ნიცშე და ფროიდი
ნიცშე და ფროიდი
ნიცშეს ანტიმორალური ათეიზმი
მოკლე ბიოგრაფია
ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900) დაიბადა პროტესტანტი მღვდლის ოჯახში , მისი ბაბუები სასულიერო პირები იყვნენ. ხუთი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა. ნიცშეს აღზრდას ძალაუფლების მოყვარე ბებია, უბრალო და კეთილშობილი დედა და ფანატიკოსი დეიდები შეუდგნენ. ასე შეითვისა მან მკაცრი და შემეცნებით ხიბლს მოკლებული პროტესტანტიზმი. ნიცშე მალე ჩამოშორდა ოჯახურ-რელიგიურ ტრადიციებს. სკოლაში სწავლის უკანასკნელ წლებში რწმენა შეერყა. ოცი წლის ასაკში ქალაქ ბონში მან ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესწავლა დაიწყო. ნიცშეს რწმენის ფორმირებაზე გადამწყვეტი გავლენა დევიდ შტრაუსის წიგნმა "იესო ქრისტეს ცხოვრებამ" და ფოიერბახის თხზულებებმა მოახდინა. მან სწავლა განაგრძო ლაიფციგში, სადაც პესიმისტი, ათეისტი და კაცთმოძულე არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიას გაეცნო. სწორედ ამ ფილოსოფიის ზეგავლენით საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნიცშეს ათეისტური და ანტიქრისტიანული პოზიციები. სწავლის დასრულების შემდეგ საქმიანობა განაგრძო ბაზელის უნივერსიტეტში (შვეიცარია) კლასიკური ფილოლოგიის პედაგოგად, მაგრამ ოცდათხუთმეტი წლის ასაკში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თავი დაანება მუშაობას და პენსიაზე გავიდა. ოჯახისა და მოწაფეების გარეშე დარჩენილი, მწვავედ განიცდიდა თავის წარუმატებლობას, მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში და წერდა პოეტური სულით, დაძაბულობითა და ვნებებით აღსავსე ფილოსოფიურ თხზულებებს. 1889 წელს სულიერად საბოლოოდ დაუძლურდა. 1900 წლის 25 აგვისტოს, 56 წლის ასაკში, ფსიქიკურად დაავადებული ნიცშე გარდაიცვალა.

ნიცშეს სწავლება ღმერთისა და ქრისტიანობის შესახებ
ნიცშე ყველანაირ რელიგიურ მიმდინარეობას, განსაკუთრებით კი იესო ქრისტეს მოძღვრებას უარყოფს. მას სურდა, რომ ღმერთის რწმენა უარყოფილიყო და მისი ყოველგვარი კვალი ადამიანების აზროვნებაში გამქრალიყო. იგი ამბობდა, რომ რწმენა მხოლოდ მაშინ განადგურდება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე ამაღლდება და თავად გახდება ღმერთი.

ზეადამიანმა უნდა ჩაანაცვლოს ღმერთი, რომელიც აღარ არსებობს. უნდა შეიქმნას ადამიანის ახალი ტიპი: ძლიერი ადამიანი, რომელიც მზად არის დაუპირისპირდეს ბრბოს და გაანადგუროს ყველაფერი, რაც საშუალო ან სუსტია. ამიტომაც ქრისტიანობის წინააღმდეგ ნიცშე არ იშურებს ძალისხმევას და ებრძვის სუსტ, მორჩილ, საშუალო უნარების მქონე ადამიანებს. ასეთი ადამიანები მას დეგრადირებულ, არასრულყოფილ არსებებად მიაჩნდა.

ნიცშე თვლიდა, რომ მორწმუნეობის მიზეზი ორგვარია. პირველი დაფუძნებულია ადამიანის უძლურებაზე ბუნების ძალების წინაშე, მეორე კი, პირიქით – მის უპირატესობაზე, სიძლიერეზე. მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით ის ფიქრობდა: როდესაც ადამიანი უეცრად საკუთარ პიროვნებაში ძალას შეიგრძნობს, მას უჩნდება ეჭვი, არ აძლევს თავს უფლებას, ეს უპირატესობა საკუთარ პიროვნებას მიაწეროს და ამ ფაქტს ღმერთის დამსახურებად მიიჩნევს. ამრიგად, რელიგია შიშის გამოვლინება ან საკუთარი თავის წინაშე კრძალვის, აგრეთვე ბედნიერებისა და აღმაფრენის განსაკუთრებული შეგრძნებაა.

