იესო ქრისტეს ბოლო დროის წმინდანთა ეკლესია
იესო ქრისტეს ბოლო დროის წმინდანთა ეკლესია
ალექსანდრე დვორკინი, "სექტოლოგია"
გაგრძელება
1823 წელს, როცა ჯოზეფი 18 წლის გახდა, ჰქონდა მეორე ხილვა. საძინებელში, ძილის წინ ლოცვისას ღმერთს "მცირე" ცოდვათაგან - ავხორცობისა და მხიარულ კომპანიაში დროის გატარებისგან განთავისუფლებას ევედრებოდა. საინტერესოა, რომ ამ "მცირე" ცოდვათაგან სიცოცხლის ბოლომდე ვერ განთავისუფლდა.

საპასუხოდ კვლავ გამოუჩნდა სინათლის ღრუბლის მსგავსი, რომლის შუაში ჰაერში ეკიდა და მიწას ფეხით არ ეხებოდა ვიღაც. მან ჯოზეფს სახელით მიმართა, ხოლო თავის თავს "ანგელოზი მორმონი" უწოდა. უცნაური სახელის მქონე ანგელოზმა (მორმონი ინგლისურად "დებილს" ნიშნავს) მას ბევრი რამ საინტერესო მოუთხრო. ეს გამოცხადება შეიძლება ჩავთვალოთ მორმონების ნამდვილ დაბადებად.

"ანგელოზმა მორმონმა", რომელიც ღამის განმავლობაში ხან გაქრებოდა და ხან გამოჩნდებოდა, საწოლში მწოლ ჯოზეფს რომელიღაც წიგნის შესახებ მოუთხრო, რომელიც ოქროს ფირფიტებზე იყო დაწერილი და დაფლული საიდუმლო ადგილას. ეს წიგნი მას უნდა ეპოვა და ეთარგმნა, მაგრამ მას ამის ნება მხოლოდ მაშინ მიეცემოდა, როცა შესაფერის ქალბატონს იპოვიდა და ცოლად შეირთავდა. უცნაური დამთხვევით, ასეთი ქალბატონი აღმოჩნდა ემა ჰეილი. მამამისი ჯოზეფს არასაიმედო და ავანტიურისტ ყმაწვილად თვლიდა და ქალიშვილის მიცემაზე უარი უთხრა. მაგრამ "ანგელოზმა" ჯოზეფს მკაცრად უთხრა, რომ ბრძანება უნდა შეესრულებინა. მან ემა მამის უნებართვოდ შეირთო ცოლად. ცოლ-ქმარი პენსილვანიაში დაბრუნდა.

ამის მერე კვლავ გამოეცხადა მორმონი და ნება მისცა ოქროს ფირფიტები აეღო კუმორის მთიდან (ნიუ-იორკის შტატში). ოქროს ფირფიტები ამოთხარა და შინ მოიტანა. ორი წელი მოუნდა თარგმნას. შემდგომში ეს ნაწერები ცნობილი გახდა, როგორც "მორმონის წიგნი" (აქედან მოდის სექტის სახელიც). წიგნი საკმაოდ სქელტანიანია - 616-გვერდიანი და წვრილი შრიფტითაა აკრეფილი. თუმცა "მორმონის წიგნი", სმიტის თქმით, მხოლოდ ტექსტის ნაწილის თარგმანია.

