"უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესია"
"უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესია"
ალექსანდრე დვორკინი, "სექტოლოგია"
(გაგრძელება)
4. "მორმონის წიგნის" წარმოშობაზე რამდენიმე მოსაზრებაა. ერთ მათგანში საუბარია ნაკლებად ცნობილ ამერიკელ მწერალზე , გადამდგარ პროტესტანტ პასტორ სოლომონ სპოულდინგზე, რომელმაც ორი ფანტასტიკური რომანი დაწერა ამერიკის ადრინდელ მკვიდრებზე. მისი ნაცნობები იხსენებდნენ, რომ ის ართობდა ხალხს ნეფიასა და ლეგიას თავგადასავლების მოთხრობით. თითქოსდა წიგნიც დაწერა ნაპოვნ ხელნაწერზე, მაგრამ გამოქვეყნება ვერ მოასწრო. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ჯოზეფ სმიტის თანამშემწემ, სიდნი რიგდონმა ეს წიგნი სტამბიდან მოიპარა და თავის მეგობარს მიუტანა. სმიტმა კი ის საკუთარი სახელით გამოსცა. ამაზე დღევანდელი მორმონები გეტყვიან, ხელნაწერი არ შემორჩენილა, ამიტომაც ვერაფერს დაამტკიცებ, ეს მხოლოდ ვარაუდიაო. სპოულდინგის სხვა ხელნაწერი კი ნაკლებად მოგაგონებთ "მორმონის წიგნს". ის ამ ორი რომანის დაწერას ვერ შეძლებდა. მაგრამ მაინც არის მსგავსება სპოულდინგის წიგნსა და "მორმონის წიგნს" შორის.

მაგალითად, ორივე მათგანში საუბარია ამერიკელთა ებრაულ წარმომავლობაზე, მიწაში დაფლულ ძველ წიგნებზე, ძველეგვიპტურ ნაწერებზე, ურიმსა და ტუმიმზე, მოსახლეობის ბარბაროს და ცივილიზებულ ნაწილებზე, იერუსალიმის დანგრევაზე, "უკანასკნელ დღეებში" ისრაელის შეკრებაზე, ორივეში უხვადაა ციტატები მოყვანილი ესაია წინასწარმეტყველიდან, ორივეში მოთხრობილია დიდებულ ერზე, რომელიც ბოლო ჟამს აღდგება ამერიკაში, რათა გადაარჩინოს ისრაელი და ა.შ.

5. მორმონთა სექტის პირველი დღეები. "მორმონის წიგნის გამოქვეყნებით იწყება საკუთრივ მორმონთა ეკლესიის ისტორია. წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე დღის მერე შედგა დამფუძნებელი კრება, რომელმაც დააარსა "იესო ქრისტეს ეკლესია". წესდებაში ნათქვამი იყო, რომ ლიდერი უნდა ყოფილიყო წინასწარმცნობელი, მთარგმნელი, იესო ქრისტეს მოციქული და ღვთის ნებით ეკლესიის უხუცესი. ბუნებრივია, დადგენილ იქნა, რომ შეკრებილთაგან ერთადერთი ამ თვისებებს ფლობდა ჯოზეფ სმიტი. სექტა მაშინვე შეუდგა აქტიურ მისიონერულ საქმიანობას.

"მორმონის წიგნი" დასაწყისი გახდა ჯოზეფ სმიტის ოფიციალური საქმიანობისა, თუმცა მისი შემდგომი ცხოვრება ასე მშვიდი არ ყოფილა. ბევრ მათგანს, ვინც მან მონათლა, ახსოვდა მისი ადრინდელი ავანტიურები, მეზობლები მას თაღლითად და უნუგეშო ღვთისმგმობლად თვლიდნენ. ძველი საქმეები განახლდა, დაიწყო სასამართლო პროცესები. ამან კი შეაჩერა სმიტის ჯგუფის რელიგიური საქმიანობა. ჯოზეფის მამა ვალის გამო ჩასვეს ციხეში, და ოჯახი გაკოტრების პირას აღმოჩნდა. ჯოზეფის ცოლი, ემაც კი უარს ამბობდა ოფიციალურად შესულიყო მის ეკლესიაში და ურჩევდა, ყოფილიყო ნორმალური ქმარი და ოჯახის მეთაური. მიუხედავად ძალზე მკაცრი "გამოცხადებისა", რომელიც ჯოზეფმა ემას შესახებ მიიღო, და პირდაპირი მუქარისა, რასაც ეს გამოცხადება შეიცავდა, ემა მთელი თვე ეწინააღმდეგებოდა და ბოლოს დანებდა. ახალი ეკლესიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ გამოცხადება არ დასრულებულა ბიბლიურ დროში, რომ ის მთელი ეს ხანი გრძელდება და ეკლესიის ლიდერის ხასიათიდან იგი უნდა იღებდეს ამ გამოცხადებას. თუ არ იღებს გამოცხადებას, ის არ არის ნამდვილი ლიდერი. ახალი აღთქმა არ დასრულებულა: მას მოჰყვება ახალი და ახალი განმაახლებელი "აღთქმები", რომლებიც, მორმონთა თვალთახედვით, მისი გაგრძელებაა.

