"უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესია"
"უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესია"
(გაგრძელება)
თავი 6
უთუოდ უნდა გიამბოთ ამბავი, რომელიც 1835 წელს მოხდა, როცა მორმონები ჯერ კიდევ კორტლანდში (ოჰაიოს შტატი) ცხოვრობდნენ. ერთხელ იქ მოხეტიალე მეძველმანე გამოჩნდა, რომელიც რამდენიმე გროშად ხალხს ოთხ მუმიას და რამდენიმე ძველეგვიპტურ იეროგლიფებიან პაპირუსს აჩვენებდა. რამდენადაც "მორმონის წიგნის" გადათარგმნის მერე ჯოზეფი ძველეგვიპტური ენის მცოდნედ ითვლებოდა, ვაჭარმა თავისი პაპირუსები სათარგმნელად მიუტანა. ჯოზეფს გაუხარდა, რომ საშუალება მიეცა თავისი ნიჭიერება დაემტკიცებინა და პაპირუსები ორი ათას დოლარად შეიძინა - რაც იმ დროს ასტრონომიული თანხა იყო. დოკუმენტების გამოკვლევის მერე სმიტმა გამოაცხადა, რომ ერთი მათგანი თვით აბრაამის მიერ იყო დაწერილი ეგვიპტეში ყოფნისას, მეორე კი იოსების, იაკობის ძის მიერ.

ჯოზეფმა "ძველეგვიპტური ანბანის გასაღები" შეიმუშავა და მალე პირველი პაპირუსის "თარგმანი" გამოსცა "აბრაამის წიგნის" სახელწოდებით, რომელიც შემდგომში მორმონთა წმინდა წიგნებში შეიტანეს (კერძოდ, "უძვირფასეს მარგალიტში").

ითვლებოდა, რომ ეს პაპირუსი 1871 წელს ჩიკაგოში ხანძრის დროს დაიწვა, ამიტომაც "აბრაამის წიგნის" შედარება ორიგინალთან შეუძლებელი იყო. მაგრამ 1967 წელს სწორედ ეს პაპირუსი აღმოჩნდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში და ის საჩუქრად გადასცეს მორმონთა ეკლესიას. პაპირუსი ამოიცნეს მორმონებმა და სიხარულით მიიღეს. მაგრამ ერთი რამ არ გაითვალისწინეს: მეცნიერებს უნიკალური საშუალება გაუჩნდათ ორიგინალთან შეედარებინათ ჯოზეფ სმიტის თუნდაც ერთი თარგმანი. შედეგი კი სრულიად მოსალოდნელი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი რიტუალური დაკრძალვის ტექსტი იყო. მას "სუნთქვის წიგნი" ჰქვია და აბრაამის წიგნთან საერთო არაფერი აქვს. მორმონებს ძალზე უჭირთ ამ ისტორიის დაჩრდილვა. ერთხელ, მოსკოვში, დისკუსიისას, მორმონებმა გამომიცხადეს, მეტროპოლიტენის მუზეუმმა სრულიად სხვა პაპირუსი გამოაჩინა, ნამდვილი კი განადგურდაო. მაგრამ თავს უხერხულად კი გრძნობდნენ. მაშ, რატომ ინახავს პაპირუსს, როგორც სიწმინდეს, მორმონთა ეკლესია-მეთქი. ვერ მიპასუხეს და სასწრაფოდ გამშორდნენ.

მორმონთა ოფიციალური აზრი ამასთან დაკავშირებით ამგვარია - პაპირუსი სხვებთან ერთად მართლაც იყიდა სმიტმა, მაგრამ ის კი არა, სხვა გადათარგმნა, რომელიც კარგად არის შემონახული, გრძელია, შავი და წითელი მელნით არის დაწერილი. ჩვენთვის უკვე ნაცნობი სქემაა. გვაუწყებენ, რომ პაპირუსი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იხილა, ისიც შორიდან. ის დაიკარგა და შემორჩენილია მხოლოდ მეორე ფრაგმენტი სხვა პაპირუსისა.

მაგრამ სინამდვილეში დოკუმენტის უტყუარობა ეჭვს არ იწვევს - ჯერ ერთი მასზე გამოსახული ნახატების ფრაგმენტები ემთხვევა აბრაამის წიგნის ილუსტრაციებს. ნახატების ნაკლული ნაწილი შეკრებილ იქნა ჯოზეფის ესკიზებით; ჩახატული ნაწილი გამოხატავს ამ უკანასკნელის სრულ უმეცრებას, რაც ეგვიპტესთან არის დაკავშირებული. ნახატების ჯოზეფ სმიტისეული განმარტება კი ეგვიპტოლოგთა ჰომერულ ხარხარს იწვევს. საკმარისია ითქვას თუნდაც ის, რომ პაპირუსზე გამოსახული ორი ქალის ფიგურას (მათ ქვემოთ გაკეთებული წარწერები გვამცნობენ, რომ ისინი ქალღმერთები იზიდა და მაატი არიან) ის ფარაონსა და მის მემკვიდრეს უწოდებს. მეორეც, შემორჩენილია სმიტის ხელნაწერი, სადაც გვერდის მარცხენა მინდორზე გადახატულია იერატიკული ნიშანი, მარცხნივ კი მისი "თარგმანია". სწორედ ეს ნიშნები ცხადად ჩანს ნაპოვნ პაპირუსზე.

