"ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ"
"ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ"
სექტანტთა ცრუმოძღვრების სამხილებლად
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #19-ში)
იეღოველთა და სხვა ცრუაღმსარებელთა მცდარ ბრალდებებზე პასუხის გაცემა რომ შეგვეძლოს, გთავაზობთ ციტატებს ბიბლიიდან, რომლებიც მოწმობენ ყოვლადწმინდა სამების, ქრისტეს ღმერთობის, სულის უკვდავების, ჯვრის, ხატების და სხვა სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტებას.

ადამიანებმა, რომლებიც არ არიან დადგენილნი, ე.ი. ხელდასხმულნი ქადაგებასა და ღვთისმსახურებაზე, არ უნდა მოჰკიდონ ხელი წმინდა წერილის განმარტებას, რადგან თვითნებურად განმმარტებელნი ბიბლიისა ამახინჯებენ მის სწავლებას, რაც დამღუპველია როგორც მათთვის, ისე მათი მოწაფეებისთვის:

რომაელთა 10,15: - "როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან?"

I კორინთელთა 12,29: - "ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია?"

იაკობი 3,1: - "ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ".

I კორინთელთა 7,17: - "ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იგი იხმო უფალმა. ამასვე ვუბრძანებ ყველა ეკლესიას".

მათე 5,19: - "ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთ ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".

მათე 15,14: - "ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი, ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან".

2 პეტრე 3,16-17: - "(პავლე მოციქულის წერილებში) ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი, სხვა წერილების მსგავსად, ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპად. თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს".

გამოცხადება 22, 18-19: - "ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხიდან".

2 კორინთელთა 2,17: - "ჩვენ (დადგენილი მქადაგებელნი, - ბრძანებს პავლე მოციქული) არ ვბღალავთ ღმერთის სიტყვას, მრავალთა (თვითმარქვიების) მსგავსად, არამედ წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე, ქრისტეს მიერ ვქადაგებთ".

იესო ქრისტე, როგორც მხოლოდშობილი ძე მამისა, მოციქულთათვის (ე.ი. ჩვენთვისაც) ჭეშმარიტი ყოვლისშემძლე ღმერთია:

იოანე 20,28-29: "მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! უთხრა მას იესომ: შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ".

იოანე 1,1 (ასევე იხ. იოანე 1,14): - "სიტყვა იყო ღმერთი".

1 ტიმოთე 3,16: - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით".

ებრაელთა 1,8-10: - "ხოლო ძისათვის იტყვის: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე. კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი... ამიტომაც გცხო შენ, ღმერთო, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ. და თავდაპირველად, უფალო, დააფუძნე მიწა, და ხელთა შენთა საქმენი არიან ცანი".

ტიტე 2,13: - "...დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა".

რომაელთა 9,5: - "მათნივე არიან მამანი, რომელთაგან ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე, ამინ".

1 იოანე 5,20: - "ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის მისი ძე იესო ქრისტე. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე".

ესაია 9,5: - "რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი".

საქმე 20,28: - "ღმერთმა მოიგო (ეკლესია) სისხლითა თვისითა".

გამოცხადება 1,8: - იესო ქრისტე არის "უფალი ყოვლისმპყრობელი".

დედამიწაზე ღმერთის გამოჩენა იწინასწარმეტყველა ბარუქ წინასწარმეტყველმა:

ბარუქი 3,36-38: - "ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. მან იპოვა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის".

ესაიამ ქალწულისგან ღმერთის დაბადება იწინასწარმეტყველა, რაც აღსრულდა ახალ აღთქმაში:

ესაია 7,14 (იხ. ასევე მათე 1,23): - "აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ სახელად ემანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი".

წმინდა წერილის მოწმობა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ:

კოლასელთა 2,9: - "მასში მკვიდრობს ღვთაების მთელი სავსება ხორციელად".

იოანე 5,18: - "მით უფრო ცდილობდნენ იუდეველები მოეკლათ იესო, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და ღმერთს უტოლებდა თავს".

იოანე 5,23: - "რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას".

იოანე 10,30: - "მე და მამა ერთნი ვართ".

ფილიპელთა 2,5-6: - "იგივე ზრახვანი გქონდეთ, როგორც ქრისტე იესოს, რომელსაც, როგორც ღმერთის ხატს, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა".

იოანე 10,33: - "მიუგეს იუდეველებმა (იესოს) და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღვთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი".

ებრაელთა 7,3 (იხ. ასევე 5,10): - იესო ქრისტე არის "დღეთა დასაბამისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე".

1 ტიმოთე 1,1: - "პავლე, მოციქული იესო ქრისტესი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა, და უფლის იესო ქრისტეს, ჩვენი სასოების ბრძანებით".

იოანე 14,8-9: - "უთხრა მას ფილი-პემ: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: ამდენი ხანია თქვენთანა ვარ და არ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ: მამა გვიჩვენეო?"

1 იოანე 4,3: - "ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს (ანუ არ აღიარებს განკაცებულ ღმერთს), ღვთისგან კი არ არის, არამედ ესაა ანტიქრისტეს სული".

სულიწმიდა ყოვლადწმიდა სამების მესამე პირია. იგი მოქმედებს როგორც პიროვნება და არა უბრალოდ როგორც ძალა:

საქმე 13,2: - "უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ..."

საქმე 21,11: - "ამას იტყვის სული წმიდა..."

საქმე 1,16: - "იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ..."

ებრაელთა 3,7: - "ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა, დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას..."

ესაია 63,10: - "მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა".

1 კორინთელთა 2,10-11: - "ჩვენ ღმერთმა თავისი სულით გაგვიცხადა, ვინაიდან სული ყველაფერს იძიებს, თვით ღვთის სიღრმესაც... არავინ იცის ღვთისა, თუ არა ღვთის სულმა".