იმ "გამოცხადებიდან", რასაც ჯოზეფ სმიტი იღებდა, ბევრი რამ მცდარი აღმოჩნდა - თუნდაც ის, რომ მორმონის წიგნის თარგმანის თანაავტორი ოლივერ კაუდერი უნდა ყოფილიყო. ანდა ჯოზეფის მიერ კონკრეტული დავალებით კონკრეტულ ადგილას გაგზავნილი ადამიანები იქ დაპირებულს ვერაფერს ნახულობდნენ. ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურად ჩაფლავებული "წინასწარმეტყველება" გახლდათ "ღმერთის" მიერ ჯოზეფ სმიტის პირით გამოცხადებული სამოქალაქო ომი, რომელიც მალე უნდა დაწყებულიყო, მსოფლიო ომში გადაიზრდებოდა და სამყაროს აღსასრულამდე მიიყვანდა ("სწავლებანი და აღთქმანი", კარი 87). წინასწარმეტყველება ჯოზეფ სმიტს 1832 წლის 25 დეკემბერს მიეცა. ცოტა ხნის მერე ხალხი დაინტერესდა, თუ როდის მოხდებოდა დაპირებული მოვლენა. ეს პრობლემა რაღაცნაირად უნდა გადაჭრილიყო და ამის ძალზე მარტივი გამოსავალი მოიძებნა: ჯოზეფმა ახსნა, რომ არსებობს გამოცხადება ღვთისაგან, ადამიანებისა და ეშმაკისაგან. წინასწარმეტყველი გამოუცხადებს ყველას ამ გამოცხადებებს. მიზანი ისაა, რომ მათგან მხოლოდ ის უნდა ავიღოთ, რაც ღვთისაგან მომდინარეობს.

მორმონებში აკრძალულია ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ჩაი და ყავა. ისინი არ სვამენ "კოკა-კოლასაც", რადგან ის კოფეინს შეიცავს. ამ აკრძალვას მათში "ბრძნულ ნათქვამს" ეძახიან. ალკოჰოლისა და თამბაქოს თავგამოდებული მოწინააღმდეგე იყო სიდნი რიგდონი - ეს პროდუქტები მკაცრად იყო აკრძალული სექტაში, რომელსაც ის მორმონებთან მისვლამდე ეკუთვნოდა. მან დაარწმუნა ჯოზეფ სმიტი, რომ ეს აკრძალვა შემოეღო, თუმცა ჩაისა და ყავაზე თავიდან საუბარი არც ყოფილა.

საგულისხმოა "გამოცხადების" წარმოშობა. ჯოზეფი და მისი მიმდევრები თავიდანვე აქტიურ მისიონერულ საქმიანობას ეწეოდნენ და ქადაგებდნენ, ამიტომაც მათი სახლი ყოველთვის სავსე იყო ადგილობრივი ფერმერებით, რომელთაც აინტერესებდათ, რაზე საუბრობდა მეზობლის ბიჭი. ფერმერები უხეში ხალხი იყო. გაუთლელი, ღეჭავდნენ თამბაქოს და იატაკზე აფურთხებდნენ, ეწეოდნენ, ლუდს სვამდნენ. პირველი მორმონების ცოლები ამით უკმაყოფილონი იყვნენ. ერთხელ ემა სმიტმა უთხრა ჯოზეფს: გამოცხადება იმაზე რატომ არ გეძლევათ, რომ ეს ყველაფერი აიკრძალოს? იქ მყოფ მამაკაცთაგან ერთ-ერთმა თქვა, - მაშინ სამართლიანობის მიხედვით უნდა იყოს გამოცხადებაც, რომელთაც თქვენ (ქალებს) ჩაისა და ყავის სმას აგიკრძალავთო. მალე მიეცა სმიტს გამოცხადება, რომელიც კრძალავდა ერთსაც და მეორესაც, მესამესაც და მეოთხესაც.

