როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
იყავით ფხიზლად!
"მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა".
(მათე 24,4-5)

ბოლო ხანს თბილისის ქუჩებსა და მეტროსადგურებში სექტანტები ავრცელებენ ანონიმურ პროპაგანდისტულ ფურცლებს სახელწოდებით "უფალი იესო ქრისტე ჩვენი მხსნელია". მათში საუბარია ცოდვების მონანიებისა და ქრისტეს "პირად მხსნელად" აღიარების აუცილებლობაზე. იქვე წარმოდგენილია ერთ-ერთი პროტესტანტული ლოცვა, რომლის წაკითხვის შემდეგ ცოდვების პატიებას, მარადიულ სიცოცხლესა და სულის გადარჩენას გვპირდებიან. "ეს მახარობლური წერილი მრავალ ადამიანს წააკითხე. ვისაც არ შეუძლია წაკითხვა ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო, შენ თვითონ წაუკითხე", - ურჩევენ მკითხველებს წერილის ანონიმი ავტორები.

პროპაგანდისტული ფურცლის გაცნობის შემდეგ ვერავინ მიხვდება, რომელ რელიგიურ მიმდინარეობასთან აქვს საქმე. ტექსტის ბოლოს მოხსენიებულია "უფალ იესო ქრისტეს ეკლესია" და მითითებულია მისამართები. იქ მისული მკითხველი კი ორმოცდაათიანელთა სექტის შეკრებაზე აღმოჩნდება.

ორმოცდაათიანელები, სხვა სექტების მსგავსად, ქადაგებისას იცავენ "ანონიმურობის პრინციპს": ადამიანი მანამდე უნდა გადაიბირო, სანამ რაიმეს შეიტყობს ამ სექტის წარმოშობისა და ისტორიის შესახებ. აპოლოგეტი, დიაკონი ანდრეი კურაევი წერს: "თანამოსაუბრეს უთუოდ მოსთხოვეთ ვინაობის დაზუსტება. ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რასაც მქადაგებელი გეტყვით (მაგალითად, "ჩვენ ქრისტეს ეკლესია ვართ"). მოითხოვეთ დაწვრილებითი ინფორმაცია მისი სექტის ისტორიაზე, მართლმადიდებლობასთან დამოკიდებულებაზე. ამგვარად თქვენ საკუთარი არჩევანის თავისუფლებას დაიცავთ. ბევრ მქადაგებელს ურჩევნია, რაც შეიძლება გვიან გააცნობიეროთ დილემა - ერთგულება ან განდგომა ტრადიციული რწმენისგან... თუ გსურთ შეიტყოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებლობასთან ახალგაცნობილ "ქრისტიან" მქადაგებელს, სთხოვეთ, პირჯვარი გამოისახოს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მცირე ხატს ემთხვიოს. თუ უარი გითხრათ, ეს იმის მაუწყებელია, რომ იგი რომელიღაც არამართლმადიდებლურ-პროტესტანტული ერთობის წარმომადგენელია".

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ცნობილი ორმოცდაათიანელი მქადაგებელი ბერტ კლენდენენიც კი აღიარებს, რომ "არასწორია, სხვადასხვა ხერხით მივიტყუოთ ადამიანები ჩვენს ღვთისმსახურებაზე" (ბ. კლენდენენი, "ქრისტეს სკოლა", თბ., 1995, გვ. 230), თუმცა ის პრაქტიკა, რომელიც გავრცელებულია ორმოცდაათიანელთა სექტაში, სხვა რამეზე მეტყველებს.

ბოლო წლებში ორმოცდაათიანელები პერიოდულად ავრცელებენ პროპაგანდისტულ ფურცლებს სახელწოდებით "იესო ქრისტე ჩვენი მხსნელია", "იცი თუ არა შენ? საუკუნო სიცოცხლე ღმერთის ჯილდოა" და სხვა. ისინი, როგორც წესი, ანონიმურია, თუმცა ხშირად კონფესიის დაუსახელებლად მასზე მიწერილია სიტყვები: "გიწვევთ ქრისტიანულ მსახურებაზე" (შემდეგ მითითებულია შეკრების ადგილი და დრო). ორმოცდაათიანელთა ანონიმურ გამოცემებს ხშირად ასეთივე ანონიმური "მოწოდება" ახლავს: "გსურთ დაესწროთ ქრისტიანთა ღვთისმსახურებას? მობრძანდით მისამართზე..."

