამნაირი რელიგია ზეცაში პოპულარული?" ეს ერთადერთი რელიგიაა, რომელიც იქ არის პოპულარული, რამეთუ ეს აბრაამის რელიგიაა".

1865 წლის ოქტომბერში კი "წინასწარმეტყველმა" განაცხადა მორმონებსა და მრავალცოლიანობაზე: პოლიგამიის უარყოფა იგივეა, რომ უარი თქვა საკუთარ რწმენაზე, მღვდლობა სიცრუედ გამოაცხადო... უარი თქვა იმაზე, რისთვისაც იტანჯებოდნენ, ცხოვრობდნენ, სისხლს ღვრიდნენ. გასული საუკუნის მორმონთა ოფიციალურ განცხადებებში ასევე თანდათანობით გამოითქმებოდა აზრი, რომ მრავალქორწინების პრინციპი არსებითი წინაპირობა იყო ადამიანის ცხონებისა და ამაღლებისთვის. ამან ამერიკის ხელისუფლებასთან სერიოზული პრობლემები გამოიწვია: იუტას შტატის სტატუსი უნდა მიეღო და მორმონებს შესაძლებლობა მიეცათ აერჩიათ ან არჩეული ყოფილიყვნენ, მაგრამ აშშ-ის კანონმდებლობით, მრავალცოლიანობა აკრძალული იყო მორმონებს უნდა აერჩიათ: "საღვთო გამოცხადება" ანდა არალეგალური მდგომარეობა, რომელშიც შესაძლოა აღმოჩენილიყვნენ. 1890 წელს მორმონთა მაშინდელ მეთაურს, როგორც ყოველთვის, დროულად ჰქონდა გამოცხადება, რომ მრავალცოლიანობა უნდა გაუქმებულიყო. მორმონებს მოუწიათ ახალი გამოცხადების მიღება, მაგრამ რამდენიმე ჯგუფი გამოეყო ძირითად ეკლესიას. დღემდე არსებობს ათიათასობით მორმონი, რომლებიც აღიარებენ მრავალცოლიანობას. ამგვარ "გამოყოფილ" მორმონებში ერთ ახალგაზრდა მორმონს ოთხი ცოლი ჰყავდა, ერთი მათგანი დედა იყო, ორი - მისი ქალიშვილები, ხოლო მეოთხე - მათი ბიძაშვილი. ერთ-ერთმა სიამაყით თქვა, რომ სჯობს გქონდეს 25% 100%-იანი მამაკაცისა, ვიდრე 100% 25%-იანი მამაკაცისაო. ისინი ერთმანეთს "დებ-ცოლებს" ეძახდნენ.

მორმონთა ძირითადმა ნაწილმა მიიღო გამოცხადება, ხოლო მრავალცოლიანობა გაუქმებულ იქნა. პირველი ცოლი ერთადერთად გამოცხადდა, დანარჩენს უსახსროდ სახლებიდან ყრიდნენ.

თუმცა მრავალცოლიანობა ოფიციალურად გაუქმდა, ის მაინც მორმონთა რწმენის ქვაკუთხედად დარჩა. მორმონები თვლიან, რომ ათასწლოვან სასუფეველში მრავალცოლიანობა აუცილებლად აღდგება. ამასთან, ბევრ "წმინდანს" არ სურს ასე დიდხანს იცადოს: როგორც გვაუწყებენ დასავლური პუბლიკაციები, "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის" ბევრ წევრს ჩუმად ბევრი ცოლი ჰყავს. ამბობენ, ხელმძღვანელობა ამჯობინებს, არ შეამჩნიოს ასეთი შემთხვევები. როგორც გვაუწყებს პრესა, დღევანდელ დღეს არანაკლებ 70000 "ფუნდამენტალისტი მორმონი" ცხოვრობს პოლიგამიურ ქორწინებაში. მაგრამ თუ თითოეულ "სწორ" თანამედროვე მორმონს მხოლოდ ერთი ოფიციალური ცოლი ჰყავს, ფაქტობრივად, ისინი მრავალცოლიანად რჩებიან. თუ როგორ, ამაზე შემდგომში ვისაუბრებთ.
ბეჭდვა
1კ1