ასე ხვდებიან ადამიანები საინტოლოგთა სექტაში
ასე ხვდებიან ადამიანები საინტოლოგთა სექტაში
ალექსანდრე დვორკინი, "სექტოლოგია"
სიცრუე გადაბირებისას. ჩვეულებისამებრ პირველი კითხვა, რომელსაც მისვამენ, ასეთია: როგორ ვიცნოთ ტოტალიტარული სექტა? როგორ განვსაზღვროთ, რომელი სექტაა ტოტალიტარული და რომელი არა? ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამის შესახებ, მაგრამ ერთ-ერთი პირველი საყურადღებო ნიშანია - სიცრუე გადაბირებისას. უცნობები, რომლებიც ქუჩაში მოდიან თქვენთან, რათა თავისთან მიგიპატიჟონ, ფულის შეწირვა ანდა რაღაცის ყიდვა გთხოვონ, ხშირად შეიძლება აღმოჩნდნენ სექტის წარმომადგენლები, რომლებიც არასოდეს გეტყვიან, რისთვის სჭირდებათ ეს ფული, ანდა რომელი ორგანიზაცია გეპატიჟებათ. თითქმის ყველაფერი, რასაც ისინი გეტყვიან, აშკარა სიცრუეა.

ვთქვათ, ახალგაზრდები გთავაზობენ ბრწყინვალე გადასაყვან სურათებს, რომელზეც ან ცხენები დარბიან ზღვის პირას, ან ქრისტეა გამოსახული დიდი გულით, ქალწული მარიამი ვარდნარით, ან ისლამური ორნამენტი - არის სხვა ვარიანტებიც, გემოვნების მიხედვით. მათ საკმაოდ ძვირად ყიდიან, და როცა ჰკითხავ, რატომო, გპასუხობენ: ჩვენ ამ სურათებს გჩუქნით შემოწირულობის სანაცვლოდ, რომელსაც ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გაიღებთ. თუ ჰკითხავთ, საიდან ხართო, გიპასუხებენ: - ქრისტიანული ორგანიზაციიდანო. სინამდვილეში ისინი მუნიტები არიან - გაერთიანების ეკლესიის წარმომადგენლები. მისი ახალგაზრდული ფრთა, რომელთაც ინგლისური აბრევიატურით "CARP" ჰქვია ("პრინციპის შესწავლის საუნივერსიტეტო გაერთიანება" - პშსგ). ცოტათი განათლებულმა კაცმაც იცის, რომ მუნიტებს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვთ. ამგვარად, სექტანტობა მაშინვე სიცრუით იწყება. ანდა საფოსტო ყუთში შემოგვიცურებენ ფურცელს: "გსურთ შეიტყოთ საკუთარი თავის შესახებ, გსურთ გაიცნოთ საკუთარი თავი? თქვენ შეგიძლიათ უფასოდ გაიაროთ "ოქსფორდის ტესტი". ამას აკეთებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში სექტა - საინტოლოგთა სექტა. აქაც სრული სიცრუეა: ოქსფორდის ტესტს საერთო არაფერი აქვს არც ქალაქ ოქსფორდთან, არც ოქსფორდის უნივერსიტეტთან და არც ფსიქოლოგიასთან: იგი შეადგინა სავაჭრო ფლოტის მეზღვაურმა, რომელსაც ფსიქოლოგიური განათლება არ ჰქონდა. ამ ტესტში 200 ვრცელი და ძალზე ინტიმური კითხვაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტესტის შემვსები საკუთარი ცხოვრების შესახებ ცნობებს აწვდის სრულიად უცნობ ადამიანებს. ანკეტა ანონიმური არ არის - უნდა ჩაწეროთ საკუთარი მისამართი, ტელეფონი, სახელი, ასაკი. ამგვარად კაცი მთლიანად საკუთარ თავს მიანდობს სრულიად უცნობს, ვინ იცის, ვის. ასეთი ტესტის შედეგი ამგვარია: თქვენ გეტყვიან, რომ სერიოზული პრობლემები გაქვთ ურთიერთობის სფეროში (ვის არა აქვს?). საქმის გამოსასწორებლად აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად ჩაეწეროთ და გაიაროთ პატარა (ფასიანი) კურსი, რომელიც დაფუძნებულია მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო მეთოდზე, რომელსაც რელიგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ასე ხვდებიან ადამიანები საინტოლოგთა სექტაში.