ამის შესახებ ღირს დაწვრილებით ვისაუბროთ. პაპირუსზე სულ 46 იერატიკული ნიშანია გამოხატული. სმიტმა შეძლო მათგან 1125 ინგლისური სიტყვა გამოეწერა, მათ შორის 65 საკუთარი სახელი. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი სახელი ჩვეულებისამებრ არ ითარგმნება, არამედ ტრანსლიტირდება მარცვლების მიხედვით. 65-დან მარტო სამი სახელი - მაკმაკრახი, შაგრეელი და ელკანახი ტექსტში რამდენჯერმე გვხვდება და სულ 52 მარცვალს შეადგენს, ანუ მეტია, ვიდრე პაპირუსზე გამოსახული 46 ნიშანი. მაშ, ეს რის "თარგმანია"? განვიხილოთ სმიტის მიერ გადახატული ერთ-ერთი ნიშანი. ძველეგვიპტლები ამბობენ, რომ ეს არის ნაწილი ეგვიპტური სიტყვისა, რომელიც "ტბას" ანდა "ტბორს" აღნიშნავს. ეს ოთხი ხაზი ჯოზეფ სმიტმა 334 ასოსგან შემდგარ 76 ინგლისურ სიტყვად "გადათარგმნა". აი, მისი ქართული თარგმანი: და ის გაკეთებული იყო საწოლისმაგვარად, როგორსაც იყენებდნენ ქალდეველები და იდგა ღმერთების ელკანახის, მახმაკრახის, კორაშის და ასევე ღმერთის წინაშე, რომელიც ჰგავდა ეგვიპტის ფარაონის ღმერთს, თქვენ რომ წარმოდგენა გქონდეთ ამ ღმერთებზე, თავიდან მოგეცით მათი გამოსახულება ნახატების სახით, რომელსაც ქალდეველები რახლენოს ეძახიან და იეროგლიფებს ნიშნავს (აბრაამი 1:13-14). ამ ეგვიპტური სიტყვის მეორე ნაწილის სათარგმნელად სმიტმა 59 ინგლისური სიტყვა გამოიყენა. შედეგად ამ ერთადერთი ეგვიპტური სიტყვიდან გენიოსმა თვითნასწავლმა მორმონმა 136 ინგლისური სიტყვა გამოწურა, მათ შორის 8 საკუთარი სახელი, თითოეულში არანაკლებ ორი მარცვალია. ვფიქრობ, რომ ეს ერთი მაგალითიც სრულიად საკმარისია ჯოზეფ სმიტის მთარგმნელობით ნიჭზე საფუძვლიანი აზრის გამოსატანად.

თავი 7
მორმონთა მოძღვრებაზე საუბრის დაწყებამზე აუცილებელია, რამდენიმე სიტყვა მრავალცოლიანობაზეც ითქვას. მორმონებში მრავალცოლიანობის საწყისად 1831 წელს თვლიან. ჯოზეფმა ერთ 12 წლის გოგონას უთხრა, - საღმრთო გამოცხადებით, შენ ჩემი მეორე ცოლი უნდა გახდეო. ამას მოჰყვა ახალ-ახალი ცოლები.

იმავე 1831 წელს სმიტმა მისურიში რამდენიმე უხუცესს აუწყა მიღებული გამოცხადების შესახებ, რომ შემდგომში ყველა "წმინდანს" შეეძლო პოლიგამიური ქორწინება. უფრო კი ის ფიქრობდა ინდიელთა "ლამანიელ" ქალებზე. ვარაუდობდნენ, რომ ამ ქალებთან მორმონების ურთიერთობის წყალობით მათ შთამომავლებს კანის თეთრი ფერი ექნებოდათ. მაგრამ შეუძლებელია, მიტს არ ევარაუდა, რომ მრავალცოლიანობა გაართულებდა მორმონების ისედაც არცთუ მარტივ ურთიერთობას მეზობლებთან, ასე რომ, ეს გამოცხადება მან მხოლოდ რამდენიმე მეგობარსა და თანამოაზრეს გაანდო.