ორმოცდაათიანელთა მიერ თბილისში გავრცელებულ ერთ-ერთ "მოსაწვევ ბარათში" ვკითხულობთ: "თბილისის იესო ქრისტეს ეკლესია გიწვევთ ბიბლიურ ქადაგებაზე. აგრეთვე პროგრამაშია: ზიარება, მეგობრული ურთიერთობა, ბიბლიის სწავლება. ყოველ კვირას, 12 საათზე, კინოთეატრ "ივერიის" დიდ დარბაზში". სხვა "მოსაწვევი ბარათი" იუწყება: "ქრისტიანული ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" გიწვევთ ლექციათა ციკლის მოსასმენად "ღმერთი, საღვთო წერილი, ადამიანი" იოანეს სახარების თავისუფალი გაცემით. 13,14,15 ივლისს, 17.00 საათზე. აბრეშუმის საქსოვი კომბინატი, გურამიშვილის პრ. #64". ამ ანონიმური "მოსაწვევი ბარათების" მიხედვით გაუთვითცნობიერებელი მოქალაქისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, თუ რომელი კონფესია იწვევდა "ლექციებზე". ნუთუ ეს არ არის, - კლენდენენის სიტყვებით რომ ვთქვათ, - "სხვადასხვა ხერხით ადამიანთა ღვთისმსახურებაზე მიტყუება"?!

რამდენიმე წლის წინ ჩვენს მეზობლად მცხოვრებ ქალს, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნით იყო ავად, შინ ეწვია ორმოცდაათიანელი მქადაგებელი, ჩვენი თანდასწრებით უქადაგა და "ქრისტიანული" რწმენის მიღების შემთხვევაში განკურნებასაც დაჰპირდა. ავადმყოფი ქალბატონი მართლმადიდებლურად მონათლული, თუმცა რელიგიურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელი იყო. მასთან საუბრისას მქადაგებელმა არ გაამხილა აღმსარებლობა, რომელსაც ქადაგებდა და ძირითადად ბიბლიის ჭეშმარიტებასა და ქრისტეს "პირად მხსნელად" აღიარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი ქადაგებისას ავადმყოფი ქალბატონი ხშირად პირჯვარს იწერდა და წმინდა გიორგის ახსენებდა, მაგრამ მქადაგებელს ოსტატურად გადაჰყავდა საუბარი სხვა თემებზე, რათა ქალს არ ეეჭვა, რომ არამართლმადიდებელს, სექტანტს ესაუბრებოდა. ბოლოს სნეულს ხელი ჩასჭიდა და სთხოვა, გაემეორებინა ის, რასაც თვითონ იტყოდა, რის შემდეგაც პროტესტანტული მრწამსის აღიარების სიტყვები წარმოათქმევინა.

ეს ფაქტი, რომელიც პროზელიტიზმის მცდელობის აშკარა მაგალითია, ნათლად მეტყველებს იმ მიუღებელ მეთოდებზე, რომლებსაც მიმართავს აღნიშნული სექტა. მოგვიანებით გავესაუბრეთ ამ ქალბატონს და ავუხსენით, სინამდვილეში რომელი კონფესიის წარმომადგენელთან ჰქონდა საქმე. ამან ძალზე გააოცა (რადგან მანამდე მქადაგებელი მართლმადიდებელი ეგონა) და სექტანტ მისიონერს შემდგომ შეხვედრაზე აღარ დასთანხმდა.

ერთ-ერთმა ყოფილმა ორმოცდაათიანელმა, გიორგიმ, ჩვენთან საუბარში ასე გაიხსენა სექტაში თავისი გადაბირების ამბავი:

"პატარაობიდანვე მქონდა რელიგიური გრძნობა, უფლის მსახურების სურვილი. 13 წლისა მოვინათლე, მაგრამ, სამწუხაროდ, სარწმუნოებრივ საკითხებში კარგად ვერ ვერკვეოდი.

KARIBCHEერთხელ სამსახურში ნაცნობმა ქალმა მითხრა, ძალიან კარგ ადგილას უნდა წაგიყვანოო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, სად მივდიოდი, რატომღაც დავთანხმდი. ასე აღმოვჩნდი ორმოცდაათიანელთა სექტის შეკრებაზე. მე უცხოდ, დათრგუნულად ვგრძნობდი თავს, თუმცა უცნობი ადამიანები სიყვარულით მესალმებოდნენ და ხელს მართმევდნენ.

"ხუცესის" - კრების წამყვანის ქადაგების შემდეგ დაიწყო რიტმული მუსიკა სექტანტთა ექსტაზური ცეკვის, ემოციური შეძახილებისა და ხტუნაობის თანხლებით. შეკრების დასასრულს "ხუცესმა" გამოაცხადა, ვინც პირველად ესწრება, წინ წამოვიდესო. ეს სექტაში ჩათრევის მომენტს წარმოადგენს - ვინც იქ პირველად მოხვდა, ცდილობენ, დაუყოვნებლივ გადაიბირონ, რათა ახალი წევრი ხელიდან არ გაუშვან. მე სცენაზე ასვლას არ ვაპირებდი, თუმცა ძალიან დაბნეული და აღელვებული ვიყავი. იმ ნაცნობმა, ვინც იქ მიმიყვანა, მხარი გამკრა, გადიო. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორღაც დამითანხმა. სცენაზე ავედი. "ხუცესმა" მითხრა: სასიამოვნოა შენი მოსვლა, ახლა ვილოცებთ შენზეო. მპირდებოდა, თუ იქ დავრჩებოდი, ჩემი ცხოვრება საოცრად შეიცვლებოდა. შემდეგ პროტესტანტობის აღიარების სიტყვები წარმომათქმევინა.