ქრისტიანთა ღმერთს ნიცშე მხოლოდ თავისი ცოდნიდან გამომდინარე განსჯის და ამბობს, რომ ის დაუნდობელი ჯალათი, ეთიკისა და მორალის ღმერთია. ქრისტიანულ მორალს იგი ახასიათებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. მისი აზრით, ღმერთი სიცოცხლის მტერია. იესო ქრისტეს შესახებ ფილოსოფოსი თანაგრძნობით საუბრობს, თუმცა ჯვარცმის დროს "არასწორი" ქცევის გამო გარკვეულწილად განსჯის მას: "იგი პატიობს და უყვარს ის ხალხი, ვინც მას ბოროტად ექცევა, უარს ამბობს თავდაცვაზე და არ ვარდება მრისხანებაში". ქრისტიანული მოძღვრების სრულიად უმეცარი ნიცშე თვლიდა, რომ ქრისტეს მოწაფეებმა და პირველმა ეკლესიამ ვერ გაიგეს, დაამახინჯეს და საზოგადოებამდე არასწორად მიიტანეს იესოს მოძღვრება.

შენიშვნები ნიცშეს ფილოსოფიის შესახებ
ნიცშე აკრიტიკებდა ქრისტიანულ მოძღვრებას, რომელიც არსობრივად არ ჰქონდა შესწავლილი. მან არ იცოდა ქრისტიანული სიყვარულის, თავგანწირვის, შენდობის, შემართების შესახებ. იგი არ იცნობდა ჭეშმარიტ ეკლესიას. მისი შენიშვნები რწმენის წარმოშობასთან დაკავშირებით და თეორია ზეადამიანის შესახებ ვერ ასაბუთებს ღმერთის არარსებობას. ხოლო ზეადამიანის თეორიის პრაქტიკაში გამოყენების მცდელობამ მიგვიყვანა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებამდე. ნიცშეს ფილოსოფია ნაცისტების შეხედულებების საფუძველი გახდა.

ფროიდის ფსიქოანალიტიკური ათეიზმი
მოკლე ბიოგრაფია
ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) დაიბადა ავსტრიაში, ებრაულ ოჯახში. მან კარგად შეისწავლა ძველი აღთქმის ისტორია და ებრაული ენა. ფროიდის რელიგიურ გრძნობებზე უარყოფითად იმოქმედა ოჯახის მოახლემ, რომელიც ფანატიკოსი კათოლიკე იყო. სკოლის პერიოდში ზიგმუნდი ანტისემიტიზმსაც შეხვდა, რამაც ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ის სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მედიცინას, ფსიქოლოგიას, ფსიქოთერაპიას და ნევროპათოლოგიას. ფროიდმა ქრისტიანობის ძირითადი პოსტულატები ეჭვქვეშ დააყენა. ათეიზმი ფროიდის პირადი არჩევანი იყო და არ ყოფილა დაკავშირებული ფსიქოანალიზთან, რომელსაც მოგვიანებით დაეუფლა. თავის ცხოვრებაში იგი მკაცრ მორალურ ნორმებს იცავდა. ფროიდს ჰყავდა მეუღლე და ექვსი შვილი. ნაცისტების ავსტრიაში გამოჩენის შემდეგ, 1938 წელს, იგი ოჯახთან ერთად გადავიდა ლონდონში, სადაც ერთი წლის შემდეგ დაასრულა სიცოცხლე.

ფროიდის შეხედულებები ღმერთის რაობის, რელიგიის წარმოქმნის, არსისა და როლის შესახებ
რელიგიის წარმოშობას, ღმერთის რაობას და თავის ათეისტურ პოზიციებს ფროიდი ფსიქოანალიზის საშუალებით ხსნიდა. ფროიდის აზრით, რელიგია არის ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება დაიცვას თავი ბუნების ძალებისაგან და ბედისწერისაგან. თავისი უსუსურობის მიუხედავად, ადამიანი ცდილობს დაამყაროს ბუნებასთან ურთიერთობა და ზემოქმედება მოახდინოს მის ძალებზე. ადამიანი გააცოცხლებს მათ და საკუთარ თვისებებს მიაწერს, მაგრამ ვინაიდან ამ ძალებს ვერ უტოლდება, ამიტომ მათ მამისეულ თვისებებთან აიგივებს. ასეთი ქმედებისას მასში კვლავ იღვიძებს ადრეული ბავშვობის განცდები, ის ემოციები, როდესაც დახმარების სათხოვნელად მშობლებს, განსაკუთრებით კი მამას მიმართავდა. ასე ქმნის სუსტი ადამიანი მამისეული თვისებებით აღჭურვილ ღმერთს, რომლისაც ერთი მხრივ ეშინია, მეორე მხრივ კი ეთაყვანება და მასთან თავს დაცულად გრძნობს. ძლიერი მამის ხატების შინაგანი მოთხოვნილება რელიგიის წარმოქმნის ძირითადი მიზეზია. ის სათავეს ბავშვობის დროინდელ განცდებში იღებს. ისტორიულად, რელიგია უძველესი საზოგადოების გაჩენას უკავშირდება. იმ დროს, როდესაც მამა იყო თემის ბელადი და განსაზღვრავდა თემის ცხოვრებას. ფროიდის სწავლების მიხედვით, ასეთი მამა გახდა ნიმუში და მომდევნო თაობებისთვის ღმერთის ხატად გადაიქცა.