ცნობილია, რომ ემა სმიტი ამით უზომოდ უკმაყოფილო იყო და მრავალცოლიანობას ებრძოდა. ქალი შავ დღეში აღმოჩნდა: მხარი უნდა დაეჭირა ქმრის წინასწარმეტყველებისთვის. მრავალცოლიანობა ხომ გამოცხადებით დაიშვა და ამ გამოცხადებაში დაეჭვება სხვა ნამისნარში დაეჭვებას ნიშნავდა. მხოლოდ უნდა თანაგეგრძნო ამ საცოდავი ქალისთვის. მისი გონს მოსაყვანად სმიტმა გამოაცხადა თავისი მუქარაშერეული ხილვის შესახებ: "დაე, მხევალმა ჩემმა ემა სმიტმა მიიღოს ყველა, ვინც მიეცა ჩემს მსახურს, ჯოზეფს, ისინი, ვინც სათნონი და უმწიკვლონი არიან ჩემს წინაშე, ხოლო ბილწნი, რომელთაც თქვეს, უმწიკვლონი ვართო, განადგურდებიანო, - ამბობს უფალი ღმერთი... ვუბრძანებ ჩემს მხევალს, ემა სმიტს იყოს და მიეკრას ჩემს მონას ჯოზეფს და სხვა არავის, მაგრამ თუ არ დაიცავს ამ ბრძანებას, განადგურდება, - ამბობს უფალი, - რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი და გავანადგურებ მას, თუ ის ჩემს რჯულს არ აღასრულებს" (სწავლება და აღთქმები, 132; 52,54).

საბოლოოდ, სწორედ მრავალცოლიანობამ დაღუპა სმიტი: მას ჰქონდა გამოცხადებები, რომ მრავალცოლიანობა სასარგებლო რამ იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა მორმონებისთვისაც. ამიტომ მათაც მოჰყავდათ ბევრი ცოლი, რის გამოც უუარესდებოდათ ქორწინებაზე ქრისტიანული შეხედულების მქონე მეზობლებთან ურთიერთობა...

რამდენი ცოლი ჰყავდა თვითონ სმიტს? 27, 48 ანდა 84. რამდენადაც მან ქორწინებად გამოაცხადა სხვადასხვანაირი კავშირები (მათ შორის - თავის თანამოაზრეთა ცოლებთან). ჯოზეფი მთვრალი იყო თავისი ავტორიტეტით. 1844 წელს მან თავი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატადაც კი გამოაცხადა. ის თამამად საუბრობდა მორმონთა მსოფლიო ბატონობაზე, რომ იგი მეფედ უნდა ეკურთხებინათ. აი, რას სწერდა იგი საკუთარ თავზე:

"მე შემიძლია სხვა ნებისმიერ ადამიანზე მეტად მოვიწონო თავი. მე ერთადერთი ვარ კაცთა შორის, ადამის დროიდან მოყოლებული, რომელმაც შეძლო უვნებლად შეენარჩუნებინა მთელი ეკლესია. მთელის უდიდესმა უმრავლესობამ ჩემი ერთგულება შეინარჩუნა.

ვერც პავლემ, ვერც იოანემ, ვერც პეტრემ, ვერც იესომ ეს ვერ შეძლო. მე თავს ვიქებ იმით, რომ არა კაცმა არ გასწია ისეთი სამუშაო, როგორიც მე!

იესოს მიმდევრები მიმოიფანტნენ, უკანასკნელი დღეების წმინდანები ჩემგან არ გაქცეულან".

ყველაფერი ეს სამწუხაროა: თავიანთი წინასწარმეტყველის ამგვარი ქმედებით თავზარდაცემული მორმონთა ნაწილი ბოლოს მაინც ჩამოშორდა მას, დააარსა სტამბა და ანტისმიტურ ლიტერატურას გამოსცემდა. სმიტმა უბრძანა დანიტთა რაზმებს სტამბის განადგურება, რაც მათ სიამოვნებით შეასრულეს.

საქმეში ოფიციალური ხელისუფლება ჩაერია და როგორც არეულობის მოთავე, სმიტი და მისი ძმა დააპატიმრა. მაგრამ მორმონთა საქციელით ხალხი უკვე გამძვინვარებული იყო. მეორე დღეს, 1844 წლის 27 ივნისს, ციხეში ბრბო შეიჭრა. სმიტი და მისი ძმა დახვრიტეს, თუმცა რატომღაც მათაც აღმოაჩნდათ იარაღი. სროლისას ჯოზეფ სმიტმა სამი კაცი დაჭრა, ორი - სასიკვდილოდ.

მკვდარი წინასწარმეტყველი გაცილებით სასარგებლო გამოდგა, ვიდრე ცოცხალი. სმიტი მოწამედ გამოაცხადეს, ხოლო მორმონთა მოძრაობა გაიზარდა. მორმონთა ახალი მეთაური გახდა ბრიგამ (ბრიგხამ) იანგი. მან გამოაცხადა მორმონთა დიდი გადასახლება დიდი მლაშე ტბისკენ (იუტას შტატი). ვიდრე იანგი ხელისუფლებას განიმტკიცებდა, სასტიკი ბრძოლა გადაიტანა. სმიტის ქვრივი, თანამოაზრეებთან ერთად, გამოეყო მათ და დააარსა თავისი ეკლესია, რომელიც მრავალცოლიანობას უარყოფს. ის დღემდე არსებობს (უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს რეორგანიზებული ეკლესია), თუმცა ისე ძლიერი და მდიდარი არ არის, როგორიც მორმონთა ძირითადი ეკლესია.
ბეჭდვა
1კ1