"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
ალექსანდრე დვორკინი, "სექტოლოგია"
გაგრძელება
3. მორმონთა წიგნი. სმიტის თანახმად, მის მიერ გადათარგმნილი წიგნის უმეტესი ნაწილი დაუწერია ნეფიელს, სახელად მორმონს (ანტონ შანდორ ლაბეას "სატანურ ბიბლიაში" მოყვანილია ეშმაკის სახელთა სია, ერთი მათგანია მორმო (იგი ბერძნული სიტყვიდან მომიდნარეობს, რაც "ურჩხულს", "საშინელებას" ნიშნავს). თუ გავითვალისწინებთ, რომ სმიტმა და ლაბეამ ოკულტიზმით დაიწყეს და მასონურ ლოჟებში კურთხევის ცერემონიაში მონაწილეობდნენ, მაშინ ეს დამთხვევა უბრალო შემხვევითობად არ მოგეჩვენებათ. ნაწილი კი დაუწერია მის წინაპარს, იმიგრანტ ნებიას, რომელიც ქრისტეშობამდე 600 წელს პალესტინიდან ამერიკაში გადმოსულა, თავის მამა ლეგიასთან, მორმონთან, შვილ მორმონთან ერთად. მორმონი იყო ნეფიელთა სამხედრო ლიდერი თითქმის 60 წელი, IV საუკუნეში, ქრისტეს ერამდე, როცა მისი ხალხი თითქმის ამთავრებდა არსებობას. იგი ღვთის მიერ 15 წლისა არჩეულ იქნა და მეთაურობდა ხალხს 75 წელი, ვიდრე ბრძოლაში არ მოკლეს. მორმონმა დაასრულა მამის შრომა, 421 წელს ქრისტეშობამდე და სიკვდილს წინ ჩამარხა ეს ოქროს განძი. იგი საჭირო დროს გამოეცხადა სმიტს (უკვე მკვდრეთით აღმდგარი ანგელოზის სახით).

წიგნი, რომელიც სმიტის მიერ "დედამიწაზე ყველაზე შეუმცდარ წიგნად" არის გამოცხადებული, აღსავსეა შინაგანი წინააღმდეგობებით და სტილისტური შეცოდებით, რომლებიც შემდგომ გამოცემებში გასწორდა. მაგალითად, 1898 წელს პირველ გამოცემასთან შედარებით 2000 შესწორება იყო შესული, 1981 წლის გამოცემაში კი 4113. თუმცა ერთია, შეასწორო საღვთო ორთოგრაფია და სინტაქსი და სხვაა, შეცვალო საღვთო გამოცხადების აზრი. თუმცა, მიუხედავად ამ წმენდისა, "მორმონთა წიგნში" დარჩა ბევრი კურიოზული ადგილი, აი, ზოგიერთი მათგანი: "მორმონთა წიგნის" თანახმად, ახალგადასახლებულებმა ახალ სამყაროში მისვლიდან რამდენიმე წელში სოლომონის ტაძრის ანალოგის მშენებლობა დაიწყეს და 19 წელში დაასრულეს. საინტერესო ფაქტია, თუ გავიხსენებთ, რომ ბიბლიის მიხედვით 150000 კაცი 7 წელი აშენებდა იერუსალიმის ტაძარს. როგორ მოახერხა ასეთი რთული სამშენებლო პროექტის განხორციელება ლტოლვილთა ჯგუფმა, რომელთა შორის უეჭველად ცოტა იქნებოდა კვალიფიციური მშენებელი და დურგალი და უმეტესად ქალებისა და ბავშვებისგან შედგებოდა? ეს გამოცანად რჩება. როგორ მოახერხეს ამ უცნობ ქვეყანაში სამშენებლო მასალის - მარმარილოს, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს პოვნა, რომელიც აუცილებელი იყო სოლომონის ტაძრის ასლის ასაგებად?