ეზეკიელი 11,5: - "დამეცა უფლის სული და მითხრა..."

იოანე 15,26: - "როცა მოვა ნუგეშისმცემელი (ეუბნება იესო მოციქულებს), რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან - ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემს შესახებ".

იოანე 16,8: - "(სულიწმიდა) ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისთვის".

საქმე 5,9: - "უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული?"

იოანე 16,13: - "როდესაც მოვა იგი, ჭემარიტების სული, წაგიძღვებათ თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იტყვის და მომავალს გაუწყებთ თქვენ".

1 კორინთელთა 12,11: - "ყოველივე ამას შეიქმს ერთი და იგივე სული, და უწილადებს თითოეულს, როგორც თავად ნებავს".

საქმე 16,6-7: - "როცა მოვლეს ფრიგია და გალატელთა მხარე, სულმა წმიდამ აუკრძალა მათ ასიაში ექადაგათ სიტყვა. მისიაში მისულებმა ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა ნება არ დართო მათ".

იოანე 14,17: - "ჭეშმარიტების სულს... თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება" (იხ. ასევე გამოსვლათა 31,3; 1 მეფეთა 10,10; 19,20; ნეემია 9,20; 9,30; რიცხვთა 24,2; ესაია 11,1-2; 42-1; 61,1; ეზეკიელი 37,14; 39,29; იოველი 2,28-29; ლუკა 4,14, 4,18).

ბიბლიაში ძალა ეწოდება როგორც მთლიანად ღვთაებრივ ბუნებას, ასევე მის თითოეულ პირს:

ფსალმუნი 45,2: - "ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა".

მარკოზი 14,62: - "იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ".

1 კორინთელთა 1,24: - "ვქადაგებთ ქრისტეს - ღვთის ძალას და სიბრძნეს".

ფსალმუნი 117,14: - "ჩემი ძალაა უფალი".

სულიწმიდა მარადიული შემოქმედია:

იობი 33,4: - "ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე".

ფსალმუნი 32,6: - "სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა - ყოველი ძალი მათი".

დაბადება 1,2: - "სული ღვთისა იძროდა წყლებს ზემოთ" - ანუ სულიწმიდა არსებობდა სამყაროს შექმნამდე. მას დასაწყისი არ აქვს, იგი დაუსაბამო და მარადიულია.

სულიწმიდა ყოვლისშემძლეა:

რომაელთა 8,11: - "ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მკვდარ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში".

სულიწმიდა არის უფალი ღმერთი:

საქმე 5,3-4: - "პეტრემ თქვა: ანანია, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სულიწმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?.. მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს".

2 კორინთელთა 3,17: - "უფალი სულია".

იოანე 4,24: - "ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს".

გამოცხადება 15,4: - "შენ მხოლო ხარ წმიდა".

ესაია 51,12: - "მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი!"

იოანე 14,26: - "ნუგეშისმცემელი სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით".

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, სულთმოფენობისას, ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდა გადმოვიდა:

საქმე 2,2-4: - "ანაზდად იგრგვინვა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი იყვნენ და მოევლინა მათ ალივით გაყოფილი ენები, რომლებიც დაეფინა თითოეულ მათგანს და აღივსნენ ყველანი სულიწმიდით და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ".

ღმერთი არსებით (ე.ი. ბუნებით) ერთია, მაგრამ არა ერთი პიროვნება; მასში შეიმეცნება სამი პირი:

დაბადება 1,26-27: - "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად... შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი" (ღმერთი თავის თავზე მრავლობით რიცხვში საუბრობს, რაც რამდენიმე პირის არსებობას მიანიშნებს).

დაბადება 3,22: - "თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა" ("ერთი ჩვენგანი" მიუთითებს პირთა მრავლობითობას).

დაბადება 11,5-7: - "თქვა უფალმან ღმერთმან: "მოვედით, გარდავიდეთ და შეურივნეთ მათ ენანი მუნ" (აქაც თითოეული ზმნა მრავლობით რიცხვშია ნახმარი).

ამოსი 4,11: - "დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია... ამბობს უფალი".

ესაია 6,1; 3-8: - "...ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი..."

აბრაამს მამრეს მუხასთან გამოეცხადა უფალი ღმერთი სამი ანგელოზის სახით, რაც პირდაპირ მიანიშნებს მის ერთარსობასა და სამებობას:

დაბადება 18,1-3; 10: - "გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან... ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა. უთხრა: (მხოლობითში) უფალო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში... თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს და ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს".

დაბადება 17,19: - "უთხრა ღმერთმა, - სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს".

დაბადება 21, 1-2: - "უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა. ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა. დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს".

წმიდა სამება განცხადდა ნათლისღების დროს:

მათე 3,16-17: - "ნათელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა, განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმა იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (აქ სამების სამივე პირი ერთდროულად მოქმედებს: ძე ინათლება, მამის ხმა ისმის, სულიწმიდა კი მტრედის სახით ევლინება).

წმიდა სამების პირნი თანასწორნი, ერთარსნი და განუყოფელნი არიან, ადამიანთა ნათლობა მათი სახელით სრულდება:

მათე 28,19: - "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (სიტყვა "სახელითა" დგას მხოლობით რიცხვში, რაც პირთა თანასწორობას, ერთარსობასა და განუყოფლობას მიანიშნებს).

წმიდა სამება - მამა, ძე და სულიწმიდა ერთარსი და განუყოფელია:

1 იოანე 5,7: - "სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სულიწმიდა - და ეს სამნი ერთნი არიან".

კურთხევა წმიდა სამების სახელით:

2 კორინთელთა 13,13: - "მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა თქვენ ყოველთა თანა, ამინ".
(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვა
1კ1