ახალი თემი იზრდებოდა. მუდმივად ეწინააღმდეგებოდა გარემომცველ საზოგადოებას თავისი არასტანდარტული ცხოვრების წესისა და უცნაური რწმენის გამო. შეხლა-შემოხლა იქამდე მიდიოდა, რომ მორმონები იძულებული იყვნენ, მუდმივად ემიგრაციაში ყოფილიყვნენ. ალგორითმი კი ყოველთვის ერთნაირი იყო. ჯოზეფი გამოაცხადებდა, რომ სადღაც აღთქმული მიწა აღმოჩნდა და იქ დასახლება უნდა აეშენებინათ, საიდანაც მათი მეუფება მთელ დედამიწაზე გავრცელდებოდა - "ასე თქვა თვით უფალმა". მორმონები ადგილს იცვლიდნენ, გადადიოდნენ მითითებულ ადგილას, მაგრამ მალევე კონფლიქტი ეწყებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. ეძლეოდათ ახალი "გამოცხადება"...

ერთ-ერთი მორიგი სკანდალის დროს ბრბომ ჯოზეფ სმიტს მთელი ტანსაცმელი შემოახია (პერანგის საყელოს გარდა), ფისით გათხუპნა, ბუმბულებში ამოგანგლა და ამგვარი სახით მთელ ქალაქში ათრია... უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გამოწვეული იყო გარყვნილების, "მცირე ცოდვის" გამო, რომლის თანაზიარიც სიცოცხლის ბოლომდე იყო ახალი ეკლესიის დამაარსებელი. სწორედ იმ წლებში დაიწყო მორმონებში მრავალცოლიანობა. სმიტის ლინჩის წესით დასჯა, ყველაფრით ჩანს, რომ სწორედ ამით იყო გამოწვეული. დაახლოებით იმავე დროს მორმონებმა შექმნეს სამხედრო ჯგუფები, ე.წ. "დანიტები", რომელთა ამოცანაც იყო გაენადგურებინათ წარმართები, გაეძარცვათ ისინი და წაერთმიათ მათთვის საკუთრება - "ამგვარად ავაშენებთ ღვთის სამეფოსო". ეს გახლდათ გამოცხადების სიტყვები, რომელიც მათმა ლიდერმა მიიღო. თუმცა სმიტის უშუალო მონაწილეობა დანიტების საქმიანობაში არ დამტკიცებულა, მაგრამ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ მორმონთა საკუთარი გვარდიის არსებობამ ასევე ხელი არ შეუწყო სექტის გარე სამყაროსთან ურთიერთობას.

სმიტის რეპუტაციას ზიანი მიაყენა სმიტის ავანტიურამ, როცა მან საკუთარი ბანკი შექმნა (1836 წ.). უამრავი ანაბარი შეაგროვა და უამრავი ობლიგაცია გამოუშვა, სმიტმა დატოვა ბანკში ხელმძღვანელი და ამის შემდეგ ბანკი დაიხურა. ამის მერე ერთხანს "წინასწარმეტყველი" ემალებოდა მოტყუებულ მეანაბრეებს, რომელთა შორის მისი მიმდევრებიც იყვნენ.

სწორედ იმ წელს, როცა სმიტი ბუმბულებში ამოგანგლეს, მან პირველად მოუთხრო გარშემომყოფთ თავის ყველაზე ადრინდელ გამოცხადებაზე. სურდა, განემტკიცებინა შერყეული ავტორიტეტი და შეეხსენებინა თავისი მიმდევრებისთვის, რომლებიც შეძრულნი იყვნენ წინასწარმეტყველის არასახარბიელო თავგადასავლით (და შესაძლოა მოისურვეს უფრო ტრადიციულ კონფესიებთან დაბრუნება), რომ, თვით მამა ღმერთის სიტყვებით, ყველა არსებული ქრისტიანული ეკლესია სიბილწე იყო მის თვალთა წინაშე. თუმცა მორმონების და "წარმართების" შეხლა-შემოხლა გრძელდებოდა. ბოლოს, რამდენიმე სექტანტი ციხეშიც ჩასვეს. მაშინ, ახალი გამოცხადებით, ისინი კირტლანდიდან ილინოისის შტატში გადავიდნენ, სადაც დააარსეს ქალაქი ნავუ 1838 წელს, 1844 წელს კი ჯოზეფი მოკლეს. სწორედ ნავუში განავითარა მან თავისი მოძღვრება და დაწერა ორი ძირითადი წიგნი მორმონთა სარწმუნოებრივი მოძღვრებისა ("მორმონის წიგნში" მორმონთა მოძღვრება არ შედიოდა) - "სწავლება და აღთქმები" და "უძვირფასესი მარგალიტი".
ბეჭდვა
1კ1