ამრიგად, ფროიდის აზრით, რელიგია წარმოგვიდგება ფსიქიკურ სიყრმედ, სულიერ აშლილობად, ნევროზად, რომელსაც თითოეული ადამიანი ბავშვობიდან მოწიფულობის ასაკამდე გადის და ვინაიდან რელიგია ადამიანის ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ის უნდა იყოს დაძლეული. მისი თვალსაზრისით, მორწმუნე ადამიანს ცხოვრების მანძილზე დამოკიდებულების ჩვევა უყალიბდება, ანუ ის ვერ გამოდის ადრეული ბავშვობის ასაკიდან.

ადამიანი უნდა გახდეს მოწიფული:

* მეცნიერული მსოფლმხედველობით - რომელიც ემყარება გონებასა და ცოდნას, უარყოფს ემოციებს და იკავებს რელიგიის კუთვნილ ადგილს.

* აღზრდით - რომელსაც მივყავართ რეალობის გააზრებამდე. აუცილებელია ადამიანს შეეძლოს მყარად დადგეს მიწაზე და მთელი თავისი ძალისხმევა წარმართოს მიწიერი ყოფიერებისაკენ.

* მორალით - იმისათვის, რომ არ დაიკარგოს რელიგიის მიერ მოტანილი მორალური ნორმები, საჭიროა რაციონალური მსოფლმხედველობა, რომელიც დაფუძნებულია არა ღმერთზე, არამედ საზოგადოებრივ მოთხოვნებზე. ადამიანის გრძნობები და ვნებები უნდა იმართოს გონებით და არა რელიგიური აღზრდით.

შენიშვნები ფროიდის თეორიასთან დაკავშირებით
ფროიდი წერდა, რომ ფსიქოანალიზს არ მივყავართ ათეიზმამდე და მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც თეისტებს, ისე ათეისტებს. რწმენის წარმოქმის მისეული ფსიქოლოგიური განმარტებები არ უარყოფს რწმენის რელიგიურ არსს.

KARIBCHEფროიდის მოსაზრებებს რელიგიის ბავშვობასთან დაკავშირების შესახებ საკმაო საფუძველი გააჩნია, მაგრამ ასეთი "ბავშვობა" შეიძლება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში დავინახოთ: ხელოვნებაში (საკუთარ იდეალებთან მიმართებაში), მეცნიერებაში (მოსწავლეების დამოკიდებულება ავტორიტეტულ პედაგოგთან), პიროვნებათაშორის ურთიერთობაში (ლიდერი ნებისმიერ ფორმალურ თუ არაფორმალურ ორგანიზაციაში), სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში (მაგალითად, ტირანი როგორც "ხალხის მამა"). ასეთ "ბავშვობას" თავისი უარყოფითი მხარეებიც გააჩნია და ისინი რელიგიასთან მიმართებითაც ვლინდება, მაგალითად: ღმერთის გულუბრყვილო, ერთი მხრივ მკაცრ, უგულო, განმკითხველ და მეორე მხრივ უსაზღვროდ კეთილშობილ არსებად აღქმაში, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მორწმუნე არ არის დამოუკიდებელი და თავად ვერ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. სხვა მხრივ ბავშვობისათვის ისეთი მნიშვნელოვანი თვისებებია დამახასიათებელი, როგორიც არის: გულღიაობა, გულწრფელობა, შენდობისა და უანგარო სიყვარულის უნარი, სწრაფვა შემეცნებისაკენ. ეს თვისებები ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროსთვისაა მნიშვნელოვანი და ყოველივე ზემოთ აღნიშნული რელიგიასაც ეხება. ამასთან, ადამიანს მართლაც არ შეუძლია იყოს თვითკმარი. ფროიდის აზრით, ეს არათვითკმარობა ბავშვობაში მშობლებთან ურთიერთობაში ვლინდება, ხოლო ზრდასრულ ასაკში თავის ადგილს ღმერთთან ურთიერთობაში პოულობს.

დასკვნა
ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ათეიზმი, ისევე როგორც რწმენა, ვერ დაეფუძნება მეცნიერებას. ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ ათეიზმმა ბიძგი მისცა მორწმუნე ადამიანებს უფრო მეტი გულისყურით მოჰკიდებოდნენ საკუთარ სარწმუნოებას, გამოერჩიათ მასში ძირეული, მეორეხარისხოვანი და მნიშვნელოვანი.
ბეჭდვა
1კ1