თუკი ხალხური ცრურწმენების გჯერა, ნუღარ მოუხმობ უფალს ამაოდ
თუკი ხალხური ცრურწმენების გჯერა, ნუღარ მოუხმობ უფალს ამაოდ
არსებობს უამრავი ცრურწმენა, რომლებსაც ადამიანები იჯერებენ და მისდევენ კიდეც. უფრო მეტიც, ცრურწმენებს, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანიც კი უწევს ანგარიშს. ცხადია, ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეკლესიაში სიარულის პარალელურად ამგვარი საქციელი უფლის ამაო ხსენებაა და სხვა არაფერი.

ჩვენში ასე უხვად ცრურწმენის არსებობა შესაძლოა დავუკავშიროთ ღვთის გმობის იმ 70-წლიან პერიოდს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ადამიანებს ეკრძალებოდათ ღმერთსა და ეკლესიასთან ურთიერთობა, მათ ცნობიერებას მიზანმიმართულად "რეცხავდნენ" ყოველივე რელიგიურისგან. დაკარგული ჭეშმარიტი რწმენა კი ცრურწმენამ ჩაანაცვლა. ეს ჩანაცვლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დღეს, როცა ასე ხარბად დავეწაფეთ უფლის სიტყვას, ცრურწმენებს ისევ შემორჩათ ჩვენზე გავლენა. სწორედ ასეთ ცრურწმენებზე მინდა მოგითხროთ.

ალბათ დამეთანხმებით, რომ არცთუ ისე შორეულ წარსულში, საახალწლო დღეებში, ჩვენი ქვეყნის არაერთ ოჯახში აქტუალური იქნებოდა ცრურწმენა მეკვლის ფეხთან დაკავშირებით. თუ ადამიანს უბედურება შეემთხვა, ამას ახალ წელს მოსულ მეკვლეს ან დილით შემხვედრ ნაცნობს აბრალებს. ხშირად პირიქითაც ხდება და მადლიერი მასპინძელი თადარიგს იჭერს - გამოცდილ მეკვლეს მომავალი წლისთვისაც იპირებს. საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანისთვის უფრო ადვილია, საკუთარი წარუმატებლობა და განსაცდელი სხვას გადააბრალოს და არა საკუთარ ცოდვებსა და ცხოვრების წესს.

მეკვლეობაზე არანაკლებ პოპულარულია ჩვენში ცრურწმენა "თვალის ცემის" შესახებ. თვალი რომ არ "ეცეთ", ხშირად ატარებენ სხვადასხვა თილისმას. ყველაზე გავრცელებული გიშერია. მართლმადიდებელ ქრისტიანს განსაცდელისგან სამკერდე ჯვარი, ხშირი პირჯვრის გამოსახვა, წმინდა ხატები და მფარველი ანგელოზი იცავს. დაუშვებელია, ქრისტიანმა თილისმები ატაროს. მისი "თილისმა" ჯვარია. ჯვარი, რომელმაც იხსნა კაცობრიობა, სძლია ეშმაკს და დათრგუნა მისი ძალა.

ხშირად გვსმენია, რომ მაისში არ შეიძლება ქორწინება.Mსაეკლესიო კანონმდებლობით, ამ მხრივ არავითარი აკრძალვა არ არსებობს. შესაძლოა, ეს ცრურწმენა უკავშირდებოდეს რუსულ ხალხურ გამოთქმას - "მაისის ჯვრისწერას მთელი ცხოვრება ჯახირი მოჰყვებაო", რასაც არავითარი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.

უსაფუძვლოა იმის რწმენაც, რომ სახლში შესვლისას პატარძალმა თეფში თუ არ დაამტვრია, ოჯახი არ აეწყობა.

წლის ბავშვის დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება. ესეც ცრურწმენაა. სამწუხაროდ, ამ ცრურწმენის მახეში თავადაც "გავები", როდესაც ჩემს პატარას დაბადების დღე ჰქონდა...

"თარსი" რიცხვი 13! "13" აბსოლუტურად ჩვეულებრივი რიცხვია. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა თუ მოვლენისთვის მისტიკური მნიშვნელობის მინიჭება და შიშის გამომწვევ ობიექტად ქცევა მათ გაკერპებას იწვევს. ასეთ დროს ასეთი საგნებისა და მოვლენების უკან ბოროტი სული დგება. ამიტომ "13"-ის მოშიში, ნებით თუ უნებლიეთ, ამ რიცხვის გამკერპებელი ანუ ეშმაკის მოშიში და თაყვანისმცემელი ხდება. ქრისტიანი, რომელიც ბოლომდე უფალსაა მინდობილი, არავის ემონება და ყოველგვარი ცრურწმენისა და პირობითობისგან თავისუფალია.

ცრურწმენათა კატეგორიას მიეკუთვნება აგრეთვე ე. წ. ბედობის დღეები (ახალი წლის მეორე დღე, ბარბარობა), რომლებიც თითქოსდა საბედისწეროა მთელი წლისთვის.

"ბედნიერების მომტანი" წერილები! ადრე - ფოსტითა და ხელნაწერი სახით, დღეს კი ელექტრონულად ვრცელდება წერილები, რომლებიც გავრცელების შემთხვევაში (თუ, ვთქვათ, უახლოეს 1 საათში 20 ადამიანს გაუგზავნი) თითქოსდა ბედნიერებას მოუტანს ადამიანს. ამგვარი წერილებისადმი რწმენა უგუნურებაა და სხვა არაფერი.

"ორშაბათი უიღბლო დღეა" - კვირის სხვა დღეებისგან ორშაბათი არაფრით გამოირჩევა, გარდა იმისა, რომ ამ დღეს ღვთისმსახურებისას უხორცო ძალებს (ანგელოზებს) ევედრებიან. სამწუხაროდ, გავრცელებულია ცრურწმენა, თითქოს ორშაბათი მძიმე და უიღბლო დღეა. ორშაბათის გარდა ამგვარ დღეებად მიჩნეულია ოთხშაბათი და პარასკევი. ახლა კი თავად განსაჯეთ, ვისგან უნდა მომდინარეობდეს ამგვარი შეხედულება.

არსებობს ცრურწმენა, რომ ორმოცამდე გარდაცვლილის არც ერთი ნივთის გაცემა არ შეიძლება. ეს არასწორია. პირიქით, რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა ჩაიდინოს ოჯახის წევრმა გარდაცვლილის სახელზე. ცრურწმენებია აგრეთვე მიცვალებულის ოჯახიდან გასვენების შემდეგ სკამების წაქცევა, კუბოს სამჯერ შემოტრიალება, მიცვალებულისთვის უამრავი ნივთის ჩაყოლება (ნივთები მას აღარაფერში სჭირდება, სჯობს, ისინი მოწყალებად გასცეთ). არასწორია ისიც, თითქოს ორმოცის მერე არ შეიძლება საფლავზე არაფრის დამატება.

მოკლედ ჩამოვთვლი ჩვენში გავრცელებულ სხვა ცრურწმენებსაც: შავი კატის გადარბენას უბედურება მოაქვს; არ შეიძლება ოთხშაბათსა და პარასკევს თავის დაბანა და ფრჩხილების დაჭრა; ეშმაკის ხსენებაზე ხეზე სამჯერ უნდა დააკაკუნო; მარცხენა ფეხზე ადგომა უიღბლო დღეს მოასწავებს...

ადამიანი უნდა ეცადოს, გათავისუფლდეს ყველა ამგვარი არასწორი შეხედულებისა და ჩვეულებისგან.
ბეჭდვა
1კ1