მას შემდეგ ხშირად დავდიოდი მათ შეკრებებზე, მაგრამ მუდმივი შინაგანი ბრძოლა მქონდა, სულიერად ვიტანჯებოდი. საბედნიეროდ, სანამ ორმოცდაათიანელად "მომნათლავდნენ", გონება გამეხსნა, გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობა და სექტიდან წამოვედი. დედაეკლესიას დიდი სინანულითა და ცრემლით დავუბრუნდი".

კიდევ ერთმა ყოფილმა ორმოცდაათიანელმა, მარიამმა, რომელმაც ამ სექტაში რამდენიმე წელი გაატარა, გაიხსენა:

"დავიბადე ჩვეულებრივ ოჯახში, სადაც მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე იხსენებდნენ, რომ ღმერთი არსებობს. ჩემი ოჯახის რწმენა სანთლის დანთებითა და შესაწირის შეწირვით გამოიხატებოდა.

ერთხელ ახალგაცნობილმა მეზობელმა "სულიერი ბედნიერება" შემომთავაზა. თავიდან არც კი მოვუსმინე, თუმცა, მისი საუბრების შედეგად, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, "ქრისტიანი" გავმხდარიყავი. თავდაპირველად არც კი ვიცოდი, რომ ისინი ორმოცდაათიანელები იყვნენ. მეზობელმა დამარწმუნა, ეს არის "ჭეშმარიტი ქრისტიანობაო". სექტანტი მეზობლის ქადაგების შემდეგ ჩემს მართლმადიდებლურ ხატს ძალზე უდიერად მოვეპყარი და გადავაგდე, თუმცა სანთლის მიმართ მოკრძალება არასოდეს დამიკარგავს და ვფიქრობ, ამანაც გადამარჩინა.

მანამდე ჩვეულებრივი, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვიყავი და არავითარი ნერვული პრობლემები არ მაწუხებდა. მისმა საუბრებმა კი საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო და შიშებიც (მათ შორის - სიკვდილის შიშიც) დამჩემდა. მეზობელმა განმიმარტა, რომ ეს ჩემი "მოუნანიებლობის" ბრალი იყო. ორმოცდაათიანელთა სექტაში "მოვინანიე" ცოდვები ანუ, როგორც თვითონ ამიხსნეს, 180 გრადუსით შემოვბრუნდი ღმერთისკენ. სხვებთან ერთად დავიწყე "უცხო ენებზე ლოცვა", რაც საშინელ ღმუილსა და ბუტბუტში გადაიზრდებოდა ხოლმე. ვგრძნობდი, ასეთი ლოცვის შემდეგ ცუდად ვხდებოდი, ენა მივარდებოდა. დამემართა საშინელი ნევროზი, ისეთი ფსიქიკური პრობლემები შემექმნა, რომ ქუჩაში მარტო ვერ გამოვდიოდი - სხვა ადამიანების შიში მქონდა. ერთი სიტყვით, დღეც და ღამეც კოშმარად მექცა. ყოველივე ამას ნერვებს ვაბრალებდი და კვლავ განვაგრძობდი "უცხო ენებზე ლოცვას". ამასთან, თანდათან მიძლიერდებოდა ეჭვები და მხურვალედ შევთხოვდი ღმერთს, ჭეშმარიტების პოვნაში დამხმარებოდა.

შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ვნახე მართლმადიდებლური წიგნი "კეთილ არს სჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი" (ცრუ სწავლებათა სამხილებელი სახელმძღვანელო) და თავიდან ბოლომდე წავიკითხე. ღმერთს არ სურდა ჩემი დაღუპვა და თანდათან ამიხილა სულიერად დაბრმავებული თვალი. ვამჩნევდი, გული როგორ მკარნახობდა, დავბრუნებულიყავი მართლმადიდებლურ ტაძარში. ღვთის მადლით, ეკლესიაში მოსვლის შემდეგ შიშები გამიქრა, თუმცა ნევროზს დღემდე ვმკურნალობ. მიხარია, რომ მარტო დავდივარ ქუჩაში, რაც ჩემთვის გმირობის ტოლფასია".

ყოფილი ორმოცდაათიანელების მონათხრობიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა გადაბირების მიზნით სექტანტები სიცრუესა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც არ ერიდებიან, რადგან, მოგეხსენებათ, "მიზანი ამართლებს საშუალებას"! ამიტომაც ყოველ მართლმადიდებელს უნდა ახსოვდეს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ" (ტიტ. 3,10-11).

(გაგრძელება იქნება)

სტატიის გაგრძლება წაიკითხეთ აქ:
2. როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
3. როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
4. როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით


ბეჭდვა
1კ1