ტოტალიტარული სექტის პრინციპია:
ადამიანი მანამდე შეითრიოს თავისთან, ვიდრე ის მასზე რაიმეს შეიტყობს. ჩვენს ეკლესიაში კი პირდაპირ საპირისპირო სიტუაციაა. როცა ადამიანი ქუჩიდან შემოდის ტაძარში და ამბობს, რომ მართლმადიდებლად გახდომა უნდა, წესისამებრ, მას პირველ რიგში უნდა ჰკითხონ, - რა იცის მართლმადიდებლობის შესახებ. თუ აღმოჩნდება, რომ მას სხვა რაღაც სწამს, მანამდე არ მონათლავენ, ვიდრე შეგნებულად და თავისუფლად არ მიიღებს მართლმადიდებელი რწმენის დოგმებს. ბევრ ტაძარში დაუბრუნდნენ ძველ კანონიკურ წესს და სპეციალურ მეცადინეობებს ატარებენ კათაკმეველთათვის, ამზადებენ მათ ნათლობის საიდუმლოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეგნებული შესვლისთვის. როცა გადამბირებლები სექტაში შეათრევენ კაცს, მათი ამოცანაა, ამ კაცის "უკან კარები გააჯახუნონ" მანამდე, ვიდრე იგი რაიმეს შეიტყობს ორგანიზაციაზე. ამიტომაც ადამიანს, რომელიც ავსებს "ოქსფორდის ტესტს", ვეტყვით, რომ მრავალი წლით (თუ ათწლეულებით არა) ხვდება დესტრუქციულ სექტაში და საკმაოდ დიდი ფული უნდა გადაიხადოს უამრავ კურსში (სრული კურსის ღირებულება საინტოლოგიური "ხიდისა", როგორც ისინი უწოდებენ, 350000 დოლარია, ასე რომ, საინტოლოგიაში მოხვედრილთა უმეტესობა მასში მრავალი წლის მანძილზეც ვერ იგებს, საკუთრივ რაში მდგომარეობს სექტის ჭეშმარიტი მოძღვრება), იგი კაბალურ ხელშეკრულებაზე აწერს ხელს და დღედაღამ ამ სექტაში უნდა იყოს და მისი პირობები შეასრულოს; შეიძლება მას დანაშაულის ჩადენა დააძალონ და აუცილებლად აიძულებენ, გაწყვიტოს კავშირი ნათესავ-ახლობლებთან, რომელიც მათ სექტაში არ გამოჰყვება - თუ კაცს ამის შესახებ წინასწარ მოუყვები, ძალიან ცოტა თუ დათანხმდება ამ სექტაში შესვლაზე. თუ კაცს გაუმხელ იმ საიდუმლო საინტოლოგიური კურსების შინაარსს, რომელიც უმაღლესი დონის განდობილთათვისაა განკუთვნილი, შეძრწუნდება და არ მოისურვებს რაიმე საერთო ჰქონდეს საინტოლოგიასთან.

მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველაფერი პირიქითაა: ჯერ კაცი აღიარებს, რა სწამს და როგორ და შემდეგ ხდება ეკლესიის წევრი. ჩვენთან არანაირი საიდუმლო არ არის და არც შეიძლება იყოს, განსხვავებით ტოტალიტარულ სექტათა უმრავლესობისგან, რომლებშიც ინფორმაციისა და მოძღვრების მრავალი დონე არსებობს: განდობილთათის, უფრო განდობილთათვის და მათზე მეტად განდობილთათვის - და ასე დაუსრულებლად. გამოდის, რომ ზოგჯერ კაცი თავისი ცხოვრების წლებს ორგანიზაციას უძღვნის, რომლის ნამდვილ მოძღვრებასა და მიზნებზე არაფერი იცის და ვერც ვერაფერს ხვდება.
ბეჭდვა
1კ1