"გინდათ, იცოდეთ სიმართლე?"
"გინდათ, იცოდეთ სიმართლე?"
თბილისში იეღოველები გააქტიურდნენ
ბოლო ხანებში იეღოველ-რასელისტთა სექტის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებსა და მოქალაქეთა ბინებში მასობრივად ავრცელებენ ორფურცლიან პროპაგანდისტულ ბროშურას სათაურით "გინდათ იცოდეთ სიმართლე?". სექტანტებმა გერმანიაში დაბეჭდილი ბროშურის ათიათასობით ეგზემპლარი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში უკვე დაარიგეს და ეს პროცესი თანდათანობით წინასაარჩევნო კამპანიას ემსგავსება. ფერად-ფერადი ფურცლებით აღჭურვილმა და ელეგანტურად ჩაცმულმა იეღოველმა ახალგაზრდამ ჩვენც მოგვაკითხა შინ და მოღიმარი სახით აგვიხსნა, თუ თანამედროვე მოვლენების არსში ჩაწვდომა გვსურდა, აღნიშნულ ბროშურას უნდა გავცნობოდით. "დაუპატიჟებელ სტუმარს" არც თავისი ვინაობა დაუსახელებია და არც ბროშურის რელიგიურ ხასიათზე დასცდენია სიტყვა.

სექტანტურ ბუკლეტში "იეღოვას მოწმეები" მკითხველს არწმუნებენ, რომ მათი სწავლება ბიბლიას ეფუძნება. "კითხვებზე ბიბლია ნათელ და სანდო პასუხებს გვთავაზობს. ეს პასუხები მოკლედაა ჩამოყალიბებული მომდევნო გვერდებზე", - ნათქვამია მასში. ხოლო თუ როგორ "ბიბლიურ" სწავლებას გვთავაზობენ, ამის ნათელსაყოფად ერთ ფრაგმენტს მოვიყვანთ ზემოაღნიშნული ბროშურიდან.

"რა ხდება სიკვდილის შემდეგ? რატომ აწუხებს ხალხს ეს კითხვა: რელიგიების უმეტესობა მხარს უჭერს იმ აზრს, რომ სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს არსებობას. ამის გამო ზოგს გარდაცვლილების შიში აქვს, ზოგს კი სჯერა, რომ ბოროტები ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად იტანჯებიან. რას ამბობს ბიბლია: როცა ადამიანი კვდება, ის საერთოდ წყვეტს არსებობას. "მკვდრებმა... არაფერი იციან", - წერია ეკლესიასტეს 9:5-ში. რამდენადაც გარდაცვლილები ვერაფერს გრძნობენ, ისინი ვერც საფრთხეს შეუქმნიან ცოცხლებს და ვერც დაეხმარებიან"(!), - რიხით აცხადებენ რასელისტური ბროშურის ანონიმი ავტორები. "ბიბლია არსად ასწავლის, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ აგრძელებს სიცოცხლეს"(!), - ნათქვამია იეღოველთა სექტის ოფიციალურ ჟურნალში "რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის". სინამდვილეში იეღოველთა ცრუ სწავლება ბიბლიის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებზეა დაფუძნებული და ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს.

იეღოველ-რასელისტთა ცრუ მოძღვრების სამხილებლად და მათი ცილისწამების გასაქარწყლებლად, მოდით, მართლაც ვნახოთ, რას გვასწავლის ბიბლია სულის უკვდავების შესახებ.

წმინდა წერილის სწავლებით, ადამიანი სულისა და ხორცისგან შედგება: "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სული სიცოცხლისა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2,7); "მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღმრთისა" (1 კორ. 6,20); "ხოლო მე, - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე განვსაჯე, როგორც თქვენ შორის მყოფმა" (1 კორ. 5,3); "გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა წმინდა იყოს ხორცითაც და სულითაც. გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს" (1 კორ. 7,34); "ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე" (იაკ. 2, 26).

ადამიანის სული არ კვდება: "ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც კლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა" (მათ. 10,28); "სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს" (1 კორ. 5,5); "უთხრა მას იესომ: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც სწამს ჩემი, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და ვისაც სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე" (იოან. 11,25-26).

სული გარდაცვალების შემდეგ ღმერთს უბრუნდება: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12,7); "იესომ მიუგო მას [მარჯვნივ ჯვარცმულ მონანულ ავაზაკს]: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლუკ. 23,43); "ქვებს უშენდნენ სტეფანეს, რომელიც ლოცულობდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიღე ჩემი სული" (საქმ. 7,59); "ნდობით ვართ აღვსილნი, და გვიჯობს, სხეულიდან გამოვსახლდეთ და უფალთან დავესახლოთ" (2 კორ. 5,8).

სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული ღვთის სამსჯავროზე განიკითხება: "რადგან ყველანი უნდა წარვდგეთ მსჯავრის წინაშე, რათა თითოეულს მიაგოს კუთვნილი იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი - კეთილს თუ ბოროტს" (2 კორ. 5,10); "და როგორც კაცთ, ერთხელ უწერიათ სიკვდილი და შემდეგ სამსჯავრო" (ებრ. 9,27); "შენ რად განსჯი შენსავე ძმას? ან შენ რაღად შეურაცხყოფ შენსავე ძმას? რადგანაც ყველანი წარვდგებით ქრისტეს მსჯავრის წინაშე. ვინაიდან დაწერილია: ვცოცხლობ მე, - ამბობს უფალი, - და ჩემ წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. ამრიგად ყოველი ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს" (რომ. 14,10-12).

უფლის წინაშე ყველა ცოცხალია: "ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის" (ლუკ. 20,38); "თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით, და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და აღდგა და ცხონდა, რათა იყოს უფალი ცოცხლებისაც და მკვდრებისაც" (რომ. 14,8-9); "რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისანი, ქვეყანისანი და ქვესკნელისანი" (ფილიპ. 2,10).

ადამიანი ცოცხლდება, როცა გარდაცვალებულის სული ხორცს უბრუნდება: "სამგზის გადაემხო ბავშვს და შეღაღადა უფალს: "უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში". ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში და გადარჩა იგი" (3 მეფ. 17,21-22); "ხელი მოჰკიდა გოგონას [იესომ], შეღაღადა და თქვა: "პატარავ, აღდეგ!" და მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცითო" (ლუკ. 8,54-55).

ცოდვილთა სულები ჯოჯოხეთში ეშმაკთან ერთად იტანჯებიან: "ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვამდე დასამარხავად" (2 პეტ. 2,4); "მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. და ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი, და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში. და შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ! მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში" (ლუკ. 16,22-24); "[ქრისტეც] მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთგზის თავს-ედვა სულგრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოესთა" (1 პეტ. 3,18-20); "სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად, ბნელეთისა და შავეთის ქვეყანაში, წყვდიადის ქვეყანაში, როგორც შავეთის უკუნეთში, სადაც არ არის წესრიგი და ნათობს უკუნი" (იობ. 10,21-22); "აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი. გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს" (იობ. 26,5-6); "რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას" (ფსალმ. 15,10); "შუამოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა" (ფსალმ. 17,6).

მართალთა სულები კი სამოთხეში მოხვდებიან: "მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ, ჩვენგან წასვლა კი განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. თუმც კაცთ თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე" (სიბრძნ. 3,1-4).

სულის უკვდავების დასადასტურებლად ბიბლიიდან კიდევ მრავალი ციტატის მოყვანა შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, სიმართლის დასადგენად ზემოთქმულიც კმარა. სამწუხაროდ, მრავალი მამხილებელი ბიბლიური მუხლის მიუხედავად, იეღოველ-რასელისტები მაინც უტიფრად ქადაგებენ, რომ "როცა ადამიანი კვდება, სულიც კვდება" (ჟურნ. "საგუშაგო კოშკი", 01.07.2006), რითაც ათეიზმს უფრო უახლოვდებიან, ვიდრე რელიგიას. ბიბლიურ სწავლებას სულის უკვდავების შესახებ სწორედ იეღოველები უარყოფენ და ამით უდიდეს ცოდვას სჩადიან.

მართლმადიდებლებს, ისევე როგორც ქრისტეს მოციქულებსა და წმინდა მამებს, გვწამს, რომ სიკვდილი მხოლოდ სულისა და ხორცის გაყრაა, რის შემდეგაც "სული უბრუნდება ღმერთს" (ეკლ. 12,7), გადადის მარადისობაში და კვლავ განაგრძობს არსებობას, ღვთის სამსჯავროზე განკითხვის შემდეგ კი, დედამიწაზე გატარებული ცხოვრების მიხედვით, იმსახურებს ან საუკუნო ნეტარებას და წმინდანებსა და ანგელოზებთან ერთად სამოთხეში უფალთან დამკვიდრებას, ან საუკუნო, დაუსრულებელ სატანჯველში - ჯოჯოხეთში მოხვედრას, სადაც ეშმაკი და მისი ანგელოზები იტანჯებიან.
ბეჭდვა
1კ1