ნეფიას მესამე წიგნში (9,18) ქრისტე ეუბნება ნეფიტებს: "მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული". ეს სტრიქონი ნასესხებია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან (21,6). ნეფიტებმა, რომელთაც იერუსალიმი ქრისტეშობამდე 600 წელს დატოვეს, სად შეძლეს გასცნობოდნენ ბერძნულ ენას იმდენად, რომ შეეცნოთ ალფა და ომეგა ანბანის პირველ და უკანასკნელ ასოებად? აღსანიშნავია, რომ 1893 წლის 15 მაისით დათარიღებულ წერილში ჯოზეფ სმიტი აღნიშნავდა: "ფურცლები, რომლებიც მე ღვთის წყალობით გადავთარგმნე, არ შეიცავს არც ერთ ბერძნულ და ლათინურ სიტყვას".

"მორმონთა წიგნი" მოგვითხრობს, რომ "ქრისტეს მოწაფეები" საკუთარ თავს "ქრისტიანებს" ქრისტეს შობამდე 73 წელს ეძახდნენ! "ეკლესიის წევრები ერთგულნი იყვნენ მისი, ქრისტეს ყველა ჭეშმარიტმა მორწმუნემ აიღო ქრისტეს სახელი, ანუ ქრისტიანი, როგორც მათ ეძახდნენ, რადგან სწამდათ მომავალი ქრისტესი" (ალმა 46:15). ამასთან, ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიტყვა "ქრისტიანი" პირველად იხმარეს ანტიოქიაში (მოციქ. საქმე, 11,2).

შემდეგ კი ნეფიას წიგნში (11:21) ნათქვამია, თუ როგორ გამოეცხადა ქრისტე ნეფიას და მისცა საკუთარი თავისა და შთამომავლების მონათვლის ხელმწიფება. ამასთან, ავტორი ივიწყებს, რომ ამგვარი ხელმწიფება "უფლის სულიწმიდის" მიერ უკვე მიეცა ნეფიას პაპის პაპას - ალმას (მოსია 18:12-18) და, შესაბამისად, ნეფია და ასევე მთელი მისი ხალხი უკვე კანონიერად იყვნენ მონათლულნი. აღვნიშნავთ, რომ ალმასა და მის მიმდევართა "ნათლობა" უფრო ადრე მოხდა, 147 წელს ქრისტეს შობამდე, მონათლულებს ეძახდნენ "ღვთის ეკლესიას" ანდა "ქრისტეს ეკლესიას" (მოსია 18:6).

ხომალდი, რომელმაც ახალ სამყაროში ჩაიყვანა ლეგია ოჯახთან ერთად (1 ნეფია, 16,10 და შემდეგ), გზას კომპასით იკვლევდა, რომელიც მხოლოდ მრავალი საუკუნის შემდეგ გამოიგონეს.

"ლავანის მახვილზე" (1 ნეფია, 4:9) ნათქვამია, რომ ის "უძვირფასესი ფოლადისგან იყო გამოჭედილი და ეს 592 წელს იყო ქისტეს შობამდე"!

აი, კიდევ ასეთი ტექსტი: "და იყო: როცა თავის მახვილზე დაყრდნობილმა კორიანტურმა მცირეხანს დაისვენა, მან შიზას თავი მოჰკვეთა. და იყო: როცა შიზას თავი მოჰკვეთა, ის თავის ხელებზე წამოიწია, სული შეეხუთა (დაიხრჩო) და მოკვდა" (ეთერ. 15:30-31). როგორ შეძლო სულის შეხუთვა (დახრჩობა) თავმოკვეთილმა კაცმა, ეს ჯოზეფ სმიტის საიდუმლოდ დარჩა.

სმიტი ხვდებოდა, რომ მის წიგნში ბევრი წინააღმდეგობა იყო და მათ გამართლებას ცდილობდა შემდგომ გამოცემებში. ასე გაჩნდა "მორმონთა წიგნის" მეორე გამოცემაში ადგილი, სადაც იბოდიშებს, რომ წერს "რეფორმირებული ეგვიპტური" ენით და არა ებრაულად, რადგან პირველი გაცილებით ეკონომიურია მეორეზე. აქედან მომდინარეობს უზუსტობები წიგნშიო, - გვიხსნის მორმონი (მორმონი 9:32-34). ორ სხვა დამატებულ ადგილას ამტკიცებს, რომ წიგნში არის ნაკლულოვანება, რომელიც მასში ადამიანებმა შეიტანეს (მორმონი 8:17, 9:31; ეთერი 12:22-28).

