ვინ გვთავაზობს "სხვა არჩევანს"?
ვინ გვთავაზობს "სხვა არჩევანს"?
"აირჩიე სიცოცხლე!", "აბორტი აჩერებს გულისცემას!", "ლოცვა აბორტის დასასრულისთვის" - ეს და სხვა მსგავსი შინაარსის პლაკატები უკვე 3 კვირაა გამოფენილია რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ. აქციაზე დილიდან საღამომდე (მუდმივად) მორიგეობს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გამვლელებს აბორტის მავნებლობის შესახებ ესაუბრებიან, ბიბლიის შესასწავლად იწვევენ და ურიგებენ ბროშურებს სახელწოდებით "დაუბადებელი ბავშვი - ჩვენი ტკივილი".

ახლახან (19 მარტს) აბორტის შესახებ ვრცელი სიუჟეტი გადასცა ტელეკომპანია "რუთავი-2"-ის გადაცემა "კურიერPპ.ს."-მაც, სადაც აჩვენეს ამ აქციის კადრებიც, ხოლო ჟურნალისტის კომენტარში ნათქვამი იყო, რომ "საქართველოში უკვე აბორტის საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყო..." ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით... როგორც ჩანს, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტებისთვის, ისევე როგორც მოქალაქეთა უმრავლესობისთვის, დღემდე უცნობია ის, რომ აქციის ორგანიზატორია ერთ-ერთი პროტესტანტული სექტის "ევანგელისტების" ორგანიზაცია "სიცოცხლისთვის".

სექტანტთა მიერ გავრცელებულ ბროშურაში "დაუბადებელი ბავშვი - ჩვენი ტკივილი" ვკითხულობთ: "თქვენ იტანჯებით არასწორად მიღებული გადაწყვეტილებისგან?.. აბორტი, დეპრესია, დანაშაულის შეგრძნება, ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზეგავლენა, სასოწარკვეთილების გრძნობა, დაბალი თვითშეფასება, მოულოდნელი და უმიზეზო ტირილი, ფრიგიდულობა, ფიქრი თვითმკვლელობაზე, ღამის კოშმარები, ოჯახური ურთიერთობების ნგრევა. ის, ვინც იტანჯება თქვენთვის (იგულისხმება იესო ქრისტე - ს.კ.), გთავაზობთ სხვა არჩევანს - პატიება, უსაფრთხო ადგილი თქვენთვის, მიღებული ტრავმის განსახილველად, კითხვებისთვის და პირადი განცდების გადმოსაცემად. კონფედენციალური დახმარების ჯგუფები ბიბლიის შესასწავლად". იქვე მოყვანილია ერთ-ერთი უცნობი ქალბატონის სიტყვებიც: "აბორტის შემდეგ გარშემო სამყარო შეიცვალა. თანდათანობით გაუჩინარდა სასიცოცხლო ენერგია. სიცოცხლე იქცა არსებობად, ტკივილისა და სასოწარკვეთილების მომტანად. გავიარე რა პროგრამა "მიტევებული და თავისუფალი", რეალურად განვიცადე ღვთის სიტყვის განმკურნელებლი ძალა. შემოვიდა მშვიდობა, გაჩნდა სიხარული".

ბროშურაში ასევე ვკითხულობთ: "ეს შესაძლებლობაა თქვენთვის, რომ: გააცნობიეროთ თქვენი ტკივილი, გაუზიაროთ თქვენი ტკივილი და შიში, გათავისუფლდეთ დანაშაულის შეგრძნებისგან, მიიღოთ პატიება და აღდგენა". იქვე მითითებულია კოორდინატები და ნათქვამია, რომ "თქვენ სიხარულით დაგეხმარებიან აქ", თუმცა არაფერია ნათქვამი ამ ორგანიზაციის რელიგიური ორიენტაციის შესახებ.

ვფიქრობთ, სახეზეა აბორტის თემით მანიპულირება და ორსულობაშეწყვეტილი ქალების "სულიერი რეაბილიტაციისა" და "ბიბლიის კონფიდენციალური შესწავლის" ნიღბით სექტანტური სწავლების პროპაგანდისა და გავრცელების მცდელობა. ამიტომ მსგავსი "შემოთავაზებების" დროს საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და მუდამ გვახსოვდეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დარიგება: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღმერთისგან არიან თუ არა სულნი, იმიტომ, რომ მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4,1).
ბეჭდვა
1კ1