ჯოზეფი ღარიბი ოჯახის შვილი იყო, განათლება არ ჰქონდა, გაჭირვებით კითხულობდა და წერდა მხოლოდ პრიმიტიულ ფრაზებს. ცხადია, არ იცოდა ძველეგვიპტური ენა, საიდანაც უნდა ეთარგმნა ვითომდა ფირფიტაზე დაწერილი ტექსტი, მაგრამ "ზემოდან" განეცხადა, რა უნდა ექნა. საჭირო გახდა მწერალი (ტექტის ჩამწერი), რომლის ფუნქციაც თავიდან ევა სმიტმა იკისრა. ფირფიტები არავის უნახავს, ითქვა, რომ ისინი საწოლის ქვეშ სკივრში ინახებოდა. ჯოზეფს ორი მაგიური ქვა ჰქონდა, "ურიმი" და "ტუმიმი", რომლებიც თითქოს ფირფიტებთან ერთად იპოვა (როგორც ვხედავთ, განძისა და მაგიური ქვების თემები გაგრძელდა). ისინი თითქოსდა მიმაგრებული იყო ფირფიტების დამცავ ჯავშანზე. ქვებზე შემოკრული იყო ფოლადის ჩარჩო და სათვალის მსგავსი ფორმა ჰქონდა. ჯოზეფი ამ "სათვალეს" ცხვირზე წამოიცვამდა, ჩაჰყოფდა თავს შლაპაში და კარნახობდა, ემა კი ყველაფერს იწერდა.

მუშაობის დაწყებიდან მალევე ჯოზეფ სმიტმა გაიცნო მეზობლად მცხოვრები მდიდარი ფერმერი მარტინ ჰარისი, რომელმაც დაიჯერა სმიტის მონათხრობი და ევას ნაცვლად ჩაწერა განაგრძო. 1828 წლის 14 ივნისს ჰარისმა, ჯოზეფის კარნახით, 116 გვერდი დაწერა. თავიდან ამას ჯოზეფი ცოტა უყურადღებოდ ეპყრობოდა, მას მერე, რაც საკმაოდ ბევრი რამ უკარნახა, ნება მისცა ჰარისს, ხელნაწერი შინ წაეღო და ცოლისთვის ეჩვენებინა. ჰარისმა ხელნაწერი დაკარგა. ჯოზეფს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა. თუმცა ამის წინ მორმონი კვლავ წინდახედულად გამოეცხადა და უთხრა, - ხელახლა თარგმნა არ არის საჭირო, დანარჩენის თარგმნა განაგრძეო. თუ გამოჩნდებოდა ძველი ხელნაწერი, მაშინ გაირკვეოდა, რომ თარგმანები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

ჯოზეფმა შლაპაში ჩაიხედა, სადაც ახლა კიდევ ერთი მომცრო მაგიური ქვა იდო და საქმეს შეუდგა. ამ დროს გაიცნო მართლაც წიგნიერი ოლივერ ქაუდერი, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ მორმონთა ეკლესიის მეორე დამფუძნებლად. ის გახდა ჯოზეფ სმიტის მდივანი და მწერალი. უდიდესია მისი ღვაწლი "მორმონთა წიგნის" შექმნაში. საინტერესოა ისიც, რომ სმიტთან შეხვედრამდე ქაუდერს ოკულტური გამოცდილება ჰქონდა და თავს ნათელმხილველ-წინასწარმეტყველს ეძახდა. იგი არასოდეს იშორებდა ერთგვარ კვერთხს, რომელსაც, მისი აზრით, სულიერი ძალა ჰქონდა. ქაუდერი მას "ბუნების კვერთხს" ეძახდა.

მორმონთა უმეტესობას დღესაც სწამს "მორმონთა წიგნის" ღვთაებრივი წარმოშობისა. ჯოზეფი ერთი უბრალო, უსწავლელი კაცი იყო, - ამბობენ ისინი, - ხოლო მთარგმნელი თვით ღმერთი გახლდათ. ის ტექსტს ურიმისა და ტუმიმის დახმარებით თარგმნიდა, რომლებსაც ჯოზეფი ინსტრუმენტის სახით იყენებდა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, თვითონ თარგმნის პროცესი უდიდეს მნიშვნელობას იძენს. ამიტომ მოვიყვან თვითმხილველთა ორ მოწმობას მასზე, თუ როგორ ითარგმნებოდა ფირფიტები.