სმიტის მიერ აღწერილმა ცივილიზაციამ იარსება დაახლოებით 600-დან 400 წლებამდე ქრისტეს შობამდე. ადამიანები "შესამჩნევად გამრავლდნენ, გაიფანტნენ დედამიწაზე" (იერომ. 8), "გადადიოდნენ სამხრეთი მიწებიდან ჩრდილოეთით და დაკარგეს მთელი დედამიწა - სამხრეთი ზღვიდან ჩრდილოეთამდე და დასავლეთი ზღვიდან აღმოსავლეთამდე" (გელამანი 3:8). წიგნში იხსენიება არანაკლებ 37 ქალაქი და იუწყება, რომ ლამანიელებსა და ნეფიელებს შორის ბრძოლისას კუმორის მთის სიახლოვეს 230000-ზე მეტი ნეფიელი დაიღუპა (მორმონ. 10-15).

ამერიკის კონტინენტმა ნამდვილი დემოგრაფიული აფეთქება განიცადა: "მთელი დედამიწა დაიფარა ნაგებობებით და თითქმის ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იყო ხალხი" (მორმონი 1:7). ადამიანები არა მარტო ბინებს იშენებდნენ, ასევე აგებდნენ ხომალდებს, ტაძრებს, სინაგონებს და "წმინდა თავშესაფრებს" (გელმანი 3:14). ისინი ჭრიდნენ ვერცხლისა და ოქროს მონეტებს (ალმა 11:14), რკინისა და სპილენძის ნადნობით აკეთებდნენ იარაღს (მახვილი, იატაგანი, სამკერდული (მკერდის ჯავშანი), ხელის ჯავშანი, ჩაჩქანი, მშვილდი, ისარი) და ა.შ. (ალმა 43:18-20). ჯოზეფ სმიტის თანახმად, ინდიელებს - ლამანელებს, რომლებიც კოლუმბამდე ცხოვრობდნენ და მათაც, ვინც დახვდა თეთრ ადამიანებს ახალ სამყაროში, ხორბალი და ქერი მოჰყავდათ და არა სიმინდი და კარტოფილი, რომელიც იქ პირველმა ევროპელებმა ნახეს.

დასასრულ, ღირს იმის თქმა, რომ "მორმონთა წიგნში" დაწერილი არ მტკიცდება რაიმე არქეოლოგიური მონაცემებით. მიუხედავად იმისა, რომ სმიტი იშველიებდა გამოცხადებას და ირწმუნებოდა, რომ მის მიერ აღწერილი ებრაელი ლტოლვილები ხომალდით მივიდნენ ჩილეს ნაპირებთან და რომ ძველი ნანგრევები ინდიანასა და ილინოისში არის ნეფიტური დასახლებები. "მორმონთა წიგნში" აღწერილ არც ერთ ადგილს არ იცნობს გეოგრაფიული მეცნიერება, რაც შეუძლებელს ხდის რაიმე მიზანმიმართული გათხრების წარმოებას.

მორმონების მიერ ზედმიწევნით მითითებული ერთადერთი ადგილი გახლავთ თვითონ კუმორის ბორცვი, სადაც ჯოზეფ სმიტმა მიწიდან თავისი საგანძური ამოიღო. "მორმონთა წიგნის" თანახმად, აქვე მოხდა უკანასკნელი ბრძოლა, სადაც ნეფიელთა მთელი არმია - 230000 კაცი ჩაწვა. მათი დამმარხველი არავინ იყო, შესაბამისად, მათი ნეშტი აქვე უნდა იყოს. საფიქრებელია ისიც, რომ ლამანელები ამ ბრძოლაში არანაკლები რაოდენობით უნდა დახოცილიყვნენ. აქვე ასობით წლით ადრე მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა ორად გაყოფილ იერედიელებს შორის - მოკლეს მილიონი ადამიანი(!), რითაც დასრულდა ისტორია ამ სამყაროსთვის უცნობი ხალხისა (ეთერი 15). ბორცვის გარშემო მიწაში უნდა იყოს ადამიანების ძვლები და რკინა. მორმონ არქეოლოგებს ამ ადგილის სიახლოვეს რამე რომ აღმოეჩინათ, შესაძლოა, სამუდამოდ გაფანტულიყო ეჭვი "მორმონთა წიგნის" სინამდვილესა და ისტორიულობაზე. გათხრები კი ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობდა, მაგრამ არსად ჩანდა კვალი ორი სისხლისმღვრელი ომისა, რომლის დროსაც პირველ შემთხვევაში ბრძოლის ველზე რამდენიმე მილიონი უნდა დაცემულიყო, მეორე ბრძოლაში კი - ნახევარი მილიონი, მთელი თავიანთი შეიარაღებით... ბოლოს და ბოლოს, მორმონებს იმის თქმა მოუხდათ, რომ არ იცოდნენ, სწორედ ეს ბოცვი იყო თუ სხვა. ბუნებრივია, ისმის კითხვა: არსებობდა კი მსგავსი მთა ოქროს ფირფიტებით, რამდენიმე მილიონი ნეშტით?