მორმონთა ეკლესიის მეექვსე პრეზიდენტი, მორმონების "ეკლესიის" დამფუძნებელთა თანამედროვეებზე დაყრდნობით, ჰყვება: "ოქროს ფირფიტებზე დაწერილი ტექსტი ჯოზეფმა ინგლისურ ენაზე, მისთვის ჩვეულ ენობრივ სტილზე კი არ გადათარგმნა, ისე როგორც ამას ბევრი ადამიანი ფიქრობს, არამედ თითოეული სიტყვა, თითოეული ასო, ღვთის ხელმწიფებით, როგორც საჩუქარი, მიეცა. უფალმა ისე მოიმოქმედა, რომ წიგნში დაწერილი თითოეული სიტყვა, თავდაპირველად მის თვალთა წინაშე, ქვებზე გამოჩნდებოდა (ურიმსა და ტუმიმზე) მცირე ფრაზაში ან სიტყვაში, როცა ჯოზეფი ამ სიტყვას ან ფრაზას წარმოთქვამდა და მწერალი სწორად იწერდა, ეს ფრაზა ქრებოდა და ახალი გამოჩნდებოდა. ერთი სიტყვა ან სულაც ერთი ასოც კი არასწორად რომ ყოფილიყო დაწერილი, სიტყვა ქვებზე არ ქრებოდა, მაშინ ჯოზეფი ითხოვდა, რომ მწერალს ბოლო ნათქვამი ფრაზა დამარცვლით წარმოეთქვა და შეცდომაც გამოჩნდებოდა. შესწორების შეტანის მერე ფრაზა ქვიდან ქრებოდა".

ჯოზეფ სმიტის ერთ-ერთი ძველი თანამშრომელი, დევიდ უიტმერი "თარგმნის" პროცესს ასე აღწერს თავის "ქრისტეს მორწმუნეებისადმი მიმართვაში": "ჯოზეფ სმიტი წინასწარმეტყველურ ქვას ჩადებდა შლაპაში, შემდეგ ჩადებდა თავს შლაპაში ისე, რომ სინათლის შეღწევა შეუძლებელი იყო და სიბნელეში სულიერი ნათელი გაბრწყინდებოდა. მის თვალთა წინაშე გამოჩნდებოდა რაღაც პერგამენტის მსგავსი, რომელზეც ნაწერი ჩნდებოდა. ზემოთ იყო ერთი იეროგლიფი, ქვემოთ კი მისი ინგლისური თარგმანი. ჯოზეფი ხმამაღლა უკითხავდა ინგლისურ ფრაზას ოლივერ ქაუდერს, რომელიც მისი მთავარი მწერალი იყო. როცა ფრაზა ჩაიწერებოდა და წაუკითხავდნენ მას ჯოზეფს შესამოწმებლად, თუ რამდენად სწორად იყო ჩაწერილი, ფრაზა ქრებოდა და გამოჩნდებოდა მომდევნო. ამგვარად მორმონთა წიგნი ღვთის ხელმწიფებით იყო გადათარგმნილი, როგორც საჩუქარი და არა ადამიანური ძალისხმევით".

საინტერესოა ისიც, რომ მუშაობის პროცესში სმიტს გამოცხადება ჰქონდა, რომ ოლივერსაც შეეძლო აეღო მაგიური ქვები, ჩაეხედა შლაპაში და გადაეთარგმნა. მაგრამ მიუხედავად ბევრი წვალებისა, მან ვერ შეძლო "ზემოდან" ნაკარნახევი სიტყვის გაგება და შლაპაში "პერგამენტის მსგავსის" დანახვა. თანაშემწის უშედეგო მცდელობის მერე სმიტს მეორე გამოცხადება ჰქონდა, რომ მართლაც მხოლოდ მას შეეძლო ამის გაკეთება - საგულისხმოა, რომ ჯოზეფ სმიტს ძალზე ხშირად და დროულად ეწვეოდა სხვადასხვანაირი "საღვთო ხილვა".