მორმონი მისიონერები ირწმუნებიან, რომ არქეოლოგიის სფეროში ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული სმიტსონის სახელმწიფო ინსტიტუტი "მორმონთა წიგნს" იყენებს, როგორც არქეოლოგიური კვლევის წყაროს. პასუხად სმიტსონის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ოფიციალური უარყოფა, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და მეცნიერი არქეოლოგები ვერ ხედავენ რაიმე კავშირს ახალი სამყაროს არქეოლოგიასა და ხსენებულ წიგნს შორის.

არქეოლოგებმა ვერ იპოვეს სმიტის მიერ აღწერილი ვერც ერთი საგანი, ვერც გაფურჩქნული ინდუსტრიის ნარჩენები, ვერც ქალაქების ნანგრევები, სმიტის ნახსენები ცხოველების ძვლები და კულტივირებული მცენარეების ნაშთი. ამერიკის კონტინენტზე ებრაელთაგან ინდიელთა წარმოშობის დამადასტურებელი ვერაფერი აღმოაჩინეს, ვერც წარწერები ივრითით, ვერც "რეფორმირებულ" ან რომელიმე სხვა ეგვიპტურ ენაზე. დაბოლოს, ანთროპოლოგები დაბეჯითებით ამბობენ, რომ ინდიელები წარმოიშვნენ მონღოლური რასისგან, ენათესავებიან ესკიმოსებს, ალეუტებს და ჩრდილოციმბირელ ხალხებს და არანაირი კავშირი არ აქვთ სემიტებთან. ამერიკის ციმბირელებით დასახლების თეორია კი შეიძლება დადასტურებულად ჩაითვალოს.

ამ თემის დასასრულს გვსურს მოვიყვანოთ ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგის, პროფესორ რეი მეტენის აზრი: "ნებისმიერი სპეციალისტისთვის ცხადია, რომ "მორმონთა წიგნი" ვერ პოულობს ვერანაირ ადგილს ახალი სამყაროს კონტექსტში... ის საერთოდ არსად ეწერება... არც ანთროპოლოგიაში, არც ისტორიაში... გაუგებრობად გამოიყურება... თუ ვერწმუნებით "მორმონთა წიგნს", კოლუმბამდელ ამერიკაში განვითარებული იყო მეტალურგიული მრეწველობა, ადნობდნენ რკინას, ფოლადს, ჰქონდათ ეტლები, მოჰყავდათ ძველი სამყაროს სოფლის მეურნეობის პროდუქცია - ხორბალი და ქერი, აშენებდნენ ცხოველებს, ცხენებსა და ძროხებს... არქეოლოგები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ეს ელემენტები არ იყო ახალ სამყაროში. მათი ყოველგვარი მოხსენიება ანაქრონიზმია".

შედარებისთვის დავუმატებთ, რომ არარსებული მორმონული არქეოლოგიისგან განსხვავებით, ბიბლიური არქეოლოგია ახალ და ახალ არქეტიპებს პოულობს, რომლებიც ამტკიცებენ ბიბლიური მოვლენების ისტორიულობას, რეალიებს და მოქმედ პირებს.
ბეჭდვა
1კ1