საინტერესოა ერთი დეტალიც სმიტის იმდროინდელი ცხოვრებიდან: 1826-1828 წლებს შორის, როცა ის ახალ თარგმანს აკეთებდა, ბევრად გვიან იმ გამოცხადების მერე, რომლის მიხედვით ყველა ქრისტიანული ეკლესია სისაძაგლე იყო ღვთის თვალთა წინაშე, სმიტი მეთოდისტურ ეკლესიაში შევიდა და მისი წევრი გახდა, საიდანაც ის გამოაგდეს ოკულტიზმის მიმდევრობის გამო. ჯოზეფ სმიტისა და მისი ცოლის, ემას გარიცხვის ფაქტი აღწერილია დოკუმენტის სახით და დევს ამ ეკლესიის არქივში. რატომ ეურჩა ჯოზეფი მისთვის "მამა ღმერთის" მიერ ნათლად და არაორაზროვნად ნათქვამს მისი პირველი "გამოცხადებისას"? საერთოდ, იყო კი ეს გამოცხადება?

1829 წელს სმიტი და ქაუდერი ტყისკენ გაემართნენ - მორმონთა ბევრი ადრინდელი გამოცხადება ტყეში ხდებოდა. ამჯერად მათ ახალი ხილვისას "ნათლისმცემელი იოანე" გამოეცხადათ ანგელოზის სახით, რომელმაც მათ აარონის მღვდლად ხელნი დაასხა და უბრძანა, ერთმანეთი რიგრიგობით მოენათლათ.

შემდგომში ქაუდერსა და სმიტს შორის დავა ატყდა. ქაუდერი ამბობდა, თუ ჯოზეფი მენდობა, რატომ არ მაჩვენებს ფირფიტებსო. მაშინ ჯოზეფმა ქაუდერი, ორ ძველ თანამშრომელთან ერთად (ჩვენთვის უკვე ცნობილ მარტინ ჰარისთან და დევიდ უიტმერთან ერთად), ტყეში წაიყვანა, სადაც ახალი "ხილვა" მოხდა. ანგელოზმა მათ ფირფიტები უჩვენა. ტყეში მყოფებმა ფირფიტები დაინახეს (ე.წ. "სამთა მოწმობა"). ეს შედის "მორმონთა წიგნის" დასაწყისში. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჯოზეფ სმიტმა მათ ფირფიტები არ აჩვენა და ის მხოლოდ ტყეში გამოცხადებისას ეჩვენათ, უეჭველია, რომ ის ფაქტი, თითქოს ფირფიტები სმიტს ჰქონდა, ამ მოწმობებით არ მტკიცდება. მეტიც, სამივე მოწმემ, რომელთაც ხელი მოაწერეს განცხადებას ფირფიტების ხილვის ჭეშმარიტებაზე, დატოვა მორმონების ეკლესია და სმიტის წინააღმდეგ გამოვიდა.

ამის გარდა, "მორმონთა წიგნის" დასაწყისში შედის "რვათა მოწმობა", რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფირფიტები ჯოზეფმა მათ პირადად აჩვენა. თუმცა ამ რვიდან სამი - სმიტის მამა და ძმები იყვნენ (ისინი დაინტერესებულნი იყვნენ ფირფიტების რეალურად არსებობაში), ოთხნი კი უიტმერების ოჯახის წევრები და მათაც, ისევე როგორც მერვე მოწმემ, ჰაირამ პეიჯმა, ბოლოს და ბოლოს, დატოვეს მორმონების ეკლესია. თუმცა მათი მოწმობა დღემდე გამოიყენება ახალ წევრთა მოსაზიდად.

როგორ მოახერხა სმიტმა მათი დარწმუნება, რომ რაღაცას ხედავდნენ, სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩა. თუმცა მათ მოგონებებს თუ გავეცნობით, რაღაც ირკვევა. სამიდან ერთ-ერთი მოწამე დევიდ უიტმერი შემდგომში წერდა, რომ ანგელოზის ხილვა ფირფიტებთან ერთად იყო რაღაც "შთაბეჭდილების" მსგავსი. მარტინ ჰარისი, ერთი სამთაგანი, გვაუწყებს, რომ ფირფიტები "სულიერი თვალებით" იხილა და ისინი არასოდეს უნახავს ხორციელი თვალით, მხოლოდ და მხოლოდ ხილვასა და წარმოსახვაში დაინახა... ასე მაგალითად, მან დაინახა მთისიქითა ქალაქი.
ბეჭდვა
1კ1